ლარგვისის მონასტერი

ლარგვისის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლარგვისის მახლობლად, მდინარეების ქსნისა და ჭურთის შესართავთან.

ლარგვისის მონასტრის საერთო ხედი

ვინაიდან მონასტერი ორი მდინარის შესართავთან იყო გაშენებული და წყალდიდობა დიდ ზიანს აყენებდა, შემდგომში ქსნის ერისთავებმა სამონასტრო ნაგებობები მთის ფერდობზე განათავსეს. მონასტრის ადრეული ნაგებობებიდან მცირედიღაა შემორჩენილი.

ლარგვისის მონასტერს პირველად „ძეგლი ერისთავთა“ იხსენიებს. მის მიხედვით ლარგვისის მონასტერი იუსტინიანე კეისრის (527–565) მიერ პირველ ერისთავად განწესებული როსტომის დროს უკვე მოქმედებდა. თუმცა ეს ცნობა სხვა წყაროებით არ დასტურდება.[1]

ლარგვისის ხუროთმოძღვრული ანსამბლის შესახებ უფრო ზუსტი და მეტი ცნობები მოგვეპოვება XIV საუკუნიდან, მასალები ცხადყოფენ, რომ ლარგვისი ქსნის ერისთავების განსაკუთრებული მზრუნველობის საგანი იყო, როგორც მათი თავდაპირველი სალოცავი და სამარხი.[2]

XIII საუკუნეში წყალდიდობის შედეგად რამდენიმეჯერ დანგრეული მონასტერი აღადგინეს, მაგრამ 1400 წელს თემურლენგის მეექვსე ლაშქრობის დროს ტაძარი განადგურდა. მაგრამ გრიგოლ ბანდაისძის წინამძღოლობით კვლავ აღსდგა. მაგრამ ტაძარი უგუმბათო იყო.

ამჟამინდელი ლარგვისის მონასტრის ეკლესიის აგების შესახებ ცნობას გვაწვდის ღვთისმშობლის ხატის ასომთავრული წარწერა, სადაც გრძელი შესავლის შემდეგ იკითხებოდა:

„ოდეს ეკლესია ესე ლარგვის მონასტრისა აღშენდა კეთილმსახური ერისთავის დავითის და კეთილ მორწმუნის დედისა მისისა ქეთევანის მიერ, ძისა მათის შალვას კეთილად აღსაზღდელად, მას ჟამსა მე უღირსმან არქიმანდრიტმან ამის მონასტრისმან დავახატვინე ხატი ესე ყოვლად წმიდისა მცველად და მფარველად ერისთავსა დავითის საოხად სულისა ჩემისა. ქვს. ჩღდ. მხატვარი იოანე“.

წარწერის თანახმად წმინდა თეოდორეს ეკლესია ერისთავ დავითსა და დედამისს — ქეთევანს აუგიათ. ხატის წარწერა 1762 წელსაა შესრულებული, მაგრამ ეკლესიის აგება უფრო ადრე მომხდარა. როგორც ჩანს დანგრეული ტაძარი 1759 წელს აუშენებიათ.

თავად ლარგვისის მონასტერი და მისი არსებობა დამოკიდებული იყო ქსნის საერისთავოს არსებობაზე. ცენტრალური ხელისუფლების ურჩ ერისთავებს ერეკლე II თანდათანობით თავიდან იცილებდა და მათ შორის ქსნის საერისთავოც გააუქმა 1777 წელს. ამას მოჰყოლია ლარგვისის მონასტრის დაქვეითება, შემდეგ მრევლშემოცლილი მონასტერი 1811 წელს ჩვეულებრივ სასოფლო ეკლესიად უქცევიათ.

შენობა-ნაგებობანი

რედაქტირება
 
მონასტრის გალავანი

ლარგვისის სამონასტრო ანსამბლი შემდეგი ობიექტებისაგან შედგება. კოშკებიანი ციხე-გალავანი, საცხოვრებელი ნაგებობანი, გუმბათოვანი ეკლესია და ცალკე მდგარი კოშკი. ამათგან ყველაზე უკეთაა შენახული გუმბათოვანი ტაძარი, ყველაზე ცუდად — ცალკე მდგარი კოშკი.

გუმბათოვანი ეკლესია

რედაქტირება

წმინდა თეოდორეს სახელობის ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანთა ტიპს მიეკუთვნება (12,1X19,9 მ; სიმაღლე შიგნით 16,9 მ.). ტაძრის ძირითადი სივრცე შექმნილია ჯვრის მკლავებისა და მათ შუა აღმართული გუმბათით. ჯვრის მკლავებიდან გვერდის მკლავები მოკლე და ტოლია, ხოლო ორი დანარჩენი გრძელი და სხვადასხვა ზომის. ამათგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავი მთავრდება აფსიდით, დანარჩენი კი სწორკუთხოვანია. დასავლეთის ყველაზე გრძელი მკლავი გვერდით ნავებს უერთდება ორ-ორი თაღით.

საკურთხეველი ღრმაა, მაგრამ ბემა გამოყენებული არ არის და გვერდის სიბრტყეები აფსიდის მომრგვალებასთან ერთნაირია. აფსიდში, თანაბარი ინტერვალით, ნახევარწრიული გეგმის მქონე ნიშებია. ეს ნიშები მღვდელმსახურთა ჩამოსაჯდომად იქნებოდა განკუთვნილი, რადგან ამაზე მიგვითითებს მათი მდებარეობა და საერთო ზომები. საკურთხეველი დარბაზისგან ხის მოჩუქურთმებული კანკელით ყოფილა გამოყოფილი; მისგან მხოლოდ ზედა კოჭია გადარჩენილი. ეკლესიის ფასადები მარტივია, ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიისთვის ჩვეული მასებით. ოთხივე კედელი ბრტყელია, ყოველგვარი შვერილების გარეშე.

ეკლესიის კედლები შიგნიდან ნაგებია ყორექვითა და აგურით, ხოლო კამარები და თაღები მთლიანად აგურისაა

ტაძრის გუმბათის ყელი კარგი პროპორციულობისაა და კარგადაც ამთავრებს ნაგებობის ქვედა ტანის მასებს. ათწახნაგოვანი გუმბათის ყელი, ფასადებისაგან განსხვავებით, თლილი კვადრებითაა მოპირკეთებული. წახნაგები ერთმანეთისაგან წვრილი ლილვებითაა გამოყოფილი, რომლებიც, თავისთავად, ზემოთ და ქვემოთ ჰორიზონტალურ ლილვებშია მოქცეული. მთლიანად გუმბათის ყელს კი მარტივი ფორმის უჩუქურთმო კარნიზი ამთავრებს. ყოველი წახნაგის ცენტრში მაღალი და წვრილი სარკმელია მოთავსებული, რომელთა გლუვზედაპირიანი მოჩარჩოება მთლიანად ავსებს წახნაგებს.

ციხე-გალავანი

რედაქტირება

ციხე მაღალი მთის ფერდობზეა აგებული. იგი ძირითადად ორი ეზოსაგან შედგება. პირველი, სამხრეთით მდებარე ეზო, თითქმის ოთხჯერ აღემატება მეორეს. აქვე მდებარეობს კოშკი ჭიშკრით, ეკლესია და საცხოვრებელი სახლების ნანგრევები. ციტადელი უფრო მაღლაა. ციხეს ორი შესასვლელი ჰქონია. სამხრეთ-აღმოსავლეთითა და დასავლეთით. ამათგან ერთი მთავარია, მეორე კი — დამხმარე. ციხე გეგმით უწესო მრავალგვერდაა, რაც მთის რელიეფითაა გამოწვეული. კედლები სხვადასხვა სიმაღლისა ყოფილა.

გალავნის კუთხეებს კოშკები ამაგრებდა, ხოლო თვით კედლებს — ბურჯები. კოშკებიდან ყველაზე დიდი და საინტერესო გალავნის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში მდებარეობს. სიმაღლისა და სიდიდის მხრივ მას მოსდევს სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკი, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კოშკები პატარებია. ჭიშკრიან კოშკს კვადრატული გეგმა აქვს. მის ქვედა სართულში კამაროვანი გასასვლელია. ზედა სართულში დახურული სათავსო ყოფილა კედლებში დატანებული სათოფურებით. შესაძლოა, ზემოთ სამრეკლოს ფანჩატურიც მდგარიყო. ციხის ამ მთავარი შესასვლელის დაცვას ემსახურებოდა იქვე, გალავნის გარეთ მდგარი კოშკი. მდინარეთა შეერთების ადგილზე აგებული ეს უკანასკნელი კოშკი სადარაჯოდაც იქნებოდა განკუთვნილი.

ლარგვისის ციხის ყველაზე რთულსა და ორიგინალურ ნაგებობას ციტადელის კოშკი წარმოადგენს; მისგან მხოლოდ სამი სართულია შერჩენილი. თავდაპირველი სართულიანობა არ ირკვევა. შესასვლელი ეზოდანაა ოთხი მეტრის სიმაღლეზე. გარედან კოშკი კვადრატულია, შიგნით კი გეგმაში ტოლმკლავა ჯვარი იქმნება. კუთხეებში სხვადასხვა სადგომებია. ერთ-ერთ მათგანში კიბის უჯრედია მოთავსებული. სამხრეთ-დასავლეთის კუთხის მეორე სართულის ოთახს ქვის მასალის გვირგვინული გადახურვა აქვს, რაც იშვიათია ქვის ნაგებობებში. კოშკი უხვადაა აღჭურვილი სარკმლებით, სათოფურებით, ბუხრებითა და ნიშებით. იგი კარგად დაგეგმარებული კოშკური სახლის იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს.

საგანმანათლებლო კერა

რედაქტირება

ლარგვისის მონასტერი ადრიდანვე ქართული მწიგნობრობის და კულტურის კერა იყო. აქ მრავალი გამოჩენილი ღვთისმსახური და მწიგნობარი მოღვაწეობდა. XIV საუკუნეში ლარგვისის მონასტრის ცნობილი მწიგნობარი ავგაროზ ბანდაისძე იღვწოდა, რომელიც „ძეგლი ერისთავთას“ ავტორად არის მიჩნეული. ავგაროზის საქმიანობა ლარგვისის მონასტერში მისმა ვაჟმა გრიგოლმა გააგრძელა, რომელმაც აღწერა თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 129.
  • შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, IV, თბ.,2008.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973.
  • ზანგურაშვილი ვლ., ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ეკლესია-მონასტრები, თბ., 2007.
  • ქსნის ხეობის ფოტომეგზური, თბ., 2006.
  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1983.
  • ზაქარაია პ., ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს., თბ., 1990.
  • ზაქარაია პ., სამშობლოს გუშაგები, თბ., 1965.
  • ზაქარაია პ., ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XVIII ს., თბ.,1981.
  • მაკალათია ს., ქსნის ხეობა, თბ.,1968.
  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება