კონსტიტუცია
კონსტიტუცია (ლათ. constitutio — „დადგენა“, „დაწესება“) — განსაკუთრებული წესით მიღებული უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი. კონსტიტუცია არეგულირებს საზოგადოებაში პიროვნების სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს[1]. კონსტიტუცია რთული მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ინსტიტუტია. ხშირად განმარტავენ, როგორც სახელმწიფოს უზენაეს კანონს, წესების კატალოგს, ინდივიდის გარანტს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში და სხვა[2].
ლიბერალურ-დემოკრატიული სკოლის მიმდევრები კონსტიტუციაში ძირითადად საგანთა ბუნებით განპირობებულ საზოგადოებრივი ხელშეკრულების არსს (ბუნებითი სამართლის სამეცნიერო სკოლა), სამართლებრივი იდეის უმაღლეს გამოხატულებას (ნორმატივისტები), სახელმწიფოსა და ნაციის სტატუსის განმსაზღვრელ წესთა ერთობლიობას (ინსტიტუციონალისტები) ხედავენ[3].
მარქსისტულ-ლენინური მოძღვრება კონსტიტუციას განიხილავა, როგორც ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა სოციალური კლასი განიმტკიცებს საკუთარ პოლიტიკურ ბატონობას[4].
კონსტიტუციის ოდნავ განსხვავებულ სოციალურ დანიშნულებას აღნიშნავენ თანამედროვე მკვლევარებიც, რომლებიც მარქსიზმისაგან შორს არიან. პროფესორ ანდრაშ შაიოს აზრით, კონსტიტუციათა უმრავლესობა შეიქმნა იმისთვის, რომ დაეგვირგვინებინა და დაესრულებინა სოციალური რევოლუცია; სხვა კონსტიტუციების შექმნის მიზანი კი, მისი აზრით, რევოლუციის თავიდან აცილებასა წინარევოლუციური მდგომარეობის აღდგენას წარმოადგენს[5].
თითქმის ყველა თანამედროვე მკვლევარი კონსტიტუციის საზრისის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს მის დამფუძნებლურ ხასიათსა და მარეგულირებელ ფუნქციაზე. კონსტიტუციის ნორმებით ხდება საჯარო ინსტიტუტების ლეგიტიმაცია, მათი ძალაუფლების ფარგლებისა და მოქალაქეთა ძირითადი უფლებების განსაზღვრა, სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის ურთიერთობათა მოწესრიგება[1].
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა „კონსტიტუცია“ მომდინარეობს ლათინური წარმოშობის სიტყვისაგან – „constitutio“ და ქართულად ნიშნავს დადგენას, დაწესებას. მისი თანამედროვე მნიშვნელობა ბევრადაა დაცილებული როგორც ამ მნიშვნელობას, ისე მისი ადრინდელი გამოყენების პრაქტიკას. რომში, რესპუბლიკის პერიოდში ამ სიტყვით (უფრო ზუსტად ფრაზით — Rem publicam constituire — საჯაროდ ვადგენ, ვაცხადებ) იწყებოდა უმაღლესი ხელისუფლის ზოგიერთი აქტი, ხოლო შუა საუკუნეებში იგი ეწოდა აქტებს ფეოდალთა პრივილეგიების შესახებ. სახელმწიფოს ძირითადი კანონის მნიშვნელობით ეს სიტყვა ბურჟუაზიული რევოლუციების პერიოდიდან დამკვიდრდა[6].
ისტორია
რედაქტირებაეპოქა ყოველთვის ახდენდა ზეგავლენას კონსტიტუციის შინაარსზე. გარკვეული სახისა და შინაარსის კონსტიტუციები კაცობრიობის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდების შესატყვისია. ამ მეთოდოლოგიურ პოზიციაზე დაყრდნობით ახდენენ კონსტიტუციათა კლასიფიკაციას.
„ძველი თაობის“ პირველი ტალღის კონსტიტუციების შექმნა უკავშირდება ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქასა და ამ წყობილების განმტკიცების პერიოდს. ამ დროის კონსტიტუციებისათვის ძირითადად დამახასიათებელია რეგულირების ვიწრო წრე, წინა პლანზე სახელმწიფო ორგანოთა ჰორიზონტალური და ვერტიკალური მოწყობის საკითხების წამოწევა. ადამიანის ძირითადი უფლებებს, პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობებს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა[7].
ამ პერიოდის კონსტიტუციებს შორის ასახელებენ აშშ-ის (1787), ბელგიის (1831), ნორვეგიის (1814), შვეიცარიის (1874), ავსტრალიის (1900) და სხვა რამდენიმე კონსტიტუციას[8]. გარდა ამისა, 1787 წელს, 17 ოქტომბერს მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისადმი მეცნიერთა მხრიდან უდიდესი პატივისცემის გამო, კონსტიტუციის ისტორიიდან თითქმის ამოღებულია 1776 წლის ნიუ-ჰემფშირის, სამხრეთ კაროლინისა და ვირჯინიის, 1780 წლის მასაჩუსეტსის შტატების კონსტიტუციები და ნიუ-იორკისა და ჯორჯიის შტატების „ძირითადი კანონები“[9]. დღეისათვის მოქმედ დაწერილ კონსტიტუციათა შორის აშშ-ის კონსტიტუცია (1787) უძველესია.
კონსტიტუციების მიღების მეორე ტალღა დაკავშირებულია ბურჟუაზიულ სახელმწიფოებში XX საუკუნის 30-იან წლებში კაპიტალისტური ეკონომიკის კრიზისთან, მეორე მსოფლიო ომის შედეგებთან, სოციალისტური ბანაკის არარსებობასთან, ობიექტურ ინტეგრაციულ პროესებთან. ამ პერიოდში, როგორც რეაქცია ამ მოვლენებზე, გაჩნდა კონსტიტუციები საფრანგეთში (1946 და 1958 წლები), იაპონიასა და იტალიაში (1947), გერმანიაში (1949), საბერძნეთში (1975), პორტუგალიაში (1976), ესპანეთში (1978) და სხვა[8].
წინა პერიოდის კონსტიტუციებისაგან განსხვავებით ახალ კონსტიტუციებში უფრო გაფართოებულია რეგულირების სფერო; სახელმწიფო ერევა სოციალურ, ეკონომიკურ და ზოგიერთ სხვა საკითხებში, რომელთა მიმართაც პირველი ტალღის კონსტიტუციები ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ[8].
კონსტიტუციათა კიდევ ერთი ჯგუფის შექმნა (ასზე მეტი კონსტიტუცია) XX საუკუნის 50-60-იან წლებში კოლონიალიზმის სისტემის დაშლას უკავშირდება[8]. ამ ჯგუფის კონსტიტუციათა შინაარსზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ყოფილმა მეტროპოლიებმა. დიდი ბრიტანეთის ზეგავლენით ზოგიერთ ყოფილ კოლონიაში შეიქმნა სახელმწიფო მოწყობის ე. წ. „ვესტმინისტერიალური“, ხოლო საფრანგეთის ზოგ ყოფილ კოლონიაში — „პარლამენტარიზმის“ მოდელები[8].
ამ კონსტიტუციათა უმრავლესობა XX საუკუნის 60-იან წლებში ახლით შეიცვალა, ზოგ შემთხვევაში კი მოხდა ძველის მნიშვნელოვანი გადასინჯვა. ამ პერიოდისათვის თვალშისაცემია საკმაოდ ბევრი განვითარებადი სახელმწიფოს ორიენტირება სოციალისტურ კონსტიტუციაზე[10].
კონსტიტუციურ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სოციალისტურ სახელმწიფოთა კონსტიტუციებს. კლასიკური კონსტიტუციებისაგან ისინი ხალხის სრული ძალაუფლების ფორმალური დეკლარირებით, კომუნისტური პარტიის წამყვანი როლის განმტკიცებით, სახელმწიფო ორგანიზაციაში ხელისუფლების დანაწილების არარსებობით, ცხოვრებისეულ სინამდვილესთან შეუსაბამობითა და ფიქტიურობის მაღალი ხარისხით[10].
კონსტიტუციათა კიდევ ერთი პერიოდი დაკავშირებულია კომუნიზმის კრახთან და სოციალისტური სახელმწიფოების (ჩეხოსლოვაკეთი, სსრკ, იუგოსლავია) დაშლასთან. 1991–1996 წლებში 2-ზე მეტმა სახელმწიფომ ახალი კონსტიტუცია მიიღო. თითქმის ყველა მათგანი კონსტიტუციურ ლიბერალურ–დემოკრატიულ ფასეულობებს აღიარებს და განამტკიცებს, თუმცა რეალური განხორციელება ყველგან მიღწეული არაა.[10]
საქართველო
რედაქტირებასაქართველოში, მიუხედავად სამართლაშემოქმედების ადგილობრივი ტრადიციებისა, კონსტიტუციონალიზმის ისტორია იწყება XX საუკუნეში, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება. კონსტიტუციაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის ჩამოყალიბების სპეციფიკა, მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა და სამართლაშემოქმედების პრაქტიკა. პირველი კონსტიტუციის შემუშავება სამ წელიწადს გაგრძელდა და მიღებულ იქნა 1921 წლის 21 თებერვალს. თუმცა იმავე წლის გაზაფხულზე, საბჭოთა რუსეთის მიერ ქვეყნის დე-ფაქტო ოკუპაციამ და გასაბჭოებამ, კონსტიტუციის მოქმედება შეუძლებელი გახადა. ამის შემდეგ საქართველოში მიიღეს ოთხი საბჭოთა კონსტიტუცია 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში, რომლებიც წარმოადგენდნენ საბჭოთა კავშირის შესაბამისი პერიოდისვე კონსტიტუციების ანალოგს. საბჭოთა კავსირის დაშლის შემდგომ, 1990 წელს პირველმა მრავალპარტიულმა უზენაესმ საბჭომ ცვლილებები შეიტანა 1978 წლის ჯერ კიდევ მოქმედ საბჭოურ კონსტიტუციაში (მაგალითად, ქვეყნის სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური“ და სახელმწიფოს ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, შეიცვალა სახელწმიფო სიმბოლიკა, და სხვა), რითიც სახელმწიფოს უნდა გაეგრძელებინა გარდამავალ პერიოდში სამართლებრივი ფუნქციონირება. თავის მხრივ 1991 წლის ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა ფაქტობრივად შეაჩერა გარდამავალი კონსტიტუციის მოქმედება.
საბოლოოდ, ქვეყანაში წესრიგის აღდგენის შემდეგ, საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ იქნა სახელმწიფოს ახალი უზენაესი კანონი, რომელიც დღემდე მოქმედებს, შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების სახით.
ფუნქცია
რედაქტირებაკონსტიტუციის ფუნქციები გულისხმობს მის სოციალურ დანიშნულებებს, რომლებიც საზოგადოებრივ ურთიერთობებზე ზემოქმედების ძირითადი მიმართულებებია. განასხვავებენ კონსტიტუციის პოლიტიკურ, იურიდიულ და იდეოლოგიურ ფუნქციებს[1].
პოლიტიკური ფუნქციის განხორციელებით კონსტიტუცია ასახავს პოლიტიკური ძალების გარკვეულ თანაფარდობას და ადგენს პოლიტიკური სისტემის მიზნებსა და ფუნქციონირების გარკვეულ წესებს[1]. იურიდიული ფუნქცია გულისხმობს კონსტიტუციის მიღების მიზნების ნორმატიულ გაფორმებას, ურთიერთობების რეგულირების სამართლებრივი მექანიზმების დადგენას, მიმდინარე სამართალშემოქმედების სტაბილური, გამართული იურიდიული ბაზის შექმნას[11]. იდეოლოგიური ფუნქცია გამოხატავს კონსტიტუციის დამფუძნებლეის (ძირითადად ხალხის ან საზოგადოებაში დომინირებული პოლიტიკური ძალის) მსოფლმხედველობას და ხელს უწყობს ამ მსოფლმხედველობის ძირითად ფასეულობათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრებას[11].
რეგულირების ობიექტი
რედაქტირებაკონსტიტუციური რეგულირების ობიექტი კონსტიტუციის ზემოქმედებას დაქვემდებარებული საზოგადოებრივი ურთიერთობებია. „პირველი ტალღის“ კონსტიტუციები საზოგადოებრივი ურთიერთობების მხრივ არეგულირებდნენ საკმაოდ ვიწრო წრეს, რომელსაც დღესაც კლასიკური ტრიადა ეწოდება. კლასიკური ტრიადა მოიცავს მხოლოდ უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციას, სახელმწიფოს ტერიტორიულ მოწყობასა და ძირითად უფლება-თავისუფლებებს. ამგვარი კონსტიტუციური რეგულირების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს აშშ-ის კონსტიტუცია.
დროთა განმავლობაში თანდათან იზრდება კონსტიტუციათა რეგულირების ობიექტი. რეგულირების სფეროს გაფართოების მთავარ მიზეზად მსოფლიო გნვითარების ორ ძირითად ტენდენციას მიიჩნევენ:
- საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურდება სახელმწიფო, ანუ ხდება ეტატიზაციის პროცესი;
- გააქტიურებული სახელმწიფოს მიერ შესაძლო თვითნებობის თავიდან ასაცილებლად ხდება მისი სამართლით გარკვეულწილად შებოჭვა.
XX საუკუნის 30-40-იანი წლებიდან დღემდე სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ ურთიერთობებში. ამ ყველაფერმა დასაბამი მისცა კონსტიტუციურ ნორმათა ახალ ბლოკებს[11].
გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესებმა განაპირობა შესაბამისი კონსტიტუციური ინსტიტუტების დამკვიდრება, საჯარო ხელისუფლებაში ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიციების გამაგრებამ აუცილებელი გახადა შესატყვისი კონსტიტუციური ნოვაციები, გააქტიურებულმა დემოკრატიამ კი წარმოშვა კონტროლის გაძლიერების ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა კონსტიტუციური სასამართლო კონტროლი, ადმინისტრაციული იუსტიცია, ომბუდსმანი, ფინანსური კონტროლის ორგანოები და სხვა[12].
სტრუქტურა
რედაქტირებაკონსტიტუციათა უმრავლესობა ძირითადად ერთ იურიდიულ ნაწარმოებს წარმოადგენენ. გამონაკლისია ე. წ. დაუწერელი კონსტიტუციები, მაგალითად დიდი ბრიტანეთის კონსტიტუცია და ასევე კონსტიტუციები, რომლებიც რამდენიმე წერილობითი კონსტიტუციური აქტისაგან შედგება. ასეთებია მაგალითად ჩეხეთისა და საქართველოს კონსტიტუციები[12].
ზოგიერთი სახელმწიფოს (მაგალითად აშშ-ის) კონსტიტუციათა ნაწილს ძირითად ტექსტთან ერთად შეადგენენ მის ტექსტში ინკორპორირებული (შეტანილი) შესწორებები, ტექსტში არშეტანილი, მაგრამ ნახსენები წყაროები. ამმხრივ გამორჩეულია საფრანგეთის კონსტიტუცია, რომელსაც შეადგენენ 1958 წელს მიღებული ტექსტი, ძალადაკარგული 1947 წლის კონსტიტუციის პრეამბულა და 1789 წლის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია[12].
კლასიფიკაცია
რედაქტირებაკონსტიტუციის გადასინჯვა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი ა., კობახიძე დ. (2010). კონსტიტუციური სამართალი. თბილისი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კონტიტუციონალიზმის ისტორიის ლექსიკონი დაარქივებული 2006-06-23 საიტზე Wayback Machine.
- საკონსტიტუციო კანონო დაარქივებული 2006-05-02 საიტზე Wayback Machine.
- საერთაშორისო საკონსტიტუციო კანონო დაარქივებული 2005-02-06 საიტზე Wayback Machine.
- ევროპის კავშირის ქვეყნების კონსტიტუცია დაარქივებული 2018-05-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2010, გვ. 39
- ↑ Maria Kruk-Larosz. La Constitition europeenne et le constitutionnalisme contemporain. VII-e Congres international de droit constitutionnel, Athenes, 2007.
- ↑ Apostolos Papatolias. Conception mecaniste et conception normative de la Constitution. Edition Ant. N. Sakkoulas, 2000, p. 23-24
- ↑ ვ. ი. ლენინი. თხზ. ტ. 15, გვ. 407
- ↑ ანდრაშ შაიო, ხელისუფლების თვითშეზღუდვა, კონსტიტუციონალიზმის შესავალი, თბ., 2003, გვ. 19
- ↑ ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2010, გვ.
- ↑ ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2010, გვ. 47
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2010, გვ. 48
- ↑ The Constitution of the United States of America and the Constitution of the State of California, 1996
- ↑ 10.0 10.1 10.2 ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2010, გვ. 49
- ↑ 11.0 11.1 11.2 ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2010, გვ. 40
- ↑ 12.0 12.1 12.2 ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2010, გვ. 41