საქართველოს ტერიტორიული მოწყობა
საქართველოს ტერიტორიული მოწყობა — საქართველოს დაყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად დე-ფაქტო მდგომარეობით. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ტერიტორიული მოწყობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. არსებული მდგომარეობით ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობს ორი ავტონომიური რესპუბლიკა, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე შექმნილია არაოფიციალური ერთეულები, მხარეები, რომლებიც არ წარმოადგენს იურიდიულ ერთეულებს[1]. მათ მხოლოდ საკოორდინაციო და საკონსულტაციო ფუნქცია გააჩნიათ მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს მთავრობას შორის, სადაც მთავრობას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული, ხოლო მუნიციპალიტეტს – მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.
მუნიციპალიტეტები
რედაქტირებაქვედა დონის ადმინისტრაციულ ერთეულს საქართველოში წარმოადგენს მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის ერთადერთი ერთეული საქართველოში, სადაც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობა. საქართველოში 2020 წლის მდგომარეობით 69 მუნიციპალიტეტია, აქედან 64 სასოფლო (თვითმმართველი თემი) და 5 საქალაქო (თვითმმართველი ქალაქი) მუნიციპალიტეტია, თუმცა მათ შორის იურიდიული განსხვავება არ არსებობს. მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია დედაქალაქი თბილისი. ხუთი მუნიციპალიტეტი 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ავტონომიური რესპუბლიკები და მხარეები
რედაქტირებაავტონომიური რესპუბლიკები
მხარეები
- კახეთის მხარე
- შიდა ქართლის მხარე
- ქვემო ქართლის მხარე
- იმერეთის მხარე
- გურიის მხარე
- სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
- სამცხე-ჯავახეთის მხარე
- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
- მცხეთა-მთიანეთის მხარე
სპეციალური ერთეული
საქართველოს დედაქალაქი თბილისი არ შედის არცერთ მხარეში.
ისტორია
რედაქტირებაფეოდალური ხანა
რედაქტირებაქართლის ცხოვრების თანახმადაც ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით IV-III საუკუნეებში ქართლის პირველმა მეფემ, ფარნავაზმა, სამეფო შვიდ საერისთავოდ და ერთ ცენტრალურ რეგიონად – სასპასპეტოდ დაჰყო. ეს დაყოფა იმეორებდა ელინისტურ ხანაში გავრცელებულ მოდელს, რომლის ამოსავალიც სახელმწიფოს სამხედრო მართვა-გამგეობა წარმოადგენდა. ყველა საერისთავოს ჰქონდა საკუთარი სამხედრო იერარქიული სტრუქტურა: ერისთავი < სპასალარი < ათასისთავი, მოგვიანებით ჩნდება: ნაცვალი < ხევისთავი < ციხისთავი < ასისთავი. ყველა მათგანი ახორციელებდა სამხედრო, ადმინისტრაციულ და ფისკალურ უფლებამოსილებებს. VI-VIII საუკუნეებში საერისთავოების რაოდენობა გაიზარდა. XI-XV საუკუნეებში შენარჩუნებული იყო საქართველოს სამეფოს დაყოფა საერისთავოებად. საქართველოს სამეფოს დაშლის შედეგად შექმნილ სამეფო-სამთავროებში არსებობდა შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები სათავადოები და სადროშოები.
რუსეთის იმპერია
რედაქტირებარუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო-სამთავროების შეერთების შემდეგ ქვეყანაში დამყარდა იმპერიისთვის დამახასიათებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა. კავკასიის სამეფისნაცვლოში შეიქმნა გუბერნიები და ოლქები, რომელიც იყიფოდა მაზრებად და ოკრუგებად. საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ტფილისის და ქუთაისის გუბერნიების საზღვრებში იყო მოქცეული. თბილისის გუბერნიაში შედიოდა: თბილისის, გორის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჩალოს, დუშეთის, თიანეთის, თელავის და სიღნაღის მაზრები და ზაქათალის ოკრუგი, ხოლო ქუთაისის გუბერნიაში - ქუთაისის, შორაპნის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ლეჩხუმის და რაჭის მაზრები, სოხუმის, ბათუმის და ართვინის ოკრუგები. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ყარსის ოლქში იყო შეყვანილი და ოლთისის და არტაანის ოკრუგებს შეადგენდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
რედაქტირებასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გაუქმდა გუბერნიებად დაყოფა, შენარჩუნდა მაზრები, რომლებსაც ოლქები ეწოდა. შევიდა მცირე ცვლილებები მათ საზღვრებში და რამდენიმე ოლქი გაერთიანდა. შეიქმნა სამი ავტონომიური ერთეული: აფხაზეთის ავტონომია, სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია და ზაქათალის ოლქი. შემოღებულ იქნა ორდონიანი ადგილობრივი თვითმმართველობა, სადაც რეგიონულ დონეს შეესაბამებოდა 20 ოლქი, ხოლო ადგილობრივ დონეს 356 ქალაქი და თემი.
საქართველოს სსრ
რედაქტირებასაქართველოს სსრ-ის პერიოდში ასევე შეიქმნა სამი ავტონომიიური ერთეული: აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე გაუქმდა რეგიონული დონის ერთეულები, ოლქები და შეიქმნა რაიონები, ხოლო ზოგიერთი ქალაქი, რომლებიც არ შევიდა არცერთი რაიონის შემადგენლობაში, გამოცხადდა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. 1950-იან წლების დასაწყისში იყო რეგიონული ერთეულების შექმნის მცდელობა. შეიქმნა თბილისის და ქუთაისის ოლქები. პირველში გაერთიანდა მთელი აღმოსავლეთი საქართველო (სამხრეთ ოსეთის გარდა), ხოლო მეორეში დასავლეთ საქართველოს რაიონები (აჭარის და აფხაზეთის გარდა). ამ ოლქებმა სულ ორიოდე წელი იარსება და მერე გაუქმდა. 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
1991 წლიდან დღემდე
რედაქტირებასაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პერიოდულად დღის წესრიგში დგებოდა რეგიონების შექმნის საკითხი. 1994 წელს შეიქმნა მხარეში გუბერნატორების თანამდებობა, თუმცა მას იურიდიული საფუძველი არ გააჩნდა.[2]1995 წელს მიღებულმა საქართველოს კონსტიტუციამ ღიად დატოვა ტერიტორიული მოწყობის საკითხი. მისი პროექტიდან ამოღებულ იქნა ფედერალური მოწყობის შესახებ დებულებები.[3] კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ის გადაწყდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. 2005 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული იყო პროექტი, რომელიც საქართველოში ორდონიანი თვითმმართველობის და 13 მხარის შემოღებას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით მხარის სტატუსს იღებდა თბილისიც. [4] პროექტი საქართველოს ხელისუფლების მიერ არ იქნა მიღებული. 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა მხარის გუბერნატორების არჩევითობის იდეა. ამავე წელს საქართველოს მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც, ასევე, ითვალისწინებდა ორდოანიანი თვითმმართველობის და რეგიონის დონის შემოღებას. აღნიშნული პროექტი გააკრიტიკა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და ის საქართველოს დაშლისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.[5]საბოლოოდ რეგიონები არ იქნა შემოღებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, თბილისი, 2015
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი. საქართველოს ორგანული კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (2014). ციტირების თარიღი: 2015.;
- მუნიციპალიტეტების რეესტრი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (2014). ციტირების თარიღი: 2015.
- საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის ისტორია დაარქივებული 2016-08-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ რუსაძე ნ. „საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ამაღლების ძირითადი მიმართულებები“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბ., 2018, გვ. 46
- ↑ ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 127, ISBN 978-9941-0-5972-8.
- ↑ იქვე გვ. 142
- ↑ შერგელაშვილი თ. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის კონცეპტუალური მოდელი, თბილისი, 2005
- ↑ პატრიარქი: თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დაშლისკენაა მიმართული ნეტგაზეთი, 04.12.2013