საქართველოს სასამართლო ხელისუფლება

საქართველოს სასამართლო ხელისუფლებასაქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების განშტოება, რომელიც საქართველოში ახორციელებს საკონსტიტუციო კოტროლსა და მართლმსაჯულებას[1]. საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო[2], ხოლო მართლმსაჯულებას კი ახორციელებენ საქართველოს საერთო სასამართლოები[3]. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები[4].

სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით[5]. სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე[6].

საკონსტიტუციო კონტროლი

რედაქტირება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას[2][7]. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე[8]. საკონსტიტუციო სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, კოლეგიალობის, საქვეყნოობის, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, უფლებამოსილებათა მთელი ვადით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დამოუკიდებლობის, ხელშეუხებლობისა და შეუცვლელობის საწყისებზე[9].

საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების, საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი; დავა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე; დავა რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ; მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი; საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა საკითხები[10][11].

მართლმსაჯულება

რედაქტირება

მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები[3][12]. საქართველოს საერთო სასამართლოები შედგება რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისგან, სააპელაციო სასამართლოებისგან და საქართველოს უზენაესი სასამართლოსგან[13]. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია[14]. საქართველოს კონსტიტუცია და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი კრძალავს საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნას[15][16]. დაშვებულია ერთადერთი გამონაკლისი — სამხედრო სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს და ისიც მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში[17][18].

სასამართლოს ხელისუფლების დამოუკიდებლობა

რედაქტირება

სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები[4]. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით[19]. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას[20]. არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე[21].

მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე, ხოლო საკონსტიტუცი სასამართლოს წევრის შემთხვევაში — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო საკონსტიტუცი სასამართლოს წევრის შემთხვევაში — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო საკონსტიტუცი სასამართლოს წევრის შემთხვევაში — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს[22][23]. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას[24].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის პირველი პუნქტი.
  2. 2.0 2.1 საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის პირველი პუნქტი.
  3. 3.0 3.1 საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
  4. 4.0 4.1 საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მესამე პუნქტი.
  5. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
  6. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
  7. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი.
  8. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
  9. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლი.
  10. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლი.
  11. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლი.
  12. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
  13. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი.
  14. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი.
  15. საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
  16. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი.
  17. საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
  18. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.
  19. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი.
  20. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
  21. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
  22. საქართველოს კონსტიტუციის 87-ე მუხლის პირველი პუნქტი.
  23. საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
  24. საქართველოს კონსტიტუციის 87-ე მუხლის მე-2 პუნქტი.