ერევნის სახანო
ერევნის სახანო (სპარს. خانات ایروان) — სპარსეთის ვასალური დაქვემდებარების ფეოდალური წარმონაქმნი. 1604 წელს დააარსა აბას I-მა აღმოსავლეთ სომხეთის ტერიტორიაზე, ცენტრი იყო არარატის ველი ქ. ერევნითურთ. სახანოში მთელი ადმინისტრაციული და სამხედრო ხელისუფლება შაჰის მიერ დანიშნულ სარდალს (მხედაერთმთავარს) ეკუთვნოდა, ის ითვლებოდა ხელმწიფის ნაცვლად და ბეგლარბეგი ეწოდებოდა. ერევნის სახანო წვრილ ადმინისტრაციულ ერთეულებად — მაჰალებად იყოფოდა, XIX საუკუნის დასაწყისისათვის მათი რაოდენობა 15-ს აღწევდა. მაჰალების მმართველებს ნაიბები ან ბეგები ეწოდებოდა. ნაიბებს ხშირად გამაჰმადიანებული სომხებისა და ქართველების წრიდან ნიშნავდნენ. ქართველები თვით ერევნის ხანებიც ყოფილან. მაგ., გარკვეულ დროს ერევნის ხანი იყო კონსტანტინე კახთა მეფე (იგივე მაჰმად ყული-ხანი). ერევნის სახანოს პირველი მმართველი (ბეგლარბეგი) იყო აბას I-ის სახელგანთქმული მხედართმთავარი ამირგუნა-ხანი (1604-1622), რომელმაც სახანოს გასაძლიერებლად უკან დააბრუნა XVII საუკუნის დასაწყისში ირანში გადასახლებულ სომეხთა ნაწილი.
XVIII საუკუნის დასაწყისში ერევნის სახანოში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ განსაკუთრებული ხასიათი მიიღო. ამ ბრძოლაში სომხებს მხარს უჭერდა ქართლის მეფე ვახტანგ VI და განჯის მოსახლეობა. ნადირ-შაჰის მოკვლის (1747) შემდეგ ირანი ანარქიამ მოიცვა და ცალკეულმა სახანოებმა, მათ შორის ერევნის სახანომაც, ავტონომია მოიპოვა. XVIII საუკუნის II ნახევარში გაძლიერებულმა ქართლ-კახეთის სამეფომ ერევნის სახანო თავის ვასალად აქცია. რუსეთ-ირანის ომების (1804-1813, 1826-1828) შედეგად ერევნის სახანო რუსეთის იმპერიაში მოექცა. 1828 წლის 10 თებერვალს ერევანის და ნახიჩევანის სახანოები დაიშალა და 1828 წლის 21 მარტს მათი ტერიტორიების გაერთიანებით შეიქმნა სომხეთის ოლქი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაისურაძე, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 179.
- მაისურაძე, გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- История армянского народа, ч. 1, Ер., 1951;
- Петрушевский И. П., Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении..., Л., 1949,