საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წარმოადგენს კერძო სამართლის ნაწილს და აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს (მუხლი 1).

კოდექსის ძალაში შესვლა. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 26.12.1993 N216 ბრძანებულებით, იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო კოდექსის შემმუშავებელი კომისია, პროფ. სერგო ჯორბენაძის ხელმძღვანელობით. ხსენებული კომისიის მიერ მომზადებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მიღებული იქნა 1997 წლის 26 ივნისს N786-IIს, გამოქვეყნებულია: პარლამენტის უწყებანი, N31, 24 ივლისი, 1997. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შეიქმნა გერმანული სამოქალაქო კოდექსის მოდელის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ძალაში შევიდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

კოდექსის შინაარსი. კოდექსი დაყოფილია ექვს წიგნად, კერძოდ:

წიგნი პირველი - სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებანი; ეს ნაწილი მოიცავს ძირითად დებულებებს, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის ყველა სხვა ნაწილზეც ვრცელდება.

წიგნი მეორე - სანივთო (ქონებრივი) სამართალი; მოიცავს ქონებასთან, საკუთრებასა და მფლობელობასთან დაკავშირებულ დებულებებს.

წიგნი მესამე - ვალდებულებითი სამართალი; მოიცავს ვალდებულების წარმოშობის, შესრულების, დარღვევის, შეწყვეტის და მსგ. დებულებებს, აწესრიგებს სახელშეკრულებო და კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს, აგრეთვე დელიქტურ ვალდებულებებს.

წიგნი მეოთხე - ინტელექტუალური საკუთრების სამართალი; აწესრიგებს სამრეწველო საკუთრებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს; მოიცავს მითითებას საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი, აგრეთვე მათი მომიჯნავე ზოგიერთი უფლების მოწესრიგების შესახებ მითითებას.

წიგნი მეხუთე - საოჯახო სამართალი; აწესრიგებს ქორწინების, მშობლების, შვილებისა და სხვა ნათესავების ურთიერთობის, მეურვეობისა და მზრუნველობის სამართლებრივ ასპექტებს.

წიგნი მეექვსე - მემკვიდრეობის სამართალი; აწესრიგებს კანონისმიერ და ანდერძისმიერ მემკვიდრეობას.