საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო — საკონსტიტუციო კონტროლის ორგანო, რომელიც ამოწმებს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და სხვა ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან.

საქართველო
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი
პარტიები პარლამენტში :
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

სამართლებრივი ბაზა

რედაქტირება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა 1996 წელს. მისი შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, საქართველოს კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი. 2002 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. დაიხვეწა, გამარტივდა და დაჩქარდა საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესი.

ორგანიზაცია

რედაქტირება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისაგან შედგება. სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თავისი მოვალეობების განხორციელებისას დამოუკიდებელია. კონსტიტუციით უზრუნველყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხელშეუხებლობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება,თუ ფარული კენჭისყრის დროს წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ირჩევს თავმჯდომარის ორ მოადგილესა და მდივანს, თავისი შემადგენლობიდან, იმავე ვადით რა ვადითაც აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან. პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი. კოლეგიის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი.

კომპეტენცია

რედაქტირება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი:

  • იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხებზე;
  • იხილავს რეფერენდუმის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას;
  • იხილავს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების კონსტიტუციურობის საკითხს;
  • იძლევა დასკვნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საკითხზე;
  • იხილავს საერთო სასამართლოს წარდგინებას. წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანება, როდესაც კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც მან უნდა გამოიყენოს ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ.

საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია იხილავს:

  • დავას სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ;
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ;
  • დავას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ;
  • ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის (საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი) საკითხებთან მიმართებით;
  • საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, იხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

საქმიანობა

რედაქტირება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მისი დაარსების დღიდან შეტანილია 491 კონსტიტუციური სარჩელი და 17 კონსტიტუციური წარდგინება. განსახილველად არ იქნა მიღებული 249 სარჩელი. 12 კონსტიტუციური სარჩელი გატანილია მოსარჩელის მიერ. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა 40 კონსტიტუციური სარჩელი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12 კონსტიტუციური სარჩელი. არ დაკმაყოფილდა 76 კონსტიტუციური სარჩელი. საკონსტიტუციო სამართალწარმოება სხვადასხვა საფუძვლების გამო შეწყდა 75 საქმეზე. განსახილველია 18 კონსტიტუციური სარჩელი.[1]

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტიური ურთიერთობა აქვს სხვა სახელმწიფოთა საკონსტიტუციო სასამართლოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის სრულუფლებიანი წევრია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თანამშრომლობს ევროპის საბჭოს ე.წ. ვენეციის კომისიასთან „დემოკრატია სამართლის მეშვეობით“. ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი: „საკონსტიტუციო კონტროლის აქტუალური პრობლემები“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: ეუთო, გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, კონსტიტუციური და სამართლებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი და სხვა.

საკონსტიტუციო სასამართლოში, ამერიკის იურისტთა ასოციაციის ხელშეწყობით, სკოლის მოსწავლეებისა და უმაღლესი იურიდიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის ყოველწლიურად ეწყობა სახელმწიფო-სამართლებრივი ოლიმპიადა „ადამიანი და კონსტიტუცია“, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პოპულარიზაციასა და მის შესახებ ახალგაზრდობის ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს აქტიური სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა. კვარტალში ერთხელ გამოდის ჟურნალი „ადამიანი და კონსტიტუცია“. მზადდება საქართველოს კონსტიტუციის პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კომენტარები. 2007 წლის ივლისიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი ბათუმი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება