საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ — განსაზღვრავს იმ ტერიტორიების სტატუსს, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და ადგენს ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს[1]. მიღებულ იქნა 2008 წლის 23 ოქტომბერს.
შინაარსი
რედაქტირებასაქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შედგება პრეამბულისა და თერთმეტი მუხლისაგან.
პრეამბულა
რედაქტირებაკანონის პრეამბულის თანახმად, საქართველო არის სუვერენული, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და მის ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს სახელმწიფოს მკაფიოდ და ნებაყოფლობით განცხადებული თანხმობის გარეშე, 1907 წლის ჰააგის რეგულაციების, 1949 წლის ჟენევის IV კონვენციისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმების შესაბამისად, არის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის უკანონო სამხედრო ოკუპაცია.
ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონები
რედაქტირებაამ კანონის მიზნებისათვის ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონებია (შემდგომ — ოკუპირებული ტერიტორიები):
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები[2];
- ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)[3];
- შავ ზღვაზე: რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მდინარე ფსოუდან სამხრეთით მდინარე ენგურის შავ ზღვასთან ჩადინების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში შემავალი საქართველოს შიდა წყლები და ტერიტორიული ზღვა, მათი ფსკერი და წიაღი, რომლებზედაც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, აგრეთვე საზღვაო ზონები: მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი, სადაც საქართველო თავისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების, კერძოდ, „საზღვაო სამართლის შესახებ“ გაეროს 1982 წლის კონვენციის შესაბამისად, მიმდებარე ზონაში სარგებლობს ფისკალური, სანიტარიული, საიმიგრაციო და საგადასახადო უფლებებით, ხოლო განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე — სუვერენული უფლებებითა და იურისდიქციით[4];
- ზემოთ ნახსენები ტერიტორიების ზემოთ არსებული საჰაერო სივრცე[5].
ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმი
რედაქტირებაოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ კანონის მოქმედების ვადით ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ამ კანონით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით[6].
თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა
რედაქტირებაუცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში — გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით[7].
უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება
რედაქტირებაოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება დადების მომენტიდან ბათილად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლება დაცულია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით[8].
ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა
რედაქტირებაოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია შემდეგი სახის საქმიანობა:
- ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას — ასეთის არარსებობის შემთხვევაში;
- სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანა ანდა გამოტანა'
- საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციით დადგენილი შემთხვევებისა;
- სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა;
- სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა;
- ფულადი გადარიცხვების ორგანიზება;
ამ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას[9].
ადამიანის უფლებათა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
რედაქტირებაოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად[10].
უკანონო ორგანოები (თანამდებობის პირები)
რედაქტირებაუკანონოა ნებისმიერი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი (დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანდა რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებს. ამ ორგანოთა მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აქტი გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადობის ნეიტრალური მოწმობის ანდა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნებისათვის[11].
საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება
რედაქტირებასაქართველოს ხელისუფლება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დამრღვევი პირის მიმართ ამავე სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სანქციების გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით[12].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი 1
- ↑ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი
- ↑ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტი
- ↑ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მე-2 მუხლის „გ“ პუნქტი
- ↑ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მე-2 მუხლის „დ“ პუნქტი
- ↑ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი 3
- ↑ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი მე-4
- ↑ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი მე-5
- ↑ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი მე-6
- ↑ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი მე-7
- ↑ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი მე-8
- ↑ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი მე-9