სანშუ I
სანშუ I (პორ. Sancho I; დ. 11 ნოემბერი, 1154, კოიმბრა, პორტუგალიის სამეფო — გ. 26 მარტი, 1212, კოიმბრა, პორტუგალიის სამეფო) — პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1185–1212 წლებში. აფონსუ I და მაფალდა სავოიელის შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა პორტუგალიის მე-2 მეფე. მისი სამეფოს ცენტრი გახდა ქალაქი კოიმბრა. სანშუმ შეწყვიტა ომი მეზობლებთან გალისიის საზაღვრო ტერიტორიების კონტროლისათვის. მთელი თავისი ყურადღება გადაიტანა სამხრეთით მავრების წინააღმდეგ საბრძოლველად. თავდაპირველად მან ბრძოლით მოახერხა გადაადგილება ალგარვიმდე და ალენტეჟუმდე, მაგრამ 1190 წელს იძულებული იყო უკან დაეხია. ჯვაროსნების დახმარებით 1191 წელს მან აიღო სილვეში და ბრძანა აეგოთ სილვეშის ციხესიმაგრე, რომელიც დღეს მნიშვნელოვანი ძეგლია პორტუგალიისა და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისათვის.
სანშუ I | |
---|---|
Sancho I o Povoador | |
პორტუგალიის მე-2 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 6 დეკემბერი 1185 |
მმართ. დასასრული: | 26 მარტი 1212 |
წინამორბედი: | აფონსუ I |
მემკვიდრე: | აფონსუ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 ნოემბერი, 1154 |
დაბ. ადგილი: | კოიმბრა, პორტუგალიის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 26 მარტი, 1212 |
გარდ. ადგილი: | კოიმბრა, პორტუგალიის სამეფო |
მეუღლე: | დულკა არაგონელი |
შვილები: |
ტერეზა, ლეონის დედოფალი სანჩა, ალენკარის სენიორა აფონსუ II, პორტუგალიის მეფე პედრუ I, ურგელის გრაფი ფერნანდუ, ფლანდრიის გრაფი მაფალდა, კასტილიის დედოფალი ბრანკა ბერენგარია, დანიის დედოფალი |
დინასტია: | ბურგუნდიული დინასტია |
მამა: | აფონსუ I |
დედა: | მაფალდა სავოიელი |
მოულოდნელად მეფის ინტერესები ისევ ჩრდილოეთით წარიმართა, სადაც საფრთხე დაემუქრა პორტუგალიის ტერიტორიულ მთლიანობას ლეონისა და კასტილიის სამეფოების მხრიდან. სილვეში კვლავ მავრებს დარჩათ.
სანშუ დიდ ყურადღებას უთმობდა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანიზაციას, მან გაამდიდრა სახელმწიფო ხაზინა და მთელი სიმდიდრე მიმართა ხელობის განვითარებისა და საშუალო კომერსანტების მხარდასაჭერად. მისი მმართველობის დროს აშენდა მრავალი ახალი ქალაქი და სოფელი. ჩრდილოეთი პორტუგალიის მიწებში ჩაასახლა ბურგუნდიელები და ფლამანდრელები — რისთვისაც მიიღო თავისი ისტორიული სახელი — დამსახლებელი.
მეფე ცნობილია თავისი სიყვარულით მეცნიერებისა და ლიტერატურისადმი. სახელმწიფო ხაზინიდან აფინანსებდა პორტუგალიელ ახალგაზრდებს, რომლებიც ისწავლიდნენ ევროპის უნივერსიტეტებში.