სამხედრო-საჰაერო ძალები
სამხედრო-საჰაერო ძალები (უმრავლეს ქვეყნებში ეწოდება საჰაერო ძალები) — შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის მიწისზედა, საჰაერო და საზღვაო სამიზნეების (ობიექტების) გასანადგურებლად როგორც დამოუკიდებლად, აგრეთვე შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ურთიერთქმედებით. იგი ასევე გამოიყენება სახმელეთო ჯარების შეტევის მხარდასაჭერად, საჰაერო დესანტის გადასასროლად (გადასასხმელად), საჰაერო გადაზიდვების საწარმოებლად და საჰაერო დაზვერვის საწარმოებლად. რიგ ქვეყნებში სამხედრო-საჰაერო ძალებში შედიან საჰაერო თავდაცვის ნაწილები და შენაერთები. საჰაერო ძალებში შედიან ავიაციის შემდეგი გვაროვნებები: ბომბდამშენი ავიაცია, გამანადგურებელ-ბომბდამშენი ავიაცია, გამანადგურებელი ავიაცია, მოიერიშე ავიაცია, სადაზვერვო ავიაცია, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია.