ქართლ-კახეთის სამეფო

(გადამისამართდა გვერდიდან ქართლ-კახეთი)

ქართლ-კახეთის სამეფოქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანების შედეგად შექმნილი ფეოდალური სახელმწიფო 1762-1801 წლებში.

ქართლ-კახეთის სამეფო
სამეფო

 

17621801
გერბი

ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია
დედაქალაქი ტფილისი
უდიდესი ქალაქები ტფილისი, გორი, თელავი, სიღნაღი
ენა ქართული
რელიგია მართლმადიდებლობა
დინასტია ბაგრატიონები

ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის გარდაცვალების (1762) შემდეგ მისი ძე, კახეთის მეფე ერეკლე II, შეერთებული ქართლ-კახეთის სახელმწიფოს მეფე გახდა.

ქართლ-კახეთის სამეფოს მოხარკენი იყვნენ განჯის, ერევნისა და ნახჭევანის სახანოები. ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა ყაზახისა და ბორჩალოს ყოფილი სახანოები, რომლებსაც მეფის მოურავები განაგებდნენ და შამშადილი. ქართლ-კახეთის სამეფოში ფეოდალური ურთიერთობა განვითარების მესამე — გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდში იმყოფებოდა. გაბატონებული კლასის პროგრესულ ნაწილს შეგნებული ჰქონდა თავისუფალი, დაქირავებული შრომის უპირატესობა ბატონყმურ იძულებითს შრომასთან შედარებით. ახალშექმნილ მანუფაქტურული ტიპის სახელმწიფო და კერძო საწარმოებში (ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ქარხნები ახტალაში, ალავერდსა და შამბლუღში; სამღებროები, ზეთსახდელი, აგურის, მარილის, მინის, თოფ-იარაღისა და თოფისწამლის და სხვა საწარმოები) დაქირავებულ შრომასაც იყენებდნენ. ხელოსნები თავიანთ პროდუქციას უმთავრესად ბაზარზე გასაყიდად ამზადებდნენ. ფართოვდებოდა საშინაო და საგარეო ვაჭრობა, გაჩნდა ახალი ქალაქები (ანანური, დუშეთი, სიღნაღი). გახშირდა გლეხების ყმობიდან თავდახსნა, გაჩნდნენ პირადად თავისუფალი გლეხები. გაღრმავდა გლეხთა ქონებრივი დიფერენციაცია, გახშირდა გლეხთა ანტიფეოდალური გამოსვლები (177 წლის აჯანყება ფშავში, გლეხთა მღელვარებანი 177 წელს ქსნის საერისთავოში, 1786 — კახეთში და სხვა). ქალაქებში ძლიერდებოდა ბრძოლა ერთი მხრივ, ვაჭრებსა და მევახშეებს და, მეორე მხრივ, ქალაქის ღარიბ მოსახლეობას შორის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან მტერთა განუწყვეტელმა შემოსევებ,ა და შინაფეოდალური რეაქციის გაძლიერებამ გამოიწვია ქართლ-კახეთის სამეფოს ეკონომიკური და პოლიტიკური დაქვეითება, რისაც რთული საერთაშორისო ვითარების პირობებში სამეფოს გაუქმება მოჰყვა. 60-იან წლებში ერეკლე II მოხერხებულად სარგებლობდა ირანში შექმნილი ვითარებით. ამ დროს ირანში ხელისუფლებისათვის მებრძოლთა შორის ჰაძლიერდა ნადირ-შაჰის ერთ-ერთი ყოფილი სარდალი ქერიმ-ხან ზენდი, რომელიც თითქმის მთლ სპარსეთს დაეუფლა. მას აღმოსავლეთ საქართველოში სპარსეთის ბატონობის აღდგენა სურდა, მაგრამ გაძლიერებულ ქართლ-კახეთის სამეფოსთან ურთიერთობის გამწვავებაზე თავს იკავებდა. 1763 წელს ერეკლემ მას გადასცა ერთ-ერთი ძლიერი მოწინააღმდეგე აზატ-ხანი, რომელიც 1760 წლიდან ერეკლე II ჰყავდა დატყვევებული. ამ დროიდან სპარსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა დამყარდა — ქერიმ-ხანი შეურიგდა ქართლ-კახეთის გაერთიანებას და სომხეთისა და აზერბაიჯანის სახანოების ვასალურ დამოკიდებულებას ერეკლესადმი. ვენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისაკენ მიმართული თანამიმდევრული პოლიტიკა ერეკლე II-ისა დიდგვაროვან ფეოდალთა ერთი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევდა. ისინი მეფის წინააღმდეგ იოყენებდნენ იმ ფაქტს, რომ ქართლის ტახტის კანონიერი მემკვიდრეები ვახტანგ VI-ის შთამომავლები იყვნენ. 1765 წელს ერეკლეს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, რომლის მიზანი ქართლში ვახტანგ VI-ის უკანონო შვილის პაატას გამეფება იყო. შეთქმულება გამომჟღავნდა და მისი მონაწილენი სასტიკად დასაჯეს. (იხ. მარკოზაშვილის დარბაზი). 1768—1774 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში ქართლ-კახეთის სამეფო იმერეთის სამეფოსთან ერთად რუსეთის მხარეზე იბრძოდა, საქართველოს მეფეები ამ ომში მიზნად ისახავდნენ ყოფილი სამცხე-საათაბაგოს (ახალციხის საფაშო) და ჭარ-ბელაქნის შემოერთებას, დაღესტნელთა განუწყვეტელი შემოსევების ლიკვიდაციას და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას, მოწინააღმდეგე თავადების ალაგმვას. 1769 წელს საქართველოში შემოვიდა რუსეთის ჯარი გენერალ გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენის მეთაურობით. 1770 წელს ახალციხეზე სალაშქროს მიმავალ ერეკლე II ჯარს აწყურთან ტოტლებენი გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, ქართველებმა ბრწყინვალე გამარკვება მოიპოვეს თურქებზე (ასპინძის ბრძოლა), მაგრამ ჯარის სიმცირის გამო ლაშქრობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ტოტლებენი დაუკავშირდა ერეკლეს მოწინააღმდეგეებს, დაიკავა ქართლის რამდენიმე ციხესიმაგრე და დაიწყო ხალხის დაფიცება იმპერატორის ერთგულებაზე. ერეკლე II-მ დროული ღნისძიებებით ეს ცდა ჩაშალა და გენერალი იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო (1770 წლის ივნისი). ტოტლებენმა აქაც სოლომონ I-ის წინააღმდეგ ინტრიგები დაიწყო. ბოლოს იმპერატორი იძულებული გახდა ტოტლებენი საქართველოდან გაეწვია და მის ადგილზე დაენიშნა გენერალი სუხოტინი. 1771 წელს მისი ცდა, აეღო ფოთი, უშედეგოდ დამთავრდა. 1772 წელს რუსეთში გაიწვია თავისი ჯარები საქართველოდან. ამრიგად ერეკლეს პოლიტიკური მიზნები განუხორციელებელი დარჩა. 1772—1773 წლებში ერეკლემ თხოვნით მიმართა რუსეთის მთავრობას დაეწესებინა მფარველობა ქართლ-კახეთის სამეფოზე. ამ დროს რუსეთსა და ოსმალეთს შორის საზავო მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ამიტომ იმპერატორმა თხოვნას უარით უპასუხა. ქართლ-კახეთია სამეფოში მშვიდობია უზრუნველსაყოფად და ძლიერი ხელისუფლების შესაქმნელად საჭირო იყო რეგულარილი ჯარი, მაგრამ ქვეყანას საჭირო სახსრები არ გააჩნდა. 1774 წელს შეიქმნა მორიგე ჯარი. ამ ღონისძიებამ უზრუნველყო ლეკთა თარეშის ალაგმვა, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ იყო. 1774 წელს ერეკლემ კვლავ სთხოვა რუსეთს ფულადი სესხი და რამდენიმე წლით ჯარი, მაგრამ ოსმალეთთან ზავის პირობებში რუსეთმა ერეკლეს თხოვნის დაკმაყოფილება თავისთვის სასარგებლოდ არ ჩათვალა. ერეკლე II თანამიმდევრულად იბრძოდა სამეფო ხელისუფლების გაძლიერება-განმტკიცებისათვის და რეაქციონერ თავადთა უფლებების შეზღუდვისათვის. 1776 წელს მან უვნებელყო მის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება, 1777 წელ სგააუქმა ქსნის საერისთავი. 70-იან წლებში გამწვავდა ურთიერთობა სპარსეთ-ოსმალეთს შორის — ორივე ომისთვის ემზადებოდა და ცდილობდა ერეკლეს გულის მოგებას. მეფემ ორიენტაცია ოსმალეთზე აიღო — 1776—1777 წლებში დაიდო ხელშეკრულება ქართლ-კახეთისა და ოსმალეთს შორის, რასაც მოჰყვა ურთიერთობის გამწვავება სპარსეთთან. ქერიმ-ხანი საქართველოზე თავდასასხმელად ემზადებოდა. მისი მიზანი იყო ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდება და გამეფება ალექსანდრე ბაქარის ძისა (ვახტანგ VI-ის შვილიშვილი), რომელიც 1767 წლიდან ქერიმ-ხანთან იყო; 1779 ქერიმ-ხანის სიკვდილმა ეს ლაშქრობა ჩაშალა. 1779—1780 ერეკლე II განმდგარი ერევნისა და განჯის სახანოების დასამორჩილებლად იბრძოდა; ამით ისარგებლეს ერეკლე II-ს მოწინააღმდეგებმა, მათ შორის სოლომონ I-იც იყო, რომელიც ქართლ-კახეთისა და ოსმალეთის შეთანხმებაში თავისთვის საფრთხეს ხედავდა. 1779 წელს მან ალექსანდრე ბაქარის ძე თავისთან გადაიყვანა. ერეკლე II სწრაფად მობრუნდა ერევნის ლაშქრობიდან და ჩაშალა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ცდა. 80-იანი წლების დასაწყისიდან ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობა რეაქციონერი თავადების მეცადინეობით გაუარესდა. მორიგე ჯარის სისტემა მოიშალა. ოსმალეთთან კავშირი ქართლ-კახეთის სამეფოს გასაძლ;იერებლად უშედეგო აღმოჩნდა. ასევე უშედეგო იყო ერეკლეს ცდა მიეღო ფინანსური დახმარება ევროპის ქვეყნებიდან. აზერბაიჯანში ყუბის ხანის ფათალას გაძლიერება საფრთხეს უქმნიდა ქართლ-კახეთის სამეფოს გავლენას განჯისა და ერევნის სახანოებზე. ამ დროს გააქტიურდა რუსეთის მთავრობის პოლიტიკა კავკასიაში, რაც ყირიმის შეერთების განხორციელებას უკავშირდებოდა. რუსეთ-თურქეთის მოსალოდნელი ომის ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს სამეფოებისა და სომხების პოზიციას შავი და კასპის ზღვების სანაპიროებზე რუსეთის გაბატონებისათვის. რუსეთის მთავრობამ წინადადებით მიმართა ერეკლეს კავშირის შეკვრის შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე, რასაც ერეკლე სიხარულით შეხვდა. მას წინადადება მისცეს ოფიციალურად ეთხოვა რუსეთის იმპერატორის მფარველობა. 1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლემ ითხოვა რუსეთის მფარველობაში შესვლა სამეფო ტახტზე მისი და მისი მემკვისრეების ცნობის, განჯა-ერევნის სახანოებზე მისი უფლებების აღიარების, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების (სამცხე-საათაბაგო, აღმოსავლეთი კახეთი) დაბრუნების საქმეში დახმარების პირობით. ამ საფუძველზე 1782 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში (ჩრდილოეთ კავკასია, ახლანდელი სტავროპოლის მხარე) დაიდო ხელშეკრულება რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის „მეგობრობითი ტრაქტატი“ — მეგობრული ხელშეკრულება კავშირისა და მფარველობის შესახებ. 1784 წლის 23 იანვარს ერეკლემ იმპერატორის ერთგულების ფიცი მიიღო, ხოლო 24 იანვარს თავისი ხელმოწერით დაამტკიცა ტრაქტატი (გეორგიევსკის ტრაქტატი 1783). ტრაქტატმა, რომელიც მახლობელ აღმოსავლეთში ცარიზმის გაბატონების ერთ-ერთი საფუძველი იყო, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქვეყნებში. ოსმალეთის პროტესტის გამო რუსეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა მსგავსი ტრაქტატის დადებაზე იმერეთის სამეფოსთან. ოსმალეთი აქტიურ ზომებს იღებდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიის, სომხეთ-აზერბაიჯანისა და ირანის სახანოების დასარაზმავად. ოსმალეთს აქეზებდნენ და ხელს უწყობდნენ საფრანგეთი და ინგლისი. ახალი ძალით განახლდა დაღესტნელ ფეოდალთა თავდასხმები ქართლ-კახეთზე, ერეკლეს განუდგნენ ერევნისა და განჯის სახანოები. სამეფო მოსახლეობისაგან იცლებოდა. ერეკლემ დახმარებას სთხოვდა მფარველს, მაგრამ დახმარება არ ჩანდა. 1787 წლის ივლისში ოსმალეთმა რუსეთს მოსთხოვა საქართველოდან ჯარის გაყვანა (რომელიც 1783 წლის 3 ნოემბერს შემოვიდა ტრაქტატის ძალით) და ქართლ-კახეთის სახელმწიფოს ოსმალეთის ვასალად ცნობა, აგვისტოში კი ომი გამოუცხადა რუსეთს. იმავე წლის სექტემბერში რუსეთმა მოულოდნელად გაიწვია ჯარი საქართველოდან. ეს ტრაქტატის დარღვევა იყო. ერეკლე უშედეგოდ მოითხოვდა რუსეთის მთავრობისგან პასუხს — აპირებდა თუ არა ის ტრაქტატის დაცვას. რუსეთ-თურქეთის 1787—1791 წლების ომის დროს საქართველოს პროგრესულმა მოღვაწეებმა სცადეს ქართლ-კახეთის სახელმწიფოსა და იმერეთის სამეფოების გაერთიანება, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ 1790 წელს საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის დაიდო ხელშეკრულება საერთო მტრების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ (საქართველოს სამეფო-სამთავროების ტრაქტატი 1790).

90-იანი წლების დასაწყისიდან ქართლ-კახეთის სახელმწიფოს დიდი საფრთხე შეექმნა სპარსეთში გაძლიერებული აღა-მაჰმად-ხანის მხრივ. ერეკლემ რუსეთის იმპერატორს ტრაქტატით გათვალისწინებული ჯარის გამოგზავნა სთხოვა. 1793—1794 წლებში ერეკლემ რამდენიმეჯერ მიმართა რუსეთის მთავრობას ასეთივე თხოვნით, მაგრამ ეს უკანასკნელი ყურადღებას არ აქცევდა ქართლ-კახეთის სამეფოს კარზე მომდგარ რეალურ საფრთხეს. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანი სამეფოს შემოესია, აიღო, გაძარცვა და გადაწვა თბილისი, გაანადგურა ქართლის სოფლები და ქალაქები, დაქხოცა და დაატყვევა მოსახლეობა (კრწანისის ბრძოლა 1795). 1795 წლის დეკემბერში სამეფოში რუსეთის 2 ბატალიონი შემოვიდა, მაგრამ უკვე გვიან იყო. სამეფომ კატასტროფული მარცხი განიცადა. 1796 წელს რუსეთმა საქართველოს აოხრებისათვის აღა-მაჰმად-ხანის დასჯის საბაბით სპარსეთს ომი გამოუცხადა, რომლის ნამდვილი და უპირატესი მიზანი რუსეთის ეკონომიური და პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტა იყო (რუსეთ-ირანის, სპარსეთისა და რუსეთ-ინდოეთის ვაჭრობის ინტერესების დაცვა, სპარსეთის შაჰის ტახტზე სასურველი კანდიდატურის დასმა). რუსეთის ჯარებმა აიღეს დარუბანდი, შემახა, ბაქო. ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობა გაუმჯობესდა, კერძოდ, განჯა კვლავ მოხარკე გახდა, მაგრამ ეკატერინე II-ის გარდაცვალებასთან (1796) ერთად ყველაფერი შეიცვალა. 1797 პავლე I-მა ომი შეწყვიტა და თავისი ჯარები უკანვე გაიწვია. აღა-მაჰმად-ხანმა ეს ფაქტი თავის გამარჯვებად მიიჩნია და ერეკლეს კატეგორიულად მოსთხოვა დამორჩილება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სამეფოს განედგურებით იმუქრებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს შემთხვევამ იხსნა — 1797 წელს აღა-მაჰმად-ხანი შეთქმულებმა მოკლეს. იმავე წლის სექტემბერში იმპერატორმა ქართლ-კახეთის სამეფოდან გაიწვია ის 2 ბატალიონიც, რომელიც ტრაქტატის ძალით აქ მუდმივად უნდა ყოფილიყო. ასეთ ვითარებაში, 1798 წლის 11 იანვარს ერელე II გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი შვილი — ავადმყოფი გიორგი XII. იმავე წელს ახალი შაჰმა ბაბა-ხანმა (აღა-მაჰმად-ხანის ძმისწულმა) გიორგის დამორჩილება სთხოვა. გიორგი იძულებული გახდა მოლაპარაკება დაეწყო შაჰთან. ამავე დროს მან რუსეთის მთავრობას აცნობა, რომ თუ ის ტრაქტატის პირობებს არ დაიცავდა და არ დაეხმარებოდა, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გზას დაადგებოდა. იმპერატორმა ტრაქტატის აღდგენა გადაწყვიტა — 1799 წელს მან გიორგი დაამტკიცა მეფედ, ხოლო მისი შვილი დავითი — მემკვიდრედ. ამასთან ტრაქტატით გათვალისწინებული ჯარიც გამოგზავნა. ამას მოჰყვა გიორგის მოწინააღმდეგე ბატონიშვილთა აჯანყების, ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლეს ძე) ბაბა-ხანთან გაიქცა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა მეფე გიორგიმ რუსეთის მთავრობის უფრო დასაინტერესებლად 1799 წლის 7 სექტემბრის გეორგიევსკის ტრაქტატის შესწორება ითხოვა — ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის ქვეშევრდომობაში შედიოდა, იგი როგორც საგარეო, ისე საშინაო საქმეებში რუსეთის მთავრობის მორჩილი იქნებოდა, ოღონდ გიორგისა და მის მემკვიდრეებს მეფის წოდება უნდა შეენარჩუნებინათ. ამის საფუძველზე ქართველ ელჩებმა — გ. ჭავჭავაძემ, გ. ავალიშვილმა და ე. ფალავანდიშვილმა — 1800 წლის 24 ივნისს რუსეთის მთავრობას წარუდგინეს ნოტა ახალი ხელშეკრულების საფუძვლების შესახებ. ხელშეკრულების პროექტი 1800 წლის 19 ნოემბერს მოიწონა იმპერატორმა და 23 ნოემბერს სიგელით აცნობა ამის შესახებ გიორგი XII-ს. გიორგის მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ უნდა მომხდარიყო ახალი ხელისუფლების საბოლოო გაფორმება. ამ მიზნით ქართლ-კახეთის სახელმწიფოში გამოგზავნეს ქართველი ელჩები გ. ავალიშვილი და ე. ფალავანდიშვილი. ამავე დროს რუსეთის მთავრობას მისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო ვითრების პირობებში (საფრანგეთ-რუსეთის დაახლოება) გადაწზვეტილი ჰქონდა ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმება და მისი რუსეთთან შეერთება. 18 დეკემბერს პავლე I-მა ხელი მოაწერა სათანადო მანიფესტს, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ ინახავდნენ. 28 იანვარს მანიფესტი პეტერბურგში გამოაქვეყნეს. თბილისში 1801 წლის იანვარში ჩამოსული ზემო აღნიშნული ელჩები წარუდგნენ დავით გიორგის ძეს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მართავდა სამეფოს. მან ისინი ხელშეკრულების გასაფორმებლად პეტერბურგს გაგზავნა, მაგრამ მათ პავლე Iცოცხალი აღარ დახვდათ (იგი შეთქმულებმა მოკლეს 1801 წლის 11 მარტს). ქართველმა რწმუნებულებმა რუსეთის მთავრობას წარუდგინეს ნოტა, რომელსაც საფუძვლად დაედო 1800 წლის 19 ნოემბერი პავლე I-ის მიერ მოწონებული ხელშეკრულების პროექტი. ნოტის თანახმად ქართლ-კახეთის სახელმწიფოს მმართველად უნდა დანიშნულიყო მეფის ერთ-ერთი შვილი, რომელიც იმპერატორის მოადგილე იქნებოდა საკანონმდებლო ხელისუფლებას მოკლებული მეფის ტიტულით, მისი თანაშემწე უნდა ყოფილიყო რუსეთის მთავრობის მიერ დანიშნული დიდმოხელე, რომელიც მეორე პირი იქნებიდა მეფის შემდეგ. ფაქტობრივად, რუსეთის მთავრობამ ქართველი ელჩები 1800 წლიდან საქმეს ჩამოაშორა და მათ თხოვნას ანგარიშს არ უწევდა. ფორმალური ხასიათის ღონისძიებათა გატარების შემდეგ 1801 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნდა ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ. იმავე დღეს იმპერატორმა დაამტკიცა დებულება ახალშეერთებული ქვეყნის მმართველობის შესახებ. ამ დებულებამ მოქმედება დაიწყო 1802 წლის მაისში.

მოსახლეობა

რედაქტირება

1770 წლის ცნობის მიხედვით ქართლ-კახეთის სამეფოში ითვლებოდა 54 400 კომლი. მოსახლეობის 36%-ს შეადგენდნენ ქართველები, 37,7%-ს ელები, 16% სომხები, 8,2%-ს ოსები. მოსახლების დიდ ნაწილს შეადგენდა იორის პირსა და ყაზახ-ბორჩალოში დასახლებული ელები. თითქმის დაცვლილი იყო მოსახლეობისგან ტაშირი, სომხითი და საბარათიანო.[1]

ქართლ-კახეთის მეფეები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე-ის ტომში საქართველოს სსრ. ისტორია.
  1. კაკაბაძე ს., „საქართველო ერეკლე II-ს დროს“ // შვიდი მნათობი : ჟურნალი, 1919, № 2.