ასომთავრული
ასომთავრული ქართული დამწერლობის უძველესი სახეა. თავად სიტყვა „ასომთავრული“ გვიანდელია და XVI საუკუნიდან გვხვდება, უფრო ადრეულ ძეგლებში იგი „მრგლოვანის“ სახელწოდებითაა ცნობილი — ეს სახელწოდება ასოთა მომრგვალებულ მოხაზულობებზე მიუთითებს.
ასომთავრული დამწერლობითაა შესრულებული ქართული დამწერლობის უძველესი ძეგლები V საუკუნიდან მოყოლებული; დღემდე უძველესად მიიჩნევა პალესტინის[1] და ბოლნისის სიონის წარწერები[2] V და VI საუკუნეებიდან. ასომთავრულადაა შესრულებული აგრეთვე VI-დან IX საუკუნემდე დათარიღებული მცხეთის, უკანგორის, წყისის, ურბნისის წარწერები, აგრეთვე ამ პერიოდში გადაწერილი ქართული ხელნაწერები, მათ შორის უძველესი ქართული პალიმფსესტები, ხანმეტი და ჰაემეტი ძეგლები, სინური მრავალთავი, ადიშის ოთხთავი და სხვა.
IX საუკუნის შემდეგ, როდესაც თანდათან ნუსხური იკიდებს ფეხს და ბატონობს, ასომთავრული დამწერლობის როლი მცირდება, თუმცა იგი მაინც ინარჩუნებს გარკვეულ მნიშვნელობას. კერძოდ, X—XVIII საუკუნეების ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები ძირითადად კვლავ ასომთავრულითაა შესრულებული. გვიანდელი პერიოდის ასომთავრულს გრაფიკული თავისებურებები ახასიათებს და ხშირად დეკორატიულ დატვირთვასაც იძენს. IX საუკუნის შემდგომი პერიოდის ქართულ ხელნაწერებში, რომელთა ძირითადი ტექსტი ნუსხურადაა გადაწერილი, ასომთავრულით შესრულებულია საზედაო ასოები და სათაურები[3]. მთლიანად ასომთავრული ანბანით გადაწერილი ცალკეული ხელნაწერები XI საუკუნემდეც გვხვდება[4].
ასომთავრულის გრაფიკა
რედაქტირებაადრეულ ასომთავრულში ასოები თანაბარი სიმაღლისაა და თავსდება ორხაზოვან სისტემაში. წერის მიმართულება მარცხნიდან მარჯვნივაა, არცერთ წარწერასა და ხელნაწერში არ დასტურდება წერის სხვაგვარი მიმართულება, თუმცა, ამის მიუხედავად, პავლე ინგოროყვა მაინც მიიჩნევს, რომ ქართულ ანბანში ბერძნულის მსგავსად თავდაპირველად ბუსტროფედონული წერის წესი იყო გავრცელებული, რაც ხაზებში წერის მიმართულების მორიგეობით ცვლილებას გულისხმობს[5].
ასომთავრული დამწერლობის ასოები აგებულია გეომეტრიული გრაფიკული ელემენტებით — სხვადასხვა სიგრძის სწორი ხაზებით, სხვადასხვა რადიუსის წრეწირებითა და ნახევარწრეხაზებით. ასომთავრული ასოების ეს გრაფიკული ელემენტები ერთმანეთს ყოველთვის მართი კუთხეებით უკავშირდებიან. ამ თავისებურების გამო ქართული ასომთავრულის გრაფიკას ხშირად გეომეტრიულს ან მონუმენტურს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გამოკვეთილი კონკრეტული გრაფიკული ელემენტები და მათი ყოველთვის მართი კუთხით დაკავშირების კანონზომიერება უცნობია სხვა ყველა დამწერლობისათვის, მათ შორის ბერძნულისათვის, რომელიც სავარაუდოდ საფუძვლად დაედო ქართულ ასომთავრულს. მკვლევართა უმრავლესობა ამგვარი მკაცრი კანონზომიერი გრაფიკიდან გამომდინარე ასკვნის, რომ ქართული ასოების მოხაზულობები იშვიათი გამონაკლისების გარდა ხელოვნურადაა შექმნილი და არაა მიღებული რომელიმე უცხოური დამწერლობის ასოთა ევოლუციის გზით[6][7][8][4].
გრაფიკულ ელემენტთა მართი კუთხეებით დაკავშირების წესს არღვევს ასომთავრულის ერთადერთი ასო — ჯანი, რომლის შემადგენელი ელემენტებია მახვილი კუთხეებით დაკავშირებული გადაჯვარედინებული სწორი ხაზები. ამ გამონაკლისს სხვადასხვა ახსნას უძებნიან მეცნიერები; ელენე მაჭავარიანის აზრით, ჯანის მოხაზულობა იესო ქრისტეს ინიციალების, ინისა და ქანის ჯვარედინად გადაკვეთის შედეგადაა მიღებული და ქრისტეს მონოგრამას წარმოადგენს (იხ. აგრეთვე ზემოთ, სექციაში „შექმნის თარიღი“), რამაზ პატარიძის მოსაზრებით კი, ჯანის ჯვარედინი ფორმა ანბანის დასასრულის მაუწყებელია და იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც მსგავსი მოხაზულობების ფინიკიური თავ – , ბერძნული ხი – და ლათინური იქსი – [9]. რამაზ პატარიძემ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ასომთავრულ ასოთა დიდ ნაწილს ზედა ჰორიზონტალური ხაზი აქვს, რაც ასოს ზედა ზღვარია, გაბმულ ნაწერში კი ამგვარი ხაზები ორი პწკარის გამყოფი ჰორიზონტალის ფუნქციასაც ასრულებენ; მისი თქმით, ამავე ფუნქციას ასრულებს ჯანის ზედა ჰორიზონტალური ხაზიც[10].
VII საუკუნიდან ასომთავრულში იწყება ასოთა გრაფიკის გარკვეული ცვლილებები; კერძოდ შვიდ ასოში (ბ, ჟ, ჳ, ყ, შ, წ, ჭ) შეკრული წრეხაზი მარტივდება და მის ადგილს ცალი მხრიდან გახსნილი რკალი იკავებს; დონი, რომელიც ადრეულ ძეგლებზე ყელის გარეშეა წარმოდგენილი, მოგვიანებით ზედა ჰორიზონტალურ ხაზსა და წრეს შორის პატარა ყელი უჩნდება — ; ირღვევა ასოთა თანაბარი სიმაღლეებიც — ზოგიერთ ასოს (ბ, გ, ჟ, ფ, ქ, ყ, წ, ყ) ასწვრივი ღერძი უგრძელდება და ვეღარ თავსდება ორხაზოვან სისტემაში[11][12].
საზედაო ასოები, დეკორატიული ასომთავრული
რედაქტირებანუსხური დამწერლობით ნაწერ ხელნაწერებში ასომთავრული ძირითადად სათაურებისა და საზედაო ასოების სახით გვხვდება. საზედაო ასოები აბზაცის თავში იწერებოდა და მკითხველისათვის ერთგვარ ორიენტირს ქმნიდა. წიგნის განვითარების ადრეულ ეტაპზე ისინი მოუხატავი იყო, ძირითადი ტექსტისაგან განირჩეოდა მხოლოდ მოზრდილი ზომით, ზოგჯერ კი ფერითაც — ასეთი საზედაო ასოები ხშირად სინგურითაა შესრულებული.
მოგვიანებით, X საუკუნიდან იწყება საზედაო ასოების მოხატვა, რის შედეგადაც ისინი ხელნაწერი წიგნის მხატვრულ გაფორმებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ორნამენტული შემკულობისა და მინიატიურების გვერდით. ხშირად საზედაო ასოები ლამაზად გადაწერილ ტექსტთან ერთად ეპოქის სტილს განსაზღვრავს. შედარებით მოგვიანო, ბიზანტიური მიმართულების ხელნაწერებში საზედაო ასოთა მხატვრობა გამდიდრებულია ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებით[14].
დეკორატიულად გაფორმებული ასომთავრული ასოები გარდა წიგნებისა გვხვდება აგრეთვე ლაპიდარულ, ჭედურ და ფრესკულ წარწერებშიც. XI საუკუნიდან გვხვდება ასომთავრულის ისეთი დეკორატიული სახეობები, როგორებიცაა კიდურყვავილოვანი, კიდურწაისრული და კიდურწერტილოვანი. პირველი ორი ძირითადად XI-XII საუკუნის ძეგლებზე დასტურდება, უკანასკნელი კი XVIII საუკუნის ჩათვლით განაგრძობს არსებობას[15][16].
დეკორატიული ფუნქცია ჰქონდა ე. წ. თხზულ ანუ ხვეულ დამწერლობას; ამგვარი დამწერლობის ნიმუშებზე ასოები ართმანეთზეა გადაწნული — გვერდით მდგომი ასოები ერთმანეთში გადახლართულია ან მომდევნო მომცრო ზომის ასო წინმდგომი ასოს შუაგულშია ჩაწერილი. თხზული დამწერლობით ძირითადად ხელნაწერ წიგნებში სათაურები იწერებოდა, თუმცა არსებობს მთლიანი წარწერებიც, რომლებიც მთლიანად თხზულადაა შესრულებული. თხზული დამწერლობა საკმაოდ იყო გავრცელებული აგრეთვე ოქრომკერდის ნაკერებში[17].
თხზულად წერის ორი სახეობა: მომდევნო ასო წინა ასოს გულშია ჩაწერილი ან გვერდით მდგომი ასოები ერთმანეთზეა გადახლართული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- თ. გამყრელიძე, წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, თბილისი, 1990
- რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბილისი, 1980
- ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949
- ე. მაჭავარიანი, ქართული ანბანი, თბილისი, 1977
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 637-638.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქსე, ტ. 7, თბ., 1984, გვ. 651-652
- ↑ შანიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 454-455, თბ., 1977 წელი.
- ↑ კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1997, გვ. 218-219
- ↑ 4.0 4.1 ე. მაჭავარიანი, მწიგნობრობაჲ ქართული, თბილისი, 1989
- ↑ პ. ინგოროყვა, „შოთა რუსთაველი“, „მნათობი“, 1966, № 3, გვ. 116
- ↑ W. Boeder, Zur Analyse des altgeorgischen Alphabets, 1975, გვ. 10
- ↑ თამაზ ჩხენკელი, ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემა, ჟურნ. „ფრესკა“, თბ. „ნაკადული“, 1987 წ., გვ. 27-29
- ↑ თ. გამყრელიძე, წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, თბილისი, 1990, გვ. 159-160
- ↑ რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბილისი, 1980, გვ. 151, 260-261
- ↑ რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბილისი, 1980, გვ. 154-155
- ↑ ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949, 185-187
- ↑ ე. მაჭავარიანი, ქართული ანბანი, თბილისი, 1977, გვ. 5-6
- ↑ წარწერა არაა მოქვის ოთხთავის შესაბამისი წარწერის იდენტური, წარმოადგენს მის ასლს კალიგრაფ დავით მაისურაძის მიერ.
- ↑ ელენე მაჭავარიანი, ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბილისი, 2008, გვ. 403-404
- ↑ ვ. სილოგავა, ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბილისი, 2008, გვ. 269-271
- ↑ ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949, 124-126
- ↑ ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949, 127-128
- ↑ ფრაგმენტები დავით გარეჯის მონასტრის კარზე არსებული ასომთავრული წარწერიდან.