თიღვის ტაძარი
თიღვის ტაძარი — შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ყოფილი ზნაურის რაიონის სოფელ თიღვის ტერიტორიაზე. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
თიღვის ტაძარი ძეგლთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც შემორჩენილი აქვთ დათარიღებული ქტიტორული წარწერა, ქართული მატიანეები ძეგლის ქტიტორად დავით აღმაშენებლის ასულს, დემეტრე I-ის დას თამარს ასახელებენ. მათივე ცნობით, თამარს თიღვის ტაძარი 1152 წელს დაუმთავრებია და აქვე აღკვეცილა მონაზვნად. გადმოცემის მიხედვით თამარი თიღვის მონასტერში უნდა იყოს დასაფლავებული.[2]
ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს:
„...დასავლით მეტეხისა და ფცის წყლის არს თიღვას ჯვრის მონასტერი, რომელიც აღაშენა ასულმან აღმაშენებლისამან თამარ, გუმბათიანი, დიდშვენიერი, კეთილად ნაშენი. შენობანი გარემოს მრავალნი და აწ ხუცის ამარა...“[3]
როგორც ჩანს, სამონასტრო კომპლექსიდან ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილის პერიოდში შემორჩენილი იყო მხოლოდ ტაძარი, ისიც მიტოვებული და გაუქმებული, თუმცა მის გარშემო ჯერ კიდევ მდგარა „შენობანი მრავალნი“. XIX საუკუნის დასასრულს ეს შენობები დანგრეული დახვედრია რუს მკვლევარს უვაროვას.[4]
არქიტექტურა
რედაქტირებამონასტრის ზღუდის კედლები 1,20 მ სისქისაა, გარედან ნახევარწრიული ბურჯები აქვს, ზღუდის სამხრეთით ორი დიდი ბურჯია დატანებული, ამ ბურჯებს შორის ალაყაფის კარია ჩადგმული, ზემოდან მას სამრეკლო ადგას. შესასვლელ კარს ეტყობა, რომ გვიან ხანაშია შეკეთებული. ასევე გვიანდელია სამრეკლოც, თვით ბურჯები კი ზღუდის თანამედროვე ჩანს, სწორედ აქ უნდა ყოფილიყო ძველი მონასტრის ჭიშკარიც.
მონასტრის ეზოში, ჩრდილოეთის მხარეს, ზღუდესა და ტაძარს შორის სამონასტრო შენობის ნანგრევებია. აღმოსავლეთით გარეთა მხრიდან ზღუდეს სხვა შენობები ემიჯნება. ძველად აქ ყოფილა მარანი და ზეთის სახდელი. ზღუდის ჩრდილოეთის ზოგ ბურჯში, გარეთა მხრიდან თახჩებია მოწყობილი.
ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი (16 X 12 მ) ნაგებობაა, სამი სწორკუთხა მკლავით და ნახევარწრიული აფსიდით. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავების ახლო მდებარე სადგომებით. გუმბათის წრეზე გადასვლა მიღწეულია აფრებით. . გუმბათი აღმოსავლეთის მხარეს აფსიდის კედლის შვერილებს ეყრდნობა, დასავლეთით კი ცალკე მდგომ ორ სვეტს. ტაძრის მოცულობა შიგნით მთლიანია და ერთ განუყოფელ სივრცეს ქმნის. დასავლეთის მკლავის ირგვლივ მიშენებულია ორსართულიანი ორსართულიანი მასივი, რომელიც ძირითადად სივრცეს ჯვრის კედლებში დაყოლებული ღიადებით უკავშირდება. სადიაკვნოსა და სამკვეთლოს თავზე დაშენებული მეორე სართულის ოთახები ყრუ კედლით ითიშებიან ძირითადი სივრცისაგან. საკურთხეველი ცენტრალური დარბაზისაგან ქვის კანკელით იყო გამოყოფილი, რომელიც შემდეგ ხის, მოხატულმა კანკელმა შეცვალა.
საკურთხევლის ორივე მხარეს მოწყობილი სადიაკვნე და სამკვეთლო კვადრატს უახლოვდება და ცილინდრული კამარითაა გადახურული. აღმოსავლეთით მათ აფსიდური მომრგვალება აქვთ კონქური გადახურვით. ორივე სათავსოს თითო გრძელი და ვიწრო სარკმელი აქვს.
სტოა ტაძრის მთავარ სივრცეს დასავლეთით გაჭრილი ფართო კარით უკავშირდება. დასავლეთიდან მას სამი ღიობი აქვს (ამჟამად ამოქოლილია). ნართექსი სამ ნაწილადაა გაყოფილი. ღიადებს შორის გაყვანილია თლილი ქვის წრიული თაღები, რომლებიც პროფირილებულ კრონშტეინებს ეყრდნობა. ზედა სართულის დასავლეთით მას შემორტყმული აქვს პატრონიკე, რომელიც ტაძრის ძირითად ნაწილს ღიობებით უკავშირდება. პატრონიკე დაზიანებულია.
აღმოსავლეთის ფასადი სადაა, ნაწყობია ყვითელი, სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. ფასადის ერთადერთი დეკორაციული მორთულობა სარკმლის არშიებია; უარყოფილია ამ ეპოქისათვის მეტად დამახასიათებელი მდიდრული მოჩარჩოება. ორნამენტის ნაცვლად აქ მხოლოდ მრგვალი ლილვაკებია გამოყვანილი. დასავლეთის ფასადის სიუჟეტი აღმოსავლეთის ფასადის მოხაზულობას იმეორებს, მაგრამ ამასთან თავისებურ გადაწყვეტას იძლევა, წინ არის გამოწეული პატრონიკესა და სტოის მიერ შექმნილი, კარნიზით დამთავრებული მთლიანი სიბრტყე, რისთვისაც გამოყენებულია შედარებით დიდი, კარგად დამუშავებული ქვის ფილები. მათი უმეტესი ნაწილი დაზიანებულია და გვიან არისშეკეთებული. სამხრეთის ფასადის წყობა კარგად არის შენახული. ამ ფასადის დეკორაციული მორთულობა თავისებურია. პატრონიკეს სამი ვიწრო სარკმელი, გუმბათის სარკმელთა გვარად სადა და უბრალოა. მარჯვენა მხარის მრგვალი სარკმელი იმეორებს აღმოსავლეთის სარკმლის ჩარჩოს ცალფა ლილვაკს. მდიდრულად გაფორმებულია მხოლოდ შუაში გამოჭრილი ფართო და მაღალი სარკმელი. ჩრდილოეთის ფასადი ისე როგორც სამხრეთისა, ასიმეტრულია. ტაძრის კარი საგანგებოდ არის გაფორმებული ჩუქურთების განიერი არშიით. სამხრეთის ეგვტერი ახლა მიწაშია ჩაფლული. იგი 15 მეტრის სიგანის იყო და ტაძარს მთელ სიგრძეზე არ გასდევდა. მისი გარე საპირე თლილი ქვა ახლა დაზიანებულია.
ჩრდილოეთით ტაძარს აქვს კარიბჭე: კარიბჭეზე მიდგმულია ეგვტერი და შენობის ნარჩენი, რომელიც თავის დროზე იყო დაკავშირებული პატრონიკეს ასასვლელთან. კარიბჭე ოთხკუთხაა, აქვს კარი, დგას ორსაფეხურიან საძირკველზე. მორთულია ჩუქურთმებით. ტაძრის შიგა სივრცე გაფორმებული იყო ფრესკებით, რომელთა ფრაგმენტები ახლაც შეიმჩნევა. საკურთხეველი მორთული ყოფილა მოზაიკით, თუმცა მისი კვალი ახლა აღარაა.
წარწერა
რედაქტირებატაძრის ძალზე საინტერესო ქტიტორული წარწერა მოთავსებულია პატრონიკეს შესასვლელი კარის თავზე, საგანგებოდ გაფორმებულ ტიმპანზე. წარწერა შესრულებულია ლამაზი, კიდურმახვილიანი ასომთავრულით და კარგად არის შემონახული.
თიღვის წარწერა პირველად 1851 წელს გამოსცა აკადემიკოსმა მარი ბროსემ. შემდეგ წარწერის გაშიფვრა ისტორიკოსმა თედო ჟორდანიამ სცადა. თიღვის წარწერა ახლებურად გააშუქა აკადემიკოსმა აკაკი შანიძემ, რომელმაც წარწერაში ლექსის წყობა აღმოაჩინა. წარწერა ასე იკითხება:
„ქმნილებამან რაჲ აქჲსა სოფლისამან
სხჳსაჲ მიიღოს დაწყება ყოფადისაჲ,
მოქმედებითა შენ ზედა ჯვარცმულისა
ქრისტჱს ღმრთისაჲთა, რომელსა მიმართ ჟამსა
მას შემწე მექმენ მსახურსა შენსა თამარ.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. IV, თბ., 1973 წ.
- ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.II, თბ., 2004.
- გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, VII, თბ., 1989.
- ზაქარაია პ., XI-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა XI-XII სს., თბ., 1975.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 685.
- მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963.
- მეფისაშვილი რ., ზოგიერთი ისტორიული ძეგლი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ძეგლის მეგობარი, 1968, N4.
- რჩეულიშვილი ლ., თიღვა, თბ.,1960.
- ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974.
- ვაშაკიძე გ., ვის უხმობს თიღვის ზარი?, გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", 18 მაისი 1997.
- თიღვის ტაძარი, ჟურნალი პიონერი, 1981 წელი, N 1.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-15.
- ↑ ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ. 1963 წ. გვ. 56
- ↑ ვ. ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ. 80
- ↑ Уварова, Окона (Материалы по археологии Кавказа, Москва, 1894 г. вып. IV, с. 172