ხანძთა
ხანძთა — შუა საუკუნეების ქართული მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
ხანძთა | |
ხანძთის კომპლექსის ხედი, 2010 წელი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°14′54″ ჩ. გ. 42°04′12″ ა. გ. / 41.2485667° ჩ. გ. 42.0700944° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | თურქეთი; ისტორიული სამხრეთი საქართველო, კლარჯეთი |
ადგილმდებარეობა | აშაღი ფორთა, სოფელი ფირნალი |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ამონა (მთავარი ტაძარი) |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ჩახაზული ჯვრის ტიპი (მთავარი ტაძარი) |
თარიღდება | მშენებლობა გრძელდებოდა VII-დან X საუკუნემდე; სამრეკლო აიგო XVI საუკუნეში |
დეტალები
| |
ხანძთის მონასტრის გეგმა |
დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. VII საუკუნის დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა (ხუროთმოძღვარი — ამონა). ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა (გ. 918) მშენებლობას დიდი მატერიალური სახსრები გამოუყო. მშენებლობა დაასრულა ერისთავთერისთავმა გურგენ IV-მ (გ. 941). ხანძთამ საბოლოო სახე მიიღო 918-941 წლებში. ხანძთა თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახდა. მის ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდნენ არსენ I (არსენ დიდი, არსენ საფარელი), ეფრემ მაწყვერელი (IX ს.), მაკარი ლეთეთელი. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები გიორგი მერჩულე, მოსე ხანძთელი (XI ს.), სტეფანე (XII-XIII სს.) და სხვა.[1]
XIX საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლის ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე, ტაო-კლარჯეთში და მათ შორის ხანძთაში იმყოფებოდა დ. ერმაკოვი, რომელმაც მონასტრიდან წამოღებული ეპიგრაფიკულ წარწერიანი ქვა გადასცა კავკასიის მუზეუმს.
1888 წელს ხანძთაში ექსპედიციით იმყოფებოდა ა. მ. პავლინოვი[2], რომელსაც თან ახლდა ფოტოგრაფი ი. ბარშჩევსკი[3][4].
ასევე დასტურდება დიმიტრი ერმაკოვის ხანძთაში ყოფნაც, მან ხანძთის მონასტრიდან წამოიღო ეპიგრაფიკულ წარწერიანი ქვა, რომელიც შემდგომ კავკასიის მუზეუმს გადასცა[5].
ლოკალიზაცია
ოსმალეთის იმპერის მიერ კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ხანძთა დაიცალა და დავიწყებას მიეცა. დამახინჯდა მონასტერთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენებიც. ანტონ კათალიკოსმა გრიგოლ ხანძთელს უძღვნა საქებარი სიტყვები „წყობილსიტყვაობაში“, თუმცა, ჩანს, რომ მან გრიგოლის ღვაწლისა და ზედწოდების (ხანძთელი) წარმომავლობის შესახებ არ იცოდა. „წყობილსიტყვაობის“ გამომცემელმა პლ. იოსელიანმა გრიგოლ ხანძთელი XV საუკუნის სომეხ საეკლესიო მოღვაწედ მიიჩნია[6].
მივიწყებული მონასტერი მკვლევართათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1889 წელს, ალექსანდრე ქუთათელაძემ გამოაქვეყნა მოკლე თხზულება გიორგი მერჩულეს თხზულებიდან[7]. ავტორი ხანძთას დამახინჯებული სახელით — „ხანძოეთით“ მოიხსენიებდა. იგი ვარაუდობდა, რომ „ხანძოეთი“ კლარჯეთშია, ანჩის მახლობლად. ასე ფიქრობდა თ. ჟორდანიაც[8]. განსხვავებული აზრი გამოთქვა ექვთიმე თაყაიშვილმა. მან „ხანძოეთი“ ევფრატის ზედაწელში, ისტორიულ დასავლეთ სომხეთში მდებარე ქალაქ ჰანძითთან გააიგივა[9].
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების სრული ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ ხანძთა კლარჯეთში მდებარეობს, მაგრამ მისი ზუსტი ლოკალიზაცია მაინც გაძნელდა. საქმეს ართულებდა ისიც, რომ კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთაგან“ მხოლოდ ორის ტოპონიმი დაიკარგა — ხანძთა და შატბერდი; ადგილობრივმა გამაჰმადიანებულმა ქართველებმა ამ სახელწოდების მონასტრის ან დასახლების შესახებ არაფერი იცოდნენ[10]. XX სუკუნის დამდეგს ნიკო მარი კლარჯეთში მოგზაურობისას შეეცადა თავად დაედგინა მონასტრის მდებარეობა და ხანძთასთან გააიგივა კარჩხალას ხეობაში მდებარე პატარა ეკლესია — ნუკას საყდარი[11]. ერთი პერიოდი ეს მოსაზრება საყოველთაოდ იყო მიღებული მეცნიერებაში, 1950-იან წლებში ის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ დეტალური ანალიზის საფუძველზე უარყო პავლე ინგოროყვამ. მისივე გამოკვლევით, ხანძთა არის გვიანდელი ქვემო ფორთა (აშაღი ფორთა (Aşaği Porta), ამჟამად შეადგენს სოფელ ფირნალის (Pırnali) ერთ-ერთ უბანს), რომელიც ნიკო მარს შატბერდი ეგონა[12]. ეს მოსაზრება დამატებითი არგუმენტებით განამტკიცა ვახტანგ ჯობაძემ[13][14][15]. ამჟამად ამ აზრს ემხრობა ყველა თანამედროვე მკვლევარი.
ისტორია
ხანძთის მონასტერი დაახლოებით 782 წელს დააარსა გრიგოლ ხანძთელმა. ხანძთამ კლარჯეთის ისტორიაში განსაკუთრებული როლი შეასრულა; ლ. მენაბდის თქმით, ის „მთელი მხარის სამონასტრო კოლონიზაციის საყრდენი ბაზა იყო“[16]. გრიგოლთან ერთად ხანძთის მონასტრის პირველ ბერებს შორის იყვნენვ საბა, შემდგომში (826 წლიდან) იშხნის ეპისკოპოსი, თეოდორე, რომელმაც დაახლოებით 840 წლისათვის ნეძვის მონასტერი დააარსა და ქრისტეფორე, კვირიკეწმინდის მონასტრის დამაარსებელი. ხანძთაში აღიზარდნენ და მოღვაწეობდნმენ არსენ I კათალიკოსი (820–877) და ეპისკოპოსი ეფრემ მაწყვერელი (815–885). ხანძთაში მოღვაწეობდა ასევე მაკარი ლეთელი, რომელიც შემდეგ საბაწმინდაში დამკვიდრდა და მონაწილეობა მიიღო 864 წლის სინური მრავალთავის გადაწერაში. 951 წელს აქაური ბერის, გიორგი მერჩულეს მიერ დაიწერა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ცნობილია ასევე XI-XIII საუკუნეების მოღვაწეებიც ხანძთაში, მაშ შორის მოსე ხუცესი და სტეფანე დიაკონი[17].
მშენებლობა
დაახლოებით 782 წლისათვის, მონასტრის დაარსებისას აგებული ხანძთის პირველი ეკლესია, გიორგი მერჩულეს ცნობით „ძელისა“ ანუ ხისა იყო, ისევე როგორც საცხოვრებელი სენაკები და სატრაპეზო. დავით ხოშტარიას აზრით, სამშენებლო ქვით მდიდარ მხარეში საშენ მასალად ხის გამოყენება ბერების შეჭირვებულ მდგომარეობაზე მიუთითებს[18]. მშენებელ ბერებს ოპიზელი მამები დახმარებიან მუშახელით, საკვებითა და სამუშაო იარაღებით. ბერები თავად აშენებდნენ და, როგორც ჩანს, დიდი გაჭირვებითაც — გიორგი მერჩულეს თქმით, „კლდჱ იგი ხანცთისაჲ უფიცხლეს არს უფროჲს ყოველთა მათ კლარჯეთისა უდაბნოთა“[19]. დავით ხოშტარიას მითითებით, ეს ცნობა მართლაც ახლოსაა სინამდვილესთან და ხანძთაში სამშენებლოდ განსაკუთრებით მძიმე პირობებია[18].
820-იან წლებში ხანძთის მონასტერში ქვის ეკლესია აიგო. მშენებლობის ქტიტორი აშოტ კურაპალატის აზნაური გაბრიელ დაფანჩული იყო. ამის შემდეგ ხანძთა დაფანჩულთა საგვარეულო საძვალეა — აქ ამ გვარის წარმომადგენელი მამაკაცები იკრძალებოდნენ. თითქმის საუკუნენახევრის შემდეგაც, გიორგი მერჩულეს თხზულების წერისას, ხანძთაში წესად იყო ლოცვებში დაფანჩულთა მოხსენიება[20].
ხანძთის მთავარი, რიგით მესამე ეკლესიის მშენებლობა 910–იან წლებში დაიწყო. მისი ქტიტორი იყო აშოტ ერისთავთერისთავი, კუხად წოდებული. იგი გარდაიცვალა 918 წელს და ეკლესიის მშენებლობის დასრულება სიცოცხლეში ვერ მოასწრო. შენობა დაასრულა გურგენ ერისთავთერისთავმა. მესამე (მთავარი) ეკლესია დღესაც დგას ხანძთაში[20]. მთავარი ეკლესიის მშენებლობას ხშირად შეცდომით უკავშირებენ გრიგოლ ხანძთელს, სინამდვილეში კი გრიგოლი მონასტერში შედარებით ადრე მოღვაწეობდა.
მთავარი ეკლესიის მშენებლობა კარგად აქვს აღწერილი გიორგი მერჩულეს. იგი ამ შემთხვევაშიც ხანძთის კლდეების „სიფიცხლეს“ უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მშენებლობა ადგილის მოსწორებისას წარმოქმნილმა სიძნელეებმაც გააჭიანურა[21]:
ფრიადითა შრომითა და ქვითკირითა მყარითა მრავალთა ჟამთა დაავაკეს და ესრეთ შეჰრაცხეს შემზადებაჲ ადგილისაჲ მის
რთული იყო ქვისა და კირის ადგილზე მიტანა, რადგან მონასტერი საპალნიანი საქონლისათვის მიუვალი იყო და საშენი მასალის მოტანა ბერებს შორი მანძილიდან ზურგით უწევდათ. დავით ხოშტარია აღნიშნავს, რომ ეს დღესაც ასეა და ხანძთამდე წესიერი ბილიკიც კი არ მიდის. ხანძთაში, პირველად კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობაში, გუმბათის მოსაპირკეთებლად მაღალხარისხიანი ქვიშაქვა გამოიყენეს, რომელიც ახლომახლო არ მოიპოვება. ამ მასალას წონით ყიდულობდნენ[20].
გიორგი მერჩულე იხსენიებს მესამე, მთავარი ეკლესიის ხუროთმოძღვარს — „სიბრძნით სრულიად მაშჱნებელი“ ამონა[21]. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, რომელშიც მშენებლობის არაერთი ამბავია მოთხრობილი, არც ერთი სხვა ნაგებობის არქიტექტორი არ იხსენიება[20].
მთავარი ეკლესია
მთავარი ეკლესია აგებულია სპეციალური სუბსტრუქციით შექმნილი ტერასის აღმოსავლეთ ნაწილში; მოჩანს შორიდანვე. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერაა დაზიანებული, ძირითად ფორმებში იგი დღემდეა შემონახული. საფასადო წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია. ოთხივე მკლავის კამარა თავისივე საბჯენ თაღებთან ერთად, ასევე კონქის ზედა ნაწილი და ზოგ ადგილას კედლების ზედა ნაწილებიც ჩანგრეულია. გუმბათი ბოლო დრომდე იდგა; 2007 წლის დეკემბერში ჩამოინგრა მისი სფერო, ხოლო გუმბათის ყელი დღემდე დგას[22]. დავით ხოშტარია 2005 წელს აღნიშნავდა, რომ გუმბათის ორი საყრდენი ბურჯი აშკარად შეგნებულად იყო მოშლილი შენობის დანგრევის მიზნით — ჩრდილოეთის ბურჯი მთლიანად იყო მონგრეული, ხოლო სამხრეთისა თითქმის მთლიანად. მიუხედავად ამისა, თითქმის ჰაერში გამოკიდებული გუმბათი მაინც ინარჩუნებდა მდგრადობას, რასაც დავით ხოშტარია მშენებლობის უმაღლესი ტექნიკური ხარისხითა და ძლიერი მაკავშირებელი ხსნარის გამოყენებით ხსნის[23].
ეკლესია გარედან მთლიანად თლილი ქვის პერანგითაა შემოსილი. გუმბათის ყელზე გამოყენებულია მაღალხარისხიანი მკვრივი მოწითალო ქვიშაქვა, ხოლო ძირითადი კორპუსის ფასადები უფრო რბილი მოყვითალო-ქვიშისფერი ქვით. გუმბათის ყელისა და დანარჩენ მოპირკეთებას შორის განსხვავება დღეს განსაკუთრებით თვალშისაცემია — რბილი ქვა დროთა განმავლობაში ნაწილობრივ ჩამოიფშვნა, ხოლო გუმბათის პერანგის მკვრივი ქვები დაუზიანებელია. ქვები თანაბარი ზომებისაა და ჰორიზონტალური რიგები თითქმის გამონაკლისის გარეშე ერთი სიმაღლისაა — დაახლოებით 40 სმ[23].
შიგნით კედლის კედლის წყობის ქვები სუფთად დამუშავებული არაა, არაა გათლილი და არც წიბოებია გამოყვანილი, რის გამოც მათ შორის ღრეჩოებია დარჩენილი. მიუხედავად ამისა, წყობა მაინც მკაცრად მოწესრიგებულია, შედგება აკურატულად სწორი რიგებისაგან, რომლებიც არსად არაა არეული. რიგების სიმაღლე ძირითადად 40–50 სმ–ია. ძალიან სუფთად თლილი ქვითაა გამოყვანილი გუმბათი (2007 წლამდე შემორჩენილი), გუმბათის ყელის შიდა წყობა, ტრომპები, კონქი, კამარები (შემონახულია პასტოფორიუმებსა და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში), ყველა თაღი, ბურჯები და კედლის კუთხეები. აქ ძირითადი სივრცის არეში ნახმარია ფოროვანი ქვა, გუმბათქვეშა თაღებსზემოთ — ქვიშაქვა[23].
არქიტექტურა
მთავარი ტაძარი ჩახაზული ჯვრის ტიპისაა. გუმბათი ეყრდნობოდა აღმოსავლეთით აფსიდის კედლების კუთხეებსა და დასავლეთით დღეს უკვე გამქრალ ორ ბურჯს. კლარჯული არქიტექტურული ტრადიციისამებრ, დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია. გუმბათქვეშა ბურჯების დასავლეთით კიდევ ერთი წყვილი ბურჯია. მათზე ორი წყვილი თაღი გადადის, რომლებიც დასავლეთის მკლავს სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხის ნაწილებისაგან გამოყოფს. აღმოსავლეთით აფსიდის წინ არის მოზრდილი ბემა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორი ერთნაირი უაფსიდო დამატებითი სათავსია. ისინი თითო კარით მხოლოდ შესაბამის განივ მკლავებს უკავშირდება[24].
გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე ხდება ტრომპების განვითარებული სისტემის მეშვეობით. სულ ქვემოთ, კვადრატის კუთხეებში ოთხი დიდი ნახევარკონუსური ტრომპია. მათსა და ოთხ გუმბათქვეშა თაღზე ამოყვანილია მაღალი რვაწახნაგა ყელი. ყელის ზედა კუთხეებში მოთავსებულია მეორე რიგის რვა მომცრო ტრომპი, ხოლო მათ ზემოთ მესამე რიგის კიდევ უფრო პატარა თექვსმეტი ტრომპი. ისინი ფართოდაა გადაშლილი და ქვემოდან ნახევარდისკოებს ჰგავს[24]. აღსანიშნავია, რომ ა. პავლინოვის ნახაზზე[25] ხანძთის გუმბათი არასწორადაა გამოსახული, როგორც რვანაწილიანი შეკრული კამარა. ამგვარადვეა იგი აღწერილი ტექსტშიც[26]. როგორც ჩანს ტრომპების მეორე და მესამე რიგი ა. პავლინოვმა ვერ შენიშნა. ეს შეცდომა ყველა გამოცემაში მეორდებოდა 1990–იან წლებამდე[27].
ტაძარს ორი შესასვლელი აქვს — სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხილს ნაწილებში სიმეტრიულად გაჭრილი. შიდა სივრცეს რვა სარკმელი ანათებს, მათგან ოთხი გუმბათის ყელშია, ხოლო დანარჩენები აფსიდასა და მკლავებში. პასტოფორიუმებს ასევე თითო სარკმელი აქვთ აღმოსავლეთიდან[24].
ხანძთის ეკლესია კლარჯეთის არქიტექტურის ახალი ეტაპის წარმომადგენელია. მთელი რიგი სიახლეებით (თლილი ქვის საფასადო პერანგი, გუმბათის ყელის თაღნარი და ტეხილი კარნიზი, ფართო თავსართები და სხვა) იგი არის არა მარტო ოპიზისა და დოლისყანის წინამორბედი, არამედ დავით კურაპალატის მიერ ტაოში აგებული დიდი ტაძრებისაც[28].
აღსანიშნავია, რომ ხანძთა ერთადერთია კლარჯეთის შემორჩენილ ეკლესიებში, რომელიც ჩახაზული ჯვრის გეგმაზეა აგებული. ყველა სხვა გუმბათოვანი ეკლესია croix libre–ის ბირთვზე კუთხის სათავსების დამატებითაა ნაგები. დავით ხოშტარია აღნიშნავს, რომ კლარჯეთში წინამორბედის არმქონე სტილის ტაძრის აგება მისი არქიტექტორის „არალოკალურ“ გამოცდილებაზე, ქვეყნის სხვა რეგიონების არქიტექტორის ცოდნაზე მიუთითებს[28].
X საუკუნემდე საქართველოში ჩახაზული ჯვრის ტიპის რამდენიმე ეკლესია აშენდა, თუმცა ხანძთის უშუალო პროტოტიპი არც ერთი მათგანი არ ყოფილა. გეგმის პროპორციებითა და ზოგადი კომპოზიციით მასთან ყველაზე ახლოს დგას სამშვილდის სიონი (761–778)[29]. ბურჯის დამატებითი წყვილი დასავლეთის მკლავში არის ის უმთავრესი თავისებურება, რაც ამ ორ შენობას განასხვავებს ტიპოლოგიურად მონათესავე სხვა ეკლესიებისაგან (წრომი, ბარცანა, იყალთო, ოზაანი)[28].
ინტერიერი
ტაძრის ინტერიერში ძირითად ყურადღებას იქცევს დეტალების განსაკუთრებით გულმოდგინედ გულმოდგინე დამუშავება. გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში აყოლებულია მსხვილი ლილვები, რომლებიც მხოლოდ ¼–ით არიან შერწყმული კუთხეში. ასეთი გამოწევა მათ პლასტიკურად უფრო მეტად მეტყველს ხდის. ასევე ლილვურია გუმბათქვეშა თაღების შიდა საფეხურები. ამ თაღების უკან მოკლე შეკიდული პილასტრებია, რომლებსაც ეფუძნება მკლავების პირითა თაღები. პილასტრების გაფორმებაში გამოყენებულია მრგვალი ფორმები; ისინი ნაოთხალი ლილვის პროფილის კრონშტეინებზე დგას და დაახლოებით შუაწელზე კიდევ თითო ამგვარივე კრონშტეინს შეიცავს[24].
დღეისათვის ჩანგრეულია სატრიუმფო თაღი, თუმცა შემონახულია მისი პროფილირებული იმპოსტები. მათ გაყოლებაზე აფსიდის წყობაში ქვების დაბალი რიგი გადის, რომელიც ადვილად განირჩევა თანაბარზომიერ რიგებს შორის; ეს რიგი კონქის ძირში სარტყლის შთაბეჭდილებას ქმნის[24].
შიგნიდან კედლების უხეში წყობა, როგორც ჩანს, თავიდანვე შელესილი იყო. ზოგ ადგილზე დღემდეა შემორჩენილი ბათქაშის ფრაგმენტები. 1904 წელს ნიკოლოზ მარმა სატრიუმფო თაღზე ნახა კედლის მხატვრობის ნაშთიც — ტოლმკლავა ჯვარი და წმინდანთა თუ ანგელოზთა ფიგურების შარავანდები ფრესკული წარწერებით[30].
ფასადი
გარედან განვითარებული არქიტექტურული გაფორმებით გამოირჩევა გუმბათი. მის თორმეტწახნაგა ყელს გასდევს დეკორაციული თაღნარი, რომელიც წიბოებზე აყოლებულ შეწყვილებულ ლილვურ ნახევარსვეტებზე გადადის. ნახევარსვეტების ბაზისები და კაპიტელები ფაქიზადაა დამუშავებული. ასევეა დამუშავებული რთულად პროფილირებული სარტყელი ყელის ძირში (ზემოდან ქვემოთ: ძლიერშვერილი თხელი თარო, ⅔ ლილვი, უფრო შეწეული ⅔ ლილვი, ღრმა ღარი, ძლიერშვერილი თარო, ფოსო). გუმბათის ყელის კარნიზი ტეხილია და ყოველი წახნაგის თავზე ფრონტონს ქმნის, რის გამოც სახურავს ნახევარგაშლილი ქოლგის ფორმა აქვს[31].
ცალკეული ელემენტების გასაძლიერებლად გუმბათის ყელზე დაფერვაც იყო გამოყენებული. ვახტანგ ჯობაძე აღნიშნავს ძოწისფერი პიგმენტის კვალს ნახევარსვეტებზე გუმბათის ყელის დასავლეთ მხარის ქვედა ნაწილში და ფიქრობს, რომ ისინი მთლიანად უნდა ყოფილიყო დაფერილი[32].
გუმბათთან შედარებით სადაა ძირითადი კორპუსის ფასადები. დეკორის კვალი ჩანს აღმოსავლეთ ფასადზე. აქ სამივე სარკმელს ჰქონდა თავსართები მძლავრი ფართო რკალითა და მოკლე გადანაკეცებით. შემორჩენილია შუა დიდი თავსართის გადანაკეცები, რომლებიც მუქი წითელი ქვითაა გამოყვანილი და მკაფიოდაა გამოყოფილი გლუვი ქვიშისფერი ფასადისაგან. თავსართის ზემოთ ასეთივე წითელი ქვის სადა ჯვარი იყო, რომლისაგანაც დარჩენილია ჰორიზონტალური მკლავები. პასტოფორიუმების სარკმელების თავსართები მთლიანად დაკარგულია, მაგრამ წყობაში მათი კონტურები განირჩევა. ისინი შუასთან შედარებით ბევრად მცირე ზომისა იყო[31].
ჩრდილოეთის კარის წინ ეკლესიას აქვს უხეიროდ ნაგები გვიანი ხანის სამკუთხა მინაშენი. ა. პავლინოვმა ის თავის გეგმაზე ძირითადი ფერით დაიტანა[33], რის გამოც ბოლო დრომდე ყველა გამოცემაში ეკლესიის ძირითადი გეგმა ამ მინაშენიანად მოჰქონდათ[31].
აღმოსავლეთ მხარეს ეკლესიის ფასადის ქვემოთ სუბსტრუქცია 4–5 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული. ეს კედელი ამოყვანილია უხეშად დამუშავებული ლოდების ცხრა რიგით. ეკლესიის ძირი სუბსტრუქციისაგან თლილი ბაზალტის კარნიზითაა გამოყოფილი[34].
სხვა სამონასტრო ნაგებობები
ხანძთის მთავარი ეკლესიის გარდა ხანძთის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს სხვა შენობა–ნაგებობებს, მათ შორის სატრაპეზოს, მცირე სამლოცველოებს, სენაკებს, სამრეკლოს, წყაროს და სხვა.
სატრაპეზო
მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დგას ძლიერ დანგრეული სატრაპეზო. ნაგებია დიდი და უხეშად დამუშავებული ქვებით. სატრაპეზო წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებულ მართკუთხა ნაგებობას ერთი ვრცელი დარბაზით. დარბაზს თაღების მწკრივი ორ ტოლი სიგანის ნავად ჰყოფდა. თაღები ეყრდნობოდა ოთხ ჯვრისებრი გეგმის ბურჯს. ნავები გადახურული იყო ცილინდრული კამარებით. ორკალთიანი სახურავის ქვეშ, კამარების ზემოთ, ალბათ სხვენის სათავსი იქნებოდა. სატრაპეზოს იატაკის ქვეშ სუბსტრუქციაში მოწყობილია დიდი ოთახი, რომელსაც ვახტანგ ჯობაძე საკუჭნაოდ მიიჩნევს[35].
ვახტანგ ჯობაძე თვლის, რომ სატრაპეზოს სამშენებლო ტექნიკა, კერძოდ კი უზარმაზარი, უხეშად გათლილი ქვების ხმარება და მინიმალური სიგანის გული კედლის შიდა და გარე პერანგს შორის, ადრეულ თარიღზე უნდა მიუთითებდეს. იგი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ნაგებობა VIII საუკუნის ბოლოთი ანუ მონასტრის დაარსების ხანით დათარიღდეს[35]. ამ მოსაზრებას არ იზიარებს და საეჭვოდ მიიჩნევს დავით ხოშტარია. იგი თვლის, რომ თუკი გრიგოლ ხანძთელს შეეძლო ამხელა საკუჭნაოს ქვით აშენება, პირველ ეკლესიას ხის მასალით აღარ ააგებდა. სატრაპეზოს იგი არც პირველი განახლებისდროინდელ (820 წლისათვის) ნაგებობად მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, არქიტექტურა უფრო განვითარებულ სამშენებლო კულტურას მოწმობს. დავით ხოშტარია ამ ნაგებობას X საუკუნით ათარიღებს და არ გამორიცხავს, რომ მისი არქიტექტორიც, ისევე როგორც მთავარი ტაძრისა, ამონა იყო[36].
სხვა შენობები
ეკლესიასა და სატრაპეზოს შორის ჩაშენებულია მცირე ზომის სამლოცველო (სავარაუდოდ X საუკუნისა) და სენაკები. ვახტანგ ჯობაძის დაკვირვებით, სენაკები სამ სართულად იყო განლაგებული; ქვედა სართულები დღეს მიწაშია ჩამარხული[37]. ზედა სართულზე ჩამწკრივებულია სამი ერთნაირი ვიწრო და გრძელი მართკუთხა ოთახი, რომლებსაც შესასვლელები დასავლეთიდან აქვს[36].
ეკლესიის დასავლეთით დგას კარგად შემონახული სამრეკლოს შენობა. ის ტრადიციულად ორსართულიანია. ქვედა იარუსს შეადგენს კუბური მოცულობა შიგ ერთი სათავსით, ზედას კი — რვათაღიანი ფანჩატური, საკუთრივ სამრეკლო. ფანჩატურს აქვს ქვის ლორფინით დაბურული დაბალი კონუსური სახურავი[36].
სამრეკლოს კედლებზე ოთხი წარწერაა შემორჩენილი, რომლებშიც იხსენიებიან სამრეკლოს მშენებლობის ქტიტორი მარკოზი, ხანძთის მონასტრის დეკანოზი ანტონე და კალატოზები აბესალმა კლდელი (სავარაუდოდ უფროსი კალატოზი), ქამირი, ყაზანი და მსახურა[38][39][40]. აქ მოხსენიებულ მარკოზს მეცნიერები აიგივებენ კლარჯ მღვდელ-მონაზონ მარკოზთან, რომელიც 1545 წლის ახლოს ხანძთიდან სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში გადავიდა. სინას სულთა მატიანის ერთ–ერთ მინაწერში იგი თავის თავს „ჴანცთასა სამრეკლოსა აღმშენებელსა“ უწოდებს. სამრეკლო მას 1540–იან წლებში უნდა აეგო[41].
მონასტრის გალავნის გარეთ არქიტექტურულად გაფორმებული წყაროა, რომელზეც დაშენებულია პატარა დარბაზული სამლოცველო. დღეისათვის ამ სამლოცველოს გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები მონგრეული აქვს. სამლოცველო სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვებითაა ნაგები და შიგნითაც და გარედანაც სრულიად სადაა[42].
ვახტანგ ჯობაძე ფიქრობს, რომ წყაროს სამლოცველო დაახლოებით მაშინ აშენდა, როცა გაბრიელ დაფანჩული მონასტერში ახალ ეკლესიას აგებდა. იგი უარყოფს პავლე ინგოროყვას ვარაუდს, რომ წყაროს სამლოცველო სწორედ გაბრიელ დაფანჩულის ეკლესიაა; ამის დასამტკიცებლად ვახტანგ ჯობაძეს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს:
წარწერები
ცნობილია ექვსი წარწერიანი ფილა ხანძთიდან[44]. მათგან ხუთი პირველად ნიკო მარმა გამოსცა[45], ხოლო ერთი — ექვთიმე თაყაიშვილმა[46]. ნიკო მარი ასახელებს ასევე წარწერის გაურკვეველ ფრაგმენტს, რომელიც ნახა ეკლესიის სამხრეთის კარის ტიმპანზე[47]. ამ ფილათაგან ოთხი დღეს დაკარგულია, ორი კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ისინი წარმოადგენს ოთხი ან, შესაძლოა, სამი წარწერის ძლიერ დაზიანებულ ფრაგმენტებს, რომელთა რეკონსტრუქციაც დღემდე ზუსტად არ მომხდარა.
თავისი შინაარსით უნიკალურია წარწერა, რომელსაც ნ. შოშიაშვილი პალეოგრაფიული ნიშნებით X საუკუნით ათარიღებს და „ნასყიდობის აქტს“ უწოდებს[48]. პავლე ინგოროყვამ ამ წარწერის ნაწილად მიიჩნია ხანძთაში ნაპოვნი მეორე ფრაგმენტი[49] და სცადა მათი ერთად რეკონსტრუირება[50]. ნ. შოშიაშვილმა ეს თვალსაზრისი ხელოვნურად მიიჩნია[51]. წარწერა ძლიერაა დაზიანებული, მისი აღდგენა კი მხოლოდ პირობითად ხერხდება. წარწერაში მოხსენიებულია ერისთავთერისთავი, რომლის სახელიც „ტ“ ასოზე მთავრდება. პავლე ინგოროყვა ვარაუდობდა, რომ ეს ლიპარიტი უნდა ყოფილიყო, ნ. შოშიაშვილმა კი იგი სუმბატად მიიჩნია. დავით ხოშტარია მიიჩნევს, რომ აქ ახალი ეკლესიის მაშენებელი, აშოტ ერისთავთერისთავი უნდა იგულისხმებოდეს[52].
კარგადაა შემონახული ამ წარწერის რამდენიმე მოაკვეთი. მათგან განსაკუთრებული შინაარსისაა მეოთხე სტრიქონი:
...მას მივყიდეთ ესე ტაძარი...
მანამდე ნახსენებია მამა იოვანე, სავარაუდოდ მონასტრის წინამძღვარი. ტექსტიდან ჩანს, რომ მან ვიღაცას (ვინაობა არ ჩანს წარწერის დაზიანების გამო) „მიჰყიდა“ ტაძარი. ეკლესიის გაყიდვა უცნობია როგორც ქართული, ისე სრულიად ქრისტიანული სამყაროს პრაქტიკაში. დ. თუმანიშვილის მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ აქ შესაძლოა რაიმე უფლების გაყიდვა იგულისხმებოდეს, მაგალითად მონასტრის ეკლესიაში დასაფლავებისა. ამ აზრს იზიარებს დავით ხოშტარიაც[52].
პირობითია ნ. შოშიაშვილის მიერ სხვა ორი ფრაგმენტის შეერთებით მიღებული წარწერის წაკითხვის მცდელობაც, რომლის მიხედვითაც დავით კურაპალატს ხანძთაში სტოა აუშენებია[53]. გამომცემელმა ეს წარწერები 979–1001 წლებით დაათარიღა. დავით ხოშტარია მიუთითებს, რომ ამგვარ რეკონსტრუქციას არ აქვს მტკიცე საფუძველი. მის აზრს ამყარებს ისიც, რომ მონასტერში X საუკუნის II ნახევრის სტოა არსად არ ჩანს[36].
შემორჩენილია ასევე ოთხი წარწერა, რომლებიც სამრეკლოს კედლებზეა. აქ მოხსენიებულია სამრეკლოს ქტიტორი, კალატოზები და რამდენიმე ხანძთელი მოღვაწე (იხილეთ ქვეთავში „სხვა შენობები“).
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, ISBN 99940-11-94-4
- W. Djobadze, A Brief Survey of the Monastery of St George in Hanzta, Oriens Christianus, B. 78, 1994
- W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klardjeti and Savseti, Stuttgart, 1992
- ვ. ჯობაძე, ხანძთის წმ. გიორგის მონასტერი (მოკლე მიმოხილვა), არტანუჯი, 4, 1995
- Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Кларджию. წიგნში: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского. Грузинский текст. Введение, издание, перевод Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, С.-Петербург, 1911
- დ. ბერძენიშვილი, ლ. მენაბდე, ქსე, ტ. 11, გვ. 434, თბ., 1987
- გიორგი კალანდია (2008). „ხანძთის ტაძრის მომავალი“ (PDF). „სტილი“ (ქართული და ინგლისური). „ომეგა თეგი“ (№26): 146–151. ISSN 1987-5355. დაარქივებულია ორიგინალიდან (pdf) — 2013-10-03.
- А. Павлинов, Экспедиция на Кавказ 1888 года, Материалы по Археологии Кавказа, вып. III, Москва, 1893
რესურსები ინტერნეტში
- მოგზაურობა ტაო–კლარჯეთში, ხანძთა დაარქივებული 2015-04-29 საიტზე Wayback Machine.
- ამბიონი. ხანძთა ნელ–ნელა ინგრევა
- თურქეთში ქართული ტაძრების რესტავრაციის სანაცვლოდ ოთხი მეჩეთის აღდგენას სპეციალისტები აფასებენ
- საქართველოს საპატრიარქოს განცხადება თურქეთში ქართული ტაძრების, ხოლო საქართველოში მეჩეთების რესტავრაციასთან დაკავშირებით // Presage.tv
- ბუბა კუდავა, ტაო-კლარჯეთი (ფოტოემოციები)
სქოლიო
- ↑ ბერძენიშვილი დ., მენაბდე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 434.
- ↑ Материалы по археологии Кавказа, собранные экспедициями Московского археологического общества, Вып. 3, М. 1893
- ↑ Документ печатно-рукописный. Свидетельство № 699 Императорского Московского Археологического общества о поручении И.Ф.Барщевскому произвести археологические раскопки и фотосъемку древностей в Абхазии, Батумской и Карской областях и об оказании ему содействия. 1886 г., 30 апреля[მკვდარი ბმული]
- ↑ Документ печатно-рукописный. Открытое предписание № 453 помощника Кутаисского военного губернатора об оказании содействия члену комиссии Московского Императорского Археологического общества г. Барщевскому. 1888 г., 27 июля[მკვდარი ბმული]
- ↑ გვ/ Такайшвили Е., Археологическiя экскурсiи, разысканiя и заметки : Выпускъ II, Тифлисъ, 1905, 59-61
- ↑ წყობილ–სიტყუაობა, გამომცემელი პლ. იოსელიანი, ტფილისი, 1853, გვ. 124–126
- ↑ ა. ქუთათელაძე, საისტორიო და საბიბლიოგრაფიო წერილი, ჯვარის მონასტერი და მისი მდგომარეობა 1845 წლამდე. ივერია, NN70, 72–73, 1889
- ↑ თ. ჟორდანია, ქრონიკები I, გვ. 98–99
- ↑ სამი ისტორიული ხრონიკა, გამოცემული ე. თაყაიშვილის მიერ, ტფილისი, 1890, გვ. XXI-XXIII
- ↑ დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 94–95
- ↑ Н. Марр. Дневник, გვ. 125 და შემდგომნი.
- ↑ პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 311–314
- ↑ W. Djobadze, Monasteries, გვ. 37–38
- ↑ W. Djobadze, A Brief Survey of the Monastery of St George in Hanzta, Oriens Christianus, B. 78, 1994, გვ. 175–176
- ↑ ვ. ჯობაძე, ხანძთის წმ. გიორგის მონასტერი (მოკლე მიმოხილვა), არტანუჯი, 4, 1995, გვ. 71–72
- ↑ ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, გვ. 396
- ↑ ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, გვ. 411
- ↑ 18.0 18.1 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 95
- ↑ ცხორება გრიგოლ ხანძთელისა, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, ილ. აბულაძის რედაქცია, თბილისი, 1963, გვ. 257
- ↑ 20.0 20.1 20.2 20.3 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 97
- ↑ 21.0 21.1 ცხორება გრიგოლ ხანძთელისა, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, ილ. აბულაძის რედაქცია, თბილისი, 1963, გვ. 227
- ↑ გიორგი კალანდია (2008). „ხანძთის ტაძრის მომავალი“ (ქართული, ინგლისური), „სტილი“ (№26): გვ. 146-151. ISSN 1987-5355.
- ↑ 23.0 23.1 23.2 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 98
- ↑ 24.0 24.1 24.2 24.3 24.4 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 99–100
- ↑ А. Павлинов, Экспедиция на Кавказ 1888 года, Материалы по Археологии Кавказа, вып. III, Москва, 1893, ტაბ. XXIV
- ↑ А. Павлинов, Экспедиция на Кавказ 1888 года, Материалы по Археологии Кавказа, вып. III, Москва, 1893, გვ. 67
- ↑ დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, სქოლიო N 270
- ↑ 28.0 28.1 28.2 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 106
- ↑ Н. Чубинашвили, Самшвилдский Сион, Тбилиси, 1969, ტაბ. 4.
- ↑ Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Клардэтию, გვ. 146–147
- ↑ 31.0 31.1 31.2 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 104
- ↑ W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klardjeti and Savseti, Stuttgart, 1992, გვ. 32
- ↑ А. Павлинов, Экспедиция на Кавказ 1888 года, Материалы по Археологии Кавказа, вып. III, Москва, 1893, ტაბ. XXXIV
- ↑ დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 106
- ↑ 35.0 35.1 ვ. ჯობაძე, ხანძთის წმ. გიორგის მონასტერი, გვ. 64
- ↑ 36.0 36.1 36.2 36.3 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 109
- ↑ ვ. ჯობაძე, ხანძთის წმ. გიორგის მონასტერი (მოკლე მიმოხილვა), არტანუჯი, 4, 1995, გვ. 65
- ↑ Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Клардэтию, გვ. 143–145, ტაბ. 51–52
- ↑ W. Djobadze, Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klardjeti and Savseti, Stuttgart, 1992, გვ. 38–39, სურ. 8–9, ტაბ. 40–41
- ↑ დ. კლდიაშვილი, სინას სულთა მატიანე. მარკოზი – ხანცთას სამრეკლოს მაშენებელი და სინას სულთა მატიანის ბოლო შემავსებელი, ლიტერატურა და ხელოვნება, N3, 1999, გვ. 53–56, სურ. 3–6
- ↑ დ. კლდიაშვილი, სინას სულთა მატიანე. მარკოზი – ხანცთას სამრეკლოს მაშენებელი და სინას სულთა მატიანის ბოლო შემავსებელი, ლიტერატურა და ხელოვნება, N3, 1999, გვ. 61
- ↑ ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 110
- ↑ ვ. ჯობაძე, ხანძთის წმ. გიორგის მონასტერი (მოკლე მიმოხილვა), არტანუჯი, 4, 1995, გვ. 66–67
- ↑ ლაპიდარული წარწერები I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1980, წარწერა NN 167–170, გვ. 294–301
- ↑ Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Клардэтию, გვ. 140, 143, 145–146, 202, ტაბ. 53, 64
- ↑ Е. Такаишвили, Грузинские надписи на археологических предметах, хранящихся в Кавказском музее в Тифлисе, Археологические экскурсии, разыскания и заметки, вып. II, Тифлис, 1905, გვ. 59–61
- ↑ Н. Марр, Дневник поездки в Шавшию и Клардэтию, გვ. 148
- ↑ ლაპიდარული წარწერები I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1980, წარწერა N167, გვ. 294–296, ტაბ. 112–1
- ↑ ლაპიდარული წარწერები I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1980, გვ. 297, წარწერა N168
- ↑ გიორგი მერჩულე, გვ. 212–213
- ↑ ლაპიდარული წარწერები I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1980, გვ. 295
- ↑ 52.0 52.1 დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბილისი, 2005, 2009, გვ. 108
- ↑ ლაპიდარული წარწერები I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბილისი, 1980, გვ. 298–299, წარწერა N169