მთავარი მენიუს გახსნა
საარჩევნო ყუთი

არჩევნები — საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა.

სხვადასხვა სახელმწიფოსთვის არჩევნების სხვადასხვა პროცედურა არსებობს. ყოველი არჩევნები ეროვნული სუვერენიტეტის არსებობის შემთხვევაში პერიოდულ და თავისუფალ არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას უნდა ეფუძნებოდეს. ხალხის ნება შემდეგ ფაქტორებს მოიცავს:

  1. საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლება;
  2. ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება პირდაპირ, ან თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით;
  3. საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურის მიღების თანასწორი უფლება;
  4. ფარული კენჭისყრის, ან არჩევნების ანალოგიური პროცედურის უფლება, რომელიც ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვას უზრუნველყოფს;
  5. მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლება;
  6. ასოციაციების თავისუფლება;
  7. სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ნებისმიერი სახის ინფორმაციის და იდეების ზეპირად, წერილობით, ან ბეჭდვითი სახით მოძიების, მიღების და გავრცელების უფლების ჩათვლით;
  8. ქვეყნის მოქალაქეთა უფლება - შეცვალონ მმართველობის ფორმა კონსტიტუციური პროცედურების საშუალებით.

არჩევნების სახეებირედაქტირება

არსებობს არჩევნების რამდენიმე სახე:

  1. საერთო არჩევნები - მორიგი ან რიგგარეშე არჩევნები. მორიგი არჩევნები — არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით და კანონით დადგენილ ვადებში. რიგგარეშე არჩევნები — არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო.
  2. შუალედური არჩევნები – შესაბამის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით ჩატარებული არჩევნები, რომელიც ტარდება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად;
  3. ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება: თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა; თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში; თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით;

საარჩევნო სისტემებირედაქტირება

მსოფლიოში მოქმედი საარჩევნო სისტემებია: პლურალისტური/მაჟორიტარული, პროპორციული, შერეული და სხვა ოჯახი.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემარედაქტირება

მაჟორიტარული (უმრავლესობის) არის ისეთი სისტემა, სადაც კანდიდატს მოეთხოვება, რომ სულ მცირე, 50%-ს პლუს ერთი დასაბუთებული ხმა მიიღოს, რათა არჩეულ იქნას. მაჟორიტარული (უმრავლესობის) წესი გამოიყენება საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისთვის, ხოლო უფრო გავრცელებულია – საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. არსებობს შესაძლებლობა, რომ ხმათა უმრავლესობისთვის დადგენილი ზღვარი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახოს. აღნიშნული პრობლემა შესაძლებელია მოგვარდეს რანჟირებული ხმების რამდემინე ტურის მეშვეობით.

პლურალურ-მაჟორიტარული სისტემის პრინციპი მარტივია. ხმის მიცემისა და ხმების ტაბულაციის შემდეგ გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი ან პარტია, რომელიც ხმათა უმრავლესობას დააგროვებს (შესაძლოა დამატებითი პირობებიც იყოს). თუმცა, ამის პრაქტიკულად განხორციელების გზები საკმაოდ განსხვავებულია. გვხვდება პლურალურ-მაჟორიტარული სისტემის ხუთი სახეობა: უბრალო უმრავლესობის საარჩევნო სისტემა, ბლოკური კენჭისყრა, პარტიულ-ბლოკური კენჭისყრა, ალტერნატიული კენჭისყრა და ორტურიანი სისტემა.

პროპორციული საარჩევნო სისტემარედაქტირება

პროპორციული წარმომადგენლობის ყველა სისტემის დასაბუთება პარტიის ხმათა წილის საკანონმდებლო ხელისუფლების მანდატების შესაბამის პროპორციად ინტერპრეტაციაა. პროპორციული წარმომადგენლობის ორი ძირითადი სახეობა არსებობს – სიითი პროპორციული წარმომადგენლობა და ერთადერთი გადაცემადი ხმის სისტემა. პროპორციული წარმომადგენლობა ერთზე მეტი წევრისგან შემდგარი საარჩევნო ოლქების გამოყენებას მოითხოვს: შეუძლებელია ერთი პროცესით მოპოვებული მანდატის პროპორციულად გაყოფა. ყველა საარჩევნო სისტემას წარმომადგენლობის ბარიერი აქვს: ესაა მხარდაჭერის მინიმალური ზღვარი, რომელიც პარტიას ესაჭიროება საკანონმდებლო ორგანოს მანდატების მოსაპოვებლად. ეს ბარიერი შეიძლება კანონის მეშვეობით დაწესდეს (ფორმალური ბარიერი) ან საარჩევნო სისტემის მათემატიკური მახასიათებლის სახით არსებობდეს (ეფექტური ან ბუნებრივი ბარიერები). საქართველოში პროპორციული სისტემის სარჩევნო ბარიერია 5 %.

შერეული საარჩევნო სისტემარედაქტირება

შერეული საარჩევნო სისტემები პლურალურ/მაჟორიტარული და პროპორციული წარმომადგენლობის საარჩევნო სისტემების დადებითი მახასიათებლების კომბინაციას წარმოადგენს. შერეულ სისტემაში ორი საარჩევნო სისტემაა, რომელიც განსხვავებულ ფორმულას იყენებს. ხმას ერთი და იგივე ამომრჩეველი აძლევს და წარმომადგენლებს ორივე სისტემის მიხედვით ირჩევს. ამჟამად საქართველოში გამოიყენება პარალელური სისტემა - ერთმანდატიან ოლქებში გამოიყენება უბრალო უმრავლესობის საარჩევნო სისტემა სიით პროპორციულ წარმომადგენლობასთან ერთად.

არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლებარედაქტირება

აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში. პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.

არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება