ფშავისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ისტორიულად იგი ხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა. უძველეს წყაროებში სწორედ „ფხოვი“ გვხვდება, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდებებია.

ფშავი

კახეთის რუკა XVIII საუკუნის I ნახევარი

ფშავის ისტორიული საზღვრები საქართველოს თანამედროვე საერთაშორისო საზღვრებში

გეოგრაფიული აღწერა

რედაქტირება
 
ბორბალოს მთა
 
სოფ. ჩარგალი

ფშავი არაგვის ხეობაში მდებარეობს და დღევანდელ დუშეთის მუნიციპალიტეტს მოიცავს. მისი ფართობი დაახლოებით 550 კმ²-ია.

ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან ორწყლამდე უკანა ფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ, ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი. გეოგრაფიულად ფშავი მდებარეობს ქართლ-კახეთის საზღვარზე და წარმოადგენს ამ ორი კუთხის მთიანეთს, მაგრამ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულად ფშავი წინათ კახეთის პროვინციაში შედიოდა, ხოლო თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ფშავის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში.

სამხრეთი საზღვარი იწყება შარახევიდან და ორწყალ ფშავის ხევით (შუაფხო-უკანაფშავი) მიემართება აღმოსავლეთით და ეკვრის კავკასიონის მთავარ ქედს.

ფშავის ზედაპირი სამხრეთით დაგეზებულია. იგი თუშეთ-ხევსურეთისაგან შედარებით უფრო დაბალია. მისი ჰიპსომეტრული სიმაღლე 1000-3000 მ-ია, ამიტომ ფშავის მიდამოს არ ამშვენებენ თეთრწვერად შევერცხლილი მყინვარები, თუმცა მისი ბუნება უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ხევსურეთისა და თუშეთისა.

მოსახლეობა

რედაქტირება
 
ფშაველი

დღეს ფშავლები გაფანტულნი არიან მდინარე არაგვის, ივრის, ილტოს და ალაზნის სათავეებში, მათი დიდი ნაწილი ცხოვრობს პანკისის ხეობაში. ფშავლები ცხოვრობენ აგრეთვე გომბორში, ერწო-თიანეთში და შირაქში, მაგრამ ფშავის ძირეული მოსახლეობა და მისი ისტორიულ-გეოგრაფიული ტერიტორია მოქცეულია ფშავის არაგვის ხეობაში.

ვახუშტი ბაგრატიონი ფშავლებს ასე ახასიათებს:

 
„ფიზიკურად ფშაველი ჯანსაღია. მოქმედებაში ის მარჯვეა და შრომის ამტანი. სიმაღლით ფშაველი შუა ტანისაა, თხელი და სწორი აგებულების. სახით კი შავგვრემანია და ლამაზი მოყვანილობისა. სახის იერით ფშაველი უფრო ბარის ქართველს წააგავს და ფიზიკურ სიმახინჯეს მათში იშვიათად შეხვდებით. ხასიათით ფშაველი თავაზიანია და ხათრიანი. საზოგადოებაში ფშაველი ქალი თუ კაცი თამამია და უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშავში სიმდაბლის ნიშანია. ფშაველი, ამასთანავე, ალერსიანია და არშიყი. ფშაველი გულჩათხრობილი არ არის, მას უყვარს მხიარულება, შაირობა და დროს ტარება. სტუმრის დახვედრა, მისი პატივისცემა და გართობა მათში მიღებულია. ქურდობა-ავაზაკობას ფშაველი არ ჩაიდენს და ეს სამარცხვინოდ მიაჩნია. ამასთანავე, ფშაველი შარიანი და მოჩხუბარიც არ არის და ამგვარ შემთხვევას ის შეგნებულად გაურბის. ფშაველი გონებამახვილია, ტკბილად მოუბარი, ენაწყლიანი და მოლექსე. მას ეხერხება ლექსის „კაფიად“ თქმა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ფშავლებს მოსწონთ კარგი ენიანობა და თავაზიანობა და ასეთ პირსაც პატივსა სცემენ. ფშაველი ქალი თამამია, მარტო დადის, ლაპარაკის დროს გამბედავია და თამამი. ყოველ სიტყვაზე ის ატანს „ჩემს ძმას“: „ვაჰმე, ჩემო ძმაო.“ ფშავლები ქართულად მეტყველებენ და მათ დღევანდელ თქმას უკვე არ ახასიათებს კილოკავი... ფშავლები სწავლა-განათლებას ეტანებიან. ამისათვის მათ ნიჭი და უნარიც შესწევთ...“

დიალექტი

რედაქტირება

ფშავური კილო აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტთა ე.წ. ფხოური ჯგუფის ერთი წევრია და ამ ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით თავისებურ მდგომარეობაშია. როგორც მისი პირველი მკვლევარი ა. შანიძე აღნიშნავდა:

 
„ფშავურს ცოტა მოშორებული ადგილი უჭირავს, რადგანაც დროთა განმავლობაში, ქართლ-კახეთის სიახლოვის გამო მას მეტი გავლენა დასტყობია ბარისა.“

მეცნიერის ეს რამდენიმე ათეული წლის წინ თქმული სრულიად შეეფერება ფშაურის დღევანდელ ვითარებას. ამ კილოზე მოლაპარაკე მოსახლეობის ბარისა თუ მთისწინეთის სხვადასხვა ადგილებში გაძლიერებული მიგრაციების წყალობით, იგი კიდევ უფრო დაუახლოვდა ბარელთა მეტყველებას და დაშორდა თავის თავდაპირველ მოძმე კილოებს - თუშურს, ხევსურულსა და მოხეურს. ასე რომ, მას თავისი ფონეტიკური, მორფოლოგიური თუ სინტაქსური თავისებურებებით შუალედური მდგომარეობა უკავია აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთის დიალექტებს შორის.

ფშავურმა კილომ ქართველი საზოგადოების ყურადღება ვაჟა-ფშაველასა და მისი ძმების სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე მიიპყრო, მათს შემოქმედებაში ფშაური დიალექტური ფორმების უხვმა და პრინციპულმა ხმარებამ მკითხველთა თუ კრიტიკოსთა მკვეთრი (ძირითადად უარყოფითი) რეაქცია გამოიწვია. შეიძლება გავიხსენოთ აკაკი წერეთლის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ფშავური დიალექტის მეცნიერული შესწავლა პირველად აკაკი შანიძემ დაიწყო.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ფშავი მდიდარია მცენარეულობით და მთელი მისი მიდამო შუაფხომდე შემოსილია ხშირ ფოთლოვანი ტყით. პირმზეში იზრდება: მუხა, იფანი და რცხილა. პირჩრდილში: წიფელი და თელა. მთის მწვერვალზე არყია. ურთხელი დაცულია კაწალხევის ტყეში, რომლის მოჭრა აკრძალულია. ფიჭვი იზრდება კუდოს ტყეში (მაღაროს ზემო). მრავალია ტყის მსხალი, ვაშლი და თხილი. იზრდება და ხარობს კაკლის ხეც. ორწყალ-ზემო ფშავის არაგვის სათავისა და კავკასიონის ქედის მიმართებით ტყე თანდათანობით მცირდება, ის ბუჩქნარზე გადადის და მწვერვალებზე ალპიურ მდელოს ხალით იცვლება, სადაც ფართო სათიბები და საძოვრებია. ასეთი იალაღებით მდიდარია უკანაფშავის თემი, რომელიც უმთავრესად მესაქონლეობას მისდევს.

მდინარეები

რედაქტირება
 
ორწყალი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულების რაზმის მემორიალი

ფშავის მთავარი მდინარე არაგვია, რომელშიაც იწურებიან ფშავის კავკასიონის მაღალ და დახრამულ მწვერვალებიდან გადმონახეთქი ნაკადები. ფშავის არაგვის სათავე ბოთანა - ბორბალოშია (3135 მ), რომელიც უმთავრესად შედგება სამი შენაკადისაგან: ბოთანას წყალი, ასისხევი და ბოგოჩარის ხევი.

 

კავკასიონიდან დაქანებული არაგვი უკანაფშავიდან თანდათანობით დავაკებით მიედინება, აქ მას უერთდება წაწადა და ვარეულა ახადთან, მათურხეულა (მათურის წყალი) დამასტესთან და ნაროულა და თეთრახევა შუაფხოსთან.

აღმოსავლეთიდან მომდინარე ფშავის არაგვი შუაფხოდან 7 კილომეტრის დაშორებით უხვევს სამხრეთით და აქ ის უერთდება ხევსურეთის არაგვს - ხევსურულას, სადაც იქმნება ეგრეთ წოდებული „ორწყალი“ (ფშავ-ხევსურეთის არაგვი).

ფშავის კლიმატი ბართან შედარებით მკაცრია და განეკუთვნება მთის ტყეების ჰავის ზოლს. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოა და მერყეობს 1000-1200 მმ-ს შორის. ფშავში ზომიერად ცივა, წლის საშუალო ტემპერატურა ქვემო საფეხურზე 11 გრადუსია, ხოლო ზემოთ 5-მდე ჩამოდის. ზამთარი ცივია. გაზაფხული გვიან დგება, ზაფხული თბილია, შემოდგომა კი მზიანი. წვიმიანი და ნისლიანი ამინდები უფრო გაზაფხულობით იცის. ზამთარი იშვიათად არის უხვთოვლიანი. როგორც წესი, თოვლის საფარი 1 მ-ს არ აღემატება, იშვიათად 1,5-2 მ.

პოეზია (კაფია)

რედაქტირება
 
ვაჟა-ფშაველა
 
მიხა ხელაშვილი

ქართულ ხალხურ პოეზიაში ფშაურ პოეზიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, განსაკუთრებით ფშაურ კაფიას (მილექსებას). პოეზიის ამ ჟანრს ახასიათებს ექსპრომტულ-დიალოგიური გაშაირება ორ მოპირდაპირე პირსა თუ ჯგუფს შორის. კაფია ფშავლების კუთვნილებაა. ლექსით საუბარს მარტო ფშავლებისგან თუ გაიგონებ. ფშავლებს სხვებზე ადრე უგრძვნიათ სიტყვის სიტკბო და სიმწარე. ფშავლები ხანჯალივით აჭრევინებენ სიტყვას, ამიტომაც ამბობენ მთაში:

 
„ხევსურო, ხმალი გალაღებს, ფშაველო-ენა მჭრელიო.“

კაფია (მილექსება) ფშავში გავრცელებული ჩვეულებაა და იციან ხატობაში, ქორწილში, მწყემსობაში, მგზავრობაში და სხვ. ფშაურმა პოეზიამ განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიპყრო ვაჟა-ფშაველას სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე. ვაჟას გარდა ფშავის წიაღში სხვა მრავალი მოლექსე და სახალხო მთქმელიც იშვა, ესენი არიან:მიხა ხელაშვილი, ბაჩანა და თედო რაზიკაშვილი, ყრუვ გიორგი და სხვები.

თემები და სალოცავები

რედაქტირება
ფშავში 12 თემია და თითოეულ თემს თავისი სალოცავი – ხატი ჰყავს.
თემი სათემო სალოცავი თემის ფუძე სოფელი შტონაყარი გვარები
უძილაურთა კოპალა უძილაურთა უძილაურები, ლაშქარაშვილები, მადურაშვილები, ჩორხაულები, კოჭლიშვილები, ღანიშაშვილები, ტიღინაშვილები, ლოსეურაშვილები, თეგერაშვილები
ქისტაურთა იახსარი შუაფხო ქისტაურები, ხუცურაულები, ფხოველები, ჩარბოდაშვილები, ხუზარაულები, ბერიკაულები, ჯაბანიშვილები, თვარელაშვილები, ბადრიშვილები, ფოცხვერაშვილები, ციგროშვილები, ყლარტიაულები
ცაბაურთა, (გოგოჭურთა) ცაბაურთას მთავარანგელოზი ცაბაურთა ცაბაურები, პატარაშვილები, დულუზაურები, ჯაბანიშვილები, მაჩხოშვილები, ბაჩიაშვილები, მჭედლურები, გედეხაურები, მარცვალაშვილები, მიგრიაულები, ხოშურაულები, შავერდაშვილები, გოდერძიშვილები, მჭედლურები, გორზამაულები, მაუბარაშვილები, ბეკურაულები, გურასპაულები, გარსევანიშვილები, ქუმსიაშვილები, წიწილაშვილები, ურჯუკაშვილები, ბაიაშვილები, ჭყრუნიშვილები
გოგოლაურთა გოგოლაურთის წმინდა გიორგი გოგოლაურთა გოგოლაურები, თურმანაულები, საღირიშვილები, ყაყიჩაშვილები, მგელიაშვილები, წვეროშვილები, მოკვერაშვილები, მადურაშვილი, ბაღიაური, მგელაშვილები, ტუნტურიშვილები, ბაიაშვილები, ლევერაშვილები
წოწკოლაურთა მოხარნადე ღვთისმშობელი მუქო წოწკოლაურები, მარწყვაშვილები, ცქიფაშვილები, ღუბიანურები, ხადილაშვილები
ზურაბაულთა მთავარანგელოზი მათურა ზურაბაულები, მათურელები, თადიაურები, ხიბლაშვილები, დოლიაშვილები, ნაყეურები, ივანაურები
გაბიდაურთა ძელის ანგელოზი ხოშარა  გაბიდაურები, ნიბლოშვილები, ხოშარაულები, ხარანაულები, დოჯურიშვილები, ფხიკლაშვილები, ნაკვეთაურები, მამსიკაშვილები, ძებნიაურები, ბადურაშვილები, ჯიმშიტაშვილები, ბუჭყურაშვილები, აქიმიშვილები, აფშინაშვილები, ჭიჭოშვილები, ლომიაშვილები, ბათურიშვილები, თიაყაშვილები, ბერიძიაშვილები, კოჭლაშვილები
ჭიჩოელთა პირცეცხლი ჭოჩო  ფეტვიაშილები, ქეშიკაშვილები, ნადირაშვილები, ჩოლოგაურები, მინდოდაურები, ახალაურები
გოდერძაულთა პირქუში ახადი სამუკაშვილები, თიღილაურები, გახუაშვილები, პატარაშვილები, სოხურაშვილები, ლომნიაშვილები, ბურკაშვილები, მაშვნიაშვილები, ლაგაზაურები, ლაგაზაშვილები, ძროხელაშვილები, გორელაშვილები, ხელაშვილები, მესაბლიშვილები, კულალაღაშვილები
წითელაურთა კოტიას წმინდა გიორგი წითელაურთა წითელაურები, ჯიგრაულები, ბაჩანაშვილები, გამიაშვილები
უკანაფშაველთა წყაროსთაველი უკანაფშავი მურღვაშვილები, ჩეკურიშვილები, არჩემაშვილები, კარატიელები, ჯაბანიშვილები, ალბუთაშვილები, ბიბინაშვილები, დავითაშვილები, ხოხობაშვილები, ბობღიაშვილები, ბეწიკურაშვილები, ჯუღაშვილები, წელაურები
ხახაბოელთა ხახაბოს წმინდა გიორგი ხახაბო მამიაურები, მინდიკაურები, ხოსიაურები
 
ლაშარი

თორმეტივე თემისთვის საერთო სალოცავს წარმოადგენს ლაშარის ჯვარი და ღელე (თამარის სალოცავი).

ფშავში ხატი ღვთიშვილთან არის გაიგივებული. მათ ღვთისაგან საყმო აქვთ ნაბოძები. ისინი ოდესღაც ხორციელნი იყვნენ და აღსასრულის შემდეგ ანგელოზებად იქცნენ. ხორციელობის ჟამს ისინი ფშავში ცხოვრობდნენ და ადამიანთა მტრებს – დევ–კერპებს – ებრძოდნენ (მაგ. კოპალა, იახსარი, პირქუში). სწორედ ამის გამო უქცევია ღმერთს ისინი სულიწმინდებად და საბრძანისად ფშავის ხევი უჩუქებია. ამიტომ დღეს ფშავლები ამ სულიწმინდად ქცეული ხატების ყმებად მიიჩნევენ თავს.

ყველა ხატს თავისი საბრძანისი ადგილი აქვს ანუ ადგილი, სადაც ღამით ხატის ანგელოზი ნათელ სვეტად ეშვება. ხატის საბრძანისი წმინდა და შეუვალ ადგილს წარმოადგენს, რომელიც, როგორც წესი, მუხისა და იფნის ხეებით არის გარშემორტყმული. ხელშეუხებელია ხატის ეს ხეივანიც.

ხატის საბრძანისი და მისი ნაგებობები (დარბაზი, საზარე, სასანთლე) ფშავში ყველგან ერთნაირად არის წარმოდგენილი. ხატის ადგილი ჩვეულებრივ ღობე–ყორით არის შემოსაზღვრული. მისავალში ფიქალი ქვებისაგან აშენებულია პატარა სასანთლე. შორიახლოს აშენებულია ასევე საზარე, რომელშიც ერთი ან რამდენიმე სხვადასხვა ზომის ზარია დაკიდებული. იგი წარმოადგენს ოთხსვეტიან ნაგებობას. ძველი საზარეები პირამიდული ფორმის სიპი ქვებითაა გადახურული, რომელსაც ზედ აყუდია ფილთაქვის ფორმის შირიმის ქვა. შედარებით ახალ საზარეებს (რესტავრირებულებს) თუნუქის სახურავი აქვს, და ხშირად ჯვარიც უკეთია.

ხატის შუა მოედანზე ხატის „ნიშ–საბრძანისია“ განთავსებული. ნიში ქვის ფილისაგან (სიპი ქვისაგან) არის მშრალად აგებული. ფორმით ოთხუთხაა და წინ პატარა თახჩა აქვს გამოჭრილი. მისი სახურავი ასევე პირამიდული ფორმისაა. იქვეა ხატის „მკვრივი“ ანუ ხატის საგანძურის სამალავი. მკვრივი ოთხივე მხრივ შეკრულია (პირამიდული ფორმის ნაგებობა ფართით 2x2 მ), ნაგებია მკვიდრად და შეუვალია. სამალავის ახდა დაუშვებელია და თუ ვინმე ამას ჩაიდენს, მკაცრადაც ისჯება სიკვდილით ან ჭკვაზე გადაცდომით (ამის მაგალითები არა ერთია).

ხატის ნაგებობების კომპლექსში შედის ასევე ხატის ბეღელი, რომელიც ერთკარიანი პატარა ოთახს წარმოადგენს. ამ ბეღელში ინახება ხატის მამულებიდან აღებული ჭირ–ნახული. ზოგიერთ ხატში ბეღელთან ერთად არის „სახარბაკე“, სადაც ათავსებდნენ ხატისათვის შეწირულ ხარ – კურატებს. სახარბაკე ფორმით ბოსლის ტიპის გაგებობაა.

ყველა ხატში ასევე აგებულია სალუდე. იგი წარმოადგენს მიწურ გრძელ ოთახს, რომელშიც მოთავსებულია სალუდე (ალაოს მოსახარში) სპილენძის დიდი ქვაბები, თავისი ხელსაწყო–იარაღებით: საწურით, თუნგებით, ჯამებით და სხვა.

ხატში ასევე ცალკე ნაგებობებია საბერო და საჯარე. საბერო განკუთვნილია ხევისბრისა და მოწმინდრებისათვის, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში დგებიან და წმინდობენ.

აქვეა დარბაზი, ამ ადგილზე ვაჟა ამბობს:

 
„დარბაზი წარმოადგენს იერუსალიმის წმიდა-წმიდათას, სადაც ხევისბერი წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედის, როგორც მღვდელმთავარი წმიდათაწმიდაში.“

ხატის გალავნის გარეთ ან სალუდესთან სიახლოვეს მოთავსებულია საჯარე. წინათ თითოეულ გვარს საკუთარი საჯარე ჰქონია, სადაც ამ გვარის შვილები დღეობებზე იკრიბებოდნენ და ღამეებს ათევდნენ.

ფშაური სამზარეულო

რედაქტირება
 
გასაშრობად გამზადებული ხაჭოს კვერები ძობანში

ფშავი ყოველთვის განთქმული იყო თავისი უნიკალური დელიკატესებით. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დამბალხაჭო.

 
დამბალხაჭო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით[1], დამბალხაჭოს და მის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო) არის შეკვერილი ხაჭო (ხაჭოკვერა), რომელსაც სპეციალურ, წნელით შეკრულ ძობანში ალაგებენ, რომელიც ცეცხლის მახლობლად ჰკიდია. ხაჭო იბოლება და შრება. გამშრალ კვერებს თიხის ჭურჭელში ალაგებენ, რომელიც ხშირად ტენიანობისათვის მიწაშია ჩაფლული. დაახლოებით ორი თვეა საჭირო იმისათვის, რომ ხაჭოს ობი მოეკიდოს და დალბეს.

 
ხინკალი

ამის შემდეგ მას უკვე საკვებად იყენებენ მშრალად, ან ერბოსთან ერთდ მოცხელებულს (დამბალხაჭოს ხაჭოერბო). დამბალხაჭოს საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულება აქვს და ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.

ფშაური სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად ითვლება ხინკალი. ფშაური ხინკლის შიგთავსის შესანელებლად იყენებენ ხახვს, პილპილს, ბეგქონდარს და დაკეპილ პიტნას. ეს ყველაფერი კერძს განსაკუთრებულ არომატს და საგემოვნო თვისებებს აძლევს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სერგი მაკალათია, ფშავი, თბ., 1934
  • გიორგი ცოცანიძე, ფშაური დიალექტი, თბ., 1978
  • გიგი ხორნაული, ფშაური კაფია, თბ., 1969
  • ა. ოჩიაური, ქართული ხალხური დღეობები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ფშავი), თბ., 1991
  • Нечто о Пшавии и пшавцах, წგნ.: Записки Кавказского отдела ИРГО. Кн. 2, ст. 247-252, Тиф. 1852