ადმინისტრაციული ორგანო

ადმინისტრაციული ორგანო — ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს[1].

ადმინისტრაციული ორგანოს ცნებაბაში მოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს ორგანიზაციული და ფუნქციონალური გაგება. ორგანოზაციული გაგება მოიცავს ცნების პირველ ნაწილს:

ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა)

ფუნქციონალური გაგება კი მოიცავს ცნების მეორე ნაწილს:

აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

ადმინისტრაციული ორგანოს ორგანიზაციული გაგება გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ასრულებს თავის საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ფუნქციონალური გაგება კი იმას გულისხმობს, რომ „ნებისმიერი სხვა პირი“ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს დელეგირების, ანუ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ უფლებამოსილების გადაცემის საფუძველზე. „ნებისმიერ სხვა პირში“ იგულისხმება კერძო სამართლის იურიდიული პირები[2]. როგორც წესი, კერძო სამართლის იურიდიულ პირები არ არიან უფლებამოსილნი, გამოიყენონ საქმიანობის საჯარო-სამართლებრივი ფორმები, თუმცა, კანონის საფუძველზე, სახელმწიფოს შეუძლია აღჭურვოს ეს პირები საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებებით. მმართველობითი უფლებამოსილებებით კერძო პირები აღიჭურვებიან იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე საქმიანობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და ამ მიზნით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შექმნა დაკავშირებულია დიდ ხარჯებან მაშინ, როდესაც კერძო პირებს შეუძლიათ მისი შესრულება იმავე ხარისხით და, ამასთან, ნაკლები დანახარჯებით[3].

საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

რედაქტირება

ადმინისტრაციული ორგანო თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად იყენებს საქმიანობის სამართლებრივ ფორმებს. ესენია: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რეალაქტი და ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

რედაქტირება

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს[4].

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

რედაქტირება

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს[5].

რეალაქტი

რედაქტირება

რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ. რეალაქტსა და ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივ ფორმებს შორის განსხვავება ის არის, რომ რეალაქტი წარმოადგენს ფაქტობრივ, რეალურ მოქმედებას, ხოლო დანარჩენი კი — წერილობით აქტებს, დოკუმენტებს[6].

ადმინისტრაციული ხელშეკრულება

რედაქტირება

ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება[7].

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
  2. პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე, ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2010. გვ. 22
  3. პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე, ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2010. გვ. 19
  4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი
  5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი
  6. პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე, ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, თბ., 2010. გვ. 89
  7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი