მადრიდი (ესპ. Madrid) — ესპანეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა თითქმის 3,2 მილიონ ადამიანს შეადგენს,[2] ხოლო მეტროპოლიური არეალისა — დაახლოებით 6,3 მილიონს. მადრიდი არის მეორე უდიდესი ქალაქი ევროკავშირში ბერლინის შემდეგ. მეორე ადგილი უკავია მის მეტროპოლიასაც, რომელიც ევროკავშირში მხოლოდ პარიზს ჩამოუვარდება.[3][4][5][6] ქალაქის მთლიანი ფართობი 604,3 კმ²-ს შეადგენს.[7]

ქალაქი
მადრიდი
Madrid
დროშა გერბი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
რეგიონი მადრიდი
შიდა დაყოფა Arganzuela, Centro, Chamberí, Retiro, Latina, Carabanchel, Usera, Villaverde, Villa de Vallecas, Puente de Vallecas, Moratalaz, Vicálvaro, Castellana, Moncloa-Aravaca, Fuencarral-El Pardo, Ciudad Lineal და Hortaleza
კოორდინატები 40°23′00″ ჩ. გ. 3°43′00″ დ. გ. / 40.38333° ჩ. გ. 3.71667° დ. გ. / 40.38333; -3.71667
ქალაქის მერი José Luis Martínez-Almeida
დაარსდა IX საუკუნე[1]
პირველი ხსენება 871
ფართობი 605,77 კმ²
ცენტრის სიმაღლე 667
მოსახლეობა 3 165 235 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 5 225,14 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +34 91
საფოსტო ინდექსი 28001-28080
საავტომობილო კოდი M
ოფიციალური საიტი madrid.es
მადრიდი — ესპანეთი
მადრიდი

მადრიდი გაშენებულია მდინარე მანსანარესის ორივე ნაპირზე და მდებარეობს როგორც ქვეყნის, ისე მადრიდის ავტონომიური გაერთიანების (მოიცავს საკუთრივ ქალაქს, მის გარეუბნებს, შემოგარენსა და სოფლებს) ცენტრში. ამ უკანასკნელს ესაზღვრება კასტილიისა და ლეონისა და კასტილია-ლა მანჩის ავტონომიური გაერთიანებები. როგორც ესპანეთის დედაქალაქი, მადრიდი წარმოადგენს მთავრობის ადგილსამყოფელსა და ესპანეთის მონარქის რეზიდენციას, ასევე, ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს.[8] ქალაქის ამჟამინდელი მერია ანა ბოტელა ესპანეთის სახალხო პარტიიდან.

მადრიდის ურბანულ აგლომერაციას აქვს მესამე უდიდესი მშპ[9] ევროკავშირში და სათანადო წვლილი შეაქვს პოლიტიკაში, განათლებაში, გართობაში, მედიაში, მოდაში, მეცნიერებაში, კულტურასა და ხელოვნებაში როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ ქალაქს.[10][11] ეკონომიკური აქტივობის, ცხოვრების მაღალი დონისა და ბაზრის ზომის გამო, მადრიდი ითვლება სამხრეთი ევროპისა[12][13] და პირენეს ნახევარკუნძულის უმთავრეს ფინანსურ ცენტრად. ქალაქში მდებარეობს უმთავრესი ესპანური კომპანიების უმეტესობა, როგორებიცაა Telefónica, იბერია და Repsol. ჟურნალ მონოკლის 2014 წლის ინდექსში მადრიდი ცხოვრების დონის მიხედვით მე-17 ადგილს იკავებს.[14]

ქალაქში განთავსებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კუთვნილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO), SEGIB-ის, იბერიულ-ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციისა (OEI) და საზოგადოებრივი ინტერესის სამეთვალყურეო საბჭოს (PIOB) შტაბბინები. ასევე, მადრიდში მდებარეობს ესპანური ენის საერთაშორისო მარეგულირებლები: ესპანური ენის აკადემიათა ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტი, ესპანური ენის სამეფო აკადემიის (RAE), სერვანტესის ინსტიტუტისა და ესპანური ენის გადაუდებელი რეაგირების ფონდის (Fundéu BBVA) შტაბბინები. მადრიდი ორგანიზებას უკეთებს ისეთ ბაზრობებს, როგორებიცაა FITUR, ARCO,[15] SIMO TCI[16] და მერსედეს ბენცის მადრიდის მოდის კვირეული.[17]

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდს გააჩნია თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მის უბნებსა და ქუჩებს მაინც აქვთ შემონახული ისტორიული იერი. მადრიდის ღირსშესანიშნაობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: სამეფო სასახლე; სამეფო თეატრი 1850 წელს განახლებულ ოპერასთან ერთად; 1632 წელს დაარსებული ბუენ-რეტიროს პარკი; ეროვნული ბიბლიოთეკის (დაარსდა 1712 წელს) XIX საუკუნის შენობა, სადაც ესპანეთის ისტორიული არქივების ნაწილია დაცული; მრავალი ეროვნული მუზეუმი[18] და ხელოვნების ოქროს სამკუთხედი, რომელიც პასეო-დელ-პრადოს გასწვრივ მდებარეობს, მოიცავს ხელოვნების სამ მუზეუმს: პრადოს მუზეუმს, თანამედროვე ხელოვნების დედოფალ სოფიას მუზეუმსა და მუსეო-თისენ-ბორნამისცას, რომელთაგან უკანასკნელი დანარჩენი ორის ხარვეზებს ავსებს.[19] სილებესის სასახლე შადრევანთან ერთად ქალაქის სიმბოლოს წარმოადგენს.[20][21][22]

მადრიდში მდებარეობს ორი მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო კლუბი — რეალ მადრიდი და ატლეტიკო მადრიდი.

ტოპონიმი

რედაქტირება

მადრიდი დოკუმენტურ წყაროებში პირველად ესპანეთში არაბთა ბატონობის პერიოდში მოიხსენიება, როგორც არაბული مجريط მაჯირითი (AFI [maʤriːtˁ]), რაც შუა საუკუნეების ესპანურში დამკვიდრდდა, როგორც მაგერით-ი ([maʤeˈɾit]). არსებობს მრავალი თეორია, რომლებიც უფრო ადრეული წარმომავლობის შესაძლებლობაზე აკეთებენ აქცენტს.

ლეგენდის თანახმად, მადრიდი ტოსკანისა და მანტუას მეფის, ტირენიუსის ვაჟმა, ოკნო ბიანორმა დააარსა და „მეტრაგირტა“ ან „მენტუა კარპეტანა“ უწოდა. სხვა ვერსიით, ქალაქის თავდაპირველი სახელი იყო „ურსარია“ (ლათინურად „დათვების მიწა“), რაც ახლომახლო ტყეებში მრავალი დათვის არსებობით იყო გამოწვეული. დათვი მარწყვის ხესთან (ესპანურად მადრონო) ერთად შუა საუკუნეებში მადრიდის სიმბოლოს წარმოადგენდა.[23]

შუა საუკუნეები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მადრიდის ტერიტორია პრეისტორიული ხანიდან იყო დასახლებული,[24][25][26] და შემორჩენილია კარპეტანიელების დასახლების ნაშთები,[24] რომაული ვილები,[27] ვესტგუთების ბაზილიკა სანტა-მარია-დე-ლა-ალმუდენას ეკლესიის მახლობლად[23][28] და სამი ვესტგუთური ნეკროპოლი კასა-დე-კამპოს, ტეტუანისა და ვიკალვაროს მახლობლად,[29] მადრიდის ადგილას არსებული დასახლების შესახებ პირველი ისტორიული დოკუმენტი ისლამური პერიოდით თარიღდება. IX საუკუნის მეორე ნახევარში[30] კორდოვის ამირა მუჰამად I-მა მდინარე მანსანარესის მახლობლად ციხესიმაგრე ააგო,[31] როგორც ერთ-ერთი მისი ბრძანებით ალ-ანდალუსიისა და ლეონისა და კასტილიის სამეფოების საზღვარზე აგებული მრავალი ციხესიმაგრიდან, რომლებიც ქრისტიანთა შემოსევებისაგან ტოლედოს დასაცავად და მუსლიმთა თავდასხმების დასაყრდენად აშენდა. კორდოვის სახალიფოს დაშლის შემდეგ მადრიდი ტოლედოს ტაიფას შეუერთდა.

1085 წელს ალფონსო VI-ის მიერ ტოლედოსათვის ალყის შემორტყმასთან ერთად ქალაქი ქრისტიანებმა დაიპყრეს, რის შემდეგაც იგი გახდა კასტილიის სამეფოს ნაწილი, როგორც სამეფო საკუთრება.[32] მადრიდის ცენტრში მაჰმადიანები ქრისტიანებმა შეცვალეს, ხოლო მუსლიმები და ებრაელები გარეუბნებში დასახლდნენ. ქალაქი იყო აყვავებული და მიიღო ვილას ტიტული, რომლის ადმინისტრაციული რაიონი გრძელდებოდა აღმოსავლეთით ხარამადან დასავლეთით გვადარამამდე. 1188 წლიდან მადრიდმა მოიპოვა უფლება ყოფილიყო ქალაქი, რომელსაც ეყოლებოდა წარმომადგენლობა კასტილიის სასამართლოებში. 1202 წელს, კასტილიის მეფე ალფონსო VIII-მ ქალაქს მუნიციპალური საბჭოს მარეგულირებელი პირველი ქარტია უბოძა,[33] რომელიც 1222 წელს ფერნანდო III-მ გააფართოვა.

კასტილიის სასამართლოები მადრიდში პირველად 1309 წელს, ფერდინანდ IV კასტილიელის მმართველობისას შეიკრიბა, ხოლო შემდეგ 1329, 1339, 1391, 1393, 1419 წლებში და 1435 წელს ორჯერ. ესპანური სამეფოების საერთო გვირგვინის ქვეშ გაერთიანების შემდეგ სასამართლოებს მადრიდში უფრო ხშირად იწვევდნენ.

XIX საუკუნიდან თანამედროვეობამდე

რედაქტირება

1807 წლის 27 ოქტომბერს კარლ IV-მ და ნაპოლეონმა ხელი მოაწერეს ფონტენებლოს ხელშეკრულებას, რომელიც ფრანგულ არმიას საშუალებას აძლევდა ესპანეთის ტერიტორიის გავლით ესპანურ ჯართან ერთად თავს დასხმოდა პორტუგალიას, რომელმაც უარი განაცხადა შეერთებოდა ინგლისის წინააღმდეგ მიმართულ კონტინენტურ ბლოკადას. 1808 წლის 17 მარტს არანხუესის ამბოხების შედეგად ესპანეთის ტახტზე კარლ IV მისმა შვილმა, ფერდინანდ VII-მ შეცვალა, თუმცა როცა იგი მადრიდში დაბრუნდა, ქალაქი უკვე ოკუპირებული იყო იოაჰიმ მიურატის მიერ. ფერდინანდი მამამისთან ერთად, ფაქტობრივად, ფრნაგული არმიის პატიმრობაში აღმოჩნდა. ნაპოლეონმა ისარგებლა ესპანელი ბურბონების სისუსტით და აიძულა ჯერ მამა, შემდეგ კი შვილი ბაიონაში სწვეოდნენ, სადაც ფერდინანდი 20 აპრილს ჩავიდა.

ორი მეფის არყოფნის გამო დედაქალაქში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. 2 მაისს ხალხმა სამეფო სასახლესთან იწყო მოგროვება. მათ დაინახეს, რომ ფრანგმა ჯარისკაცებმა სასახლიდან გამოყარეს სამეფო ოჯახის დარჩენილი წევრები, რის შემდეგაც ბრბო დაუყოვნებლივ გადავიდა შეტევაზე. ბრძოლამ ერთ საათს გასტანა და მთელი მადრიდი მოიცვა, რასაც სასტიკი რეპრესიები მოჰყვა. მიურატმა გამოსცა ბრძანება ყველა შეიარაღებული ესპანელის წინააღმდეგ, რის შედეგადაც პასეო-დელ-პრადოში და ლა-მონკლოას მინდვრებში ასობით პატრიოტი დახვრიტეს. ფერწერული ნამუშევრები, როგორიცაა გოიას „1808 წლის სამი მაისი“ ასახავენ იმ რეპრესიებს, რითაც დასრულდა 2 მაისის აჯანყება.[34]

ნაპოლენის წინააღმდეგ მიმდინარე ნახევარკუნძულის ომმა, ფერდინანდ VII-ის მეფობისას არსებული უკანასკნელი აბსოლუტისტური პრეტენზიების მიუხედავად, საფუძველი ჩაუყარა ლიბერალურ-ბურჟუაზიული სტილის ახალ ქვეყანას, რომელიც ღია იყო დანარჩენი ევროპისათვის. მადრიდმა, ესპანეთის დედაქალაქმა, ყველა სხვა ქალაქისაგან განსხვავებით, გამოსცადა ამ გახსნილობით გამოწვეული ცვლილებები და აივსო თეატრებით, კაფეებითა და გაზეთებით. მადრიდი განიცდიდა ხშირ ცვლილებებს რევოლუციური მღელვარებებისა და განცხადებების გამო, როგორიც იყო ვიკალვაროს 1854 წლის აჯანყება გენერალ ლეოპოლდო ო’დონელ ი ხორისის მეთაურობით, რამაც პროგრესულ პერიოდს დაუდო სათავე, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში მადრიდი დაბას უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე ქალაქს. საუკუნის პირველ მესამედში მადრიდის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა და 950 000 მაცხოვრებელს გადააჭარბა. ლას-ვენტასის, ტეტუანისა და ელ-კარმენის მსგავსი ახალი გარეუბნები ქალაქში ჩამოსული მუშების დასახლებებად იქცა, ხოლო ენსანჩე მადრიდის საშუალო კლასის სამეზობლოდ ჩამოყალიბდა.[35]

ესპანეთის 1931 წლის კონსტიტუციამ პირველად მოახდინა მადრიდის, როგორც სახელმწიფოს დედაქალაქის სტატუსის მკაფიოდ განსაზღვრა.

მადრიდი მიეკუთვნება ესპანეთის ქალაქების იმ კატეგორიას, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936-1939 წწ.) შედეგად. იგი 1936 წლის ივლისიდან რესპუბლიკელთა დასაყრდენი გახდა, ხოლო მისი დასავლეთი გარეუბნები 1936 წლის ნოემბრის ბრძოლების არეალად იქცა. სამოქალაქო ომის დროს მადრიდი გახდა პირველი ევროპული ქალაქი, სადაც თვითმფრინავებით დაბომბეს (მსოფლიოს ისტორიაში იაპონია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა შანხაიში 1932 წელს) სპეციალურად მშვიდობიანი მოსახლეობა. [36]

ესპანეთის ეკონომიკური ბუმის (1959-1973 წწ.) პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მადრიდის მოსახლეობა, უპრეცედენტო განვითარება განიცადა ქალაქის ეკონომიკამაც. მისი მშპ გახდა უდიდესი ესპანეთში, ხოლო დასავლეთ ევროპაში — მესამე. მუნიციპალიტეტი გაფართოვდა, შეიერთა მიმდებარე დასახლებები და მიაღწია თანამედროვე 607 კმ² ფართობს. მადრიდის სამხრეთი ნაწილი ძალიან ურბანიზებული გახდა და დაიწყო მასიური მიგრაცია ესპანეთის სასოფლო დასახლებებიდან ქალაქში. მადრიდის ახლადაშენებული ჩრდილო-დასავლეთი რაიონები 1960-იანი წლების ესპანეთის ეკონომიკური ბუმის შედეგად გაჩენილი ახლადაყვავებული საშუალო კლასის განსახლების არეალად იქცა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი პერიფერიები ფართო მუშათა კლასის დასახლებებად ჩამოყალიბდა, რომელიც აქტიური კულტურული და პოლიტიკური რეფორმების საფუძვლად იქცა.[36]

ფრანკოს გარდაცვალებისა და დემოკრატიული რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1978 წლის კონსტიტუციამ დაადასტურა მადრიდის, როგორც ესპანეთის დედაქალაქის სტატუსი. 1979 წლის პირველი მუნიციპალური არჩევნების შედეგად, მადრიდმა მეორე რესპუბლიკის შემდეგ პირველად შეიძინა დემოკრატიულად არჩეული მერი. ქალაქი იქცა იმ პერიოდის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენის არენად, როგორებიც იყო დემოკარტიის მხარდამჭერი მასობრივი დემონსტრაციები 1981 წლის 23 თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების ჩაშლის შემდეგ. პირველი დემოკრატიულად არჩეული მერები მემარცხენე პარტიებს ეკუთვნოდნენ (ენრიკე ტიერნო გალვანი, ხუან ბარანკო გალარდო), რომლებიც, მოგვიანებით, უფრო კონსერვატიული პოზიციის წარმომადგენლებმა (აგუსტინ როდრიგეს სააგუნი, ხოსე-მარია ალვარეს დელ მანსანო, ალბერტო რუის-გალარდონი და ანა ბოტელა). 1980-იან და 1990-იან წლებში მატერიალური კეთილდღეობის ზრდის შედეგად ესპანეთის დედაქალაქი ჩამოყალიბდა ევროპის მნიშვნელოვან ეკონომიკურ, კულტურულ, სამრეწველო, საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ ცენტრად.[36]

ეკონომიკა

რედაქტირება

ინდუსტრიული ცენტრების ქალაქგარეთ გატანის მიუხედავად, მადრიდი ბარსელონას შემდეგ მაინც მეორე ადგილზეა ესპანეთში ეკონომიკური მნიშვნელობით. ბოლო ხანებში მკვეთრად გაიზარდა აეროპორტ ბარახასის როლი ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში. დიდი სისწრაფით იზრდება რკინიგზის გაფართოებისთვის მიმდინარე სამუშაოები. ამისდა მიუხედავად, მადრიდი, ისევე როგორც მთელი ესპანეთი, ევროპაში ახალი ტექნოლოგიების თვალსაზრისით ერთობ ჩამორჩენილია. ქალაქგარეთ რამდენიმე ავტოქარხანაა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ესპანეთში საკმაოდ მაღალია ინფლაცია. 1998 წლიდან ფასებმა საცხოვრებელ ფართზე 150 %-ით იმატა, რასაც ევროს შემოღებამაც შეუწყო ხელი. მადრიდი ტურისტულ ბიზნესს წარმატებით ავითარებს და ქვეყანაში ყველაზე მეტჯერ მონახულებად ტურისტულ ქალაქად მიიჩნევა.

ტრანსპორტი

რედაქტირება

ქალაქში საავტობუსო მარშრუტების ქსელი და 1919 წლიდან მეტროპოლიტენი მოქმედებს, რაც ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება და ქალაქის ცენტრს მეორე სარკალო ხაზით სამხრეთით მდებარე სამრეწველო რაიონებთან აერთებს. ამჟამად, მადრიდის მეტროს დამატებად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ტრამვაის ხაზი, რომელიც 35 წლის შემდეგ ხელახლა გაიხსნა უკვე ”მსუბუქ მეტროდ” წოდებული, რომელიც ტრამვაის დაბალვოლტიან Citafdis 302 ვაგონებს იყენებს.

მოქმედებს ელექტრომატარებელთა ქსელი, არის ორი სადგური - ატოჩა და ჩამატრინი. მადრიდის მეტროპოლიტენი ევროპაში მესამე ადგილზეა ხაზების სიგრძით ლონდონისა (415 კმ) და მოსკოვის (288 კმ) მეტროების შემდეგ. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბარახასის საერთაშორისო აეროპორტია 4 ტერმინალით. საჰაერო კარიბჭე ყოველწლიურად 40 მლნ მგზავრს ემსახურება და მსოფლიოს 20 ყველაზე მსხვილ აეროპორტთა შორის სახელდება.

გეოგრაფია

რედაქტირება

მადრიდის ტერიტორიისათვის დამახასიათებელია ხმელთაშუაზღვიური კლიმატი[37] (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია)[38] კონტინენტური მახასიათებლებით, ზომიერი-ცივი ზამთრით, რაც გამოწვეულია ქალაქის მდებარეობით ზღვის დონიდან 667 მეტრ სიმაღლეზე და ზღვიდან დაშორებით, ცალკეულ შემთხვევებში, დიდთოვლობითა და ყინვით. ზაფხული თბილი-ცხელია, ყველაზე ცხელი თვის, ივლისის საშუალო ტემპერატურა დღის განმავლობაში, ადგილმდებარეობის მიხედვით 32-დან 33°C-მდე მერყეობს. ტემპერატურა ზაფხულში ქალაქის სითბური ტალღების დროს ზოგჯერ 35°C-საც აღწევს. მადრიდის სიმაღლისა და მშრალი კლიმატის გამო, ტემპერატურის დღიური ამპლიტუდა ყველაზე მნიშვნელოვანი ზაფხულშია. ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 42,2°C დაფიქსირდა 1995 წლის 24 ივლისს, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა — 1945 წლის 16 იანვარს (-10,1°C). აღასანიშნავია, რომ ეს ჩანაწერები დაფიქსირებულია აეროპორტში და არა უშუალოდ ქალაქში.[39] ნალექები, ძირითადად, შემოდგომასა და გაზაფხულზე მოდის. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მწირია ზაფხული, როდესაც ნალექები თვეში დაახლოებით ორი კოკისპირული წვიმისა და/ან ჭექა-ქუხილიანი შტორმის სახეს იღებს.

წლიური ამინდი — მადრიდი (667 მ), ბუენ-რეტიროს პარკი ქალაქის ცენტრში (1981-2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 9.8 (50) 12.0 (54) 16.3 (61) 18.2 (65) 22.2 (72) 28.2 (83) 32.1 (90) 31.3 (88) 26.4 (80) 19.4 (67) 13.5 (56) 10.0 (50) 19,9 (68)
საშუალო დღიური °C (°F) 6.3 (43) 7.9 (46) 11.2 (52) 12.9 (55) 16.7 (62) 22.2 (72) 25.6 (78) 25.1 (77) 20.9 (70) 15.1 (59) 9.9 (50) 6.9 (44) 15,0 (59)
საშუალო დაბალი °C (°F) 2.7 (37) 3.7 (39) 6.2 (43) 7.7 (46) 11.3 (52) 16.1 (61) 19.0 (66) 18.8 (66) 15.4 (60) 10.7 (51) 6.3 (43) 3.6 (38) 10,1 (50)
ნალექი მმ (დუიმი) 33 (1.3) 35 (1.4) 25 (1) 45 (1.8) 51 (2) 21 (0.8) 12 (0.5) 10 (0.4) 22 (0.9) 60 (2.4) 58 (2.3) 51 (2) 421 (16,6)


საშ. მზიანი საათები 148 157 214 231 272 310 359 335 261 198 157 124
წყარო: Agencia Estatal de Meteorología[40][41][42][43] აგვისტო 2010




მდებარეობა

რედაქტირება

დემოგრაფია

რედაქტირება
წელი მუნიციპალიტეტი ავტონომიური
გაერთიანება
%
1897 542 739 730 807 74,27
1900 575 675 773 011 74,47
1910 614 322 831 254 73,90
1920 823 711 1 048 908 78,53
1930 1 041 767 1 290 445 80,73
1940 1 322 835 1 574 134 84,04
1950 1 553 338 1 823 418 85,19
1960 2 177 123 2 510 217 86,73
1970 3 120 941 3 761 348 82,97
1981 3 158 818 4 686 895 67,40
1991 3 010 492 4 647 555 64,78
2001 2 938 723 5 423 384 54,19
2009 3 255 944 6 386 932 50,98
2010 3 273 049 6 458 684 50,68
2011 3 265 038 6 489 680 50,31
წყარო: INE დაარქივებული 2019-01-07 საიტზე Wayback Machine.

XVI საუკუნის შუა ხანებში ეროვნულ დედაქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ, მადრიდის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 1970-იანი წლების შემდეგ დაახლოებით 3 მილიონზე შეჩერდა.

1970 წლიდან 1990-იანი წლების შუა ხანებამდე ქალაქის მოსახლეობა შემცირდა. ეს მოვლენა, რომელიც ევროპის სხვა ქალაქებსაც შეეხო, ნაწილობრივ, გამოწვეული იყო ქალაქის ცენტრის ხარჯზე გარეუბნების ზრდით. სხვა მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ევროპის ეკონომიკის ზრდის შენელება.

დემოგრაფიული აღმავლობა დაჩქარდა 1990-იანი წლების ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში, რაც გამოწვეული იყო ესპანეთის ეკონომიკის ზრდის პასუხად აგორებული იმიგრაციული ტალღებით. აღწერების მონაცემების მიხედვით, მადრიდის მოსახლეობა 2001-დან 2005 წლამდე 271 856 ადამიანით გაიზარდა.

მადრიდი, როგორც ესპანეთის დედაქალაქი, მთელი მსოფლიოდან მრავალი ემიგრანტის ყურადღებას იპყრობს. 2007 წელს მოსახლეობის დაახლოებით 83,8 %-ს ესპანელები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ეთნიკური ჯგუფები, მათ შორის, ემიგრანტები ლათინური ამერიკიდან, ევროპიდან, აზიიდან, ჩრდილოეთი და დასავლეთი აფრიკიდან, ქალაქის მოსახლეობის 16,2 %-ს წარმოადგენდნენ.

მადრიდის ათ უდიდეს ემიგრაციულ ჯგუფს შეადგენენ: ეკვადორელები (104 184), რუმინელები (52 875), ბოლივიელები (44 044), კოლუმბიელები (35 971), პერუელები (35 083), ჩინელები (34 666), მაროკოელები (32 498), დომინიკელები (19,602), ბრაზილიელები (14 583) და პარაგვაელები (14 308).[46] 1993 წელს იაპონიის საელჩოში დარეგისტრირებული იყო იაპონიის 2 476 მოქალაქე.[47] ქალაქში არსებობს, ასევე, ფილიპინელების, ეკვატორული გვინეელების, ბულგარელების, ინდოელების, იტალიელების, არგენტინელების, სენეგალელებისა და პოლონელების მნიშვნელოვანი ჯგუფები.[46]

2012 წლისათვის მადრიდში ცხოვრობდა დაახლოებით 250 000 მუსლიმი (ქალაქის მთლიანი მოსახლეობის 4 %-ზე ნაკლები), რომლებიც, ძირითადად, ემიგრანტებსა და მაროკოული და სხვა აფრიკული ქვეყნების წარმოშობის მქონე ადამიანებს წარმოადგენდნენ. მათგან 130 000-ზე (52 %) მეტი ესპანელი იყო.[48] მადრიდის იაპონური საზოგადოების მრავალი წევრი, განსაკუთრებით, ბავშვიანები, ცხოვრობს მახადაონდაში, მირასიერაში, ვაგუადასა და ჩრდილოეთ-დასავლეთ მადრიდის სხვა ნაწილებში, იაპონური საერთაშორისო სკოლის სიახლოვეს. სამსახურის სიახლოვის გამო ცენტრალური მადრიდი იზიდავს იაპონური კომპანიების მრავალ უშვილო თანამშრომელს.[47]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მადრიდი 21 რაიონადაა დაყოფილი, რომლებიც, თავის მხრივ, 128 ბარიოდ იყოფა.

მადრიდის რაიონები. რუკის რიცხვები შეესაბამება მარცხნივ არსებულ სიას.
  1. ცენტრო: პალასიო, ემბახადორესი, კორტესი, ხუსტისია, უნივერსიდადი, სოლი.
  2. არგანსუელა: იმპერიალი, აკასიასი, ლა-ჩოპერა, ლეგაზპი, დელისიასი, პალოს-დე-მუხერი, ატოჩა.
  3. რეტირო: პასიფიკო, ადელფასი, ესტრელია, ივისა, იერონიმოსი, ნინიო-ხესუსი.
  4. სალამანკა: რეკოლეტოსი, გოია, პარკე-დე-ლას-ავენიდას, ფუენტო-დელ-ბერო, გინდალერა, ლისტა, კასტელიანა.
  5. ჩამარტინი: ელ-ვისო, პროსპერიდადი, სიუდად ხარდინი, ისპანოამერიკა, ნუევა ესპანია, კასტილია.
  6. ტეტუანი: ბელას ვისტასი, კუატრო კამინოსი, კასტილიეხოსი, ალმენარა, ვალდეასედერასი, ბერუხეტე.
  7. ჩამბერი: გასტამბიდე, არაპილესი, ტრაფალგარი, ალმაგრო, ვალერმოსო, რიო-როსასი.
  8. ფუენკარალ-ელ-პარდო: ელ-პარდო, ფუენტელარეინა, პენაგრანდე, ბარიო-დელ-პილარი, ლა-პასი, ვალვერდე, მირასიერა, ელ-გოლოსო.
  9. მონკლოა-არავეკა: კასა-დე-კამპო, არგუელესი, სიუდად უნივერსიტარია, ვალდესარსა, ვალდემარინი, ელ-პლანტიო, არავაკა.
  10. ლატინა: ლოს-კარმენესი, პუერტა-დელ-ანხელი, ლუსერო, ალუჩე, ლას-აგულიასი, კამპამენტო, კუატრო-ვიენტოსი.
  11. კარაბანჩელი: კომილიასი, ოპანელი, სან-ისიდრო, ვისტა-ალეგრე, პუერტა-ბონიტა, ბუენავისტა, აბრანტესი.
  12. უსერა: ორკასიტასი, ორკასური, სან-ფერმინი, ალმენდრალესი, მოსკარდო, სოფიო, პრადოლონგო.
  13. პუენტე-დე-ვალიეკასი: ენტრევიასი, სან-დიეგო, პალომერას-ბახასი, პალომერას-სურესტე, პორტასგო, ნუმანსია.
  14. მორეტალასი: პავონესი, ორკახო, მაროკინა, მედია-ლეგუა, ფონტარონი, ვინატეროსი.
  15. სიუდად-ლინეალი: ვენტასი, პუებლო ნუევო, კინტანა, ლა-კონსეპსიონი, სან-პასკუალი, სან-ხუან-ბაუტისტა, კოლინა, ატალაია, კოსტილარესი.
  16. ორტალესა: პალომასი, ვალდეფუენტესი, კანილასი, პინარ-დელ-რეი, აპოსტოლ-სანტიაგო, პიოვერა.
  17. ვილავერდე: სან-ანდრესი, სან-კრისტობალი, ბუტარკუე, ლოს-როსალესი, ლოს-ანხელესი.
  18. ვილა-დე-ვალიეკასი: კასკო ისტორიკო დე ვალეკასი, სანტა ეუხენია.
  19. ვიკალვარო: კასკო ისტორიკო დე ვიკალვარო, ამბროსი.
  20. სან-ბლასი: სიმანკასი, ელინი, ამპოსტა, არკოსი, როსასი, რეხასი, კანილეხასი, სალვადორი.
  21. ბარახასი: ალამედა დე ოსუნა, აეროპუერტო, კასკო ისტორიკო დე ბარახასი, ტიმონი, კორალეხოსი.

დაგეგმარება და იერ-სახე

რედაქტირება

არქიტექტურა

რედაქტირება

ურბანული ქანდაკება

რედაქტირება

მადრიდის ქუჩები გარე ქანდაკების ნამდვილ მუზეუმს წარმოადგენს. ღია ცის ქვეშ მდებარე ქანდაკების მუზეუმი, რომელიც პასეო დე ლა კასტელიანაში მდებარეობს, აბსტრაქტულ ნამუშევრებს ეძღვნება, მათ შორისაა ედუარდო ჩილიდას სირენა ვარადა (სანაპიროს სირინოზი).

XVIII საუკუნიდან პასეო დელ პრადოს ამშვენებს კლასიკური მონუმენტური შადრევნები: არტიშოკის შადრევანი (ფუენტა დე ლა ალკაჩოფა), ოთხი შადრევანი (კუატრო ფუენტეს), ნეპტუნის შადრევანი (ფუენტო დე ნეპტუნო), აპოლონის შადრევანი (ფუენტო დე აპოლო) და კიბელეს (ან სიბელეს) შადრევანი (ფუენტო დე სიბელეს). ყველა მათგანი ვენტურა როდრიგესის მიერაა დაპროექტებული.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხენოსანი ქანდაკებები, დაწყებული XVII საუკუნეში შექმნილი ორი ქანდაკებიდან: ჯამბოლონიას ფილიპე III-ის ქანდაკება პლასა-მაიორზე და ფილიპე IV-ის ქანდაკება პლასა-დე-ორიენტეზე (უდავოდ მადრიდის ყველაზე მნიშვნელოვანი ქანდაკება, ველასკესის პროექტის მიხედვით და გალილეო გალილეის სამეცნიერო რჩევის გათვალისწინებით შექმნა პიეტრო ტაკამ).

ბუენ-რეტიროს პარკის მრავალი არეა მართლაც სკულპტურულ სცენოგრაფიას წარმოადგენს, მათგან აღსანიშნავია რიკარდო ბელვერის დაცემული ანგელოზი და ხოსე გრასეს რიერას ალფონსო XII-ის მონუმენტი.

სხვა ობიექტებიდან აღსანიშნავია ნეონის სარეკლამო ნიშნები, რომელთაგან ზოგს ისტორიული ღირებულება გააჩნია და კანონითაა დაცული, ასეთებია Schweppes-ი პლასა დე კალაოზე და Tío Pepe პუერტა დელ სოლზე. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ გადაიტანეს შენობის სარესტავრაციო სამუშაოების გამო.

ხელოვნება და კულტურა

რედაქტირება

ეკლესიები

რედაქტირება
 
ალმუდენას კათედრალი

მადრიდში მრავალი კათოლიკური ეკლესიაა, რომელთაგან ზოგი ესპანეთის უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ქმნილებათა შორისაა.

დღემდე შემორჩენილ ეკლესიათაგან უძველესია სან-ნიკოლას-დე-ლოს-სერვიტასის ეკლესია, რომლის ყველაზე ძველი ნაწილი, სამრეკლო, XII საუკუნეს განეკუთვნება და მუდეხარის სტილშია აგებული. მეორე უძველესი ეკლესიაა სან-პედრო-ელ-რეალი, თავისი მაღალი აგურის კოშკით.

სან-ხერონიმეს გოთური ეკლესია პრადოს მუზეუმის გვერდით მდებარეობს. კათოლიკე მონარქებმა მისი მშენებლობის ბრძანება XV საუკუნეში გასცეს, როგორც გამქრალი მონასტრის ნაწილისა. შემონახულია მონასტრის გალერეა. იგი ახლახან განახლდა რაფაელ მონეოს მიერ, რაც მიზნად ისახავდა აქ პრადოს მუზეუმის ნეოკლასიკური კოლექციისა და ლეონე ლეონის სკულპტურების განთავსებას.

ეპისკოპოსის კაპელა არის გოთური სამლოცველო, რომელიც პლასენსიის ეპისკოპოსის გუტიერე დე ვარგასის ბრძანებით აშენდა XVI საუკუნეში. იგი, თავდაპირველად, აიგო წმინდა ისიდორე ლაბორერის (მადრიდის მფარველი წმინდანი) ნაშთების შესანახად, თუმცა, საბოლოოდ, ვარგასების ოჯახის მავზოლეუმად გამოიყენეს. სამლოცველოში განთავსებულია საკურთხევლის ხატები და ვარგასის ოჯახის საფლავები, რომლებიც ალონსო ბერუგუეტეს მოწაფის, ფრანსისკო ხირალტეს ნამუშევრებს წარმოადგენენ და ესპანური რენესანსის სკულპტურის შედევრებად განიხილებიან.

 
წმინდა ისიდორეს ეკლესია პლასა მაიორიდან
 
ლა-ენკარნასიონის სამეფო მონასტერი

წმინდა ისიდორეს ეკლესია 1620-1664 წლებს შორის აშენდა კარლ V-ის ქალიშვილის, ინფანტა მარია ესპანელის ბრძანებით, რათა გამხდარიყო იეზუიტთა სკოლის ნაწილი, რომელიც დღემდე არსებობს. ეკლესიის გუმბათი წარმოადგენს პირველ მაგალითს თაბაშირით დაფარული ხისჩარჩოიანი გუმბათისას, რომელსაც, მისი სიმსუბუქის გამო, იოლად იყრდნობს კედლები. ტაძარი წარმოადგენდა მადრიდის კათედრალს 1885-1993 წლებში, ალმუდენას კათედრალის მშენებლობის დასრულებამდე. მასში არსებული სახელოვნებო ნამუშევრების ნაწილი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს დაიწვა, თუმცა გადარჩა წმინდა ისიდორეს საფლავი მისი უხრწნელი სხეულითურთ და ურნა მისი ცოლის, მარია ტორიბიას ფერფლით.

ლა-ენკარნასიონის სამეფო მონასტერი ავგუსტინელთა მოსახსენიებელი მონასტერია. დაწესებულება, რომელიც წარჩინებულ ქალბატონებს ეკუთვნოდა, დააარსა ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის ცოლმა მარგარეტ ავსტრიელმა XVII საუკუნის დასაწყისში. მასში არსებული ფრესკებისა და ქანდაკებების გამო, იგი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტაძარია. მონასტერი აგებულია არქიტექტორ ფრაი ალბერტო დე ლა მადრე დე დიოსის მიერ 1611-1616 წლებში. ფასადი პასუხობს ჰერერიანის სტილის მკაცრ სისადავეს და სხვა ესპანური ტაძრების იმიტაციას წარმოადგენს. ეკლესიის ინტერიერი ბაროკოს პერიოდის დიდი არქიტექტორის, ვენტურა როდრიგესის მდიდრული ნამუშევარია.

ეკლესიაში შემონახულია აკლდამები, რომლებშიც წმინდა იანუარიუსისა და წმინდა პანტელეიმონის სისხლია შემონახული, ეს უკანასკნელი (ტრადიციის მიხედვით) ყოველი წლის 27 ივლისს, წმინდანის ხსენების დღეს თხევადდება.

სან-ანტონიო-დე-ლოს-ალემანესი (წმინდა ანტონის ეკლესია) XVII საუკუნის ლამაზი ტაძარია, რომელიც თავდაპირველად პორტუგალიური საავადმყოფოს ნაწილი იყო, მოგვიანებით კი ქალაქში მცხოვრებ გერმანელებს აჩუქეს. ეკლესიის ინტერიერი ახლახან აღადგინეს. აქაა ლუკა გიორდანოს, ფრანსისკო კარენოსა და ფრანსისკო რისის მიერ დახატული რამდენიმე შესანიშნავი ფრესკა, რომლებზეც გამოსახულია ესპანეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბოჰემიის ზოგირთი მეფე. ყველა მათგანი შეჰყურებს კამარის მოხატულობას, რომელიც წმინდა ანტონ პადუელის ცხოვრებას ასახავს.

 
სან-ფრანსისკო-ელ-გრანდეს ბაზილიკა

წმინდა ანტონ ფლორიდელის სამეფო კაპელას ზოგჯერ „გოიას სიქსტეს კაპელასაც“ უწოდებენ. სამლოცველო მეფე კარლ IV-ის ბრძანებით აიგო, სწორედ მან შეუკვეთა გოიას ფრესკები. სამუშაოები 1798 წელს ექვს თვეში დასრულდა. ეს ფრესკები წმინდა ანტონ პადუელის სასწაულებს ასახავენ, რომელთაგან ერთი ლისაბონში აღსრულდა, თუმცა მხატვარმა ის მადრიდში გამოსახა. ყოველ 13 ივნისს სამლოცველო მნიშვნელოვანი პილიგრიმული ცენტრი ხდება, ამ დროს ტაძარში თავს იყრის მრავალი გასათხოვარი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც ლოცულობენ და წმინდა ანტონს საქმროს სთხოვენ.

სან-ფრანსისკო-ელ-გრანდეს ბაზილიკა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ნეოკლასიცისტურ სტილში ააგო ფრანჩესკო საბატინიმ. ბაზილიკას აქვს სიდიდით მეხუთე გუმბათი ქრისტიანულ სამყაროში (მისი დიამეტრი 33 მეტრს შეადგენს და უფრო პატარაა, ვიდრე რომის პანთეონის (43,4 მ), წმინდა პეტრეს ბაზილიკის (42,4 მ), სანტა-მარია-დელ-ფიორესა (42 მ) და მოსტას როტონდის (37,2 მ) გუმბათები, თუმცა უფრო დიდია, ვიდრე ლონდონის წმინდა პავლეს ტაძრისა (30,8 მ) და აია-სოფიას ტაძრის (31,8 მ) გუმბათები).

ეკლესია ეძღვნება წმინდა ფრანცისკე ასიზელს, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, იმყოფებოდა მადრიდში, როდესაც სანტიაგო-დე-კომპოსტელას მოსალოცად მოგზაურობდა. მისი მდიდრული ინტერიერი ხელოვნების მრავალი ნიმუშითაა შემკულია, მათ შორისაა გოიასა და სურბარანის ფერწერული ნამუშევრები.

სანტა-მარია-ლა-რეალ-დე-ლა-ალმუდენა არის მადრიდის არქიდიოცეზის ეპისკოპოსის საყდარი. ტაძრის სიგრძე 102 მეტრია, ხოლო სიმაღლე — 73 მეტრი. ის XIX-XX საუკუნეებში შენდებოდა და სხვადასხვა სტილის სინთეზს წარმოადგენს: ექსტერიერი ნეოკლასიცისტურია, ინტერიერი — ნეოგოთიკური, კატაკომბა — ნეო-რომანული, ხოლო საკურთხევლის მხატვრობა ნეო-ბიზანტიურ სტილშია შესრულებული.

კათედრალი იმავე ადგილზეა აშენებული, სადაც მავრების ციტადელი (ალ-მუდაინა) იდგა. ტაძარი პაპმა იოანე-პავლე II-მ აკურთხა 1993 წლის 15 ივნისს ესპანეთში თავისი მეოთხე მოგზაურობის დროს, ამიტომაც, იგი პაპისადმი მიძღვნილი ერთადერთი კათედრალია ესპანეთში.

კლასიკური მუსიკა და ოპერა

რედაქტირება
 
მუსიკის ეროვნული აუდიტორია

მუსიკის ეროვნული აუდიტორია (Auditorio Nacional de Música)[49] მადრიდის კლასიკური მუსიკის კონცერტების მთავარი სცენაა. იგი წარმოადგენს სახლს ესპანეთის ეროვნული ორკესტრისა და ჩამარტინის სიმფონიური ორკესტრისათვის,[50] ასევე, მადრიდის ავტონომიური გაერთიანების ორკესტრისა და მადრიდის სიმფონიური ორკესტრის სიმფონიური კონცერტების სცენას. ეს არის, ასევე, ძირითადი სივრცე მადრიდში დასაკრავად ჩამოსული ორკესტრებისათვის.

სამეფო თეატრი (Teatro Real), რომელიც ზუსტად სამეფო სასახლის წინ მდებარეობს, მადრიდის უმთავრესი ოპერის სახლია. მასში განთავსებულია მადრიდის სიმფონიური ორკესტრი.[51] თეატრი, წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მასპინძლობს დაახლოებით 17 საოპერო ღონისძიებას (როგორც საკუთარ ნამუშევრებს, ასევე ევროპის სხვა უმთავრეს საოპერო სახლებთან ერთად შექმნილ ნიმუშებს), ასევე ორ ან სამ ძირითად ბალეტსა და რამდენიმე სოლოს.

სარსუელას თეატრი (Teatro de la Zarzuela) უმთავრესად, ეთმობა სარსუელას (ტრადიციული ესპანური მუსიკალური-თეატრალური ჟანრი), ასევე, ოპერეტასა და სოლო შესრულებას.[52][53] თეატრში განთავსებულია მადრიდის ავტონომიური გაერთიანების ორკესტრი.

მონუმენტური თეატრი (Teatro Monumental) ესპანეთის რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიური ორკესტრის საკონცერტო დარბაზს წარმოადგენს.[54]

კლასიკური მუსიკისათვის განკუთვნილი სხვა სივრცეებია ხუან მარჩის ინსტიტუტი (Fundación Joan March) და აუდიტორია 400, რომელიც თანამედროვე მუსიკას ეძღვნება.

ადგილობრივი დღესასწაულები

რედაქტირება
  • 2 მაისი, ფიესტა დე ლა კომუნიდადი (მადრიდის კომუნის დღე).
  • 15 მაისი, სან-ისიდრო ლაბრადორი (მადრიდის მფარველი წმინდანი).
  • 13 ივნისი, სან-ანტონიო დე ლა ფლორიდა (მონკლოას სამეზობლოს მფარველი წმინდანი).
  • 16–25 ივლისი, დელ-კარმენის ღვთისმშობლის ზეიმი (ვალეკასის სამეზობლოს მფარველი წმინდანი).
  • 6–14 აგვისტო, დე-ლა-პალომას ღვთისმშობლის ზეიმი (მადრიდის პოპულრაული მფარველი წმინდანი).
  • 7 აგვისტო, სან-კაიეტანო (კასკოროს სამეზობლოს მფარველი წმინდანი).
  • 10 აგვისტო, სან-ლორენსო (ლავაპიესის სამეზობლოს მფარველი წმინდანი).
  • 9 ნოემბერი, ალმუდენას ღვთისმშობლის დღესასწაული (მადრიდის მფარველი წმინდანი).

განათლება

რედაქტირება

განათლება ესპანეთში თავისუფალია და სავალდებულოა 6-დან 16 წლამდე. ამჟამინდელ განათლების სისტემას ეწოდება LOE (Ley Orgánica de Educación).[55]

უნივერსიტეტები

რედაქტირება

მადრიდში მრავალი საჯარო და კერძო უნივერსიტეტი მდებარეობს, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტებს შორისაა, მრავალი მათგანი კი ესპანეთის ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია.

 
მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი, დაარსებულია 1293 წელს

მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი (Universidad Complutense de Madrid) უდიდესია ესპანეთში და ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში. მას 10 000 თანამშრომელი და 117 000 სტუდენტი ჰყავს. თითქმის ყველა აკადემიური თანამშრომელი ესპანელია. უნივერსიტეტი განთავსებულია ორ კამპუსში: სიუდად უნივერსიტარიის საუნივერსიტეტო კვარტალსა (მონკლოა, მადრიდი) და სომოსაგუასში.[56] კომპლუტენსეს უნივერსიტეტი დაარსდა ალკალა-დე-ენარესში, ძველ კომპლუტუნში კარდინალ სისნეროსის მიერ 1499 წელს. მიუხედავად ამისა, მისი რეალური დაარსების დარიღად მიჩნეულია 1293 წელი, როდესაც კასტილიის მეფე სანჩო IV-მ დააარსა ალკალას გენერალური სკოლები, რომლებმაც დასაბამი მისცეს სისნეროსის კომპლუტენსეს უნივერსიტეტს. უნივერსიტეტში 1509-1510 წლების კურსის განმავლობაში უკვე ფუნქციონირებდა ხუთი სკოლა: ხელოვნებისა და ფილოსოფიის, ღვთისმეტყველების, კანონიკური სამართლის, შვიდი თავისუფალი ხელოვნებისა და მედიცინის. 1836 წელს, ისაბელ II-ის მმართველობისას უნივერსიტეტი გადაიტანეს მადრიდში, სადაც ცენტრალური უნივერსიტეტის სახელი მიიღო და სან-ბერნარდოს ქუჩაზე განთავსდა. მოგვიანებით, 1927 წელს, ახალი საუნივერსიტეტო არეალის აშენება დაიგეგმა მონკლოა-არავაკას რაიონში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მეფე ალფონსო XIII-მ სპეციალურად ამ მიზნით გამოყო. ესპანეთის სამოქალაქო ომის მსვლელობისას სიუადად უნივერსიტარიის ტერიტორია ბრძოლების ზონაში მოექცა, რის შედეგადაც დაინგრა რამდენიმე სკოლა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და დაიკარგა მისი მდიდარი სამეცნიერო, მხატვრული და ბიბლიოგრაფიული მემკვიდრეობის ნაწილი. 1970 წელს, მთავრობის გატარებული უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად ცენტრალური უნივერსიტეტი გახდა მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი. ამ პერიოდში ახალი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლისათვის შეიქმნა სომოსაგუასის ახალი კამპუსი, ხოლო ძველ ალკალას კამპუსში, 1977 წელს, გაიხსნა დამოუკიდებელი ალკალას უნივერსიტეტი. კომპლუტენსე, ასევე, ემსახურება იმ სტუდენტებს, რომლებმაც მადრიდი აირჩიეს თავიანთ საცხოვრებლად საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში. სტუდენტებს, მაგალითად, შეერთებული შტატებიდან, შეუძლიათ ჩავიდნენ მადრიდში API-ს (საერთაშორისო უმაღლესი განათლების პროგრამები) მსგავსი პროგრამებით და კომპლუტენსეში გაიარონ ინტენსიური სასწავლო კურსები ესპანურ ენაზე. უნივერსიტეტის კამპუსის გარემო ქალაქში დროებით მცხოვრებ სტუდენტებს საშუალებას აძლევს წვდომა ჰქონდეთ ქალაქის ყველა ობიექტზე, როგორებიცაა რეტიროს პარკი, პრადოს მუზეუმი და მრავალი სხვა. უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ სტუდენტები სახლში ბრუნდებიან ესპანური ენის, კულტურისა და მრავალფეროვნების თავისუფალი აღქმითა და შეგრძნებით.[57]

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

მადრიდთან დაძმობილებული, დობილი და პარტნიორი ქალაქების სია:[58]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. History of Madrid. Madrid Traveller. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-29. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 2014.
  2. INE.es დაარქივებული 2014-08-02 საიტზე Wayback Machine. Instituto Nacional de Estadística (National Statistics Institute)
  3. World Urban Areas: Population & Density (PDF). Demographia. ციტირების თარიღი: 10 August 2008.
  4. Eurostat, UrbanAudit.org დაარქივებული 2011-04-06 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 12 March 2009. Data for 2004.
  5. Brinkoff, Thomas "Principal Agglomerations of the World". Retrieved 12 March 2009. Data for 1 January 2009.
  6. United Nations Department of Economic and Social Affairs World Urbanization Prospects (2007 revision), (United Nations, 2008), Table A.12. Data for 2007.
  7. Member of the Governing Council. Delegate for Economy, Employment and Citizen Involvement (PDF). ციტირების თარიღი: 3 September 2012.
  8. ampt2015.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-12. ციტირების თარიღი: 2015-06-03.
  9. Global city GDP rankings 2008–2025. Pricewaterhouse Coopers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 20 November 2009.
  10. Globalization and World Cities (GaWC) Study Group and Network, Loughborough University. The World According to GaWC 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-24. ციტირების თარიღი: 2015-06-04.
  11. Global Power City Index 2009 (PDF). ციტირების თარიღი: 14 April 2011.
  12. Worldwide Centers of Commerce Index (PDF). ციტირების თარიღი: 3 September 2012.
  13. Global Power City Index (PDF). ციტირების თარიღი: 3 September 2012.
  14. travelnow.is. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-31. ციტირების თარიღი: 2015-06-04.
  15. Arte Contemporaneo en España - ARCOmadrid. Ifema.es. ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი, 2012.
  16. [1] დაარქივებული 2016-08-25 საიტზე Wayback Machine. SIMO TCI
  17. [2] დაარქივებული 2012-04-11 საიტზე Wayback Machine. Cibeles Madrid Fashion Week
  18. Arquitectura. Edificios de los Museos Estatales. Mcu.es (25 იანვარი, 2012). ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2012.
  19. „მადრიდის გეოგრაფია“. Easy expat. 11 აგვისტო, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-22. ციტირების თარიღი: 2015-06-07. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  20. Plaza de Cibeles | Spain.info in english. Spain.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-03. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2012.
  21. Madrid's Palacio de Cibeles Renovated Into Jaw-Dropping CentroCentro Cultural Center | Inhabitat – Sustainable Design Innovation, Eco Architecture, Green Building. Inhabitat. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2012.
  22. სილებესის შადრევანი – ტურიზმი მადრიდში. Turismomadrid.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-18. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2012.
  23. 23.0 23.1 El Madrid Medieval (Medieval Madrid). Includes Pre-historic, Roman and medieval up to the Catholic Monarchs Spanish. History of Madrid.. José Manuel Castellanos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 28 October 2007.
  24. 24.0 24.1 Los primeros madrileños llegaron hace 500.000 años. Los descubrimientos de la M-30..
  25. La prehistoria de Madrid. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 13 March 2007.
  26. Ocupaciones achelenses en el valle del Jarama (Arganda, Madrid);Santonja, Manuel; López Martínez, Nieves y Pérez-González, Alfredo;1980;Diputación provincial de Madrid;ISBN 84-500-3554-6
  27. Las villas romanas de Madrid. Madrid en época romana. (PDF).
  28. El Madrid antiguo en época romana;Fernández Palacios, Fernando;Estudios de Prehistoria y Arqueología Madrileñas;Number 13; year 2004
  29. 824 tumbas visigodas en Vicalvaro..
  30. Madrid Islámico. Nova.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-16. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2012.
  31. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის XV საუკუნის არაბი გეოგრაფი ალ-ჰიმიარი, რომელიც თავის წიგნში „სურნელოვანი ბაღის წიგნი ქვეყანათა სიახლეების შესახებ“ აღწერს: „მადრიდი, ალ-ანდალუსიის ღირსშესანიშნავი ქალაქი, რომელიც ააგო ამირა მუჰამად იბნ აბდ ალ-რაჰმანმა...“
  32. Ayuntamiento de Madrid – Alfonso VI en Madrid Spanish. Madrid.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 7 August 2012.
  33. Ayuntamiento de Madrid – El Siglo XIII Spanish. Madrid.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2012.
  34. Ayuntamiento de Madrid – Madrid y la Guerra de la Independencia Spanish. Madrid.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-23. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2012.
  35. Ayuntamiento de Madrid - El Madrid liberal es. Madrid.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-23. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2013.
  36. 36.0 36.1 36.2 Madrid, de territorio fronterizo a región metropolitana. Madrid, from being the "frontier" to become a Metropole. Spanish. History of Madrid.. Luis Enrique Otero Carvajal (Profesor Titular de Historia Contemporánea. Universidad Complutense. Madrid). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 28 October 2007.
  37. Tipos de clima Spanish.
  38. J. Klausen, MeteoSwiss, Switzerland. GAWSIS 2.2. Gaw.empa.ch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-08. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2013.
  39. Extreme Values (annual), Madrid. AEMet.
  40. Guía resumida del clima en España (1981-2010). AEMet (ნოემბერი 2011). ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2011.
  41. Extreme Values (Jan–Apr), Madrid. AEMet.
  42. Extreme Values (May–Aug), Madrid. AEMet.
  43. Extreme Values (Sep–Dec), Madrid. AEMet.
  44. Guía resumida del clima en España (1981-2010). AEMet (November 2011). ციტირების თარიღი: 17 November 2011.
  45. Guía resumida del clima en España (1981-2010). AEMet.
  46. 46.0 46.1 Foreign Population in the city of madrid. A study by the Dirección General de Estadística of the municipality of Madrid (PDF). ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 2014.
  47. 47.0 47.1 Conte-Helm, Marie. The Japanese and Europe: Economic and Cultural Encounters (Bloomsbury Academic Collections). A&C Black, 17 დეკემბერი, 2013. ISBN 1780939809, 9781780939803. გვ. 111.
  48. „Explotación estadística del censo de ciudadanos musulmanes en España referido a fecha 31/12/2012“ (PDF). UNIÓN DE COMUNIDADES ISLÁMICAS DE ESPAÑA: 6–9. 2012.
  49. Auditorio Nacional de Música. Time Out. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2009. ციტირების თარიღი: 19 August 2009.
  50. Orquesta Sinfónica Chamartín-Historia (in Spanish). Orquesta Sinfónica Chamartín (20 February 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 28 August 2008.
  51. Teatro Real (Timeout Madrid). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2009. ციტირების თარიღი: 31 January 2009.
  52. History of the Teatro de la Zarzuela. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2015-06-24.
  53. ''Teatro de la Zarzuela – Timeout Madrid''. Timeout.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 სექტემბერი 2009. ციტირების თარიღი: 13 April 2010.
  54. La Orquesta Sinfónica (in Spanish). RTVE. ციტირების თარიღი: 27 August 2014.
  55. Sistema Educativo LOE by the Spanish Ministry of Education(Spanish Only) Spanish. Mec.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 13 April 2010.
  56. „Universidad Complutense“. Missouri-St. Louis University. 10 July 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2015.
  57. „Complutense University of Madrid“. UCM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-16. ციტირების თარიღი: 2015-06-30.
  58. Mapa Mundi de las ciudades hermanadas. Ayuntamiento de Madrid.
  59. Berlin - City Partnerships. Der Regierende Bürgermeister Berlin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-21. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2013.
  60. Bordeaux - Rayonnement européen et mondial French. Mairie de Bordeaux. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-07. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2013.
  61. Bordeaux-Atlas français de la coopération décentralisée et des autres actions extérieures French. Délégation pour l’Action Extérieure des Collectivités Territoriales (Ministère des Affaires étrangères). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-07. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2013.
  62. Lisboa - Geminações de Cidades e Vilas Portuguese. Associação Nacional de Municípios Portugueses [National Association of Portuguese Municipalities]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-20. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2013.
  63. Acordos de Geminação, de Cooperação e/ou Amizade da Cidade de Lisboa Portuguese. Camara Municipal de Lisboa. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2013.
  64. NYC's Partner Cities. The City of New York. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-14. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2012.