
არადეთი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეთის თემში. მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთ ფრონის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1-ის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 660 მეტრზე, ქარელიდან 7 კილომეტრში. მოსახლეობა მისდევს მეხილეობასა და მებოსტნეობას. არადეთი იხსენიება XI საუკუნეში, განძის ამირა ფადლონისა და ბაგრატ IV-ის ბრძოლებთან დაკავშირებით. ამ ბრძოლაში მხარდაჭერისათვის ბაგრატ IV-მ არადეთი კახთა მეფე აღსართან I-ს უბოძა. 1483 წელს სოფლის მიდამოებში გაიმართა არადეთის ბრძოლა. ერთმანეთს შეებრძოლნენ კონსტანტინე II-ის მომხრეები და ყვარყვარე II ჯაყელი ათაბაგი. XV-XVI საუკუნეებში არადეთი საამილახვროში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში თეიმურაზ I-მა არადეთი მოღალატე ანდუყაფარ ამილახვარს ჩამოართვა და სახასოდ აქცია. 1794 წელს ერეკლე II-მ სოფელი თავად წერეთელს უბოძა. არადეთი მოსახლე სოფლის სახელით მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში. 1910 წელს სოფელი შეისწავლა და აღწერა ივანე ჯავახიშვილმა. სოფლის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლია შემორჩენილი. აღსანიშნავია ციხესიმაგრე სამი მრგვალი კოშკით. ციხესიმაგრე აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის I ნახევარში. მის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე დგას წმინდა საბას სახელობის დარბაზული ეკლესია, რომლის წარწერიდან ჩანს, რომ იგი 1666 წელს აუგია როსტომ მეფის მეუღლეს მარიამ დედოფალს.

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი (დ. 26 აპრილი [ძვ. სტ. 14 აპრილი], 1811/1814 სოფ. მერეთი, გორის მაზრა — გ. 5 ნოემბერი [ძვ. სტ. 24 ოქტომბერი], 1887, სტავროპოლი, რუსეთის იმპერია) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1864-1870 წლებში, სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე, ტფილისის ქალაქის თავი 1875-1879 წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე 1879-1882 წლებში, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1885-1886 წლებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად (2007). დიმიტრი ყიფიანი იყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის მოსწავლე (1830) და შემდგომ გიმნაზიად გადაკეთებული სასწავლებლის გეოგრაფიის, არითმეტიკის, ქართულისა და რუსული ენის, სუფთად წერის მასწავლებელი. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო გადასახლებული იყო ვოლოგდაში, სადაც გუბერნატორის კანცელარიაში მუშაობდა. აქედან დაიწყო მისი სახელმწიფო მოხელეობის კარიერაც. იგი 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმიანოაბში აქტიურად ჩაერთო. 1837-1864 წლებში იყო მთავარმართლებლის კანცელარიის თანამშომელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე. იგი, აგრეთვე, იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. 1886 წელს ტფილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. წყევლის საპასუხოდ ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო ის თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც იმპერატორის აგენტებმა მოკლეს.
|

კავკასიონი (რუს. Большой Кавказ; აზერ. Qafqaz dağları) — ვრცელი მთათა სისტემა კავკასიაში, ევროპისა და აზიის მიჯნაზე. განფენილია რუსეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. შედგება რამდენიმე ქედისაგან და წარმოადგენს ერთ მთლიან თითქმის სწორხაზოვან მთაგრეხილს, რომელიც გადაჭიმულია დასავლეთ-ჩრდილო-დასავლეთიდან აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ შავსა და კასპიის ზღვებს შორის, დაახლოებით 1500 კმ-ზე, მინიმალური სიგანე 32 კმ, ხოლო მაქსიმალური სიგანე 180 კმ აღწევს. ფართობი 145 ათასი კმ². თავისი ბოლოებით ტამანისა და აფშერონის ნახევარკუნძულებშია შეჭრილი, ერთი მხრივ, აზოვისა და შავ ზღვას შორის, მეორე მხრივ, კასპიის ზღვის შუა და სამხრეთ ნაწილებს შორის. კავკასიის, რუსეთისა და მთლიანად ევროპის უმაღლესი წერტილია იალბუზი (5642 მ). კავკასიონის მთიანეთი შედგება რიგი ქედების, ხეობებისა და ქვაბულებისაგან, რომლებიც ართულებენ კავკასიონის მორფოლოგიას. კავკასიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ყუბან-აზოვისპირა დაბლობი, თერგ-კუმის დაბლობი და სტავროპოლის მაღლობი, სამხრეთით განფენილია კოლხეთის დაბლობი და მტკვარ-არაქსის დაბლობი. კავკასიონის ჩრდილო მთისძირიდან კუმა-მანიჩის ღრმულამდე გადაჭიმულია წინაკავკასია. კავკასიონის ოროგრაფიულ ღერძს წარმოადგენს ოროჰიდროგრაფიული კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომელიც უწყვეტად ვრცელდება სისტემის ერთი ბოლოდან მეორემდე. უმაღლესი მწვერვალია შხარა (5201 მ). კავკასიონის სიგანე სხვადასხვა ნაწილში ცვალებადია: ნოვოროსიისკის მერიდიანზე კავკასიონის სიგანე 32 კმ-მდეა, იალბუზის მერიდიანზე ყველაზე უფრო განიერია და 180 კმ აღწევს; ვლადიკავკაზის მერიდიანზე 110 კმ-ია, დაღესტნის მერიდიანზე — 160 კმ. კავკასიონის მრავალი მწვერვალი მოდელირებულია ძველი ეროზიის, მყინვარული და პერიგლაციალური პროცესების მოქმედებით. კავკასიონზე აღმართულია მარადთოვლიანი ყინულებითა და ფირნის მძლავრი ველებით შემოსილი მრავალი ციცაბოკალთიანი, ძნელმისადგომი და დაკბილული მწვერვალი.
„მრისხანების მტევნები“ (ინგლ. The Grapes of Wrath) — ამერიკელი მწერლის, ჯონ სტაინბეკის, 1939 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომელიც რეალიზმის ჟანრს განეკუთვნება. ამ რომანისთვის სტაინბეკს გადაეცა პულიცერის პრემია და ამერიკული წიგნის ეროვნული ჯილდო. „მრისხანების მტევნებმა“ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ავტორისთვის 1962 წელს ნობელის პრემიის მინიჭებაში. გამოცემამდე ზუსტად ოთხი წლით ადრე, 1935 წლის 14 აპრილს, ჩრდილოეთ ტეხასსა და ოკლაჰომას შტატებს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მტვრიანმა ქარიშხალმა გადაუარა. ეს დღე ისტორიაში „შავი კვირა დღის“ სახელით შევიდა. ქარიშხალმა ათასობით ოკლაჰომელის მიგრაცია გამოიწვია. რომანის სიუჟეტი დიდი დეპრესიის პერიოდში ვითარდება და მის ცენტრში ჯოუდების დიდი ოჯახი დგას. მტვრიანი ქარიშხლითა და ველური საბანკო ეკონომიკით გაწამებული ფერმერები სამუშაოსა და საცხოვრებლის გარეშე რჩებიან, მთელ თავიანთ ავლადიდებას ერთ მანქანაზე ტვირთავენ და სამსახურისა და ღირსების საძებნელად კალიფორნიაში გადაწყვეტენ გამგზავრებას. ისტორიული კონტექსტისა და მხატვრული ღირებულების გამო, „მრისხანების მტევნები“ ხშირად არის დისკუსიისა და განხილვის საგანი ამერიკის უმაღლეს სკოლებსა და კოლეჯებში. 1940 წელს კინორეჟისორმა ჯონ ფორდმა რომანის ეკრანიზაცია გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ჰენრი ფონდა ასრულებს. „მრისხანების მტევნები“ მშრომელთა კლასში დიდი სიყვარულით სარგებლობს, რადგან ადვილად შესამჩნევია ავტორის მხარდაჭერა და თანაგრძნობა მიგრანტებისა და მშრომელთა მოძრაობისადმი.
|