კიდურწაისრული დამწერლობა
კიდურწაისრული დამწერლობა ქართული ასომთავრულის ერთ-ერთი დეკორატიული, კალიგრაფიული სახეობაა. მისთვის დამახასიათებელია ხაზების კიდურებში სამკუთხედის ფორმის წაისრული დეკორატიული ელემენტები; ეს ელემენტები გვხვდება აგრეთვე ასოს ტანის სხვა ნაწილებშიც, ქარაგმის ხაზებშიც. კიდურწაისრული დამწერლობა ძირითადად X საუკუნის მიწურულიდან XI საუკუნის შუა ხანებამდეა გავრცელებული, თუმცა, გამონაკლისის სახით, იგი XII საუკუნის ორ ჭედურ წარწერაში — დავით აღმაშენებლის საწინამძღვრე ჯვრისა და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვრის წარწერებშიცაა გამოყენებული. კიდურწაისრული დამწერლობის ნიმუშები დადასტურებულია აგრეთვე XII საუკუნის რამდენიმე ლაპიდარულ წარწერაშიც, მათ შორის, სამთავისის ტაძრის (1156), თიღვის ტაძრის დავით აღმაშენებლის ასულის — თამარის (დაახლოებით 1152 წელი), ნიკორწმინდის ტაძრის რატი ერისთავის ასულის, ეფემიას წარწერებში; თუმცა, განსხვავებით XI საუკუნის ნიმუშებისაგან, ამ წარწერების უმთავრესი პალეოგრაფიული მახასიათებელი უკვე კიდურწაისრულობა აღარაა. კიდურწაისრული დამწერლობის გადაგვარებულ სახეობად მიიჩნევა აგრეთვე ეტიფანე კათალიკოსის 1218 წლის ქართული წარწერა ანისის ქართულ ეკლესიაზე.
სახელწოდება
რედაქტირებაამ სახეობის დეკორატიული დამწერლობის ისტორიული ქართული სახელწოდება დღეს უცნობია. 1926 წელს სამეცნიერო ლიტერატურაში ივანე ჯავახიშვილმა პირველად უწოდა მას „ტყუბწვეტიანი დამწერლობა“. 1942 წელს ლევან მუსხელიშვილმა ამ დამწერლობით შესრულებული ეპიგრაფიკული წარწერების აღსანიშნავად გამოიყენა ტერმინი „კიდურისრებიანი“, თუმცა თვითონ მაინც „ტყუბწვეტიანი“ იხმარა. რ. შმელინგმა 1955 წელს წერის ასეთი სახე მოიხსენია, როგორც „ასოთა ბოლოების სამკუთხედებით გამშვენებული“. 1970-იანი წლებიდან ვალერი სილოგავას მიერ სამეცნიერო ლიტერატურაში შემოტანილი იქნა ახალი ტერმინი — „კიდურწაისრული“. ტერმინი ეფუძნება და არის ანალოგია სხვა ქართული დეკორატიული დამწერლობების მსგავსი დასახელებებისა — კიდურყვავილოვანისა და კიდურწერტილოვანისა. ამგვარი მსგავსი ახალი სახელწოდების შემოღების ერთ-ერთი მიზანი ტერმინთა უნიფიცირებაც იყო. თანამედროვე ქართულ პალეოგრაფიაში ტერმინი „კიდურწაისრული“ ფართოდ გამოიყენება.
წარწერები
რედაქტირებადღეისათვის კიდურწაისრული დამწერლობის ორმოცდაათამდე ნიმუშია ცნობილი; არის როგორც ვრცელი, ისე მოკლე ან ფრაგმენტული წარწერები. ამათგან ნახევარს ახლავს თარიღი ანდა წარწერის შინაარსის მიხედვით ზუსტად შეიძლება მათი დათარიღება. მათი ქრონოლოგიური ფარგლები X-XI საუკუნის მიჯნიდან XI საუკუნის პირველ ნახევრამდეა.
კიდურწაისრული დამწერლობით შესრულებული თარიღიანი წარწერებიდან უძველესია ხცისის ტაძრის წარწერები, რომლებიც, სამშენებლო წარწერის თარიღის მიხედვით, 1002 წელსაა შესრულებული. სავარაუდოდ, მათზე უფრო ადრინდელია ბაგრატის ტაძრის სამშენებლო წარწერა, რომელიც ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე სარტყელთა კამარის ბრტყელ წახნაგზეა ამოკვეთილი. ამ წარწერას თარიღი არ ახლავს, მაგრამ დათარიღება შესაძლებელია წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით; წარწერაში ბაგრატ III მოხსენიებულია კურაპალატის ტიტულის გარეშე; კურაპალატობა მან 1001 წელს მიიღო, ამიტომ წარწერას 978—1001 წლებით ათარიღებენ.
კიდურწაისრული დამწერლობით შესრულებული ნიმუშებია აგრეთვე პატარა ონის, ნიკორწმინდის, სავანის, სვეტიცხოვლის, სამთავისის, მანგლისის, ალავერდის, ჭყონდიდის, კაცხის, ანუხვის, წებელდის ტაძრების წარწერები, აგრეთვე ორი წარწერა იშხნის კათოლიკონის სამხრეთ კედელზე[1].
წარმოშობის ადგილი
რედაქტირებაკიდურწაისრული დამწერლობის წარმოშობის ადგილის თაობაზე სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ლევან მუსხელიშვილი თვლიდა, რომ წერის ეს სახეობა შიდა ქართლში ჩამოყალიბდა; თ. ბარნაველს მიაჩნია, რომ კიდურწაისრულობა აღმოსავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. მუსხელიშვილის მოსაზრება იმ ფაქტს ეფუძნებოდა, რომ XX საუკუნის 30—40-იან წლებში ცნობილი იყო კიდურწაისრული წერის მხოლოდ აღმოსავლურქართული ნიმუშები; ამასთანავე, მუსხელიშვილი შეისწავლიდა შიდა ქართლის კიდურწაისრული დამწერლობის კლასიკურ ნიმუშებს (სვეტიცხოველი, სამთავისი, ხცისი). დღეს უკვე ცნობილია არაერთი წარწერა დასავლეთი საქართველოდან; უფრო მეტიც, კიდურწაისრული დამწერლობის უძველესი ნიმუში, ბაგრატის ტაძრის სამშენებლო წარწერა (978—1001), დასავლეთ საქართველოშია. კიდურწაისრული დამწერლობის ძეგლები გვხვდება აფხაზეთშიც. მათ შორისაა ანუხვის, წებელდის კანკელის ფილის წარწერები. დღევანდელი მონაცემებით, როგორც პირველხარისხოვანი, ისე რიგითი ნიმუშები კიდურწაისრული დამწერლობისა დასავლეთ საქართველოში უფრო მეტია. ამიტომ, თანამედროვე მკვლევართა აზრით, უფრო საფუძვლიანია კიდურწაირული დამწერლობის დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბების ვერსია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სილოგავა ვ., ენციკლოპედია ქართული ენა, თბილისი, 2008, გვ. 270-271
- ჯავახიშვილი ივ., ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ., 1949
- სილოგავა ვ., კიდურწაისრული დამწერლობა, დასავლეთ საქართველოს X—XVIII სს. ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1972
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბუბა კუდავა, ორი ახალი წარწერა იშხნის ტაძრიდან, II საერთაშორისო სიმპოზიუმი — ქართული ხელნაწერი, მოხსენებათა თეზისები, თბილისი, 2013, გვ. 84-86