ტერეზა პორტუგალიელი (1178-1250)

ტერეზა პორტუგალიელი (პორტ. Teresa de Portugal; დ. 4 ოქტომბერი, 1178 — გ. 18 ივნისი, 1250) — ბურგუნდიული დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე სანშუ I-ისა და დედოფალ დულკა არაგონელის უფროსი ასული. ლეონის დედოფალი 1191-96 წლებში როგორც თავისი მამიდაშვილის, მეფე ალფონსო IX-ის პირველი მეუღლე, რომელთან ქორწინებაც პაპმა ახლონათესავობის გამო ანულირებულად გამოაცხადა. ამის შემდეგ ტერეზა სამშობლოში დაბრუნდა და მონაზვნად აღიკვეცა. 1705 წელს იგი პაპმა წმინდანად შერაცხა.

ტერეზა პორტუგალიელი
ლეონის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1191
მმართ. დასასრული: 1196
წინამორბედი: ურაკა ლოპეს დე არო
მემკვიდრე: ბერენგარია კასტილიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 ოქტომბერი, 1178
დაბ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 18 ივნისი, 1250, (71 წლის)
გარდ. ადგილი: კოიმბრა, პორტუგალია
მეუღლე: ალფონსო IX, ლეონის მეფე
(ქ. 1191 - განქ. 1196)
შვილები: სანჩა
დულკა
ფერდინანდი
დინასტია: ბურგუნდიული
მამა: სანშუ I, პორტუგალიის მეფე
დედა: დულკა არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტერეზა დაიბადა 1178 წლის 4 ოქტომბერს კოიმბრაში. იგი იყო პორტუგალიის მეფე სანშუ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ დულკა არაგონელის პირველი შვილი. მას სახელი მამიდის, ფლანდრიისა და ბურგუნდიის ჰერცოგინია ტერეზა პორტუგალიელის პატივსაცემად დაარქვეს, რომელსაც თავის მხრივ სახელი ბებიის, პორტუგალიის გრაფინია ტერეზა ლეონელის პატივსაცემად ერქვა.

1191 წელს ტერეზა ცოლად შერთეს მის მამიდაშვილს, ლეონის მეფე ალფონსო IX-ს, რომელთანაც ორი გოგონა და ერთი ვაჟი შეეძინა. 1196 წელს, რომის პაპმა ახლონათესავური კავშირის გამო მათი ქორწინება ანულირებულად გამოაცხადა, რითაც ტერეზამ დაკარგა დედოფლის წოდება და მშობლიურ პორტუგალიაში დაბრუნდა. ამის შემდეგ ალფონსომ ცოლად ბერენგარია კასტილიელი შეირთო, რომელსაც იგივე მიზეზის გამო რამდენიმე წელიწადში გაეყარა.

უკან დაბრუნებული ტერეზა მალევე დაუკავშირდა პაპს და მონაზვნად აღკვეცის სურვილი გამოთქვა. მალევე პაპმა იგი მონაზვნად შერაცხა და ცისტერციანელთა ორდენში ჩარიცხა, სადაც კიდევ 300 მონაზონი იყო.

1230 წელს ალფონსო IX გარდაიცვალა და ტახტზე მისი და ბერენგარიას ვაჟი, ფერდინანდ III ავიდა, რომელმაც გააერთიანა კასტილიისა და ლეონის სამეფოები. წესით ტახტზე ტერეზას ვაჟი უნდა ასულიყო, მაგრამ იგი 1214 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტერეზას ჰქონდა კიდევ რამდენიმე საქორწინო შემოთავაზება, რითაც შეძლებდა კვლავ დედოფალი გამხდარიყო, თუმცა მეორე ქორწინება არ ისურვა. დარჩენილი ცხოვრება ლურვაოს სააბატოში გაატარა და იქვე გარდაიცვალა 1250 წლის 18 ივნისს, 71 წლის ასაკში, ბუნებრივი მიზეზებით. აღსანიშნავია, რომ მისი ასაკი იმ პერიოდისათვის მეტად ხანში შესულად ითვლებოდა.

1705 წლის 13 დეკემბერს, რომის პაპმა კლემენტ IX-მ ტერეზა და მისი და, სანჩა წმინდანებად შერაცხა. კათოლიკურ სამყაროში ტერეზას ხსენების დღე 17 ივნისია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Peter Rassow: Der Prinzgemahl. Ein Pactum Matrimonale aus dem Jahr 1188, Weimar 1950.
  • Fernandes Marques, Maria Alegria (2008). Estudos sobre a Ordem de Cister em Portugal (en portugués). Coímbra: Estudos da Faculdade de Letras da Universidade de Coimbra. ISBN 972-772-019-6.
  • Mattoso, José (2014). D. Afonso Henriques (en portugués) (2ª edición). Lisboa: Temas e Debates. ISBN 978-972-759-911-0.
  • Rodrigues Oliveira, Ana (2010). Rainhas medievais de Portugal. Dezassete mulheres, duas dinastias, quatro séculos de História (en portugués). Lisboa: A esfera dos livros. ISBN 978-989-626-261-7.