ესპანეთის სამოქალაქო ომი

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ესპანეთის სამოქალაქო ომი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ესპანეთის სამოქალაქო ომი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ესპანეთის სამოქალაქო ომი

საათის ისრის მიმართულებოთ ზემო მარცხენა კუთხუდან: XI საერთაშორისო ბრიგადის წევრები ბელჩიტეს ბრძოლისას; გრანოლერები ნაციონალისტების ავიაციის მიერ დაბომბვის შემდეგ, 1938 წელი; ასაფრენი ბილიკის დაბომბვა ესპანეთის პროტექტორატ მაროკოში; რესპუბლიკელი ჯარისკაცები ალკაზარის ალყისას; ნაციონალისტი სამხედროები მართავენ საზენიტო დანადგარს; ლინკოლნის ბატალიონი.
თარიღი 17 ივლისი, 19361 აპრილი, 1939
მდებარეობა ესპანეთი, მაროკო, ესპანეთის საჰარა, კანარის კუნძულები, ბალეარის კუნძულები, გვინეა.
შედეგი ნაციონალისტების გამარჯვება; ესპანეთის მეორე რესპუბლიკის დაცემა.
მხარეები
ესპანეთის დროშა რესპუბლიკელები
სახალხო ფრონტი
მნკ/იაფ
მსკ
კმრ / Estat Català
ბასკეთის დროშა ბასკეთის არმია (1936–1937)
გპ

საერთაშორისო მხარდაჭერა

ინტერნაციონალური ბრიგადები
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
მექსიკა
ნაციონალისტები
ესპანური ფალანგა
კარლისტები (1936–1937)
CEDA (1936–1937)
ალფონსისტები (1936–1937)

საერთაშორისო მხარდაჭერა

იტალია
გერმანიის დროშა გერმანია
პორტუგალიის დროშა პორტუგალია [1]
მეთაურები
ესპანეთის დროშა მანუელ ასანა
ესპანეთის დროშა ჟულიან ბასტეირო
ესპანეთის დროშა ფრანსისკო ლარგო კაბალიერო
ესპანეთის დროშა ხუან ნეგრინი
ესპანეთის დროშა ინდალესიო პრიეტო
ესპანეთის დროშა ვისენტე როხო
ესპანეთის დროშა ხოსე მიახა
ესპანეთის დროშა ხუან მოდესტო
ესპანეთის დროშა ხუან ჰერნანდეს სარავია
ესპანეთის დროშა ბუენავენტურა დურუტი
ლუის კომპანისი
ბასკეთის დროშა ხოსე ანტონიო აგუირე
ალფონსო დანიელ როდრიგეს კასტელაო
ხოსე სანხურხო
გონსალო კეიპო დე ლიანო
ემილიო მოლა
ფრანსისკო ფრანკო
ხუან იაგუე
მანუელ გოდედი
მიგელ კაბანელიასი
ძალები
450 000 ჯარისკაცი
350 თვითმფრინავი
200 ქვემეხი
(1938) [2]
600 000 ჯარისკაცი
600 თვითმფრინავი
290 ქვემეხი
(1938) [3]
დანაკარგები
დაახლ. 500 000[4]
ესპანეთის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში

ესპანეთის სამოქალაქო ომი — მასშტაბური კონფლიქტი, რომელიც ესპანეთში მიმდინარეობდა 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე, რესპუბლიკელებსა და ნაციონალისტებს შორის. რესპუბლიკელები ერთგულნი იყვნენ ესპანეთის მეორე რესპუბლიკის მემარცხენე სახალხო ფრონტის მთავრობისადმი და შედგებოდნენ სხვადასხვა სოციალისტური, კომუნისტური, სეპარატისტული, ანარქისტული და რესპუბლიკური პარტიებისაგან.[5] მოწინააღმდეგე ნაციონალისტები წარმოადგენდნენ ფალანგისტთა, მონარქისტთა, კონსერვატორთა და ტრადიციონალისტთა ალიანსს, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამხედრო ხუნტა. იმდროინდელი საერთაშორისო პოლიტიკური კლიმატის გამო, ომს მრავალი ასპექტი ჰქონდა და სხვადასხვანაირად განიხილებოდა, როგორც კლასობრივი ბრძოლა, რელიგიური ბრძოლა, ბრძოლა დიქტატურასა და რესპუბლიკურ დემოკრატიას შორის, რევოლუციასა და კონტრრევოლუციას შორის და ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის. კონფლიქტი დაიწყო მანუელ ასანიას მეორე ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობით ესპანეთის არმიის გენერალთა ერთი ჯგუფის მიერ. ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური კონფედერაცია (Confederación Española de Derechas Autónomas, ან C.E.D.A), კარლისტები, და ფაშისტური ფალანგა (Falange Española de las J.O.N.S.).[6] ომი დასრულდა აჯანყებულთა ძალების გამარჯვებით, რესპუბლიკური მთავრობის დამხობით, და დიქტატურის დამყარებით, გენერალ ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით. სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა მემარჯვენე პარტია ფრანკოს რეჟიმის მმართველ პარტიაში გაითქვიფა.[7]

რესპუბლიკელებს (republicanos) მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი და მექსიკა, ხოლო აჯანყებულთა მიმდევრებს, ნაციონალისტებს (nacionales), მხარდაჭერა ჰქონდათ ფაშისტური იტალიისა და ნაცისტური გერმანიისგან, ასევე ავტორიტარული ესტადო ნოვოს რეჟიმისგან პორტუგალიაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად ნეიტრალური იყო, ძირითადი ამერიკული კორპორაციები, როგორიცაა ტექსაკო, ჯენერალ მოტორსი, ფორდ მოტორსი და ფაირსტოუნი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ ნაციონალისტ აჯანყებულებს სატვირთო მანქანების, საბურავების, სამანქანო ხელსაწყოებისა და საწვავის მუდმივი მიწოდებით.

ომმა უკიდურესად დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინაპირობებში და განიხილებოდა, როგორც ირიბი ომი საბჭოთა კავშირის კომუნისტებსა და იტალიისა და გერმანიის ფაშისტურ ფლაგმანებს შორის. კონკრეტულად, ამ ომში გამოყენებულ იქნა ახალი სატანკო ბრძოლის ტაქტიკა და ქალაქების საჰაერო დაბომბვა დატერორების მიზნით, რაც გვიანდელი საერთო ევროპული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

ესპანეთის სამოქალაქო ომს ასევე დაერქვა „პირველი მედია ომი“, ვინაიდან მასში აქტიურად იყვნენ ჩაბმული მწერლები და ჟურნალისტები.[8] უცხოელ კორესპონდენტთა შორის, რომლებიც ამ ომს აშუქებდნენ, იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, მართა გელჰორნი და რობერტ კაპა.

მრავალ სამოქალაქო ომთა მსგავსად, ეს ომიც გამოირჩეოდა ნაციონალისტური სულისკვეთებითა და პოლიტიკური პათოსით, ისევე როგორც სამხედრო დანაშაულებების სიმრავლით კონფლიქტის ორივე მხარეს. ესპანეთის სამოქალაქო ომმა მრავალი ოჯახის წევრი, მეზობელი და მეგობარი დაუპირისპირა ერთმანეთს. მებრძოლთა გარდა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისთვის მრავალი სამოქალაქო პირიც იქნა მოკლული, ხოლო 1939 წელს ომის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკელებს დიდი ხნის განმავლობაში დევნიდნენ და ასამართლებდნენ გამარჯვებული ნაციონალისტები.

წინარეისტორია

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ

რედაქტირება

იმ დროს, როდესაც ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მძვინარებდა, ესპანეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა, რითაც დიდი სარგებელი ნახა. ეწეოდა ვაჭრობას არა მარტო ანტანტის ქვეყნებთან, არამედ გერმანიასთანაც. 1913-1918 წლებში ესპანეთის ოქროს მარაგი თითქმის გაოთხკეცდა. ომმა მხოლოდ დროებით გამოაცოცხლა გაძვალტყავებული და დაძაბუნებული ესპანეთის ეკონომიკა. ომის დასასრულისათვის, თუმცა ესპანეთში ქვანახშირის მოპოვება, თუჯისა და ფოლადის გამოდნობა გაორკეცდა, მაგრამ იგი რჩებოდა აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ფეოდალური გადმონაშთებით.

ომის დამთავრება მძიმედ დაეტყო ესპანეთის ეკონომიკას. დაიხურა ასობით ფაბრიკა და ქარხანა. გაიზარდა უმუშევართა რიცხვი მსუბუქ მრეწველობაში. დაიწყო ინფლაცია, გაიზარდა ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე. 1917 წლის 13 აგვისტოს დაიწყო საყოველთაო-პოლიტიკური გაფიცვა, რომელიც თითქმის ორ კვირას გაგრძელდა და იგი პოლიციასთან შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა.

მთავრობათა ცვლა

რედაქტირება

ხუთი წლის განმავლობაში — 1917 წლის მიწურულიდან 1922 წლის დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანაში 11 მთავრობა შეიცვალა. ყოველი მათგანი ცდილობდა ქვეყნის მართვას კონსტიტუციური მონარქიის ჩარჩოებში. მაგრამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის წინაშე მდგარი არც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაჭრილა. 1923 წლისათვის ხელისუფლებას ხელმძღვანელობდნენ ძალაგამოცლილი ლიბერალები. სამეფო ტახტი ირყეოდა, რადგანაც საიმედო დასაყრდენი არ გააჩნდა. სახელმწიფო აპარატი რღვევის სტადიაში იმყოფებოდა, რაც მასობრივ კორუფციაში გამოიხატა. იყო გაფიცვა და ტერორი. კორტესებში ეწყობოდა მძაფრი დებატები. მაროკოში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ომი. ამასობაში კი ესპანეთში მწიფდებოდა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები.

1923 წლის 13 სექტემბერს გენერალმა მიგელ პრიმო დე რივერამ შეძლო სახელმწიფო გადატრალება მოეწყო და სამხედრო დიქტატურა დაემყარებინა. ეკონომიკის სფეროში დიქტატურის გეგმები უაღრესად ფართო და გრანდიოზული, მაგრამ იმავე დროს ნაკლებად საფუძვლიანი იყო. რაც შეეხება საგარეო პილიტიკის სფეროს, პრიმო დე რივერას დიქტატურამ საფრანგეთთან კავშირში შეძლო 1926-1927 წლებისათვის ჩაეხშო მაროკოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

1929 წელს დაწყებული მსოფლიო-ეკონომიკური კრიზისი მძიმე აღმოჩნდა ესპანეთისთვისაც. 20-იანი წლების დასასრულს დიქტატურა იზოლაციაში აღმოჩნდა. პრიმო დე რივერა იძულებული იყო ლავირება დაეწყო, მაგრამ მისი დიქტატურის ავტორიტეტის განმტკიცება აღარავითარ დათმობებს აღარ შეეძლო. მზარდი რევოლუციური მოძრაობით დაშინებულმა მონარქიულმა წრეებმა გადაწყვიტეს რივერას დიქტატურა მსხვერპლად შეეწირად მონარქიის გადარჩენის საქმისათვის. 1930 წლის 26 იანვარს პრიმო დე რივერა აიძულეს გადამდგარიყო. იგი საფრანგეთში წავიდა.

 
მანუელ ასანია ხვდება ჯარისკაცების ჯგუფს, რომელთა შორის არის ფრანცისკო ფრანკო, 1934.

პრიმო დე რივერას დიქტატურა შეცვალა ბერენგერას მთავრობამ, რომელიც მასების დამშვიდებას ნაწილობრივი დათმობებით ცდილობდა. მაგრამ მისმა ღონისძიებებმმა ვერ შეაჩერეს რევოლუციური მოძრაობის აღმავლობა ქვეყანაში. 1931 წლის 14 თებერვალს ბერენგერას მთავრობა გადადგა. ხელისუფლების სათავეში მოსული ასნარას მთავრობა ქვეყანაში მდგომარეობის განმუხტვას მუნიციპალური არჩევნების ჩატარების გზით შეეცადა, რომელიც რესპუბლიკელთა ბლოკის გამარჯვებით დასრულდა. 14 აპრილს მეფე ალფონსო XIII იძულებული გახდა დაეტოვებინა ესპანეთი. შეიქმნა დროებითი რესპუბლიკური მთავრობა ალკალა სამორას მეთაურობით.

რესპუბლიკას საფრთხე ემუქრებოდა არა მარტო მონარქიული და კლერიკალური წრეების მხრიდან. ჯერ კიდევ 1931 წელს ესპანური ფაშიზმის იდეოლოგებმა — ლედესმამ და რედონდომ დააარსეს ფაშისტური პარტია „ნაციონალ-სინდიკალისტური შეტევის ხუნტა“ (შემოკლებით „ხონს“).[6] ამ პარტიის პარალელურად ყოფილი დიქტატორის მიგელ პრიმო დე რივერას შვილმა — ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერამ დააარსა თავისი ფაშისტური პარტია „ესპანური ფალანგა“. 1934 წლის თებერვალში მოხდა „ესპანური ფალანგის“ გაერთიანება „ხონსთან“, რის შედეგადაც შეიქმნა ესპანეთის ფაშისტური პარტია, რომელსაც ეწოდებოდა „ესპანური ფალანგა და ხონსი“. 1934 წლის მიწურულისათვის ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერა გახდა ამ პარტიისა და, მაშასადამე, ესპანური ფაშიზმის ბელადი.

ომის დაწყება

რედაქტირება

1936 წლის 16 თებერვალს, კორტესების არჩევნები სახალხო ფრონტმა მოიგო. მიუხედავად თებერვლის არჩევნებში მარცხისა, ფაშისტებმა მნიშვნელოვანი პოსტები შეინარჩუნეს სახელმწოფო აპარატსა და არმიაში. ისინი ფინანსურ კაპიტალს, ეკლესიასა და უცხოეთის მონოპოლიებს ეყრდნობოდნენ. 1936 წლის შუა ზაფხულისათვის ფაშისტებმა საბოლოოდ შეიმუშავეს ამბოხების გეგმები და ამოცანები. ამბოხებისათვის უნდა ეხელმძღვანელათ რეაქციონერ გენერლებს მოლასნავარასა და ბურგოსში, ფრანკოსმაროკოში, ფანხულს — მადრიდში, ხოლო გოდედსკატალონიაში. ამბოხება დაიწყო 17 ივლისს ესპანეთის მაროკოში. 18 ივლისს სეუტის რადიოთი გადაიცა პაროლი „ესპანეთის თავზე უღრუბლო ცაა“, რაც ამბოხების დაწყების ნიშანი გახდა საკუთრივ ესპანეთში მყოფი რეაქციონერებისათვის. ამბოხება მოედო ესპანეთში, კანარისა და ბალეარის კუნძულებზე მყოფ ყველა გარნიზონს. ამბოხებულთა მხარეს აღმოჩნდა შეიარაღებული ძალების 80 %.

პირველი დღეები

რედაქტირება
 
რესპუბლიკელი მებრძოლი ქალები, 1936.

ამბოხებას თავდაპირველად ხელმძღვანელობდა გენერალი სანხურხო, მაგრამ 20 ივლისს, პორტუგალიიდან ესპანეთში მიმავალი სანხურხო დაიღუპა საავიაციო კატასტროფის დროს. გენერალი ფრანკო უფრო იღბლიანი აღმოჩნდა. ინგლისის თვითმფრინავით 19 ივლისს იგი კანარის კუნძულიდან გაფრინდა ქ. ტეტუანში და სათავეში ჩაუდგა მაროკოში მყოფ ამბოხებულებს. არმიის ამბოხება რესპუბლიკის წინააღმდეგ, ბრძოლები ესპანეთის თითქმის ყველა ქალაქში, ყაზარმების იერიში, ხალხის შეიარაღება — ყოველივე ეს ნიშნავდა ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყებას.

ხალხის ძლიერმა წინააღმდეგობამ ამბოხების პირველსავე დღეებში ჩაფუშა რეაქციული წრეების გეგმები. პირველსავე დღეებში შესაკრებ პუნკტებში გამოცხადდა 300 ათასი მამაკაცი და ქალი იარაღის მიღების იმედით. თითოეული იარაღდებოდა, რითაც შეეძლო. 19 ივლისს, მადრიდში, მოსახლეობამ ჩაახშო ადგილობრივი გარნიზონის გამოსვლა. ბარსელონასა და მთელ კატალონიაში მუშებმა ორდღიანი ბრძოლების შემდეგ დაამარცხეს სამხედრო ნაწილები. რესპუბლიკელთა ხელში დარჩა ასტურია. ასტურიელი მაღაროელები დინამიტის პაკეტებით ეპარებოდნენ მეამბოხეთა საცეცხლე წერტილებს და აფეთქებდნენ მათ. ჩაიშალა მეამბოხეთა გეგმები მალაგაში, ვალენსიაში, ბილბაოში, სანტანდერსა და სხვა მრავალ ქალაქში. რესპუბლიკის მხარეზე აღმოჩნდა ავიაცია და საზღვაო ფლოტი.

პირველ დღეებში განცდილმა მარცხმა უაღრესად მძიმე პირობებში ჩააყენა მემბოხეები. სამრეწველო ცენტრები რესპუბლიკელთა ხელში აღმოჩნდა. მეამბოხეებმა ფეხი მოიკიდეს მხოლოდ სამხრეთში — კადისში, უელვასა და სევილიის პროვინციებში და ჩრდილოეთით — გალისიაში, ნავარასა და ნაწილობრივ ძველ კასტილიაში. ამრიგად შეიქმნა მეამბოხეთა ორი დაჯგუფება, რომელთაც სარდლობდნენ სამხრეთში გენერალი ფრანკო, ხოლო ჩრდილოეთში — გენერალი მოლა.

რესპუბლიკას საკმარისი ძალები გააჩნდა იმისათვის, რომ ჩაეხშო ამბოხება, მაგრამ რესპუბლიკელთა ბანაკის არასათანდაო სიმტკიცე, ერთიანი ხელისუფლების უქონლობა ხელს უშლიდა წინააღმდეგობის ორგანიზებას.

ომის მიმდინარეობა (ნოემბერი, 1936 — 17 მაისი, 1937)

რედაქტირება

„ჩაურევლობის“ პოლიტიკა და ინტერბრიგადები

რედაქტირება
 
პოლონელ მოხალისეთა ინტერბრიგადა.

ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყებამ თავიდანვე მიიქცია მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება. ესპანეთის რესპუბლიკის მხარეზე გამოვიდა მთელი პროგრესული კაცობრიობა, ხოლო წინააღმდეგ — საერთაშორისო რეაქცია და იმპერიალისტური ძალები. რესპუბლიკური ესპანეთის აშკარა მტრებმა — ფაშისტურმა გერმანიამ, იტალიამ და პორტუგალიამ დაუყონებლივ გაუწოდეს ხელი მეამბოხეებს. პირველსავე დღეებში გერმანული და იტალიური თვითმფრინავებით მაროკოდან ნახევარკუნძულზე გადაისროლეს 14 ათასი მეამბოხე და გადაზიდეს დიდძალი საომარი მასალა.

1936 წლის 2 აგვისტოს საფრანგეთის მთავრობამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლეონ ბლიუმი, წამოაყენა ესპანეთის საქმეებში ჩაურევლობის წინადადება. 9 სექტემბერს მის მიერვე შექმნილმა ჩაურევლობის კომიტეტმა დაიწყო მუშაობა ლონდონში. მასში შევიდა 27 ევროპული სახელმწიფო. შეთანხმება ჩაურევლობის შესახებ კრძალავდა ესპანეთში იარაღის ექსპორტსა და ტრანზიტს.

იტალია-გერმანიის ინტერვენციამ და „ჩაურევლობის“ პოლიტიკამ მალე შეცვალა ძალთა თანაბარდობა მეამბოხეთა სასარგებლოდ.

გერმანიამ და იტალიამ არათუ არ შეწყვიტეს მათ მიერვე აღებული საერთაშორისო ვალდებულებათა დარღვევა, არამედ მკვეთრად გააფართოვეს თავიანთი ინტერვენცია ესპანეთში. გერმანელ და იტალიელ ინტერვენტებს შორსგამიზნული გეგმები ამოძრავებდათ. ჯერ ერთი, მათთვის ესპანეთი წარმოადგენდა ნედლეულის წყაროს და კაპიტალის დაბანდების ხელსაყრელ სფეროს და, რაც მთავარია, ისინი ესპანეთს განიხილავდნენ როგორც ხელსაყრელ პლაცდარმს მომავალ მსოფლიო ომში. თავის ამ გეგმის შესასრულებლად გერმანიამ და იტალიამ უხვად გაიღეს ხელი.

1936 წლის ბოლოსათვის რესპუბლიკელთა სასარგებლოდ სულ ჩამოყალიბდა 7 ინტერბრიგადა; ფრანგებმა რესპუბლიკური ესპანეთის დასაცავად გაგზავნა 9 ათასი მოხალისე, პოლონელებმა — 5 ათასი, იტალიელებმა — 3,5 ათასი, ამერიკელებმა — 2,8 ათასი, ინგლისელებმა — 2 ათასი, ავსტრიელებმა — 2 ათასი, გერმანელებმა — 3 ათასი ა.შ. ანტიფაშისტური ძალები რესპუბლიკელებს დაეხმარა უაღრესად კრიტიკულ მომენტში, რადგან 1936 წლის ივლისსა და აგვისტოში წარმოებული ბრძოლების შედეგად საფრთხე დაემუქრა რესპუბლიკის დედაქალაქს — მადრიდს.

მადრიდის კრიზისი

რედაქტირება
 
რესპუბლიკელების T-26 ტანკი არაგონის ფრონტზე, 1937 წლის ნოემბერი.

მადრიდის აღება ომის პირველი დღეებიდანვე გადაიქცა მეამბოხეთა მთავარ ამოცანად. სექტემბერში მეამბოხეებმა აიღეს ტალავერი — მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი მადრიდის გზაზე. ხ. ხირალის მთავრობამ ვერ შეძლო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება.

ასეთ პირობებში, 4 სექტემბერს, შეიქმნა ახალი მთავრობა ლარგო კაბალიეროს ხელმძღვანელობით. ლ. კაბალიეროს მთავრობა შეუდგა მტრის მოსაგერიებლად საჭირო ზოგიერთი საჩქარო ღონისძიებების განხორციელებას. მიღებულ იქნა დეკრეტი მილიციის რეგულარულ არმიად გარდაქმნის შესახებ, შეიქმნა პოლიტიკურ კომისართა ინსტიტუტი, დაიწყეს აგრარული რეფორმის გატარება და სხვა. მაგრამ ყველა ეს ღონისძიება ისე ნელა ხორციელდებოდა, რომ გამორიცხავდა მასების სწრაფ და ენერგიულ მობილიზაციას.

ფაშისტური ძალები განაგრძობდნენ წინსვლას. ნოემბრის დასაწყისში ისინი მადრიდის შემოგარენს მიუახლოვდნენ. ბრძოლები წარმოებდა საუნივერსიტეტო ქალაქსა და კასა დე კამპოს რაიონში. დედაქალაქის შიგნით მოქმედებდნენ ჯაშუშები და დივერსანტები, რომლებსაც მეამბოხე მოლა „მეხუთე კოლონას“ უწოდებდა (მეამბოხეები ქალაქს ოთხი კოლონით უტევდნენ). კაბალიეროს მთავრობამ, რომელსაც არ სჯეროდა მადრიდის შენარჩუნებისა, მიატოვა ქალაქი და ვალენსიაში გაიქცა. დიდი ძალების შედეგად კი მოხერხდა ქალაქის დამცველების დარაზმვა და 7-8 ნოემბერს მტერი მადრიდის კედლებთან შეჩერებულ იქნა. მადრიდი, რომელიც გადაიქცა ესპანელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ, სამოქალაქო ომის დამთავრებამდე ვერ ჩაიგდეს ხელში მეამბოხეებმა.

ბარსელონას პუტჩი

რედაქტირება

1937 წლის 3 მაისს, იმ დროს, როდესაც მეამბოხეები უტევდნენ ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებს, კატალონიის ანარქისტებმა ბარსელონაში მოაწყვეს კონტრრევოლუციური ამბოხება. პუტჩისტებს გააჩნდათ ტანკები, არტილერია, ტყვიამფრქვევები. ფრონტიდან ბარსელონისაკენ გამოემართნენ ანარქისტული ბატალიონები რესპუბლიკური ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად, პუტჩისტები დამარცხდნენ.

რესპუბლიკელთა ამ ანარქისტულმა ქმედებებმა შედეგად გამოიღო ის, რომ კაბალიეროს მთავრობა დაიშალა. კაბალიეროს ცდას — შეედგინა ახალი მთავრობა, ხალხი აღშფოთებით შეხვდა. 1937 წლის 17 მაისს შეიქმნა ახალი მთავრობა სოციალისტ ხ. ნეგრინის მეთაურობით.

საბრძოლო მოქმედებები (17 მაისი, 1937 — დეკემბერი, 1938)

რედაქტირება

(17 მაისი, 1937 — აპრილი, 1938)

რედაქტირება
 
დაბომბილი გერნიკა.

ახალი მთავრობის საქმიანობამ ხელი შეუწყო რესპუბლიკური ბანაკის განმტკიცებას. გაიზარდა სამხედრო მრეწველობის პროდუქცია, განმტკიცდა რესპუბლიკური არმია, გაჩაღდა ბრძოლა „მეხუთე კოლონის“ წინააღმდეგ. მაგრამ, ამასთან ერთად, ფართო ხასიათი მიიღო მეამბოხეთა და ინტერვენტთა ოპერაციებმაც. 1937 წლის ივნისში მტერმა წამოიწყო დიდი ოპერაციები ქვეყნის ჩრდილოეთში. მტრის სიჭარბის გამო რესპუბლიკელები იძულებული გახდნენ, 19 ივნისს დაეტოვებინათ ქ. ბილბაო. მოგვიანებით დაეცა ქ. სანტ-ანდერი. 1937 წლის ოქტომბერში მტერმა დაიკავა ასტურია. ჩრდილოეთ რაიონების დაუფლების შემდეგ ფრანკისტებმა გადაწყვიტეს შეტევა ცენტრალურ ფრონტზე განევითარებინათ. ამასობაში რესპუბლიკურმა არმიამ არაგონის ფრონტზე ხელთ იგდო ქ. ტერუელი. მაგრამ ეს წარმატება მყარი არ იყო, რადგან სამხედრო მინისტრი ი.პრიეტო, რომელსაც საერთოდ არ სჯეროდა ფაშიზმზე გამარჯვება, ხელს უშლიდა მსხვილმასშტაბიანი ოპერაციების ჩატარებას მეამბოხეთა არმიების წინააღმდეგ. ასეთი ტაქტიკის შედეგად მოწინააღმდეგემ 1937 წლის თებერვალში კვლავ დაიბრუნა დაკარგული პოზიციები არაგონის ფრონტზე. უფრო მეტიც, გაარღვია რა რესპუბლიკელთა ფრონტი, მეამბოხეებმა 1938 წლის აპრილში მიაღწიეს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს, რის შედეგადაც რესპუბლიკის ტერიტორია აღმოჩნდა ორ, ერთმანეთისგან მოწყვეტილ ნაწილად გაყოფილი. ამან კიდევ უფრო გააუარესა რესპუბლიკის მდგომარეობა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

მთავრობის რეორგანიზაცია და სამოქმედო პროგრამა

რედაქტირება
 
ბარსელონას დაბომბვა იტალიის საჰაერო ძალების მიერ 1938 წლის 17 მარტს.

სახალხო ფრონტის მემარჯვეენ წრეებში წარმოიშვა კაპიტულანტური ტენდენციები, რომლებიც რესპუბლიკის საერთაშორისო მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად (ესპანეთ-საფრანგეთის საზღვრის ჩაკეტვა, ინტერვენციის გაძლიერება და ა.შ.) კიდევ უფრო ძლიერდებოდა. 1938 წლის მარტის შუა რიცხვებში სახალხო ფრონტის მემარჯვენე ფრთამ აშკარად დასვა ფაშისტებთან დაზავების საკითხი. ამის პასუხად კომუნისტებმა ბარსელონაში, სადაც იმხანად იმყოფებოდა მთავრობა, მოაწყვეს გრანდიოზული დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ ბრძოლას გამარჯვებამდე და კაპიტულანტების განდევნას მთავრობიდა. 1938 წლის 8 აპრილს ხ. ნეგრინმა მოახდინა მთავრობის რეორგანიზაცია. ახალმა მთავრობამ, რომელიც კაპიტულანტებისაგან გაიწმინდა, წამოაყენა 13 პუნქტისაგან შემდგარი ახალი სამოქმედო პროგრამა სახელწოდებით — „ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის დეკლარაცია ომის მიზეზების შესახებ“.

ახალი პროგრამა ითვალისწინებდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ომის შემდგომი წყობილების არჩევას ხალხის ნება-სურვილის მიხედვით, პიროვნებისა და სინდისის თავისუფლებას, კანონიერი გზით შეძენილი საკუთრების პატივისცემას, მშვიდობისმოყვრული პოლიტიკის გატარებას და ა.შ. ეს პროგრამა სახავდა ესპანეთში სამოქალაქო ომის შეწყვეტის გზებს.

(ივნისი — დეკემბერი, 1939)

რედაქტირება

ხ.ნეგრინის მთავრობის რეორგანიზაციამ და ახალი პროგრამის მიღებამ გამოიწვია ქვეყანაში მასების ახალი საბრძოლო აღმავლობა. გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. 1938 წლის ზაფხულში რესპუბლიკურმა არმიამ გადალახა მდინარე ებრო და სასტიკი დარტყმა მიაყენა ფაშისტთა ჯარებს. მტერმა, რომელმაც დაკარგა 80 ათასი კაცი და 200 თვითმფრინავი, შეაჩერა თავისი შეტევა ვალენსიაზე.

დასკვნითი ფაზა

რედაქტირება

ძალთა კონსოლიდაცია

რედაქტირება
 
სიტუაცია ესპანეთში 1938 წლის ნოემბერში

ამ მოვლენების შემდეგ მეამბოხეთა ბანაკში ძალთა კონსოლიდაცია მიმდინარეობდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა გერმანიის მხარდაჭერით უმაღლეს მთავარსარდლად აირჩიეს ფ. ფრანკო. მან მაშინვე განაცხადა, რომ შექმნიდა „ტოტალიტარულ სახელმწიფოს, დაამყარებდა სოციალურ მშვიდობას და საყოველთაო კეთილდღეობას“. მასების გადმობირების მიზნით იგი არ ერიდებოდა დემაგოგიას.

ფრანკოს პოზიციების განმტკიცებაში დიდი როლი შეასრულა იმ გარემოებამ, რო მას პირდაპირი სამხედრო დახმარება გაუწიეს იტალიამ და გერმანიამ. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მეამბოხეთა ხელში აღმოჩნდა, გააუქმეს ყველა კანონი, რომლებიც რესპუბლიკის წლებში იყო მიღებული. ადგილებზე ძალაუფლება გადაეცათ სამხედრო გუბერნატორებს. ფრანკომ გზიდან ჩამოიშორა ისეთი კონკურენტი, როგორიც იყო გენერალი მოლა, რომელიც ფრიად საეჭვო კატასტროფაში დაიღუპა. რეაქციის ყოველგვარი პოლიტიკური ძალები აღმოჩნდა სამხედრო ძალების კონტროლქვეშ. ფრანკო გახდა არა მარტო „სახელმწიფოს მეთაური“ და გენერალისიმუსი, არამედ ფალანგის მეთაურიც — კაუდილიო (ბელადი). 1938 წელს მიუნხენის გარიგებამ უარყოფითი როლი ითამაშა ესპანეთის რესპუბლიკისათვის.

კატალონიის დაცემა

რედაქტირება

1938 წლის დეკემბერში დაიწყო მეამბოხეთა ჭარბი ძალების შეტევა კატალონიაზე. მეამბოხეებს 20-ჯერ მეტი შეიარაღება გააჩნდათ, ვიდრე რესპუბლიკელებს. ცუდად შეიარაღებულმა და მდ. ებროზე ბრძოლებში დაღლილმა რესპუბლიკურმა არმიამ ვერ შეძლო კბილებამდე შეიარაღებული მტრის ჭარბი ძალების შეჩერება და 1939 წლის თებერვალში კატალონია დაეცა. რესპუბლიკელთა ხელში დარჩა ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ანუ ტერიტორიის 1/4.

მადრიდის დაცემა

რედაქტირება

კატალონიის დაცემის შემდეგ 1939 წლის 27 თებერვალს ინგლისმა და საფრანგეთმა ცნეს ფრანკოს მთავრობა და გაწყვიტეს ურთიერთობა რესპუბლიკურ ესპანეთთან. იმევე დროს მემარჯვენე სოციალისტების ლიდერი ბასტეირო და რესპუბლიკური არმიის პოლკოვნიკი კასადო ინგლის-საფრანგეთის ხელშეწყობით ამზადებდნენ შეთქმულებას რესპუბლიკის წინააღმდეგ. ღალატი ყველგან იგრძნობოდა.

1939 წლის 3 მარტს კარტახენის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მოეწყო კონტრრევოლუციური ამბოხება, ხოლო ორი დღის შემდეგ მეამბოხეებმა შეძლეს სამხედრო ფლოტის წაყვანა ბიზერტაში. 5 მარტს ამბოხებამ იფეთქა მადრიდში, სადაც შეთქმულებმა შექმნეს „თავდაცვის ხუნტა“. მადრიდში გაჩაღდა სასტიკი ბრძოლები. ღალატის შედეგად ყველაფერი ირღვეოდა. ხუნტამ შესთავაზა ფრანკოს „საპატიო ზავი“, მაგრამ ფრანკო უსიტყვო კაპიტულაციას მოითხოვდა.

კასადოსა და ბასტეიროს შეთქმულებამ გააკეთა თავისი საქმე. მან რესპუბლიკას გამოაცალა საფუძველი და მადრიდისაკენ გზა გაუხსნა ფაშისტებს. თვითონ კასადო და შეთქმულების სხვა წევრები ინგლისში გაიქცნენ. 1939 წლის 28 მარტს სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ მადრიდი დაეცა, დაეცა რესპუბლიკური ესპანეთი 32-თვიანი გმირული ბრძოლების შემდეგ

მიზეზები

რედაქტირება

ესპანეთის რესპუბლიკის დამარცხების ძირითადი მიზეზები იყო იტალია-გერმანიის ინტერვენცია და შინაგანი უთანხმოებები რესპუბლიკელთა ბანაკში. ამაში ბრალი მიუძღოდათ სოციალისტური პარტიის ისეთ ლიდერებს, როგორებიც იყვნენ ლარგო კაბალიერო, პრიეტო, ბასტეირო და სხვა. ბრალი მიუძღოდათ ანარქო-სინდიკალისტებს, რომელთაც დეზორგანიზაცია შეჰქონდათ რესპუბლიკელთა საქმიანობაში და კაპიტულანტურად იყვნენ განწყობილი.

შედეგები

რედაქტირება
 
დაცემულთა ველი.

ომის დამთავრება მოასწავებდა ესპანეთის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის 9-წლიანი პერიოდის (1931-1939) დასასრულს. ომი იყო ამ რევოლუციის კულმინაცია. ამიტომაც 1939 წელს რესპუბლიკის დაცემა უნდა განიხილებოდეს რევოლუციის მთლიანობაში გააზრებით.

ფრანკისტების პირველი ნაბიჯები აღინიშნა სასტიკი რეპრესიებით. გაუქმდა ყველა დემოკრატიული ორგანიზაცია და მონაპოვარი. ქვეყანაში აბსოლუტური ძალაუფლება ხელში აიღო ფალანგისტთა ლიდერმა 47 წლის გენერალისიმუსმა ფრანსისკო ფრანკომ.

მნიშვნელოვანი ფიგურები

რედაქტირება


პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები

რედაქტირება


იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რუსულენოვანი ნაშრომები

რედაქტირება

ინგლისურნოვანი ნაშრომები

რედაქტირება
სხვ.

  1. მარტინს, ერმინიო. „პორტუგალია“ ნაშრომში ს.ჯ. ვულფი (რედ.). ევროპული ფაშიზმი, ლონდონი: Weidenfeld & Nicholson, 1968 გვ. 322-3

    თითქმის როგორც კი სამოქალაქო ომი დაიწყო, პორტუგელიის მთავრობამ მეტ-ნაკლებად საკუთარი ხმა აჯანყებულ ძალებს მისცა და გადაწყვიტა ყველაფრით დახმარებოდა, გარდა ომში მონაწილეობისა.

    ციტატა მოყვანილია გალაგერი, ტომ. პორტუგალია: მეოცე საუკუნის ინტერპრეტაცია. მანჩესტერი: Manchester University Press, 1983 გვ. 86
  2. Thomas, p. 628
  3. Thomas, p. 619
  4. დანაკარგთა რიცხვი უცნობია; გათვლების ზოგადად მიანიშნებს 500,000-დან 1 მილიონ მოკლულზე. წლების განმავლობაში ისტორიკოსები ამცირებდნენ დაღუპულთა ციფრებს და თანამედროვე მკვლევარები მიიჩნევენ, რომ 500, 000 მოკლული სინამდვილესთან მიახლოებული ვარაუდი უნდა იყოს.
  5. Graham, Helen; Preston, Paul (1987). "The Spanish Popular Front and the Civil War". The Popular Front in Europe. London: Palgrave Macmillan. pp. 106–130.
  6. 6.0 6.1 პეინი, სტენლი ფაშიზმი ესპანეთში, 1923-1977, გვ. 200-203, 1999 უისკონსინის უნივ. სტამბა
  7. სტენლი გ. პეინი. ფაშიზმი ესპანეთში, 1923-1977. Books.google.com. ციტირების თარიღი: 2009-06-24.
  8. [1]