ეგვტერი
ეგვტერი, ეკვდერი (ბერძ. εὑκτήριον [eukterion] — „სამლოცველო“) — ორი მნიშვნელობა აქვს:
- ეკლესიის მოშორებით ცალკე აგებული ან ეკლესიას მიშენებული მცირე ნაგებობა; სამლოცველო.
- ეკლესიას მიდგმული საგვარეულო სასაფლაო, საძვალე.
შუა საუკუნეების საქართველოში ეკლესიებზე მიშენებული ეგვტერები უმთავრესად დიდ ფეოდალთა კერძო სამწირველო-ეკლესიები და იმავე დროს ამ ფეოდალთა საგვარეულო სასაფლაო იყო. აღმოსავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებში საეკლესიო კანონმდებლობა კრძალავდა სალოცავ ეგვტერში წირვის (ლიტურგიის) შესრულებას. მთავარი მიზეზი ამ აკრძალვისა იყო ეკონომიკური კონკურენციის თავიდან აცილება, რასაც ამ შემთხვევაში ეგვტერები უწევდნენ საერთო-კათოლიკე ეკლესიებს (ეკლესიას აკლდებოდა მწირველზე დაკისრებული შესატანი). VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ (680-681) ნება დართო ეგვტერეში წირვა შეესრულებინათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანახმა იქნებოდა ადგილობრივი ეპისკოპოსი და ის ასეთ ეგვტერს ეკლესიად აკურთხებდა.
საქართველოში ეს აკრძალვა IX-X საუკუნეებშიც იყო ძალაში. მაგ., ხანძთის მონასტერში წინამძღვარმა ბერებს წესად დაუდო ეგვტერები ააეგოთ სენაკებთან მხოლოდ სამლოცველოდ და არა საწირავად (ეკლესიად), მაგრამ XI საუკუნიდან საქართველოში ეგვტერები, როგორც სამწირველო-ეკლესიები, ფართოდ ვრცელდება, რასაც უკავშირდება ქართული ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი საეკვდრო-საწინამძღვრო ფეოდალური მიწისმფლობელობის თავისებული ფორმის წარმოშობა. XV საუკუნიდან დიდ საეკლესიო სამონასტრო ცენტრებში — მცხეთაში, ალავერდში, შიომღვიმეში, გელათში, ბიჭვინთაში და სხვა. შეიქმნა რამდენიმე საეკვდრო ფეოდაური ორგანიზაცია მცირე სენიორიების სახით. თითოეულ ეგვტერს მთავარი დიდი ეკლესიისაგან დამოუკიდებლად ჰყავდა საკუთარი წინამძღვარი და სხვა მსახური, ეგვტერში პატრონის, დიდი ფეოდალის — შემწირველის, სახელზე სრულდებოდა სხვადასხვა სახის რიტუალი (წირვა-ლოცვა და სხვა). ეგვტერს დამოუკიდებლად ჰქონდა შეწირულება გლეხებისა და მამულების სახით, რომლის შემოსავალი მხოლოდ ეგვტერის საჭიროებას ხმარდებოდა. XV საუკუნიდან ეგვტერს ეწოდება აგრეთვე „საწინამძღვრო“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., სამწირველო XIII საუკუნეში «მიმომხილველი», 1949, ტ. 1;
- მისივე, ფეოდალური მიწისმფლოვბელობის ისტორიიდან. „საწინამძღვრო“, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31;
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 21.
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 537.
- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ეგვტერი