მეხუთე კოლონა
მეხუთე კოლონა — ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. მეხუთე კოლონის მოქმედება შეიძლება იყოს ღია ან ფარული. მეხუთე კოლონის წევრები შეიძლება ფარულად, საიდუმლოდ მოემზადონ და ღიად გაერთიანდნენ კრიტიკულ მომენტში, მოწინააღმდეგის სამხედრო შეტევისას ან მისი სხვა, რაიმე აქტიური ქმედებისას. მეხუთე კოლონის ფარული მოქმედებები შეიძლება გამოიხატოს საბოტაჟის აქტებში, დეზინფორმაციის გავრცელებაში, შპიონაჟში და ა.შ. მეხუთე კოლონა შეიძლება მოქმედებდეს მოწინააღმდეგესთან კოორდინირებულად, იმართებოდეს მის მიერ, მაგრამ შეიძლება მოქმედებდეს დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევდეს სამიზნეს, თავდასხმის ფორმას და დროს. მეხუთე კოლონის წევრები შეიძლება იყვნენ, როგორც აშკარად, შეგნებით, სრულიად გაცნობიერებული მიზნების და მოტივაციის მქონე პირები, ასევე პირები, რომლებიც განსხვავებულ შეხედულებათა გამო, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ პროტესტის გამო, მისი, როგორც პიროვნების მარგინალიზაციის და სხვა მიზეზთა გამო, შეუგნებლად მოქმედებს მოწინააღმდეგის სასარგებლოდ.
მეხუთე კოლონა არ არის მოწინააღმდეგის ჯაშუშური ქსელი, თუმცა შეიძლება იმართებოდეს და ხალისდებოდეს მის მიერ.
მეხუთე კოლონის მოქმედება განსაკუთრებით თავს იჩენს და დამანგრეველი ხდება სამხედრო მოქმედებების დროს.
ტერმინის წარმოშობა
რედაქტირებატერმინი „მეხუთე კოლონა“ პირველად 1936 წელს, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს გამოიყენეს. მადრიდის ალყის დროს, მეამბოხეების გენერალმა, ემილიო მოლამ განაცხადა, რომ მის ოთხ კოლონას, რომელიც მადრიდისკენ მიემართებოდა, შეტევის დროს, შეუერთდებოდა თვითონ მადრიდში მყოფი „მეხუთე კოლონა“. ის ქალაქის შიგნიდან დაარტყამდა რესპუბლიკურ მთავრობას.
ეს ტერმინი, იმ დროს ფართოდ გამოიყენებოდა ესპანეთში, ხოლო მის დამკვიდრებას საერთაშორისო ლექსიკონში ხელი შეუწყო ერნესტ ჰემინგუეიმ, რომელმაც 1938 წელს, ესპანეთში განვითარებულ მოვლენათა ცხელ კვალზე დაწერა პიესა მეხუთე კოლონა, სადაც აღწერილი იყო რესპუბლიკელების კონტრდაზვერვის ბრძოლა ჯაშუშების წინააღმდეგ.
ტერმინის გამოყენება
რედაქტირება1930 წლების ბოლოს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ჩაბმა, ევროპაში მიმდინარე ომში, სულ უფრო მოსალოდნელი ხდებოდა, ხშირი იყო პრესაში მეხუთე კოლონის მოხსენიება აშშ-ს საზღვრებს შიგნით. 1940 წელს ჟურნალმა LIFE, ივნისის გამოშვებაში, ფოტოსურათების მთელი სერია მიუძღვნა „ნაცისტების მეხუთე კოლონის გამოვლინების ნიშნებს“. 1940 წელს, საფრანგეთის მოულოდნელად სწრაფი დაცემა, ქვეყნის შიდა სისუსტეების და პროგერმანული მეხუთე კოლონის არსებობის აქტიური განხილვის საფუძველი გახდა ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში. 1940 წლის ივნისში, უინსტონ ჩერჩილმა, თავის გამოსვლაში თემთა პალატის წინაშე განაცხადა, რომ „პარლამენტმა მას მიანიჭა უფლებამოსილება, ძლიერი ხელით ჩაახშოს მეხუთე კოლონის მოქმედებები“.
ინგლისელები ამ ტერმინს იყენებდნენ ნაცისტთა იმ ჯგუფის აღსანიშნავად, რომლებიც მოქმედებდნენ მეორე მსოფლიო ომის წლებში.
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას აშშ–ის პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა ეს ტერმინი არაოფიციალური საუბრისას გამოიყენა. ამერიკის საგარეო დაზვერვის უფროსმა უილიამ დონოვანმა მას განუცხადა, რომ ნაცისტებს შეეძლოთ დაყრდნობოდნენ შეერთებულ შტატებში არსებულ გერმანულ თემს, რომლის რიცხოვნობაც რამდენიმე მილიონს შეადგენდა, ხოლო რუზველტმა ახსენა „მეხუთე კოლონა“, რომელიც ღალატობს სამშობლოს, ხოლო სამშობლო ღალატის აღსაკვეთად მზად არ არის.
ინგლისელი ისტორიკოსი ჯონ ფულერი წიგნში „მეორე მსოფლიო ომი“ აღნიშნავს, რომ გერმანელებმა უაღრესად უხეში შეცდომა დაუშვეს რუსეთის რეზერვების შეფასებისას; გერმანიის სადაზვერვო სამსახურს „მეხუთე კოლონის“ იმედი გაუმტყუნდა. მისივე თქმით, მართალია, რუსეთში უკმაყოფილოები არსებობდნენ, მაგრამ „მეხუთე კოლონა“ არ არსებობდა.
როცა აშშ ყოფილ ელჩს მოსკოვში ჯოზეფ დეივისს ამერიკელმა ჟურნალისტმა კითხვაზე, რას იტყოდა რუსეთში „მეხუთე კოლონის“ წევრთა შესახებ, პასუხად მიიღო: „მათ არ ჰყავთ ისინი, რადგან დროულად დახვრიტეს... მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი, თავის დროზე, მიიჩნევდა, რომ მოღალატეთა გაუხმაურებელი პროცესები და პოლიტიკური წმენდები, 1935–1939 წლებში რომ ჩატარდა საბჭოეთში, ბარბაროსობის, უმადურობის და ისტერიის გამოვლინების აღმაშფოთებელი ნიმუში იყო. ამჟამად კი, აშკარა გახდა, რომ ეს მოწმობს სტალინის საოცარ შორსმჭვრეტელობას“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჰემინგუეის წყალობით, „ჩვენი მწერლობა“, 28 მარტი, 2008, გვ. 64