არგენტინა
არგენტინა ოფიციალურად არგენტინის რესპუბლიკა (ესპ. República Argentina) — სამხრეთ ამერიკის სიდიდით მეორე ქვეყანა, კონსტიტუციური მოწყობით წარმოადგენს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფედერალურ საპრეზიდენტო რესპუბლიკას 23 პროვინციითა და ბუენოს-აირესის ავტონომიური ოლქით. არგენტინა მსოფლიოში სიდიდით მერვე ქვეყანაა და ამავე დროს ყველაზე დიდია ესპანურენოვან ქვეყნებს შორის.
არგენტინის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: En Unión y Libertad | ||||||
ჰიმნი: Himno Nacioanal Argentino |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ბუენოს-აირესი 34°20′ ს. გ. 58°30′ დ. გ. / 34.333° ს. გ. 58.500° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ხავიერ მილეი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 2,766,890 კმ2 (მე-8) | ||||
- | წყალი (%) | 1.1 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 40,091,359 (32-ე) | ||||
- | 2001 აღწერა | 36,260,130 | ||||
- | სიმჭიდროვე | 14.49 ად კაცი/კმ2 (207-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $691.054 მილიარდი (მე-19) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $13,307 (57-ე) | ||||
აგი (2007) | 0.869 (მაღალი) (38-ე) | |||||
ვალუტა | პესო (ARS ) |
|||||
დროის სარტყელი | (UTC -3სთ.) | |||||
- | ზაფხულის (DST) | (UTC -2სთ.) (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | ARG | |||||
Internet TLD | .ar | |||||
სატელეფონო კოდი | 54 |
არგენტინის ტერიტორია მოქცეულია დასავლეთიდან ანდებსა და აღმოსავლეთიდან ატლანტის ოკეანეს შორის. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება პარაგვაი და ბოლივია, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ბრაზილია და ურუგვაი, ხოლო დასავლეთით და სამხრეთით — ჩილე. არგენტინა პრეტენზიას აცხადებს ანტარქტიკის ნაწილზეც (არგენტინული ანტარქტიკა), მაგრამ ამავე დროს ხელი აქვს მოწერილი 1961 წლის ანტარქტიკის ხელშეკრულებაზე, რომელიც კრძალავს ანტარქტიდის ტერიტორიაზე რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის გავრცელებას. არგენტინას ასევე აქვს პრეტენზია ფოლკლენდის კუნძულებსა (ესპ. Islas Malvinas) და სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე, რომლებიც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს წარმოადგენს.
არგენტინა არის როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის (20 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა) წევრი, ასევე სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის დამფუძნებელი.
სახელწოდება
რედაქტირება- ოფიციალური: არგენტინის რესპუბლიკა.
- ესპანური: República Argentina.
- ეტიმოლოგია: 1526 წელს იტალიელი მოგზაური კაბოტო იკვლევდა მდინარე პარანის შესართავს. მისი აზრით, ეს მდინარე ვერცხლით მდიდარი რაიონიდან მოედინებოდა. ამიტომ მას უწოდა Río de la Plata (ესპანურად rio — „მდინარე“; plata — „ვერცხლი“), ხოლო მიმდებარე რეგიონს La Plata. შემდეგში ეს სახელი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა, მაგრამ ახლა ლათინური ფორმით: argentum — „ვერცხლი“.
- ქვეყნის კოდი: AR.
ისტორია
რედაქტირებაუძველესი ისტორია
რედაქტირებაპირველი ადამიანები არგენტინის ტერიტორიაზე გაჩნდნენ პატაგონიის სამხრეთ ნაწილში, სადაც ისინი ჩილედან მივიდნენ. მათი ნაკვალევი აღმოჩენილია სანტა-კრუსის პროვინციაში და ძვ. წ. XI საუკუნით თარიღდება.
აბორიგენი არგენტინელები იყოფოდნენ ორ ჯგუფად: მონადირე-შემგროვებლები, რომლებიც ცხოვრობდნენ პატაგონიაში და მიწათმოქმედები, რომლებიც ცხოვრობდნენ კუიოში და მოგვიანებით არგენტინის მესოპოტამიაში. კოლუმბამდელ პერიოდში არგენტინაში გავრცელებული იყო რამდენიმე კულტურა. მათ შორის აღსანიშნავია ანსილტის, კონდორუასის, სენაგის, აგუადის, სანტა-მარიას, ბელესის, ავერიასის და სხვა კულტურები.
კოლონიზაციის შემდგომი პერიოდი
რედაქტირებაXVI საუკუნის დასაწყისში არგენტინის ტერიტორიაზე განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის ტომები დასახლდა. 1535 წელს ერთ-ერთი ექსპედიციის ხელმძღვანელმა პედრო დე მენდოსამ დააარსა სანტა-მარია-დე-ბუენ-აირე, არგენტინის დღევანდელი დედაქალაქი. 1776 წელს დაარსდა რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფო, რომლის შემადგენლობაში შევიდა თანამედროვე არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი და ბოლივიის ნაწილი. 1810 წელს ვიცე-სამეფოში დაიწყო გამოსვლები და 1811 წელს მაისის რევოლუციის დროს დაამხეს ვიცე-მეფე და ჩამოყალიბდა რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციები, რომელმაც ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა 1816 წელს ტუკუმანში გამოაცხადა. ქვეყნის სათავეში მოვიდა უზენაესი მმართველი, მაგრამ კონგრესმა ვერ მიაღწია შეთანხმებას მმართველობის ფორმის შესახებ. დელეგატების უმრავლესობა კონსტიტუციურ მონარქიას უჭერდა მხარს, მეორე ნაწილი ქვეყნის ფედერაციულ საპრეზიდენტო მმართველობას უჭერდა მხარს. დაპირისპირებამ ამ ორ მიმდინარეობას შორის გამოიწვია სამოქალაქო ომი.
გენერალი ხოსე დე სან-მარტინი სათავეში ჩაუდგა არმიას, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა ესპანელებზე. სან-მარტინმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არგენტინის, ჩილეს და პერუს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში.
მშვიდობა აღსდგა 1820 წელს. მთავარი საკითხი, მმართველობის თუ როგორი ფორმა უნდა ყოფილიყო, კვლავ გააუწყვეტელი რჩებოდა. მომდევნო ათწლიან პერიოდში გაერთიანებული პროვინციები ანარქიაში ცხოვრობდა, რამაც ხელი შეუწყო ბრაზილიასთან ომს 1825-1827 წლებში. კონფლიქტის შედეგად ურუგვაი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
1833 წელს დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა ფოლკლენდის კუნძულები.
1852 წელს გენერალ ხუან მანუელ როსასის დიქტატურა დაემხო ხუსტო ხოსე დე ურკისას ხელმძღვანელობით. გამარჯვების მიღწევა მოხდა ურუგვაელი და ბრაზილიელი გენერლების წყალობით. 1853 წელს მიიღეს არგენტინის კონსტიტუცია და ურკისა გახდა არგენტინის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. კონსტიტუციის მიხედვით პროვინცია ბუენოს-აირესი არ შეერთებია ქვეყანას და 1854 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ერთმანეთის შუღლმა 1859 წელს ქვეყნები ომამდე მიიყვანა. არგენტინის რესპუბლიკამ სწრაფად მიაღწია გამარჯვებას და ბუენოს-აირესის სეპარატისტული პროვინცია შეიერთა. მაგრამ მალევე ბუენოს-აირესი გახდა ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ცენტრი. ბარტოლომე მიტრეს ხელმძღვანელობით აჯანყებულები დაამარცხეს. 1861 წლის 5 ნოემბერს პრეზიდენტი სანტიაგო დერკი გადადგა, მომდევნო წლის მაისში ბარტოლომეო მიტრე აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, ხოლო ბუენოს-აირესი გახდა ქვეყნის დედაქალაქი.
მომდევნო ათწლეულის განმავლობაში არგენტინა იწყებს ლას-პალმასის დაპყრობას, რომელიც ამჟამად ცნობილია როგორც რიო-ნეგროს პროვინცია. ამ ე. წ. უდაბნოს დაპყრობამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი ხულიო არხენტინო როკა, გზა გაუხსნა სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის განვითარებას. 1880 წლიდან მომდევნო 50 წლის განმავლობაში არგენტინამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და XX საუკუნის დასაწყისში იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო. არგენტინის პოპულარობის გაზრდამ ქვეყანაში ევროპელების შემოდინება გამოიწვია.
XX საუკუნე
რედაქტირებაXXსაუკუნის დასაწყისში არგენტინა სტაბილურად ვითარდებოდა. სტაბილურობა გაგრძელდა 1930 წლის სექტემბრამდე. ამ დღეს არგენტინის პრეზიდენტი იპოლიტო ირიგოიენი არგენტინის ახალ ისტორიაში პირველი სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს და დაიწყო ე. წ. სამარცხვინო დეკადა. 1946 წელს პრეზიდენტად აირჩიეს ხუან პერონი, იგი ქვეყნის პრეზიდენტი იყო 1946-1955 და 1973-1974 წლებში. ხუან პერონი და მისი მეუღლე ევიტა სოციალური პრობლემების მოგავრებას შეუდგნენ, რამაც მათ პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. იგი მეორედაც აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრამ 1955 წელს მისი ხელისუფლება დაამხეს. 1973 წელს პერონი კვლავ ბრუნდება ქვეყნის სათავეში, მაგრამ 1974 წელს გარდაიცვალა და პრეზიდენტის თანამდებობა მისმა მეორე მეუღლემ მარია ესტელა მარტინეს დე პერონმა დაიკავა, რომელიც დაამხეს 1976 წელს და არგენტინის ისტორიაში იწყება „ბინძური ომის“ პერიოდი.
1982 წელს დიდ ბრიტანეთთან ჩაება საომარ მოქმედებებში ფოლკლენდის კუნძულების გამო, რის შემდეგაც გენერალი გალტიერი თანამდებობიდან გადადგა. ხელისუფლებაში მოვიდა დემოკრატიული გზით არჩეული რაულ ალფონსინი. ხოლო 1989 წელს მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა. პრეზიდენტი გახდა კარლოს მენემი. 1990 წელს აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა ბრიტანეთთან. 1991 წლიდან დაიწყო ეკონომიკის ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის განვითარება. 1995 წლს მენემი მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი, მისმა პერონისტულმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა კონგრესის არჩევნებშიც. არგენტინამ უკან მოიტოვა სამხედრო დიქტატურის შავბნელი პერიოდი და დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას.
XXI საუკუნე
რედაქტირება2001 წელს არგენტინაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, რომლის მთავარი მიზეზიც უპრეცედენტოდ გახსნილი ეკონომიკა და უცხოური ინვესტიციების ძალიან მკვეთრი ლიბერალიზაცია გახდა. ეკონომიკური კრიზისის შედეგად პრეზიდენტი ფერნანდო დე ლა რუა გადადგა. 2003 წელს ხელისუფლებაში მოდის პრეზიდენტი ნესტორ კირხნერი. მან გააუქმა კანონი, რომელიც სამართლებრივი დევნისაგან ათავისუფლებდა მმართველი ხუნტის ყოფილ მონაწილეებს. 2019 წლიდან არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესია.
2010 წლიდან არგენტინაში ლეგალიზებულია ერთსქესიანთა ქორწინება[2].
გეოგრაფია
რედაქტირებაქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, გადაჭიმულია 4000 კმ-ზე სუბტროპიკული ჩრდილოეთიდან სუბარქტიკულ სამხრეთამდე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბრაზილია, ურუგვაი, პარაგვაი, ბოლივია, ჩილე. ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები სადავოა დიდ ბრიტანეთთან.
- ფართობი: 2.766.890 კვ.კმ.
- ბუნება: არგენტინის ტერიტორიაზე მდებარეობს ანდების მთიანი ქედის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლის უმაღლესი მწვერვალია აკონკაგუა 6,959 მ;
- გეოგრაფიული რაიონები: პამპა - ვრცელი ნაყოფიერი დაბლობი; ჩაკო - ჩრდილოეთის ცხელი რეგიონი; მესოპოტამია - დაბლობი მდინარეებს პარანასა და ურუგვაის შორის; ანდების ზეგანი; პატაგონია - ნახევრად ყამირი მაღლობი.
- უდიდესი მდინარეები (კმ) - რიო-სალადო-დელ-ნორტე 2.000, პარანა 1.800 (სულ 4.700), რიო-ბერმეხო 1.200, ურუგვაი 1.100, ბერმეხო-ტეუკო 1.000;
- უდიდესი ტბები (კმ²) - ლაგო-არხენტინო 1.415, ვიედმა 1.088, ხენერალ-კარერა 881 (სულ 2.240);
- უდიდესი კუნძულები (კმ²) - დიდი ცეცხლოვანი მიწა 21.051 (სულ 47.000), ლოს-ესტადოსი 520; კლიმატი - ტროპიკული, ზომიერი.
- ბუნებრივი რესურსები: პამპასის ნაყოფიერი ველები, ტყვია, თუთია, კალა, სპილენძი, რკინის მადანი, მანგანუმი, ნავთობი, ურანი; აქვს ნავთობის, ბუნებრივი გაზის და ჰიდროენერგიის უზარმაზარი მარაგი.
სახელმწიფო
რედაქტირებაარგენტინის პოლიტიკური სისტემა, როგორც მას კონსტიტუცია განსაზღვრავს, ემყარება წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფედერალურ საპრეზიდენტო რესპუბლიკას, სადაც სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია არგენტინის პრეზიდენტი.
- სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი (2019 წლის 10 დეკემბრიდან).
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი ეროვნული კონგრესი (სენატი 72 წევრი, დეპუტატთა პალატა - 257 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 22 პროვინცია (provincia), ფედერალური დედაქალაქი (distrito federal), ეროვნული ტერიტორია „ცეცხლოვანი მიწა“.
დემოგრაფია
რედაქტირება- 2001 წლის აღწერის მონაცემებით, არგენტინის მოსახლეობა შეადგენდა 36,260,130 ადამიანს. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი 0.917% იყო, შობადობის მაჩვენებელი შეადგენდა 16.32 ადამიანს ყოველ 1.000 ადამიანზე, მოკვდავობის მაჩვენებელი 7.54 ყოველ ათასზე. უკვე 2008 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 40,301,927 ადამიანს შეადგენს.[3] მათ შორის 84,2% არგენტინელები (უმრავლესობა ესპანური და იტალიური წარმოშობისაა), 4,3% იტალიელები, 30 ათასი ამერიკელი ინდიელი.
- ენები: ესპანური - ოფიციალური, ინგლისური, იტალიური, გერმანული, ფრანგული.
- რელიგია: კათოლიციზმი.
- ქალაქები (ათ.): ბუენოს-აირესი (12.100; აგლომ. 13.100), კორდოვა (1.486; აგლომ. 1.560), როსარიო (1.276; აგლომ. 1.373), მენდოსა (988), ლა-პლატა (690 ), სანტა-ფე (369), სან-მიგელ-დე-ტუკუმანი (814).
ეკონომიკა
რედაქტირებაარგენტინა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაღალკვალიფიციური კადრებით, მაგრამ ეკონომიკა ხასიათდება პერიოდული აღმასვლებითა და ვარდნებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისი ქვეყანას 2001 წელს ჰქონდა, რომელმაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოაქცია.
- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 319 მლრდ $ (მე-17 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 8.950 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 7, მრეწველობა 35, მომსახურება 58.
- ბიუჯეტი: 44,000 მლნ $.
- ვალუტა: არგენტინული პესო (ARS).
შეიარაღებული ძალები
რედაქტირებაარგენტინის ჯარის თვითდანიშნულებაა დამოუკიდებელი გაერთიანებული ტერიტორიის თავისუფლების დაცვა. იგი შედგება სახმელეთო, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან.
მემკვიდრეობა
რედაქტირებაარგენტინელებმა მსოფლიოს მისცეს ტანგო. ისინი ითვლებიან ფეხბურთის დიდოსტატებად. მათი სიყვარული ცხენებისადმი გამოიხატა „გაუჩოში“, როგორც მარტოხელა, მაგრამ დამოუკიდებელი მწყემსის არგენტინულ პერსონაჟში.
- ბუენოს-აირესი — კოლონიური პერიოდის არქიტექტურა, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, სამხატვრო გალერეა;
- სალტა — ესპანური მმართველობის ძველი ქალაქი;
- იგუასუს და ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკები.
კულტურა
რედაქტირებაარგენტინის კულტურა განსხვავებულია ქვეყნის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში და შერწყმულია ეთნიკური ჯგუფების კულტურასთან. თანამედროვე არგენტინის კულტურამ უდიდესი გავლენა განიცადა ევროპული იმიგრაციისას, სულ მცირეა ადგილობრივ ინდიელეთა და აფრიკელთა კულტურების გავლენა, ისიც მუსიკასა და ხელოვნებაში. ბუენოს-აირესი და სხვა ქალაქები ევროპული არქიტექტურის ნათელი მაგალითებია, მაგრამ რაც შეეხება უფრო ძველ დასახლებებს ამ ქალაქების შიგნით, აქ თანამედროვე სტილი, არგენტინის ესპანური მმართველობის წარსულიდან გამომდინარე, შერწყმულია კოლონიურ არქიტექტურასთან. მსხვილ ურბანულ ცენტრებში მარვლადაა მუზეუმები, კინოთეატრები, გალერეები.
ტურიზმი
რედაქტირებატურიზმი არგენტინაში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნების დამსახურებაა.
2007 წელს, არგენტინაში 4,7 მლნ უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რაც თითქმის გაუთანაბრდა ქვეყნიდან სამოგზაუროდ გასულთა რიცხვს. მხოლოდ ბუენოს-აირესის მინისტრო პისტარინის აეროპორტით (Aeropuerto Internacional de Ezeiza Ministro Pistarini) ქვეყანაში 2,3 მლნ ტურისტი შემოვიდა, მათგან 26 % ბრაზილიიდან, 25 % ევროპიდან, 14 % აშშ-დან და კანადიდან, 8 % ჩილედან, ხოლო 27 % სხვადასხვა ქვეყნიდან.[4] [5][6][7]
ცნობილი არგენტინელები
რედაქტირება- მწერლები — ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი;
- მომღერლები — ლოლიტა ტორესი;
- სპორტსმენები — დიეგო მარადონა, ხუან მანუელ ფანხიო, გაბრიელა საბატინი, გაბრიელ ბატისტუტა, გილერმო ვილასი, კარლოს მონსონი, ლიონელ მესი;
- პოლიტიკოსები — ჩე გევარა, ხუან პერონი, ედუარდო დუალდე, ხორხე ვიდელა, კარლოს მენემი. მარია ესტელა (ისაბელ) მარტინეს დე პერონი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Article 35 of the Constitution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-22. ციტირების თარიღი: 2011-01-04. gives equal recognition to "United Provinces of the River Plate", "Argentine Republic" and "Argentine Confederation" and authorizes the use of "Argentine Nation" in the making and enactment of laws
- ↑ Аргентина легализовала гей-браки. На очереди — Уругвай и Парагвай?
- ↑ Proyecciones provinciales de población por sexo y grupos de edad 2001-2015 (pdf). Gustavo Pérez. INDEC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-11-09. ციტირების თარიღი: 2008-06-24.
- ↑ World Economic Forum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-19. ციტირების თარიღი: 2011-01-29.
- ↑ WTO: World Tourism Barometer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-19. ციტირების თარიღი: 2008-08-19.
- ↑ World Economic Forum: Argentina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-15. ციტირების თარიღი: 2011-01-29.
- ↑ INDEC: turismo internacional. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-28. ციტირების თარიღი: 2011-01-29.
არგენტინა ვიქსიკონში | |
არგენტინა ვიკისაწყობში |