დულკა არაგონელი (ესპ. Dulce de Aragón, პორტ. Dulce de Aragão; დ. 1160 — გ. 1 სექტემბერი, 1198) — ბარსელონას დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის დედოფალ პეტრონილასა და ბარსელონას გრაფ რამონ ბერენგარ IV-ის ასული. პორტუგალიის დედოფალი 1185-98 წლებში როგორც სანშუ I-ის მეუღლე.

დულკა არაგონელი
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 6 დეკემბერი, 1185
მმართ. დასასრული: 1 სექტემბერი, 1198
წინამორბედი: მაფალდა სავოიელი
მემკვიდრე: ურაკა კასტილიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1160
დაბ. ადგილი: ბარსელონა, არაგონის სამეფო
გარდ. თარიღი: 1 სექტემბერი, 1198, (37-38 წლის)
გარდ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალიის სამეფო
მეუღლე: სანშუ I, პორტუგალიის მეფე
შვილები: ტერეზა, ლეონის დედოფალი
სანჩა, ალენკარის სენიორა
აფონსუ II, პორტუგალიის მეფე
პედრუ I, ურგელის გრაფი
ფერნანდუ, ფლანდრიის გრაფი
მაფალდა, კასტილიის დედოფალი
ბრანკა
ბერენგარია, დანიის დედოფალი
დინასტია: ბარსელონა
მამა: რამონ ბერენგარ IV, ბარსელონას გრაფი
დედა: პეტრონილა, არაგონის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დულკა დაიბადა 1160 წელს ბარსელონაში. იგი იყო არაგონის დედოფალ პეტრონილასა და მისი ქმრის, ბარსელონას გრაფ რაიმონ ბერენგარ IV-ის ასული. მისი ძმა ალფონსო II, შემდგომში არაგონის მეფე გახდა.

როგორც კი წამოიზარდა დულკა პორტუგალიის მეფე აფონსუ I-ის ვაჟზე, ინფანტ სანშუზე დანიშნეს. როდესაც დულკას 11 წელი შეუსრულდა, 1174 წელს იგი სანშუზე დააქორწინეს. იგი ძალიან ჩუმი, მორცხვი და დამყოლი ხასიათის გოგონა იყო, ამიტომაც მის შესახებ ბევრი ცნობა არ არსებობს.

პორტუგალიაში იგი ცნობილი გახდა როგორც „ლამაზი და შესანიშნავი ქალბატონი“. 1185 წელს სანშუ I პორტუგალიის მეფე გახდა, დულკა კი დედოფლად გვევლინება. იგი თავის, როგორც დედოფლის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა და პორტუგალიას უამრავი მემკვიდრე გაუჩინა. იგი ცდილობდა თავისი მული, ინფანტა მაფალდა თავის ძმაზე, ალფონსო II-ზე დაექორწინებინა. მათი ნიშნობაც კი შედგა, მაგრამ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე მაფალდა გარდაიცვალა. 1188 წელს, მისი თვისებების გამო სანშუ I-მა დულკა დააჯილდოვა და დიდი ადგილ-მამულები გადასცა მდინარე ვოგას ხეობასა და ოპორტოში.

დულკა თავისი ბოლო მშობიარობიდან მალევე გარდაიცვალა. 1198 წელს მან ტყუპი გოგონები გააჩინა, თუმცა მალევე შავი ჭირის ინფექცია შეეყარა და ამა წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა. ამის შემდეგ სანშუ აღარ დაქორწინებულა.

  1. ტერეზა (1178-1250), ცოლად გაჰყვა ლეონის მეფე ალფონსო IX-ს;
  2. სანჩა (1180-1229), დააფუძნა კელას მონასტერი და გარდაცვალებამდე იქ ცხოვრობდა, 1705 წელს პაპმა კლემენტ XI-მ წმინდანად შერაცხა;
  3. კონსტანცა (1182-1202), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  4. აფონსუ II (1186-1223), პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო ურაკა კასტილიელი;
  5. რაიმონდი (1187-1188), გარდაიცვალა ჩვილი;
  6. პედრუ (1187-1258), ცოლად შეირთო ურგელის გრაფინია ორემბაიაქსი;
  7. ფერნანდუ (1188-1233), ცოლად შეირთო ფლანდრიის გრაფინია იოანა;
  8. ენრიკე (1189), გარდაიცვალა ჩვილი;
  9. მაფალდა (1196-1256), ცოლად გაჰყვა კასტილიის მეფე ენრიკე I-ს;
  10. ბრანკა (1198-1240), ბერენგარიას ტყუპისცალი, იყო მონაზონი გვადალახარას დედათა მონასტერში;
  11. ბერენგარია (1198-1221), ბრანკას ტყუპისცალი, ცოლად გაჰყვა დანიის მეფე ვალდემარ II-ს;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Mateu Ibars, Josefina; Mateu Ibars, María Dolores (1980). Colectánea paleográfica de la Corona de Aragón: Siglo IX-XVIII. Barcelona: Universitat Barcelona. ISBN 978-84-7528-694-5.
  • Mattoso, José (2014). D. Afonso Henriques (in Portuguese). Lisbon: Temas e Debates. ISBN 978-972-759-911-0.
  • Rodrigues Oliveira, Ana (2010). Rainhas medievais de Portugal. Dezassete mulheres, duas dinastias, quatro séculos de História (in Portuguese). Lisbon: A esfera dos livros. ISBN 978-989-626-261-7.