ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი — ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამარლთლებრივი შედეგები[1].
ცნების ელემენტები
რედაქტირებაინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საკანონმდებლო ცნება მოიცავს ოთხ შემადგენელ ელემენტს, რომელიც აუცილებელია, რომ სახეზე გვქონდეს. ეს ელემენტებია: ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული კანონმდებლობა, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი და „აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს“.
ადმინისტრაციული ორგანო
რედაქტირებაინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს[2].
ადმინისტრაციული კანონმდებლობა
რედაქტირებაინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დროს სახეზე უნდა იყოს მისი ცნების ყველა ელემენტი, „ადმინისტრაციული კანონმდებლობა“ არ არის არსებითი აქტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებივად მიჩნევისთვის[3].
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
რედაქტირებაინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისაკენ, ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განსაზღვრული პირებისკენ უნდა იყოს მიმართული ან უნდა შეეხებოდეს ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევებს. იმ შემთხვევაში, თუ აქტი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ზოგადი მოწესრიგებისაა, მაშინ სახეზე გვაქვს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი[4].
„აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს“
რედაქტირებაადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც იგი ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენაა მიმართული, ე.ი. აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება, ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად, იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალო სამართლებრივი შედეგი წარმოშვას[5].
ფორმა
რედაქტირებაინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით[6].
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს[7]:
- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;
- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;
- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;
- უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;
- გამოცემის დროსა და ადგილს;
- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.
წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა[8].
საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე — შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი, მისი არსებობის შემთხვევაში[9].
ძალაში შესვლა
რედაქტირებაროგორც წესი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს[10].
ოფიციალური გაცნობა
რედაქტირებათუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას[11]. დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს[12].
ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლის გაცემისათვის რაიმე გადასახდელი არ გადაიხდევინება[13].
გამოქვეყნება
რედაქტირებაინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება ორმოცდაათზე მეტ პირს, მისი ოფიციალური გაცნობა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით. ასეთ შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაცნობად გადაეცემა მხოლოდ განმცხადებელს, ხოლო თუ განცხადებას ხელს აწერს რამდენიმე პირი, მაშინ პირს, რომლის ხელმოწერაც განცხადებაში პირველია[14].
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც[15].
საჯაროდ გამოცხადება
რედაქტირებათუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, მაშინ აქტი, ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების მაგივრად, შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ. საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას[16].
გაუქმება
რედაქტირებაინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება ზოგადი ტერმინია და მოიცავს როგორც აქტის ბათილად, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. ორივე შემთხვევაში, აქტი წყვეტს მოქმედებას, მაგრამ მათ შორის განსხვავება მდგომარეობს ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტის სამართლებრივ ბუნებაში. ბათილად ცნობის ობიექტია უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ძალადაკარგულად გამოცხადების — კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი[17].
ბათილად ცნობა
რედაქტირებაადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება:
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან
- კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა
- კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება[18].
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში — ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო[19]. ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა:
- მისი ძალაში შესვლის დღიდან;
- მისი ბათილად ცნობის დღიდან;
- მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.
დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე, უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი[20].
ძალადაკარგულად გამოცხადება
რედაქტირებაადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს[21].
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ[22]:
- ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;
- კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;
- დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი;
- გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;
- არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
ბოლო ორ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევებში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც მიადგა ზიანი, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მიეცემა ანაზღაურება, თუ მას გააჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების მიმართ. ზიანის ანაზღაურების ოდენობას საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე ადგენს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი[23].
ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, მაშინ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, შესაძლებელია, განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება[24]. ამ შემთხვევის გარდა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას[25].
აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება
რედაქტირებაადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა ნაწილების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას[26].
ცვლილებისა და დამატების შეტანა
რედაქტირებაინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს[27].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ციტირების თარიღი: 2014-03-03. დაარქივებული 2014-04-01 საიტზე Wayback Machine.
- პაატა ტურავა; ნათია წკეპლაძე (2010). ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო. თბილისი.
- ზ. ადეიშვილი; ქ. ვარდიაშვილი; ლ. იზორია; ნ. კალანდაძე; მ. კოპალეიშვილი; ნ. სხირტლაძე; პ. ტურავა; დ. ქიტოშვილი (2005). ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო. თბილისი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
- ↑ ტურავა და წკეპლაძე (2010), გვ. 43
- ↑ ტურავა და წკეპლაძე (2010), გვ. 44-45
- ↑ ტურავა და წკეპლაძე (2010), გვ. 45-46
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე მუხლი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლი.
- ↑ ტურავა და წკეპლაძე (2010), გვ. 68
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60¹ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60¹ მუხლის მე-3 ნაწილი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60¹ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილები.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 ნაწილი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
- ↑ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილი.