საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობასაქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე[1][2]. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა, რომელიც არის მთავრობის მეთაური და მინისტრებისგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი, რომელიც შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.[3][4]. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა[5][6].

საქართველო
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი
პარტიები პარლამენტში :
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა (ნორმატიული აქტი) და განკარგულებებს (ინდივიდუალური აქტი), რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.[7]

მთავრობის უფლებამოსილება იწყება და წყდება კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის/უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე.[8]

პირველი რესპუბლიკა

რედაქტირება

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, პირველად შეიქმნა 1918 წელს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და პირველი რესპუბლიკის შექმნის შემდეგ. მაშინ საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამტკიცდა დროებითი მთავრობის შემადგენლობა. პირველ მთავრობაში შედიოდა რვა მინისტრი, მათგან ერთი — ნოე რამიშვილი იყო მთავრობის თავმჯდომარე.[9] 24 ივნისს რამიშვილი პოსტზე ნოე ჟორდანიამ შეცვალა.[10]

1921 წელს მიღებულ კონსტიტუციაში, მეხუთე თავი ეძღვნებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომლის შესავალში ეწერა: „უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას“ (თავი მეხუთე. მუხლი 66.). კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევდა ერთი წლის ვადით და ერთი და იგივე პირი შეზღუდული იყო ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არჩევით. მთავრობის დანარჩენ წევრებს, რომელთაც კონსტიტუციაში მინისტრები ეწოდებოდათ, იწვევდა თავმჯდომარე, პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებისგან. მთავრობის წევრებისთვის აკრძალული იყო სხვა თანამდებობების დაკავება, გარდა პარლამენტის წევრობისა და ადგილობრივი თვიმმართველობის ხმოსნობისა (თავი მეხუთე. მუხლი 67. და 68.). თავმჯდომარეს მინიჭებული ჰქონდა რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა და განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიარაღებული ძალების გამოყენებისა უფლება (თავი მეხუთე. მუხლი 70). კონსტიტუციის 72-ე მუხლში გაწერილი იყო მთავრობის საერთო უფლებები და მოვალეობები, მათ შორის რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა, კანონპროექტების შემუშავება და პარლამენტისთვის წარდგენა, კონსტიტუციის და კანონების აღსრულების უზრუნველყოფა. მინისტრებს გააჩნდათ ინიდივიუალური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე, მათთვის მინდობილ უწყებებზე და ნდობის დაკარგვა იწვევდა მათ გადადგომას (თავი მეხუთე. მუხლი 72. და 73.), ხოლო კონსტიტუციის დარღვევა იწვევდა მათ პასუხისმგებლობას სასამართლოს წინაშე (თავი მეხუთე. მუხლი 75.)

საბჭოთა პერიოდი

რედაქტირება

საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდგომ, ქვეყანაში ძალაუფლება მთლიანად ხელში ჩაიგდო საქართველოს რევკომმა და გააუქმა ხელისუფლების ყველა მოქმედი ორგანო, მათ შორის მთავრობა. ამის შემდგომ იწყება აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირების საბჭოური მიდგომები. ყველა შემდგომი პერიოდის საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციაში გათვალისწინებული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, თუმცა ის არ იყო კლასიკური გაგებით მთავრობა და მისი უფლებამოსილებაც შეზღუდული იყო. რეალურ ძალაუფლებას ქვეყანაში ფლობდა კომუნისტური პარტია, პროლეტარიატის დიქტატურის სახელით.

1922 წლის 2 მარტს ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს საბჭოების პირველმა ყრილობამ მიიღო საქართველოს რიგით პირველი საბჭოთა კონსტიტუცია, რომლის ძალითაც შეიქმნა მმართველობის უმაღლესი ორგანო – „საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭო“ (შემოკლებით „სახკომსაბჭო“), რომელსაც საქართველოს საბჭოების ყრილობის ცენტრალური კომიტეტი ქმნიდა. 1927 წლის კონსტიტუციამ უცვლელად დატოვა ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების სტრუქტურა. 1937 წელს მიღებულ იქნა რიგით მესამე საბჭოთა კონსტიტუცია, რომლის საფუძველსაც 1936 წლის სსრკ კონსტიტუცია წარმოადგენდა და მის შესაბამისად შემოღებულ იქნა ცნება „რესპუბლიკის მთავრობა“,[11] რომელსაც წარმოადგენდა იგივე „სახკომსაბჭო“. ეს უკანასკნელი ანგარიშვალდებული გახდა „რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ მიმართ, რომელმაც ჩაანაცვლა „რესპუბლიკის საბჭოების ყრილობა“. უკვე 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციაში „რესპუბლიკის მთავრობა“ – სახკომსაბჭო ჩაანაცვლა „მინისტრთა საბჭომ“, თუმცა შინაარსობრივი ცვლილება მას არ განუცდია.[12]

გარდამავალი პერიოდი

რედაქტირება

1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა ხელისუფლებამ 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციაში არსებითი ცვლილებები შეიტანა, რითაც მთლიანად შეიცვალა სახელმწიფო წყობილების ფორმა და ამ პირობების გათვალისწინებით – სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების სტრუქტურა, თუმცა უცვლელი დარჩა მინისტრთა საბჭო, რომელიც კვლავ იწოდებოდა „რესპუბლიკის მთავრობად“.[13]

1991 წლის 22 დეკემბერს სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, 1992 წლის 2 იანვარს არაკონსტიტუციური გზით ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ, რომელმაც იმავე წლის 21 თებერვალს მიიღო დეკლარაცია 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ. შედეგად შეიქმნა არაორდინალური ვითარება, როდესაც ფორმალურად გამოცხადებულ იქნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაზე დაბრუნება, თუმცა სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებდა არაკონსტიტუციური ორგანო. აგრეთვე გაურკვეველი რჩებოდა სახელმწიფო ორგანოთა, მათ შორის მთავრობის სამართლებრივი მდგომარეობა.[14]

მეორე კონსტიტუციის პერიოდი

რედაქტირება

1995 წელს მიღებულ დამოუკიდებელი საქართველოს რიგით მეორე კონსტიტუციაში მთავრობა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების განცალკევებული და დამოუკიდებელი ორგანო, არ იყო გათვალისწინებული. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წევრების – მინისტრების მეშვეობით.[15] 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებით მთავრობა გამოეყო პრეზიდენტის ინსტიტუტს და გახდა აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი. ამ პერიოდის კონსტიტუციური მოდელით, მთავრობა პასუხისმგებელი იყო საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე.

პირველი პრემიერ-მინისტრი იყო ვარდების რევოლუციის ლიდერი ზურაბ ჟვანია, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელი იყო 2004-2005 წლებში. 2005 წელს ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გახდა ახალი მთავრობის მეთაური. „ნოღაიდელის მთავრობა“ მოქმედებდა 2005-2007 წლებში. მთავრობის შემადგენლობის მორიგი ცვლილება განხორციელდა 2007 წლის ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა ვლადიმერ გურგენიძე, რომელიც მანადმე საბანკო სექტორში მოღვაწეობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში კვლავ განხორციელდა მთავრობის ცვლილება - გურგენიძის ნაცვლად პრემიერ-მინისტრად დაინიშნა გრიგოლ მგალობლიშვილი, რომელიც მალევე, 2009 წლის გაზაფხულზე შეცვალა ნიკა გილაურმა. მთავრობის კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. პრემიერ-მინისტრად დაინიშნა ივანე მერაბიშვილი, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 25 ოქტომბერს პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც მთლიანად კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ იქნა დაკომპლექტებული[16].

უფლებამოსლება და სტრუქტურა

რედაქტირება

საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მთავრობის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით.[17] მთავრობის უმნიშვნელოვანეს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

  • სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
  • მინისტრების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებისა და სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტების გაუქმების უფლებამოსილება;
  • სოციალურ-ეკონომიკური, კულტურისა და სხვა სფეროებში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დამტკიცება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • საკანონმდებლო ინიციატივა და სამთავრობო პროგრამის შემუშავება;
  • სახელმწიფო ქონების მართვა;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ბიუჯეტის განკარგვა;
  • სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის მართვა;
  • მოქალაქეთა სოციალურ დაცვა;
  • ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება;
  • სახელმწიფო საზღვრის დაცვა; და სხვა

მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.[18]. სამინისტრო იქმნება მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად და მას ხელმძღვანელობს მინისტრი.[19] კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით, რომლის პროექტს პარლამენტს წარუდგენს მთავრობა.[20] გამომდინარე აქედან, მთავრობა უფლებამოსილია საკუთარი პროგრამის ფარგლებში ჩამოაყალიბოს იმგვარი სტრუქტურა, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს სამთავრობო პროგრამის განხორციელების მიზნებს და ამოცანებს.

მთავრობის შემადგენლობას აყალიბებს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მთლიან შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამასთან ერთად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას უცხადებს პარლამენტი. კონსტიტუციის მიხედვით, აღნიშნული უნდა განხორციელდეს ძველი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.[21]

შემადგენლობა

რედაქტირება
სამინისტრო ოფიციალური საიტი ფოტო მინისტრი თარიღი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე
gov.ge   ირაკლი კობახიძე 8 თებერვალი, 2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
პირველი ვიცე-პრემიერი
economy.ge   ლევან დავითაშვილი 9 თებერვალი, 2022
კულტურისა და სპორტის მინისტრი
ვიცე-პრემიერი
  თეა წულუკიანი 1 იანვარი, 2024
თავდაცვის მინისტრი
ვიცე-პრემიერი
mod.gov.ge   ირაკლი ჩიქოვანი 8 თებერვალი, 2024
საგარეო საქმეთა მინისტრი mfa.gov.ge   ილია დარჩიაშვილი 4 აპრილი, 2022
ფინანსთა მინისტრი mof.ge   ლაშა ხუციშვილი 1 აპრილი, 2021
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი mrdi.gov.ge   ირაკლი ქარსელაძე 22 თებერვალი, 2021
იუსტიციის მინისტრი justice.gov.ge   რატი ბრეგაძე 1 აპრილი, 2021
შინაგან საქმეთა მინისტრი police.ge დაარქივებული 2022-04-01 საიტზე Wayback Machine.   ვახტანგ გომელაური 8 სექტემბერი, 2019
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი mes.gov.ge   გიორგი ამილახვარი 1 იანვარი, 2024
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი moh.gov.ge დაარქივებული 2021-02-26 საიტზე Wayback Machine.   მიხეილ სარჯველაძე 11 მარტი, 2024
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი mepa.gov.ge   ოთარ შამუგია 9 თებერვალი, 2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი smr.gov.ge   თეა ახვლედიანი 6 აგვისტო, 2020

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 54. ნაწილი პირველი და მეორე. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2018
  2. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 1. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2018.
  3. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 54. ნაწილი მეხუთე და მუხლი 55, ნაწილი პირველი. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018
  4. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 2. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018
  5. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 54. ნაწილი მეექვსეწაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018
  6. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 2. პუნქტი 2.წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018
  7. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 6. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018
  8. საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 56 და 57. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018
  9. 1917-1930 დოკუმენტები (ორიგინალი დოკუმენტის სატაური „Закавказия и Грузия“) გვ. 7 (დედანში 336). საქართველოს საისტორიო არქივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). ციტირების თარიღი: 16.05.2020.
  10. 24 ივნისი მთავრობის სხდომა. 26may. ციტირების თარიღი: 17.05.2020.
  11. Конституция СССР (1936)/Исходная редакция, Глава IV - Высшие органы государственной власти союзных республик. Статья 63.
  12. რუხაძე, ზ.: საბჭოთა პერიოდის საქართველოს კონსტიტუციები. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2018
  13. რუხაძე, ზ.: საქართველოს კონსტიტუციური განვითარება 1995 წლის 24 აგვისტომდე. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2018
  14. რუხაძე, ზ.: საქართველოს კონსტიტუციური განვითარება 1995 წლის 24 აგვისტომდე. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018
  15. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლები 77, 78, 79, 80 და 81. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2018
  16. პარლამენტმა მთავრობის ახალ პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა
  17. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 3. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი, 2019
  18. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 4. პუნქტი 1. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018
  19. მთავრობის საქმიანობის წესი: მუხლი 14. პუნქტი 1. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018
  20. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 54. ნაწილი მეოთხე. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018
  21. საქართველოს კონსტიტუცია: მუხლი 56. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი, 2019