ნუკას საყდარი, ნუკა-საყდარი — შუა საუკუნეების ქართული ეკლესია და მონასტერი ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ართვინში — ისტორიულ კლარჯეთში. მდებარეობს მდ. კარჩხალას ხეობაში, სოფელ ვერანაბაღის პირდაპირ, ხანძთის ზემოთ აღმართული კლდოვანი მთის კონცხზე. ტაძრის ზემოთაა განლაგებულია სოფელი შუა ფორთა.

ნუკას საყდარი
ნუკას საყდარი — თურქეთი
ნუკას საყდარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°14′41″ ჩ. გ. 42°05′47″ ა. გ. / 41.24472° ჩ. გ. 42.09639° ა. გ. / 41.24472; 42.09639
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა თურქეთი
პროვინცია ართვინი
მუნიციპალიტეტი ართვინი
ადგილმდებარეობა სოფ. შუა ფორთა.
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ორნავიანი ბაზილიკა
თარიღდება IX საუკუნე
დეტალები

არ იხსენიება ისტორიულ წერილობით წყაროებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფით შედის ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში. უმოქმედოა.

ხუროთმოძღვრება

რედაქტირება

ეკლესია წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, სამხრეთით ერთი წრიული გამყოფი სვეტით. ცენტრალური ნავი აფსიდით სრულდება, სამხრეთით კი დამატებითი სათავსია. ჩრდილოეთით მხოლოდ მცირე სადგომია საკურთხევლის გასწვრივ, რომლის ჩრდილოეთ კედელს კლდე წარმოადგენს. ეკლესიის იატაკის ქვეშ კრიპტა უნდა ყოფილიყო. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა, სარკმლები თითო-თითოა დასავლეთით და სამხრეთით, სამიც – აღმოსავლეთით. გააჩნია ცალკე გამოყოფილი სათავსები საკურთხევლის ორივე მხარეს, რაც ერთადერთი შემთხვევაა ქართულ ორნავიან ტაძრებში. ნაგებია ცუდად გათლილი ქვის კვადრებითა და მოკლებულია ყოველგვარ შემკულობას. ნაშენებია ადგილობრივი კლდოვანი ქვით. ნუკას საყდარი კონსტრუქციული ტექნიკით IX საუკუნის ეკლესიათა დამახასიათებელი თვისებების მატარებელია (პარეხი, ესბეკი).

ბაზილიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს მონასტრის სხვა ნაგებობები – გალავნის კედელი შესასვლელი კარით, რომელსაც თაღოვანი გადახურვა აქვს, მასშივე ჩაშენებული კოშკისმაგვარ ნაგებობა და ნიშები. ეს შენობები, რომლებიც ნიკო მარს აქვს აღწერილი, მის დროს უკვე საკმაოდ დანგრეული და შებღალული ყოფილა.

იდენტიფიკაცია

რედაქტირება

პირველი ცნობებები ძეგლის შესახებ ნ. მარის „შავშეთისა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურში“ მოგვეპოვება. მან ტაძრის ორი ფოტო გამოაქვეყნა და დეტალურადაც აღწერა, რადგან ხანძთის უმნიშვნელოვანეს მონასტრად მიიჩნია.

პავლე ინგოროყვამ დაასაბუთა ამ მოსაზრების მცდარობა. იგი ფიქრობდა, რომ ნუკა-საყდარი არის VI-VII საუკუნეებში არსებული ფორთის საეპისკოპოსოს კათედრალი, რომლის არსებობაც დვინის 506 წლის საეკლესიო კრების დამსწრე ქართველ ეპისკოპოსთა ჩამონათვლიდან ჩანს.

ვარაუდი გამოთქვა დ. კლდიაშვილმა. მისი აზრით, ნუკა-საყდარი არის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული დაფანჩულთა საგვარეული სამარხი გუნათლის ვანი.

წერილობით ცნობათაგან ნუკა-საყდარს, ყველაზე მეტი ალბათობით, უკავშირდება ჟამთააღმწერლის მონათხრობი დაახ. 1280 წლის, ოპიზის მონასტრის დამარბეველი, მონღოლთა ლაშქრობის შესახებ. ოპიზას მიახლოებული მონღოლები

 
„დადგეს მთისა მის ძირსა, რომელსა ზედა შენ არს ეკლესია წმიდისა გიორგისი, რომელ არს [შორის] ოპიზას და მიძნაძორსა.“

ადგილის ამგვარი განსაზღვრება – მთაზე, ოპიზასა და მიძნაძორს შორის – მიესადაგება მხოლოდ ხანძთის მონასტერსა და ნუკა-საყდარს, ამასთან ხანძთა სწორედ წმ. გიორგის სახელობისაა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ჟამთააღმწერელს სახელგანთქმული სავანე მთის სახელწოდებით მოეხსენიებინა და არა ხანძთად.

გარკვეულ მითითებას შეიცავს თვით ტოპონიმიც: სიტყვა „ძეგლი“-ს ერთ-ერთი მნიშვნელობა ძველ ქართულში არის სვეტი. მართლაც, კლდე, რომელზეც დგას ნუკას საყდარი, კოლოსალურ ბუნებრივ სვეტს წააგავს და სავსებით ბუნებრივია, რომ მას „ძეგლი“ შერქმეოდა. ამდენად, სავარაუდოა, რომ ძეგლის წმ. გიორგი სწორედ გვიანდელი ნუკას საყდარი უნდა იყოს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დ. ხოშტარია — კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, არტანუჯი, 2005.