ცხრაძმისხევი
ცხრაძმისხევი, ცხრაზმისხევი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში მდ. ქსნის ხეობის ზემო წელზე. შუა საუკუნეებში - ადმინისტრაციული ერთეული. თავსდება ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ლარგვისის თემის საკრებულოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სახელწოდება მოდის ცხრა საძმოსაგან (თემისაგან): დადიანეთი, ზოდეხი, თოხთა, მახიარეთი, დაბაკნეთი, უკანამხარი, უკანუბანი, წინუბანი (მარტიანი), ჩიტიანი, ყველდაბა.
ცხრაძმისხევი დასახლებულია ბრინჯაოს ხანიდან, ადრინდელ ფეოდალურ ხანაში — მჭიდროდ. VII-IX საუკუნეებში ადმინისტრაციულად ქსნისხევს ექვემდებარებოდა. X საუკუნეში გაძლიერდა და გაფართოვდა - ქსნის ხეობის ზემოწელის (საკუთრივ ცხრაძმისხევი, ქარჩოხი, ჟამური, ჭურთა) გარდა მოიცავდა მდინარეების: ლეხურას, მეჯუდასა და პატარა ლიახვის ზემოთს; გაფართოვდა იგი სამხრეთითაც (რის გამოხატულებადაც მიჩნეულია ცხრაძმისხევის ცენტრის ლარგვისიდან ქვენიფნევს გადმოტანა). XIII საუკუნის II ნახევრიდან ცხრაძმისხევს მართავს ერისთავი, რომელიც ადრინდელი ფეოდალური ხანის ხევისუფლის პოლიტიკური სტატუსის გამგრძელებელია. შემდგომში ცხრაძმისხევის საერისთავო ქსნის საერისთავოს შეერწყა.
ცხრაძმისხევში შემორჩენილია საუბნო და სათემო სალოცავები, საფორტიფიკაციო ნაგებობები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 258.