ქსნის საერისთავო
ქსნის საერისთავო — ფეოდალური საქართველოს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, XV საუკუნიდან საერისთავო-სათავადო. წარმოიშვა ქსნისა და მის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე მცირე ხეობებში. ქსნის ხეობაში ბინადარი ცხოვრების ნიშნები უწყვეტად ჩანს ძველი ქვის ხანიდან. განსაკუთრებით ინტენსიური იყო აქ განვითარება — ცხოვრება გვიანდელი ბრინჯაოსა და ანტიკურ ეპოქაში. ანტიკური და უფრო მოგვიანო ხანაში ქსანზე რამდენიმე ცენტრი (საძეგური, ყანჩაეთი, აღაიანი) არსებობდა. ქართლში სახელმწიფოს წარმოშობის დროიდან (ძვ. წ. III საუკუნე) ქსნის ხეობა მომიჯნავე ხეობითურთ სასპასპეტოს ანუ შიდა ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა.
ადრინდელი ფეოდალურ ხანაში ქსნის ხეობაში ორი ადმინისტრაციული ერთეული იყო: ქსნისხევი (ცენტრი ქვენიფნევი) და ცხრაძმისხევი (ცხრაზმისხევი) (ცენტრი ლარგვისი). ქსნის საერისთავოს ისტორია ფაქტობრივად ცხრაზმისხევისა და ქსნის ხევის ანუ მთისა და ბარის ურთიერთობის ისტორიაა. X საუკუნიდან დაიწყო ცხრაზმისხევის აღზევება. ამ დროს იგი მდინარეების ლეხურის, მეჯუდას, პატარა ლიახვის ზემო ნაწილებსაც მოიცავდა. საერისთავო გაფართოვდა სამხრეთითაც, რის გამოხატულებაც უნდა იყოს რეზიდენციის გადატანა ლარგვისიდან ქვენიფნევს. ვახუშტის ცნობით, თამარ მეფის დროს ქართლი და ქსანი ცალ-ცალკე საერისთავოები იყო. მონღოლების შემოსევების შემდეგ, XIII საუკუნის II ნახევრიდან, დასტურდება ცხრაზმისხევის ერისთავი, რომელიც პოლიტიკური მემკვიდრე იყო ადრინდელი ფეოდალური ხანის ცხრაზმისხევის ხელისუფლისა. ქსნის ერისთავებად არიან ბიბილურები, რომლებმაც რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით მიიღეს ზედწოდება „ქვენიფნეველი“. XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ცხრაზმისხევის ერისთავებმა საგრძნობლად გააფართოვეს მამულები. მათს სამფლობელოში შედიოდა: ცხრაზმა, ჟამური, ქარჩოხი, ჭურთა, ქოლოთი, ისროლისხევი, აბაზასძეთა მამული, თრუსოს ხეობა, ღუდა, გაგასძენი, მლეთა; არახვეთი, ხანდო, ყანჩაეთი, ძაგნაკორა, დიღუამი, გავაზი, აწერისხევი, ბეხუშე.
XIV საუკუნის შუა წლებისათვის ქსნის ერისთავებმა გააფართოვეს მიწები ქართლის ვაკის მიმართულებით. აქ დაეუფლნენ კარბს, გარეჯ-ვარბაკურისუბანს და იკორთის მონასტერს. ხელი მიუწვდათ ქნოლისა და მაღრანდვალეთზე. XIV საუკუნეში ქსნის საერისთავოს დაპირისპირება ჰქონდა არაგვის საერისთავოსთან. ლომისისმთაზე გამართულ ბრძოლაში ქსნის საერისთავომ გაიმარჯვა. XV საუკუნის დასაწყისიდან ქსნის საერისთავო ფაქტობრივად ერისთავების მამულად, ანუ სათავადოდ გადაიქცა. ამ ხნისათვის ისინი იყვნენ საგვარეულო საძვალის, ციხე-დარბაზების, დიდი ყმა-მამულის პატრონი. შეიქმნა ერისთავთა საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთა“.
1688 წელს ქსნის საერთისთავი არაგვის საერისთავოს უჭერდა მხარს ქართლის მეფის წინააღმდეგ. 1736 წელს შანშე ქსნის ერისთავმა მეფისგან საჩუქრად მიიღო არაგვის ერისთავთა კუთვნილი მამულები ნარეკვავის ხეობაში. 1739 წელს შანშემ თავისი ძმის, იასე ყულარაღასის და იასეს მეუღლის შეპყრობის გამო შური იძია არაგვის ერისთავებზე, 12 000 ლეკით აიღო და გადაწვა ანანური. ქსნის საერისთავო 1775 წელს გააუქმა ერეკლე II-მ.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 563-564.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქიქოძე, გ., „ერეკლე II“, თბილისი: სახელგამი, 1942. — გვ. 121.