მთავარი მენიუს გახსნა
ქსნის ხეობა - ხედი ქსნის ციხედან.

ქსნის ხეობამდინარე ქსნის ხეობა. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარის დასავლეთ ნაწილში. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით შედის ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში: ზემო მხარე, ქსნის სათავიდან სოფელ ოძისამდე[1], მიეკუთვნება ახალგორის მუნიციპალიტეტს. აღნიშნული ტერიტორია 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[2]. ქვემო ნაწილი კი ქსოვრისიდან ციხისძირამდე მცხეთის მუნიციპალიტეტში.

ქსნის ხეობას ესაზღვრება: აღმოსავლეთით - არაგვის ხეობა, დასავლეთით ლეხურის ხეობა, ჩრდილოეთით - ალევის ქედი, სამხრეთით კი - მდინარე მტკვარი.

მდინარე ქსნის სათავე კავკასიონზეა და შედგება 3 ხეობისაგან: ჭურთის, ქარჩოხისა და ცხრაძმისხევისაგან. ქარჩოხი და ცხრაზმის ხეობები ერთდებიან ლარგვისის ზემოთ, ლარგვისში კი მათ უერთდებათ ჭურთა. მდინარე ქსანი გაივლის მუხრანის ვაკეს და სოფელ ქსანთან მარცხნიდან უერთდება მტკვარს.

ქსნის ხეობის სიგრძე დაახლოებით 80 კმ-ია.

ისტორიარედაქტირება

  მთავარი სტატია : ქსნის საერისთავო.

ქსნის ხეობას, ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით, თხზულებებში მოიხსენიებს ლეონტი მროველი. VIII-X საუკუნეებში გაძლიერდა ხეობის როგორც პოლიტიკური, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა. ის გადაიქცა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის ასპარეზად.

ქსნის ხეობის სამხრეთი ნაწილი და განსაკუთრებით მუხრანის ვაკის მიდამოები ძველი დროიდანვე მტრის უამრავ თავდასხმას იგერიებდა, რადგანაც ჩრდილოეთ ნაწილისგან განსხვავებით მტრისათვის მისადგომად ადვილი იყო.

XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე, 1299 წელს მონღოლთა წინააღმდეგ მებრძოლი დავით მერვე ქსნის ხეობას შეეხიზნა. მან დასაჯა მოწინააღმდეგე შალვა ქსნის ერისთავი. ამ ტრაგედიას „ძეგლი ერისთავთა“ ასე აღგვიწერს:

 
„მაშინ მეფემან დავით შეკრიბა ყოველი ლაშქარი თვისი, თათარნი შირვანელნი და ყოველნი მყოფნი კახეთს და მუხრანს... მოადგა ცხრასავე ხევსა და შალვაის საერისთავოსა და ჩამოხასნა დვალნი და ხადაელ-ცახავატელნი და ყოველნი მთიულნი... შვიდ წელს გაგრძელთა ჰომი მათნი.[3]

საქართველოს სამეფო ხელისუფლებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქსნისა და არაგვის ხეობებს, რომელთაც ჩრდილოეთის გადმოსასვლელების დაცვა ევალებოდათ. ამიტომ საქართველოს მეფე გიორგი V ბრწყინვალე იღებს შესაბამის ზომებს და მთის მოსახლეობისათვის ქმნის სამართლის წიგნს - „ძეგლისდებას“.

1320 წელს გიორგი ბრწყინვალემ ეგვიპტეში მიავლინა ქართველები შალვა ქსნის ერისთავის-პიპას მეთაურობით. ქსნელი ერისთავის და ქართველი დიპლომატიის გამარჯვებაზე საუბრობს “ძეგლი ერისთავთა”:

 
„მივიდა პიპა ეგვიპტის სულთნის წინაშე, ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა ძღვენი იგი და მისცა კლიტენი იერუსალიმისანი.“

ქართველებმა შეძლეს ჯვრის მონასტრის დაბრუნება იერუსალიმში.

ისტორიას ქსნელთა და არაგველთა მხარდამხარ ბრძოლის უამრავი ამბავი შემორჩა, მაგრამ, მათ შორის ძმათამკვლელი შეტაკებებიც ყოფილა. 1327 წელს ლომისის მთაზე მომხდარა ბრძოლა ცხრარაზმელებისა და “მთიულთა არაგვსათა” შორის. ცხრარაზმელებს მეთაურობდა ერისთავი ვირშელი. ეს ბრძოლა ქსნელთა გამარჯვებით დამთავრებულა.[3]

XV საუკუნე საქართველოსთვის თემურ-ლენგის შემოსევებით დაიწყო. 1400 წელს, ის მეექვსედ შემოიჭრა ქვეყანაში და ამჯერად მტრის სამოქმედო ასპარეზს ქართლი წარმოადგენდა. თავისი მასშტაბებით ეს შემოსევა ყველაზე უფრო ამაოხრებელი და მკაცრი იყო. ამ საშინელებას ვერც ქსნის ხეობა გადაურჩა. 1400 წელს თემურმა დაამარცხა გიორგი VII და უმოწყალოდ დაარბია ქსნის მოსახლეობა. ბარის მოსახლეობა მთაში გარბოდა. ხეობა სახიზარად გადაიქცა. მტერმა სახიზარების გატეხვა გადაწყვიტა.

ქსნელებმა მტერს პარტიზანული ბრძოლა გაუმართეს. ერთი ასეთი ბრძოლის ეპიზოდი აღწერილია “ძეგლი ერისთავთაში”. ვირშელ ქსნის ერისთავი ბეხუშეს ციხესთან ებრძოდა მტერს. მტერი უფრო მრავალი იყო, მაგრამ ხეობის სივიწროვის გამო მათ ძალები ვერ გაშალეს და დამარცხდნენ.[4]

სამუხრანბატონორედაქტირება

XVI საუკუნის დასაწყისში, ქსნის ხეობაში მეორე პოლიტიკური ერთეული - სამუხრანბატონო ჩამოყალიბდა. პირველი მუხრანბატონი, ბაგრატი ებრძვის კახეთის მეფის ავ-გიორგის შემოსევებს. ვახუშტის თქმით ის "ჟამითი-ჟამად მოვიდეს და აოხრებდეს ქართლს". 1513 წელს ბაგრატმა დაამარცხა ავ-გიორგი და ციხეში გამოკეტა, სადაც მალევე გარდაიცვალა.

ქსნის ხეობაში არსებული ორი პოლიტიკური ერთეული აქტიურად ერევა ქართლის მეფეთა ცხოვრებაში და ხშირად მათზე ზემოქმედებასაც ახდენს. მაგალითად: სვიმონ მეფის დროს (1556-1600 წწ.), ქართველ თავადთა ნაწილი მეფეს განუდგა:

 
„ქართლის თავადები ვახტანგ-მუხრანბატონი, ელიზბარ ქსნის ერისთავი და ბარძიმ ამილახორი ლალა-ფაშასთან გამოცხადდნენ და მორჩილება აღუთქვეს".[5]

1582 წელს ქართლში შემოიჭრა ოსმალთა 20-ათასიანი ლაშქარი. მუხრანთან სვიმონმა მტერი დაამარცხა და გამდგარი თავადები დასაჯა.

1634 წელს ქსნის ხეობა თეიმურაზ მეფის მხარეს იბრძვის. მათი დახმარებით თეიმურაზი კახეთში წავიდა და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა.

1658 წელს როსტომ მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის ვახტანგ მეხუთე მუხრანბატონი, შაჰნავაზად წოდებული. ქსნელი ბაგრატიონები ქართლში 1724 წლამდე მეფობენ.

 
ქეთევან დედოფალი

ქსნის ხეობაში აშოთან მუხრანბატონის კარზე აღიზარდა ქეთევან დედოფალი, რომელიც 1624 წლის 12 სექტემბერს, შირაზში შაჰ-აბასმა სასტიკი წამებით მოკლა. მისმა მოწამეობრივმა აღსასრულმა შეძრა მთელი ქრისტიანული სამყარო.

ქართველი ხალხის ბრძოლას ყიზილბაშთა წინააღმდეგ უერთდება ქსნის ხეობაც. 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, გიორგი სააკაძე იწყებს პარტიზანულ ბრძოლას მტრის წინააღმდეგ. დიდი მოურავის სარდლობით ქსნის ხეობაში, ქარჩოხის ციხესთან ქართველებმა შეძლეს ყიზილბაშთა 12 ათასიანი ლაშქრის დამარცხება.

1659 წელს ქსნის ხეობა კვლავ აქტიურადაა ჩართული ირანელთა წინააგმდეგ ბრძოლაში. ბახტრიონის აჯანყების მეთაურები ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად არიან შალვა და ელიზბარ ერისთავები, რომლებიც შაჰმა სიკვდილით დასაჯა, რადგან მაჰმადიანობა არ მიიღეს. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა.

XVIII საუკუნეში საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს ახალი განსაცდელი მოევლინა „ლეკიანობის“ სახით. ამ მხრივ დაზარალდა განსაკუთრებით ქსნის ხეობის სამხრეთი ნაწილი, უფრო მეტად კი მუხრანი. დიდია მუხრანბატონთა დამსახურება ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

მუხრანბატონები დიდი პატივისცემით სარგებლობენ ერეკლე მეფის დროსაც. 1783 წელს, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობის ხელშეკრულება დაიდო, საქართველოს მხრიდან ერეკლეს წარმომადგენლები იყვნენ გარსევან ჭავჭავაძე და იოანე მუხრანბატონი.

მუხრანბატონებისაგან განსხვავებით ქსნის ერისთავებს ერეკლე II არ სწყალობთ და 1777 წელს ქსნის საერისთავოს აუქმებს. მართალია, 1801 წლის 3 თებერვალს დავით ბატონიშვილმა ერისთავებს ქონება დაუბრუნა, მაგრამ ქსნის საერისთავო როგორც პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეული ვეღარ აღსდგა.

რაც შეეხება სამუხრანბატონოს, მან რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამდე იარსება. მუხრანბატონთა უკანასკნელი წარმომადგენლები, ისევე როგორც ბაგრატიონები, იდევნებოდნენ რუსეთის მეფისაგან.

საბჭოთა პერიოდირედაქტირება

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ახალგორი, უკვე ლენინგორის სახელწოდებით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში „აშენებდა სოციალიზმსა და კომუნიზმს“.

სსრ კავშირის ნგრევისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში, როცა საქართველომ მტკიცედ აიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის კურსი, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებს დაუპირისპირეს ავტონომიურ წარმონაქმნებში ეროვნულ უმცირესობათა ანტიქართული გამოსვლები.

1990 წლის 4 სექტემბერს ლენინგორის სახალხო დეპუტატთა მეოცე მოწვევის რაიონული საბჭოს მეთვრამეტე რიგგარეშე სესიამ გადაწყვიტა ლენინგორის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს სესია არ ცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს უფლებამოსილებას რაიონის ტერიტორიაზე და მოუწოდებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონებს არ ცნონ სახალხო დეპუტატთა საბჭოს უფლებამოსილება თავიანთი რაიონის ტერიტორიაზე. ეს ფაქტობრივად სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან გამოსავალს ნიშნავდა.

დღეს ქსნის ხეობა ქართული კანონმდებლობით მცხეთა-მთიანეთის მხარის შემადგენლობაშია, თუმცა ოკუპირებულია რუსეთის მიერ[2].

ძეგლი ერისთავთარედაქტირება

მიუხედავად რთული პოლიტიკური მდგომარეობისა, ქსნის ხეობაში კულტურული ცხოვრება არ შეფერხებულა. XV საუკუნეში, ლარგვისის მონასტერში, ავგაროზ ბანდაისძემ დაწერა "ძეგლი ერისთავთა" - ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოს წარმოადგენდა ქსნის ერისთავთა კარზე.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • მაკალათია ს., ქსნის ხეობა, თბ., 1968

სქოლიორედაქტირება

  1. სოფელი ოძისი შედის დუშეთის მუნიციპალიტეტში.
  2. 2.0 2.1 კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
  3. 3.0 3.1 ვ. ღუნაშვილი, ქსნის საერისთავოს პოლიტიკური ისტორია, თბ. 2005 წ. გვ.236
  4. გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII-XIV სს), თბ., 1962; გვ 348
  5. შარაშიძე ქრ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.) თბ., 1961 წ. გვ., 49