პორტუგალიის ისტორია

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პორტუგალიის ისტორია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პორტუგალიის ისტორია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

საკუთრივ პორტუგალიის ისტორია XII საუკუნიდან იწყება, როდესაც ქვეყანაში ბურგუნდიული დინასტიის მმართველობა დამყარდა და ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. მანამდე პორტუგალიას არ გააჩნდა საკუთარი ტერიტორია და ისტორიკოსები ქვეყნის ისტორიას ზოგადად იბერიის ნახევარკუნძულის ისტორიაში განიხილავენ.

დოლმენი Anta de Pendilhe, პორტუგალია
იბერიის ეთნოგრაფია – ძვ. წ. 300 წელი

პრეისტორიული ეპოქა

თანამედროვე პორტუგალიის ტერიტორია დაახლოებით ხუთასი ათასი წლის წინ უკვე დასახლებული უნდა ყოფილიყო. მიიჩნევა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა ნეანდერტალელი ადამიანი, თუმცა ჯერჯერობით სოფელ მუჟესთან, მდინარე ტეჟუს ხეობაში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქვის ხანის ადამიანის ჩონჩხი, რომელიც ძვ. წ. 8000–5000 წწ. განეკუთვნება, აღმოჩენილთა შორის ადამიანის ყველაზე ძველი ისტორიული სადგომია პორტუგალიაში.

ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში ცენტრალური ევროპიდან რამდენიმე ტალღად შეიჭრნენ კელტები და ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილაცია განიცადეს, რის შედეგადაც რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა, მათ შორის გალისიელები ჩრდილოეთ პორტუგალიაში, ლუზიტანიელები ცენტრალურ პორტუგალიაში და კინეტები თანამედროვე ალგარვის ტერიტორიაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯონ კოხის და სხვა მეცნიერების მიხედვით კელტური კულტურა თავდაპირველად სამხრეთ პორტუგალიაში და სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში კარგად არ განვითარდა. ეს მოხდა დაახლოებით 500 წლის შემდეგ აღნიშნული პერიოდიდან.[1]

დამპყრობლები

პირველი დოკუმენტურად დადასტურებული კოლონიზატორები იბერიის ნახევარკუნძულზე ფინიკიელები იყვნენ. ძვ. წ. 270 წელს კართაგენმა თავისი ძალაუფლება გაავრცელა მთელ ნახევარკუნძულზე, საიდანაც ჰასდრულაბი დაემუქრა რომის იმპერიას. ამის შემდეგ ხელი მოეწერა სასაზღვრო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ესპანეთი და მთელი იბერიის ნახევარკუნძული კართაგენის მფლობელობაში გადავიდა.

 
რომაელთა დაპყრობები იბერიის ნ.კ.-ზე

რომაულ პერიოდში პორტუგალიის ისტორია ესპანეთის ისტორიისაგან ძნელად გასარჩევია. იბერიის ნახევარკუნძულზე რომაელები პირველად ძვ. წ. 219 წელს გამოჩნდნენ. მომდევნო 200 წლის განმავლობაში რომის იმპერიამ თითქმის მთელი ნახევარკუნძულის დაპყრობა მოახერხა. კართაგენელები, რომის იმპერიის მოწინააღმდეგეები პუნიკურ ომებში, იძულებული გახდნენ სანაპირო კოლონიები დაეტოვებინათ.

ძვ. წ. 159–ძვ. წ. 135 წლებში თანამედროვე პორტუგალიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ლუზიტანიის ომი რომაული ლეგიონების წინააღმდეგ.

ლუზიტანიის პროვინცია დაარსდა ძვ. წ. 15 წელს და მოიცვა თანამედროვე პორტუგალიის სამხრეთი რეგიონები. იგი ცნობილი იყო თავისი რკინისა და ვერცხლის საბადოებით.

გერმანული ტომები

 
გერმანული სახელმწიფო იბერიაში 560 წელს, წითელი — ვესტგუთები, მწვანე — სვებები.
 
ვესტგუთების სამეფო 700 წელს, არაბების დაპყრობების წინ.

რომის გავლენის დაცემის შემდეგ პორტუგალიის ტერიტორიაზე, 409 წლიდან, გაბატონდნენ ვანდალები, შემდეგ კი კავკასიის ჩრდილოეთი რაიონებიდან გადმოსახლდნენ ირანულენოვანი ალანები[2] და კვალავ გერმანული ტომები — სვებები, ხოლო შემდეგ – ვესტგუთები.

414 წელს სვებებმა რომის იმპერიასთან დადეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მათ მიიღეს პირენეზე დასახლების უფლება ფედერატების სტატუსით. მათ დატოვეს გალისია და დღევანდელი პორტუგალიის მნიშვნელოვანი ტერიტორია. სვებების რაოდენობა 30-35 ათასი ადამიანით შემოიფარგლებოდა. ადრეულ პერიოდში სვებების სამეფოს რეზიდენცია იყო ბრაგა, პორტუ და მერიდა. ბრაგა სვებების სახელმწიფოს ცენტრში მდებარეობდა და VI საუკუნეში მისი უმთავრესი რეზიდენცია გახდა. ჯერ კიდევ რომაულ პერიოდში ბრაგა და მერიდა დიდ ქრისტიანულ ცენტრებს წარმოადგენდა; აქ მდებარეობდა საეპისკოპოსოები, გარდა ამისა ეს ქალაქები დაკავშირებულია მრავალი წმინდანის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან.

სვებების შესახებ ცნობებს გვაწვდის V საუკუნის ესპანელი ეპისკოპოსი და ქრონოგრაფი იდაციუსი. მისი ქრონიკების მიხედვით, სვებების ისტორიას შეგვიძლია თვალი მივადევნოთ 469 წლამდე. სვებების კულტურული გავლენა მცირე იყო, მათი ენა გაქრა და არ დაუტოვებიათ არანაირი კვალი. სწორედ ამიტომ, შუა საუკუნეების პორტუგალიელები საკუთარ თავს მიიჩნევდნენ არა სვებების მემკვიდრეებად, არამედ ვესტგუთების.

ვესტგუთების მეფე თეოდორიხ II ჩაება სვებების წინააღმდეგ ომში, შეიჭრა ესპანეთში და 474 წელს დაიკავა თითქმის მთელი პირენეს ნახევარკუნძული. სვებებს დაუტოვა მცირე ტერიტორია ჩრდილოეთ პორტუგალიასა და გალისიაში. სვებების სახელმწიფოს სრული დამორჩილება მოახერხა ვესტგუთების მეფე ლეოვიგილდმა 585 წელს.

არაბები

 
კორდოვის სახალიფო.
 
ისლამური დაპყრობები, 622—750.

711 დან 716 წლამდე მავრებმა (არაბები და ბერბერები) თითქმის მთლიანად დაიპყრეს მთელი ნახევარკუნძული[3]. არაბები ამ პერიოდში ბევრად აღემატებოდნენ ვესტგუტებს, როგორც კულტურულად, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

არაბებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს გააცნეს მიწის მორწყვის სისტემა, რომელიც ერთიორად ზრდიდა მიწის ნაყოფიერებას. IX საუკუნის მეორე ნახევრამდე მავრებმა მთლიანად დაიპყრეს პორტუგალიის ტერიტორია.

722 წლიდან იწყება რეკონკისტა – იბერიის ნახევარკუნძულის ქრისტიანი მოსახლეობის მიერ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პროცესი. მრავალი წლის განმავლობაში (დაახლ. 1000 წლამდე) მდინარე დორუ არაბებსა და ქრისტიანებს შორის გამავალ საზღვარს წარმოადგენდა; ჩრდილოეთი პორტუგალია და გალისია ქრისტიანების ხელში გადავიდა, ხოლო სამხრეთი — არაბებს ეკავათ.

პორტუგალიის საგრაფო

ლეონის სამეფოს ვასალი პორტუგალიის საგრაფო დაარსდა ჯერ კიდევ 868 წელს და მისი პირველი გრაფი ვიმარა პერეში გახდა. 868 წელი ისტორიაში ითვლება პორტუგალიის, როგორც ფეოდალური სამფლობელოს პირველად მოხსენიების თარიღად. საგრაფოს ტერიტორია ძირითადად შედგებოდა მთების, ტყისა და ჭაობებისაგან. ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა მინიო, ხოლო სამხრეთიდან საზღვრავდა მდინარე მონდეგუ. ქვეყნის სახელწოდება (პორტუსელია, ტერა პორტუკალენსისი) მომდინარეობს პატარა პორტის, პორტუს კალესაგან (თანამედროვე ვილა-ნოვა-დე-გაია), რომელიც მდებარეობს ქალაქ პორტუს მახლობლად, მდინარე დორუს შესართავთან.

პორტუგალიის გრაფები აქტიურად მონაწილეობდნენ რეკონკისტაში და ასევე იბრძოდნენ სრული დამოუკიდებლობისათვის. უდიდეს ძლიერებას საგრაფომ გრაფ მენდუ II-ის მმართველობის დროს მიაღწია. მოგვიანებით საგრაფოს ძლიერება დაეცა და მთლიანად გალისიის მფლობელობაში გადავიდა.

საგრაფო აღსდგა 1093 წელს, როდესაც ალფონსო VI კასტილიელიმა აღნიშნული ტერიტორია აჩუქა თავის სიძეს, ენრიკე ბურგუნდიელს.

1139 წელს ენრიკე ბურგუნდიელის შვილმა აფონსუ I-მა თავი მეფედ გამოაცხადა და შეიქმნა პორტუგალიის სამეფო.

პორტუგალიის ისტორიის პერიოდები

ერის ისტორია შეიძლება დაიყოს 11 პერიოდად:

რეკონკისტა

 
პორტუგალიის პირველი მეფე – აფონსუ I

სახელმწიფოს დამაარსებლად ითვლება აფონსუ I, რომელმაც 1139 წლის 25 ივლისს არაბების წინააღმდეგ ურიკასთან ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ თავი პორტუგალიის მეფედ გამოაცხადა (პორტ. Rei dos Portugueses). აფონსუმ ლამეგუში შეკრიბა სამეფო საბჭო და ბრაგანსის არქიეპისკოპოსის ხელით მიიღო სამეფო ტახტი დამოუკიდებლობის დამტკიცებით. ამის შემდეგ პორტუგალია წყვეტს ფეოდალურ დამოკიდებულებას კასტილიასთან და ხდება დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფო[4].

აფონსუ იბრძვის ეკლესიის მიერ მეფედ აღიარებისა და მეზობლების მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობისათვის. მან დააარსა რამდენიმე მონასტერი და მისცა პრივილეგიები რელიგიურ ორდენებს. 1143 წელს მან საკუთარი თავი და სამეფო ეკლესიის მსახურად გამოაცხადა და დადო პირობა, რომ მავრების წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლას დაამთავრებდა. მავრებისაგან 1146 წელს დაიბრუნა სანტარენი, ხოლო 1147 წელს ლისაბონი; ასევე გარკვეული ტერიტორია მდინარე ტეჟუს სანაპიროს სამხრეთით.

ესპანეთის მეფე, ალფონსო VII, აფონსუს ბიძაშვილი, უკმაყოფილო იყო პორტუგალიის დამოუკიდებლობით და ცდილობდა მის დაპყრობას. დაიწყო ომი კასტილიასთან, რომლის საწინააღმდეგოდ აფონსუ I-მა კავშირი დაამყარა არაგონის სამეფოსთან. 1167 წელს აფონსუ დაიჭრა ბადახოსთან ბრძოლაში და ტყვედ ჩაუვარდა ლეონის სამეფოს ჯარისკაცებს. პორტუგალია იძულებული იყო კაპიტულაცია გამოეცხადებინა და დაებრუნებინა ყველა დაპყრობილი ტერიტორია.

1179 წელს რომის პაპმა ალექსანდრე III-მ სპეციალური ბულით აფონსუ პორტუგალიის მეფედ აღიარა. პორტუგალია საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო და აღიკვეთა კასტილიის მიერ ანექსიის მცდელობა.

აფონსუს შვილმა სანშუ I-მა 1189 წელს დაიპყრო ალენტეჟუ და ალგარვი, რითაც თითქმის მთელი პორტუგალია გააერთიანა, მაგრამ ვერ შეძლო წარმატებულად გაეგრძელებინა ტერიტორიების დაბრუნება. ერთი წლის შემდეგ დამარცხდა ალმოჰადების მესამე ემირთან, იაკობ ალ-მანსურთან.

მეფე აფონსუ II ცდილობდა გაეძლიერებინა ომით დასუსტებული ქვეყანა შიგნიდან და ცდილობდა შეესუსტებინა სამღვდელოების პრივილეგიები. მისი შვილი სანშუ II აქტიურად ჩაება რეკონკისტაში, მოაგვარა კონფლიქტი ეკლესიასთან, დაიკავა ალგარვის ნაწილი, მაგრამ ვერ გაუმკლავდა პოლიტიკური ინტრიგებს. პაპმა იგი ერეტიკოსად გამოაცხადა და დაამხო მისი ხელისუფლება, ტახტი გადაეცა მის ძმას — აფონსუ III-ს.

აფონსუ III-მ გააძლიერა კანონიერება ქვეყანაში. 1254 წელს ლეირიაში მოიწვია ქვეყნის პირველი კორტესები, რომელშიც შევიდნენ როგორც დიდებულები, ასევე საშუალო კლასის მოვაჭრეები და ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. ამავდროულად აფონსუ III აგრძელებდა ბრძოლას მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხრეთში. მისი მმართველობის დროს, ფარუს აღების შემდეგ, ალგარვი გახდა სამეფოს შემადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით პორტუგალია ნახევარკუნძულის პირველი ქვეყან გახდაა, სადაც ფაქტობრივად დასრულდა რეკონკისტა. 1267 წელს ბადახოსში პორტუგალიისა და კასტილიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სამხრეთში საზღვრების გამიჯვნის შესახებ, საზღვარი გადიოდა მდინარე გვადიანაზე.

მონარქიის აყვავება

დინიშ I-ის მეფობა გამოირჩევა მონარქიის აყვავებით. მეფემ პორტუგალიური ენა გამოაცხადა ოფიციალურად, ხოლო თვითონ ცნობილი გახდა, როგორც პოეტი. ხანმოკლე კონფლიქტის მიუხედავად კასტილიასთან ომი არ გაჩაღებულა. ფერდინანდ IV-სთან დადო ხელშეკრულება საზღვრების შესახებ, რომელიც დღესაც მოქმედებს.

 
კოიმბრის უნივერსიტეტი

დინიშმა გააგრძელა მამის პოლიტიკა კანონმდებლობის ფორმირებისა და ხელისუფლების ცენტრალიზაციის თვალსაზრისით. ააშენა ბევრი ციხესიმაგრე, დააარსა ბევრი ახალი ქალაქი და მათ მაცხოვრებლებს გარკვეული პრივილეგიები მისცა. შეისწავლა რკინის, კალისა და ვერცხლის საბადოები და დაიწყო მათი ექსპორტი ევროპის ქვეყნებში. პირველი სავაჭრო ხელშეკრულება დადო ინგლისთან 1308 წელს. დააარსა პორტუგალიის ფლოტი. ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მათს ბაზაზე რეგულარული ბაზრების არსებობას.

ქვეყანაში განვითარებული იყო კულტურაც. ლისაბონი ევროპის სამეცნიერო და კულტურული დედაქალაქი გახდა. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ევროპაში ერთ-ერთი უძველესი კოიმბრის უნივერსიტეტი.

სიტუაცია გაუარესდა მისი შვილის – აფონსუ IV-ის მმართველობის დროს. მის დროს დაიწყო სამოქალაქო ომი, რასაც ზედ დაერთო 1344 წლის ძლიერი მიწისძვრა და 1348-1349 წლების შავი ჭირის ეპიდემია. მეფე ებრძოდა მეამბოხე შვილს, პედრუ I-ს, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო სამეფო ტახტი.

პედრუ I ქვეყანას 10 წელი მართავდა. მან პორტუგალია აყვავებული დატოვა. 1367 წელს მეფე ბურგუნდიული დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი — ფერნანდუ I გახდა, რომელიც პრეტენზიას კასტილიის სამეფო ტახტზეც აცხადებდა (დედამისი კონსტანცია კასტილიელი იყო). ტახტის ხელში ჩასაგდებად კავშირი დაამყარა არაგონისა და მუსულმანური გრანადის მმართველებთან, მაგრამ განიცადა რამდენიმე მძიმე მარცხი და სურვილზე ხელი აიღო. ფერნანდუ გარდაიცვალა 1383 წელს, მემკვიდრე არ დარჩენია.

უმეფობა

მემკვიდრის გარეშე გარდაცვლილი ფერნანდუ I-ის შემდეგ დედოფალმა ლეონორ ტელეშ დე მენეზეშმა თავი გამოაცხადა თავისი შვილიშვილის, ხუან კასტილიელისა და ბეატრიზა პორტუგალიელის უფროსი შვილის რეგენტად. აღნიშნული სიტუაციით უკმაყოფილო დარჩა პედრუ I-ისა და ტერეზია ლორენცოს შვილი, ფერნანდუ I-ის ნახევარძმა დონ ჟუანი, ავისის ორდენის მაგისტრი. იგი აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. აჯანყებულებმა 1383 წლის 6 დეკემბერს სამეფო სასახლეში გრაფი ოურენი მოკლეს.

ლეონორა გაიქცა სანტარენში და დახმარება სთხოვა კასტილიას. კასტილიის ჯარი შეიჭრა კიდეც პორტუგალიაში, მაგრამ უშედეგოდ. სულ მალე ხუან კასტილიელმა ღალატის გამო (იგი მის მოწამვლას აპირებდა) ლეონორა გამოკეტა ტორდესილასის მონასტერში, სადაც 1386 წელს გარდაიცვალა.

ექსპანსია მაროკოში

1385 წლის 16 აპრილს კორტესების კრებამ დონ ჟუან ავისელი პორტუგალიის მეფედ გამოაცხადა. სულ მალე კასტილიის ჯარი შეიჭრა პორტუგალიაში ლისაბონის დაპყრობისა და ხელისუფლებიდან ჟუან I-ის ჩამოშორების მიზნით. ხუან კასტილიელის მხარეს იბრძოდნენ ფრანგები, ხოლო ჟუან I-ის მხარეს ინგლისელი ჯარისკაცები. 14 აგვისტოს კასტილიის ჯარი ალჟუბაროტის ბრძოლაში თითქმის მთლიანად განადგურდა. 1390 წელს გარდაიცვალა ხუან კასტილიელი, რის შემდეგაც ჟუანი მშვიდობიანად მართავდა ქვეყანას, აღადგინა მოშლილი ეკონომიკა. 1415 წელს მოაწყო ექსპედიცია აფრიკის ქალაქ სეუტის დასაპყრობად, რაც აფრიკის სანაპიროზე თავისუფალი ზღვაოსნობის საშუალებას აძლევდა პორტუგალიას.

სეუტის დაპყრობა წარმოუდგენელი იყო ტანჟერის აღების გარეშე. 1437 წელს მეფეს ძმებმა დუარტემ, ენრიკემ და ფერნანდუმ შესთავაზეს, გადასულიყო შეტევაზე ტანჟერის მიმართულებით. ექსპედიცია მძიმე მარცხით დასრულდა. ფერნანდუ ტყვედ ჩავარდა ფესში და გარდაიცვალა, მალევე დაიღუპა შავი ჭირისაგან თვით მეფეც.

აფონსუ V-მ ენრიკეს მოუწოდა, მოეწყო ახალი ექსპედიცია და ევაჭრა მონებით. 1452 წელს რომის პაპმა ნიკოლოზ V-მ აღიარა პორტუგალიელთა დაპყრობები აფრიკაში. ენრიკე ზღვაოსანმა კი ხელთ იგდო მონათვაჭრობის მონოპოლია. აფონსუ V-მ მოიპოვა მნიშვნელოვანი თანხები ჯვაროსნული ლაშქრობის მოსამზადებლად, თუმცა პაპის სიკვდილის გამო ეს ლაშქრობა არ შემდგარა.

მეფე ჟუანმა გააძლიერა კოლონიები აფრიკაში და რამდენიმე დასახლება დააარსა გვინეაში. მისი მმართველობის დროს ბარტოლომეუ დიაშმა აღმოაჩინა კეთილი იმედის კონცხი[5].

 
პორტუგალიის კოლონიური იმპერია (1415-1999.
   კოლონიის ტერიტორია
  ინტერესის სფეროები
  გავლენის სფეროები
  მთავარი სანაოსნო მარშრუტები
  გამოკვლეული სანაპირო, მაგრამ არა კოლონიზირებული პორტუგალიის მიერ

პორტუგალიის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა საზღვაო სფეროს ათვისება. უძველესი დროიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეთევზეობა და სავაჭრო გადაზიდვები. ენრიკე ზღვაოსნის ინტერესი ზღვაოსნობისადმი დაკავშირებული იყო საზღვაო ტექნოლოგიების განვითარებასთან, პორტუგალიის გაფართოების სურვილთან და დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებთან.

პედრუ ალვარეშ კაბრალი 1500 წელს ცდილობდა მიეღწია ინდოეთის ზღვისკენ, მაგრამ მკვეთრად გადაუხვია დასავლეთით და აღმოაჩინა ბრაზილია. 1501 წელს ჟუან და ნოვამ ამაღლების კუნძული აღმოაჩინა, ხოლო 1502 წელს კუნძული წმინდა ელენე. 1506 წელს ტრისტან და კუნიამ აღმოაჩინა არქიპელაგი, რომელიც მისივე სახელს ატარებს.

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები პორტუგალიაში დაიწყო მანუელ I-ის მეფობის (1495-1521) დროს.

აღმოსავლეთ აფრიკაში პატარა მუსულმანური სახელმწიფოები გაანადგურეს ან გახადეს პორტუგალიის მუდმივი მოკავშირეები. პედრუ დე კოვილიანმა 1490 წელს მიაღწია აბისინიას (დღევანდელი ეთიოპია). 1501 წელს კაბრალის ერთ-ერთმა გემმა აღმოაჩინა მადაგასკარი, 1507 წელს – მავრიკი, 1506 წელს კი დაიპყრეს სოკოტრა.

კონტინენტურ აზიაში პირველი სავაჭრო პუნქტი კაბრალმა 1501 წელს გახსნა, ქალაქ კალკუტაში[6]. ალფონსუ დ’ალბუკერკემ 1510 წელს დაიპყრო გოა[7], 1511 წელს – მალაკა.

ფერნან პირეშმა 1517 წელს სავაჭრო პუნქტი გახსნა მაკაოში, ხოლო მისი სრული დაპყრობა 1557 წელს მოხერხდა. იაპონია 1542 წელს შემთხვევით აღმოაჩინა სამმა პორტუგალურმა სავაჭრო გემმა.

1522 წელს ფერნანდო მაგელანის გემზე მომსახურე პორტუგალიელებმა, რომლებიც ესპანეთის სამსახურში იმყოფებოდნენ, მოაწყვეს პირველი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.

ბრაზილიის დასახლება

 
ბრაზილიის რუკა, შედგენილი პორტუგალიელი მკვლევარების მიერ 1519 წელს.

1494 წლის ტორდესილასის ხელშეკრულებამ დაადგინა გამყოფი ხაზი: დასავლეთის გრძედის 46 გრადუსიანი მერიდიანის დასავლეთით აღმოჩენილი ყველა ახალი ტერიტორია ცხადდებოდა ესპანეთის საკუთრებად, ხოლო მისგან აღმოსავლეთით აღმოჩენილი ახალი მიწები — პორტუგალიის სამფლობელოებად.

ჟუან III-მ დაიწყო აქტიური კოლონიზაცია. 1530 წელს პორტუგალიიდან ბრაზილიაში ჩავიდნენ პირველი მოსახლეები, რომლებმაც თან წაიყოლეს ჩითილები, ნერგები და მცენარეთა თესლი. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით დააარსეს გამაგრებული დასახლებები, რომელთა შორის პირველი იყო სან-ვინსეტე, თანამედროვე სან-პაულუს შტატში. 1549 წელს დააარსეს კოლონიის დედაქალაქი სალვადორი ბაიას შტატში.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კოლონიების განვითარებასა და პროგრესში იეზუიტმა მისიონერებმა, რომლებსაც ინდიელების გაქრისტიანება ევალებოდათ.

ბრაზილიის სანაპიროზე იზრდებოდა შაქრის ლერწამი. პორტუგალიელებმა დაიწყეს მისი ექსპორტი ევროპაში.

პორტუგალია გახდა ძლიერი და მდიდარი კოლონიური იმპერია.

დინასტიის დაცემა

ჟუან III-ის გარდაცვალების შემდეგ მცირეწლოვანი სებასტიანის რეგენტობა იკისრა კარდინალმა ენრიკემ. სებასტიანს ხიბლავდა საგმირო საქმეები. 1574 წელს, როდესაც სრულწლოვანი გახდა, განახორციელა ექსპედიცია ტანჟერში და წარუმატებლად შეებრძოლა მავრებს. 1578 წელს ელ-ქსარ-ელ-ქებირესთან ბრძოლის დროს დაიღუპა[8]. უმემკვიდრეოდ დარჩენილ ტახტზე ავიდა კარდინალი ენრიკე[9], რომელიც კარდინალის სამოსისაგან განიმოსა და მემკვიდრის ყოლის მიზნით დაქორწინდა კიდეც. ამის გამო რომის პაპმა იგი მეფედ არ აღიარა. ორიოდე წელიწადში გარდაიცვალა ენრიკეც[10], რომელსაც მემკვიდრე არ დარჩენია. სამეფო ტახტი ესპანელი ჰაბსბურგების ხელში აღმოჩნდა.

ესპანური მმართველობა 1580-1640

1578 წელს მეფე სებასტიან I დაიღუპა მაროკოში ავანტიურისტული ომის დროს. მალევე გარდაიცვალა მეფე-კარდინალი ენრიკე. რეგენტთა საბჭომ ახალი მეფის ასარჩევად დანიშნა კრება. ამ სიტუაციით ისარგებლა ესპანეთის მეფე ფილიპე II–მ, რომელიც ყველაზე სასურველი კანდიდატი იყო პორტუგალიის სამეფო ტახტზე. 1580 წელს მან ჰერცოგი ალბა გაგაზავნა პორტუგალიაში, რათა ხელში ჩაეგდო სამეფო ტახტი. მან მალევე დაიპყრო ლისაბონი და ფილიპე II პორტუგალიის მეფედ აირჩიეს, იმ პირობით რომ იგი უზრუნველყოფდა პორტუგალიის სამეფოსა და მისი საზღვრების დაცვას და არ შეუერთებდა მას ესპანეთს. ფილიპე II-ს პორტუგალიის სამეფო ტახტზე ეწოდა ფილიპე I. პორტუგალია 60 წლის მანძილზე წარმოადგენდა ესპანეთის პროვინციას, რომელსაც ვიცე-მეფე მართავდა[11].

 
ბრაგანსის დინასტიის გერბი

1640 წელს პორტუგალიამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სამეფო ტახტზე ავიდა ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი ჟუან IV. ესპანეთმა პორტუგალია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა მხოლოდ 1668 წლის 13 თებერვალს.

XV-XVI საუკუნეების ძლიერი პორტუგალიიდან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. პორტუგალიამ დაკარგა სიმდიდრისა და ძალაუფლების დიდი ნაწილიც ლისაბონის 1775 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად.

პომბალის რეფორმები

პრემიერ-მინისტრი მარკიზ დე პომბალი დიდი ხნის მანძილზე მართავდა სახელმწიფოს. ხელმძღვანელობდა მიწისძვრის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენას. მარკიზ დე პომბალმა გაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც პორტუგალიის აღდგენასა და გაძლიერებას ემსახურებოდა. პომბალმა აიძულა არაქრისტიანები (მუსლიმები, ინდუსები, ებრაელები), მიეღოთ ქრისტიანობა. ამით მან შექმნა თანაბარი სამოქალაქო უფლებები პორტუგალიის ყველა, მათ შორის კოლონიების მაცხოვრებლისათვის.

ნაპოლეონის შეჭრა

1807 წელს ნაპოლეონი მოელაპარაკა ესპანეთს პორტუგალიის გაყოფის შესახებ. ნაპოლეონის დაპყრობების დროს რეგენტმა ჟუან VI-მ დედაქალაქი რიო-დე-ჟანეიროში გადაიტანა. მთელი სამეფო კარი ინგლისის საზღვაო ფლოტის დაცვის ქვეშ ბრაზილიაში გაიქცა. გაერთიანებულმა ინგლის-პორტუგალიურმა ძალებმა შეაჩერეს ფრანგების პირველი შემოტევა, მაგრამ ამას მოჰყვა ფრანგების მეორე და მესამე წარმატებული შეტევები.

რევოლუცია და მიგელისტური ომები

1820 წელს პორტუგალიაში იფეთქა რევოლუციამ, რამაც საფუძველი ჩაუყარა მიგელისტურ ომებს, რომლებიც კონსტიტუციონალისტების გამარჯვებით დამთავრდა.

1821 წელს ჟუან VI დაბრუნდა პორტუგალიაში. მან ვერ შეძლო ბრაზილიის შენარჩუნება და 1826 წელს ბრაზილიამ დამოუკიდებლობ გამოაცხადაა. ჟუან VI–ს შვილი პედრუ IV ბრაზილიის იმპერატორი გახდა, ხოლო ქალიშვილმა, მარია II-მ პორტუგალიის ტახტი მიიღო.

პირველი რესპუბლიკა 1910-1926

 
პირველი რესპუბლიკის ტერიტორიები

XX საუკუნის დასაწყისში პორტუგალიაში პოლიტიკური მდგომარეობა სტაბილური არ იყო. მთავრობა ძალიან ხშირად იცვლებოდა. მოსახლეობის ნაწილი გამოსავალს მონარქიის დამხობაში ხედავდა. 1909 წლიდან აქტიურად დაიწყო აჯანყებები არმიასა და ფლოტში. მიუხედავად ტერორისა და არჩევნების გაყალბებისა, 1910 წლის არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა პარლამენტში 14 ადგილი მიიღეს. 1910 3 ოქტომბერს რესპუბლიკური აჯანყება დაიწყო,[12] ხოლო 5 ოქტომბერს ლისაბონის მუნიციპალიტეტის სასახლეში პორტუგალია რესპუბლიკად გამოცხადდა. შეიქმნა დროებითი მთავრობა თეოფილუ ბრაგას მეთაურობით. 1911 წლის 11 ივნისს ეროვნულმა დამფუძნებელმა ასამბლეამ მიიღო ახალი კონსტიტუცია. პორტუგალია გამოცხადდა რესპუბლიკად და ქვეყნის პირველ პრეზიდენტად მანუელ ჟოზე დე არიაგა აირჩიეს[13].

პორტუგალიის სამეფოს მრავალსაუკუნოვანმა მონარქიულმა ტრადიციებმა კრახი ძალიან მალე განიცადა. რესპუბლიკის არსებობისათვის პირველი ორი წლის განმავლობაში აუცილებელი იყო რეფორმების გატარება: დაიწყო საყოველთო სასკოლო განათლების რეფორმა, 1911 წელს პორტუგალიის მუშათა კლასმა მიიღო გაფიცვის უფლება, ასევე განხორციელდა საგადასახადო რეფორმა. პირველი რესპუბლიკური პარლამენტი არჩეულ იქნა 1911 წლის მაისში.

რევოლუცია მალე გადაიზარდა ანარქიაში. ახალ კანონებს ჩინოვნიკები უგულებელყოფდნენ და ბოროტად იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება დემოკრატიულად აირჩიეს, მთლიანად ჩაეფლო კორუფციაში. მთავრობის წევრებისათვის მექრთამეობა გახდა ძირითადი საარსებო წყარო. ამმხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ფინანსური მაქინატორი არტურო ვირჟილიო რეიესი, რომელიც კერძოდ ბეჭდავდა ესკუდოს, არა როგორც ყალბი ფულის მჭრელი, არამედ პორტუგალიის ბანკის თანხმობით.

1910-1926 წლების ანარქიის დროს პორტუგალიაში შეიცვალა 44 მთავრობა, მოხდა 24 აჯანყება, 15 საყოველთაო გაფიცვა და 17 გადატრიალების მცდელობა. პორტუგალიის პირველ რესპუბლიკას ჩაენაცვლა მეორე რესპუბლიკა, რომელსაც რამდენიმე წელიწადში ესტადო ნოვო უწოდეს (1933-1976).

მეორე რესპუბლიკა 1926-1974

პოლიტიკური ქაოსი, გაფიცვები, უხეში ურთიერთობები ეკლესიასთან და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები. ესაა იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალი, რომლებმაც პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა 1926 წელს დასასრულამდე მიიყვანა. ქვეყანაში ნაცისტური სამხედრო გადატრიალების შედეგად დამყარდა ფაშისტური დიქტატურა. აღნიშნული სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჩამოყალიბდა პორტუგალიის მეორე რესპუბლიკა, რომელსაც 1933 წელს ესტადო ნოვო (პორტ. Estado Novo, „ახალი სახელმწიფო“) ეწოდა. ესტადო ნოვოს სათავეში ჩაუდგა პრემიერ-მინისტრი ანტონიუ დი სალაზარი (1932-1968), რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 36 წლის განმავლობაში ეკავა. მისი რეჟიმის ბაზისი იყო სტაბილურობის პლატფორმა, მისმა ადრეულმა რეფორმებმა გზა გაუხსნა ფინანსურ სტაბილურობას და ეკონომიკურ წინსვლას. პორტუგალიის პირველი რესპუბლიკის ქაოტური პერიოდის შემდეგ სალაზარის რეჟიმი ჩანდა ნამდვილ გარღვევად სტაბილურობისკენ. ქვეყნის ტრანსფიგურაცია ცნობილია როგორც "A Lição de Salazar".("სალაზარის გაკვეთილი").

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სალაზარმა გამოაცხადა ნეიტრალიტეტი. ესპანეთის სამოქალაქო ომში ოფიციალურად არც ერთ მხარეს არ დაუჭირა მხარი თუმცა ფარულად ნაციონალისტებს გულშემატკივრობდა.

ანტონიუ დი სალაზარს სურდა პორტუგალიას მოეპოვებინა მნიშვნელოვანი როლი მსოფლიო პოლიტიკაში, რასაც ხელს უწყობდა პორტუგალიის სტრატეგიული მდებარეობა. სწორედ ამ მიზეზით პორტუგალია 1949 წელს გახდა ერთადერთი არა დემოკრატიული ნატოს დამფუძნებელი ქვეყანა, რამაც პორტუგალიას მიანიჭა ერთ-ერთი მთავარი როლი ცივ ომში კომუნიზმთან ბრძოლაში.

1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დასასრულისათვის, პორტუგალია იყო ფართო კოლონიური იმპერია, რომელიც აკონტროლებდა აზორის კუნძულებს, მადეირას, კაბო-ვერდეს და პრინსიპის, ანგოლას, გვინეა-ბისაუს, კაბინდუს და მოზამბიკს აფრიკაში. დამანს, დიუს და გოას – ინდოეთში, მაკაოსჩინეთში და აღმოსავლეთ ტიმორს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოლონიებში მუდმივი დაძაბულობა იგრძნობოდა. 1961 წელს ინდოეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრა პორტუგალიის ინდოეთში და დაამყარეს კონტროლი გოაზე, დამანზე და დიუზე ოპერაცია ვიჯაის საშუალებით. მდგომარეობა უარესდებოდა პორტუგალიის სხვადასხვა კოლონიებშიც. რევოლუციურმა მოძრაობებმა მიაღწიეს მოზამბიკს, ანგოლას და პორტუგალიის გვინეას.

1970 წელს, სალაზარის სიკვდილის შემდეგ, მისმა ესტადო-ნოვოს რეჟიმმა ძველებურად გააგრძელა ქვეყნის მართვა, ახლა უკვე სალაზარის დიდი ხნის თანაშემწის მარსელუ კაეტანუს მეთაურობით. მიუხედავად უამრავი მოლაპარაკებების მცდელობებისა რეჟიმის დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით (რაც ითვალისწინებდა კოლონიებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებასაც), რომელსაც აწარმოებდა დემოკრატიული სამყარო, კაეტანუ მაინც ახერხებდა კოლონიური ომის გაჭიანურებას. საბოლოოდ, 1974 წლის 25 აპრილს ესტადო ნოვოს რეჟიმი საბოლოოდ დაეცა "მიხაკების რევოლუციის" შედეგად.

მესამე რესპუბლიკა 1974-დან

 
"მუდამ 25 აპრილი" – ნახატი

1974 წლის 25 აპრილს პორტუგალიაში მოხდა უსისხლო გადატრიალება, რომელიც ისტორიაში მიხაკების რევოლუციის სახელითაა ცნობილი. პორტუგალიის ისტორიაში დაიწყო ახალი ერა, რომელიც „მესამე რესპუბლიკის“ სახელითაა ცნობილი. გადატრიალებას ორგანიზება გაუწია სამხედროთა მემარცხენე ფრთამ. ქვეყანაში დაიწყო დემოკრატიული რეფორმების გატარება. ერთი წლის შემდეგ პორტუგალიამ დამოუკიდებლობა მიანიჭა თავის ყოფილ კოლონიებს აფრიკაში (პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკა, პორტუგალიის დასავლეთი აფრიკა და პორტუგალიის გვინეა), დათმო თავისი კოლონიები აზიაში. ინდონეზიის თავდასხმის შედეგად დაკარგა პორტუგალიის აღმოსავლეთი ტიმორი.[14][15]

1986 წლის 1 იანვარს პორტუგალია გაწევრიანდა ევროკავშირში[16], ხოლო 2002 წელს შეუერთდა საერთო ფულადი ერთეულის – ევროს ზონას[17]. მანამდე დამოუკიდებლობა მიანიჭა და ჩინეთს დაუბრუნა მაკაო[18].

1998 წელს ლისაბონში გაიმართა XX საუკუნის მსოფლიო ექსპოზიციის გამოფენა[19].

ლისაბონში მოეწყო XX საუკუნის უკანასკნელი მსოფლიო გამოფენა. 2004 წელს პორტუგალიაში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.

2007 წელს ჟერონიმუშის მონასტერში ხელი მოეწერა ლისაბონის ხელშეკრულებას.[20] 2010 წელს პორტუგალიაში ლეგალიზებულ იქნა ერთი სქესის წყვილთა ქორწინება.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Cunliffe, Karl, Guerra, McEvoy, Bradley; Oppenheimer, Rrvik, Isaac, Parsons, Koch, Freeman and Wodtko (2010). Celtic from the West: Alternative Perspectives from Archaeology, Genetics, Language and Literature. Oxbow Books and Celtic Studies Publications, გვ. 384. ISBN 978-1-84217-410-4. ციტირების თარიღი: 2010-09-24.  დაარქივებული 2010-06-12 საიტზე Wayback Machine.
  2. Milhazes, José. Os antepassados caucasianos dos portugueses დაარქივებული 2016-01-01 საიტზე Wayback Machine. - Rádio e Televisão de Portugal in Portuguese.
  3. H. V. Livermore, A New History of Portugal (Cambridge University Press: London, 1969) pp. 32-33.
  4. Herculano, Alexandre, "História de Portugal, Volume", p. 391, Volume 3 Herculano, Alexandre, 1853
  5. H. V. Livermore, A New History of Portugal, p. 129.
  6. Robin Hallett, Africa to 1875: A Modern History, p. 164.
  7. Percival Spear, India: A Modern History (University of Michigan Press, Ann Arbor, 1961) pp. 162-163.
  8. H. V. Livermore, A New History of Portugal, pp. 157-158.
  9. Ibid., p. 158.
  10. Ibid., 161.
  11. Ibid., pp. 163-172.
  12. Afonso Costa - 5 de Outubro de 1910. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-04. ციტირების თარიღი: 2010-09-21.
  13. ავტორთა ჯგუფი, ახალი ისტორია (მეორე პერიოდი) ტომი მეორე, თბ. 1973
  14. Flight from Angola, The Economist (August 16, 1975).
  15. Dismantling the Portuguese Empire დაარქივებული 2013-07-23 საიტზე Wayback Machine. , Time Magazine (Monday, July 07, 1975).
  16. História 9. Porto Editora. ISBN 972-0-31405-2. 
  17. Banco Central Europeu. 18 de Outubro de 2008.
  18. A legislação de Macau no termo da administração portuguesa. 18 de Outubro de 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-09. ციტირების თარიღი: 2010-09-21.
  19. Expo 1998 review, maps and photos of all pavilions by WorldExpositions.info
  20. A presidência portuguesa da União Europeia. 18 de Outubro de 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-22. ციტირების თარიღი: 2010-09-21.