ლარგვისი
ლარგვისი (ყოფ. მონასტერი) — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლარგვისი, დორეთკარი, გავაზი, გარუეთი, დოგუზაანი, ველისა, კარა, კუცხოვეთი, მშველიეთი, საბარკლეთი, ჩკუნეთი, ცხავათი, ძანგათი, ხარბალი, ხრამისწყარო[1]). მდებარეობს მდინარე ქსნის ხეობის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100 მ, ახალგორიდან 18 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებასოფლის ძველი სახელია „მონასტერი“. ლარგვე ერისთავის გარდაცვალების შემდეგ ეწოდა სახელი — ლარგვისი. ამ სახელს იხსენებს XIV საუკუნის „ძეგლი ერისთავთა“ VI საუკუნის მოვლენების თხრობისას, როდესაც აქ აშენდა ეკლესია და ქალაქი. ადრეფეოდალურ ხანაში ლარგვისი ცხრაძმისხევის ცენტრი იყო. ლარგვისის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო ქსნის ხეობაში. ლარგვისის მონასტერი წარმოადგენდა ქართული კულტურის ერთ-ერთ კერას. აქ მოღვაწე მწგნობართაგან აღსანიშნავია ავგაროზ ბანდაისძე და მისი ვაჟი გრიგოლ ბანდაისძე (XV საუკუნე). ლარგვისის მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკიდან შემორჩენილია რამდენიმე ძვირფასი ხელნაწერი.
საბჭოთა პერიოდში შეიქმნა მონასტრის სასოფლო საბჭო. 1948 წლის 28 აპრილს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებით სოფელს ეწოდა ლარგვისი.[2] ლარგვისის სასოფლო საბჭო მოიცავდა სოფლებს: გარუეთი, დაბაკნეთი, დადიანეთი, ზოდეხი, თოხთა, მარტიანი, მახიარეთი, მუჯუხი, მშველიეთი, უკანამხარი, უკანაუბანი, ყველდაბა, ჩიტიანი, ცხავათი, ხარბალი, ხრამისწყარო. განვითარებული იყო მეცხვარეობა. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 259 ადამიანი, მათ შორის 97% ეთნიკურად ქართველი[3].2008 წლის აგვისტოდან ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებასოფელში, მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს შემორჩენილია არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის XVIII საუკუნის კოშკებიანი ციხე-გალავანი, მონასტრის ტაძარი და სხვა ნაგებობები. ლარგვისის ციხე შედგება ეზოს და მისგან მაღალი გალავნით გამოყოფილი ციტადელისგან. გეგმით მართკუთხა დიდი გუმბათოვანი ტაძარი აშენებულია XIV საუკუნის ეკლესიის ადგილას 1759 წელს დავით ქსნის ერისთავის მიერ. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. უხვად არის განათებული ზემოდან და ქვემოდან ერთნაირად მომრგვალებული ორიგინალური ფორმის სარკმლებით. საკურთხევლის გვერდის სათავსის ზემოთ მოწყობილია სამალავები, აქვს სათოფურები. კლესია შემოსილია ცუდად დამუშავებული ქვით, მწირი მორთულობა ხელოსნური დონისაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მენაბდე ლ., გვასალია ჯ., საღარაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 129.
- მაკალათია ს., ქსნის ხეობა, თბ. 1968 წ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოხელის სამაგიდო ლექსიკონი – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 23, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
- ↑ 2002 წლის აღწერის შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2010-10-08.