ფოლკლენდის ომი
ფოლკლენდის ომი | |||
---|---|---|---|
ბრიტანეთის ჯარების მოძაობის სქემა . | |||
თარიღი | 1982 წლის 2 აპრილი - 14 ივნისი[1][2] | ||
მდებარეობა |
ფოლკლენდის კუნძულები სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები მიმდებარე საზღვაო და საჰაერო სივრცე | ||
შედეგი |
ბრიტანეთის გამარჯვება.
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ფოლკლენდის ომი ვიკისაწყობში |
ფოლკლენდის ომი (ესპ. Guerra de las Malvinas, ინგლ. Falklands War) — დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის, ფოლკლენდის კუნძულების გამო 1982 წლის მარტიდან ივნისამდე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის არმია თავს დაესხა ფოლკლენდის კუნძულებს და თავიდან მცირე სამხედრო წარმატებას მიაღწია, საბოლოოდ, ომიდან გამარჯვებული დიდი ბრიტანეთი გამოვიდა. ეს გამარჯვება კუნძულების მოსახლეობის სურვილსაც შეესაბამებოდა. ომში დამარცხებამ არგენტინაში სამხედრო ხუნტის დამხობასა და დემოკრატიული რეჟიმის აღდგენას მოუმზადა საფუძველი.
დიდი ბრიტანეთი კონფლიქტის დაწყებამდე
რედაქტირებამარგარეტ ტეტჩერის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადა 1979-1983 წლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდაქმნების პერიოდია. დიდი ყურადღება ეთმობა საშინაო პოლიტიკას, სოციალურ რეფორმებს. რამდენადაც დიდია რეფორმის მასშტაბი, იმდენადვე დიდია საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება, ეს დაემართა დიდი ბრიტანეთის საზოგადოებასაც. 1981 წლის თებერვალში უმუშევართა რაოდენობამ 2,4 მილიონს მიაღწია, რაც მოსახლეობის 10%-ს უდრის, ხოლო ტეტჩერის რეიტინგი 28%-მდე დაეცა. [5] შედეგად 1983 წლის არჩევნებში ტეტჩერს დამარცხების დიდი შანსი ჰგონდა, მაგრამ მოულოდნელად 1982 წელს მოხდა ისეთი მოვლენა, რამაც მოქმედ პრემიერ-მინისტრს შემდგომ ორ არჩევნებში უპირობო გამარჯვება მოუპოვა. 1982 წლის 2 აპრილს ბრიტანეთის სუვერენულ ტერიტორიაზე არგენტინის სამხედრო ძალები ფოლკლენდის კუნძულზე შეიჭრნენ და სამხედრო კონტროლი დაამყარეს. დიდი ბრიტანეთი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, მას ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა დაეცვა.
არგენტინა კონფლიქტის დაწყებამდე
რედაქტირება1976 წლის 24 მარტს გენერალ ხორხე რაფაელ ვიდელას ხელმძღვანელობით არგენტინაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და პერონის ხელისუფლება დაემხო, დაიწყო ე.წ. ,,ბინძური ომი". სამხედრო ხუნტის მმართველობა არგენტინის ისტორიაში განსაკუთრებული აგრესიული პოლიტიკის პერიოდია, მასშტაბური რეპრესიების რეჟიმს უამრავი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამხედრო ხუნტის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ამოცანად ფოლკლენდის (არგენტინელებისთვის ,,მალვინის") კუნძულების დაპყრობა წარმოადგენდა. ყოველივე ამან XX საუკუნის 80-იან წლებში მსოფლიოში ახალი დაძაბულობის კერა გააჩინა და დიდი ბრიტანეთი არგენტინასთან ომში ჩაება.
კონფლიქტის მიზეზები
რედაქტირებაფოლკლენდის კუნძულების ორჯერ იქნა გახსნილი: 1690 წელს ინგლისელი მეზღვაურების და 1694 წელს ფრანგების (ამ უკანასკნელს ეძახდნენ მალვინელებს მათი მშობლიური ქალაქის, სენ-მალოს პატივსაცემად) მიერ. XIX საუკუნის დასაწყისში (დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ) არგენტინამ ეს კუნძულების საკუთარ კუთვნილებად ჩათვალა. 1833 წელს გაერთიანებული სამეფოს მიერ მალვინის კუნძლების დაპყრობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია არგენტინის მოსახლეობაში. 1983 წლის 3 იანვრისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ ფოლკლენდის კუნძულების დაპყრობიდან 150 წელი სრულდებოდა. 1981 წლის ბოლოს ხელისუფლებაში მოსულმა არგენტინის არმიის გენერალ-ლეიტენანტმა ლეოპოლდო გალტიერმა გადაწყვიტა ამ საბაბით გამოეყენებინა ხალხის უკმაყოფილება. ის იმედოვნებდა თავისი პოპულარობის გაძლიერებას ომში გამარჯვებით, რასაც მოახერხებდა არგენტინის მიერ საავიაციო ბობმდამშენების გამოყენებით, რაც იმ დროისთვის არ გააჩნდა დიდ ბრიტანეთს.
კონფლიქტის მიმდინარეობა
რედაქტირება1982 წლის 19 მარტს, ფოკლენდის კუნძულების არქიპელაგის კუნძულ სამხრეთ ჯორჯიაზე არგენტინის სამხედრო გემმა ლიტის ნავსადგურის შორიახლოს 60-მდე არგენტინელი გადმოსხა. მათი განცხადებით ისინი ლითონის ნარჩენების შემგროვებლები იყვნენ და ძველი ვეშაპსაჭერი ბაზის დემონტაჟი უნდა დაეწყოთ. სინამდვილეში მათ არგენტინის ეროვნული დროშა აღმართეს. ვითომდა ამ ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავიდოვმა ბუენოს-აირესში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განუცხადა, რომ იგი სამხრეთ ჯორჯიაში გამგზავრებას აპირებდა, თუმცა მას შეახსენეს, რომ ამისათვის კუნძულის საემიგრაციო უწყების ნებართვა იყო საჭირო. ექსპედიციის მოსაწყობად ან გრუტვიკენში უნდა წასულიყვნენ ნებართვის მისაღებად ან იქაურობა უნდა დაეტოვებინათ. შესაბამისად გემმა 50 არგენტინელით კუნძული დატოვა, მაგრამ 10-მდე არგენტინელი იქ დარჩა. არგენტინის მთავრობას საპროტესტო ნოტა გაეგზავნა, სადაც ბრიტანეთის მთავრობამ ექსპედიციის უკანონოდ შეჭრა გააპროტესტა და განუცხადა, თუ წესრიგს არ დაამყარებდნენ და შესაბამის ნებართვას არ მიიღებდნენ, ან ნებით არ დატოვებდნენ კუნძულს, მაშინ მისი უდიდებულესობის გემი ,,ენდურანცე” ძალის გამოყენებით დააბრუნებდა შინ. მსგავსი თხოვნა ბუენოს-აირესში ბრიტანეთის ელჩმაც წამოაყენა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ, ხოლო 28 მარტს, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორდ კარინგტონისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში არგენტინული მხარე უარს ამბობდა საკითხის მოგვარებაზე. 31 მარტისათვის დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ მიიღო ინფორმაცია, რომ არგენტინული გემები, გამანადგურებლები, ავიამზიდები, სადესანტო ხომალდები და წყალქვეშა ნავები პორტ სტენლისკენ მიემართებოდნენ.[6] იმავე დღეს მარგარეტ ტეტჩერმა, თემთა პალატის საკუთარ კაბინეტში საგანგებო თათბირი მოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა საკითხს რომ საკმარისად არასერიოზულად უყურებდა იქიდან ჩანს, რომ თავდაცვის მინისტრყ სერ ტერენს ლევაინი და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ კარინგტონი ამ თათბირს არ ესწრებოდნენ. თათბირზე განსაკუთრებული შეფასებებისგან ყველა თავს იკავებდა, მათ შორის ისინიც, ვინც თავის დროზე ფოლკლენდთან სამხედრო ბაზების შემცირებას უჭერდნენ მხარს. სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა ჰენრი ლიჩმა კი განაცხადა, რომ მსხვილი საბრძოლო ოპერატიული შენაერთების ფორმირება უნდა მომხდარიყო, რასაც სამ დღე-ღამეზე მეტი არ დასჭირდებოდა. ტეტჩერსაც სწორედ ეს სურდა და მან ამის განკარგულებაც გასცა.[7] ამავე საღამოს პრემიერ-მინისტრამ ტეტჩერმა სთხოვა აშშ-ს პრეზიდენტს, რონალდ რეიგანს საკითხის მსვლელობაში ჩარეულიყო და არგენტინის პრეზიდენტისთვის მიემართა, რონალდ რეიგანი 1 აპრილს ესაუბრა გენერალ გალტიერის. მათი საუბარი ერთ საათს გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ.[8] 1982 წლის 2 აპრილს, პარასკევს, არგენტინის 2,5 ათასიანმა არმიამ დაიკავა ფოლკლენდის დედაქალაქი პორტ სტენლი და არგენტინის დროშაც აღმართა. ამით დაიწყო მე-20 საუკუნის კიდევ ერთი ომი, რომლის აცილებაც, ექსპერტთა ვარაუდით სრულიად შესაძლებელი იყო.
მსგავსი რამ ჯერ კიდევ 1976 წლის დეკემბერშიც მომხდარა, როდესაც არგენტინელებმა სამხრეთ ტულეზე უკანონოდ დადგეს სამეცნიერო ორბიტალური სადგური.[9] პროცესები არგენტინის ხელისუფლების ხელმძღვანელობით გააქტიურდა, ვინაიდან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო და არგენტინის პრეზიდენტს, გენერალ ლეოპოლდო ფორტუნატე გალტიერის დაკარგული პრესტიჟის აღდგენა მალვინის (ფოლკლენდის) კუნძულების დაბრუნებით სურდა. ეს კუნძულები 1833 წლიდან დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაშია, 1983 წლის 3 იანვრისთვის ამ თარიღიდან 150 წელი სრულდებოდა და გენერალ გალტიერის პირობით ის არგენტინას უნდა დაბრუნებოდა. 1965 წლისათვის ბრიტანეთის მთავრობას ჰქონდა მცდელობა კუნძულების სუვერენიტეტი არგენტინის მთავრობისთვის გადაეცა, თუ იქ 99 წლის განმავლობაში დაცული იქნებოდა ბრიტანული ცხოვრების წესი, მაგრამ ეს საკითხი მაშინვე ჩაიშალა. ნელ-ნელა ფოლკლენდის სიახლოვეს შემცირდა სამხედრო კონტინგენტი, სამაგიეროდ იზრდებოდა არგენტინის მზადება იქ შეჭრისათვის. როგორც ჩანს ბრიტანეთის ხელისუფლებამ თავშივე ვერ განსაზღვრა კონფლიქტის დაწყების საშიშროება და შორეული კუნძულები დროებით მიივიწყა. ომის მსვლელობასა და მასში პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის როლს საინტერესოდ აღწერს მისი ბიოგრაფი დიმიტრი მედვედევი. მის წიგნში ,,ტეტჩერი – უცნობი მეგი” საინტერესოდაა განხილული ის ფაქტი, რომ ბრიტანელების თითქმის 60%-მა არც კი იცოდა სად მდებარეობდა ფოლკლენდის არქიპელაგი. 1981 წლის 1 აპრილს გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, სერ ენტონ პარსონმა განსახილველად გაიტანა დიდ ბრიტანეთში შესაძლო შეჭრის საკითხი, ხოლო გაეროს უსაფრთხოების საბჭომ და სხვა წარმოამდგენლებმა საკითხი საპირველაპრილო ხუმრობად და სისულელედ მიიჩნიეს. ტეტჩერის ბიოგრაფი წერს, რომ თვით დენის ტეტჩერმაც კი არაფერი იცოდა კუნძულების ადგილმდებარეობის შესახებ. 3 აპრილს, შაბათს, მარგარეტ ტეტჩერმა საგანგებოდ მოიწვია თემთა პალატის სხდომა, სადაც დეტალურად მიმოიხილა შექმნილი ვითარება და განსაკუთრებული სიმტკიცით აღნიშნა:
„ფოლკლენდის კუნძულების მაცხოვრებლები, ისევე, როგორც გაერთიანებული სამეფოს მკვიდრნი, კუნძულელები არიან. მათი ცხოვრების სტილი ბრიტანულია; ისინი სამეფო ტახტის ერთგულნი არიან. მართალია, მოსახლეობა იქ მცირერიცხოვანია, მაგრამ მათ მშვიდად ცხოვრების უფლება აქვთ, უფლება აქვთ, გადაწყვიტონ, როგორ იცხოვრონ და ვისი ერთგულნი იყვნენ. ბრიტანელი ხალხის ნება და მისი უდიდებულესობის ხელისუფლების ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ მათ მხარდასაჭერად. ეს არის ჩვენი მოვალეობა და მჯერა, რომ პალატის ყოველი წევრი მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას.[10]“
|
ეს იყო ომი, რომელსაც მხოლოდ დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტი უნდა დაეცვა, არამედ პრემიერ-მინისტრის და მთლიანად კონსერვატიული ხელისუფლების ბედი უნდა გადაეწყვიტა. შესაბამისად ამ ომზე ძალიან ბერვი იყო დამოკიდებული და მარგარეტ ტეტჩერიც მთელი ენერგიით ცდილობდა უპირატესობების მოპოვებას. 4 აპრილს მარგარეტ ტეტჩერმა დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მუდმივი მოადგილე, სერ ფრენკ კუპერი მიიწვია, სადაც დატვირთული საუბრის შემდეგ გადაწყდა სამხედრო კაბინეტის ფორმირება. სამხედრო საბჭო ხუთი სანდო პირისაგან შედგებოდა, რომლებიც მომდევნო 10 კვირის განმავლობაში ყოველ სამუშაო დღეს 09:30 საათზე დაუნინგ სტრიტზე იკრიბებოდა, ხოლო უქმეებზე – პრემიერ-მინისტრის ჩეკერსის რეზიდენციაში.[11] სამხედრო კაბინეტის მუშაობამ არ დააყოვნა და უკვე 26 აპრილისათვის, დღის 16:00 საათზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ მიიღო ცნობა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ ჯორჯიაში გადასხდომის შესახებ. 18:00 საათისთვის არგენტინის დროშის გვერდით თეთრი დროშა აფრიალდა, ამრიგად არგენტინელები ბრიტანელებს დანებდნენ, თუმცა ეს მხოლოდ სამხრეთი ჯორჯია იყო. ომი მხოლოდ ახლა იწყებოდა. იმავე დღეს პრესის წარმომადგენელმა მარგარეტ ტეტჩერს ჰკითხა: მისის ტეტჩერ, არგენტინასთან ომს ვიწყებთ? თეტჩერის პასუხი კი ასეთი იყო: იმხიარულეთ![12] ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან პრემიერ-მინისტრი საკუთარი ხელით წერდა სამძიმრის ბარათებს. მისი ბიოგრაფები იმასაც წერენ, რომ ტეტჩერისათვის ეს ომი მის კერპთან, უინსტონ ჩერჩილთან გატოლების თუ არა მიახლოების შესაძლებლობა მაინც იყო, მართალია აქ მასშტაბები შედარებით მცირე იყო, ვიდრე მსოფლიო ომში, მაგრამ ამ ომს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც საკუთრივ დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე ევროპის იმდროინდელ პოლიტიკურ პროცესებში.[13]
საომარი პროცესები სულ უფრო დაიძაბა, ბრიტანულმა ბომბდამშენმა პორტ სტენლის თავზე 21 ჭურვი ჩამოაგდო, გააქტიურდნენ ავიამზიდები, - რეაქტიული გამანადგურებელი ,,ჰარიერები”. მათ გაანადგურეს ასაფრენი ბილიკები. ამ პროცესებში პრემიერ-მინისტრის სიმტკიცე განსაკუთრებით უკვირდა, როგორც ბრიტანეთის აგრეთვე აშშ-ს პოლიტიკურ ელიტას. ამერიკელები იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ომში ბრიტანეთის მარცხი გარდაუვალი იყო. პრემიერ-მინისტრის სიმტკიცე კიდევ ერთმა ფაქტმა გამოავლინა. 2 მაისს ბრიტანულმა წყალქვეშა ნავმა ,,დამპყრობელმა” აღმოაჩინა არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების სიდიდით მეორე გემი – კრეისერი ,,გენერალი ბელგრანო”, რომელიც მის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდა. შაადმირალოს პირველ ლორდებს უჭირდათ გადაწყვეტილების მიღება გაეხსნათ თუ არა ცეცხლი, ყველაფერი ისევ პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომელმაც გასცა ბრძანება: ,,დამპყრობელმა” უნდა გაანადგუროს ,,ბელგრანო”![14] ბრძანება აღსრულებული იქნა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებდნენ, როგორც ბრიტანელები, ისე დანარჩენი მსოფლიო, რომლებიც ომის მსვლელობას დიდი ინტერესტ ადევნებდნენ თვალყურს. ეს გადაწყვეტილება იყო ის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რომელმაც მარგარეტ ტეტჩერს შემდგომი წარმატებები და ბრიტანელთა თვალში მზარდი პოპულარობა მოუპოვა.
კონფლიქტის დასასრული
რედაქტირება4 მაისს არგენტინამ რამდენიმე exocet-ის ტიპის რაკეტა გამოიყენა, რამაც ბრიტანეთის ფლოტს დიდი ზიანი მიაყენა. მათ შორის დაიბომბა ბრიტანეთის გემი ,,შეფილდი”. საბრძოლო ტაქტიკას ახალი მეთოდები სჭირდებოდა და ამაში მეტი სიმტკიცეც იყო საჭირო. 21 მაისს ,,შეფილდის” ჩაძირვის შემდეგ პრემიერმა ფოლკლენდში ტოტალური შეჭრის ბრძანება გასცა. თუმცა პროცესები წარუმატებლად მიდიოდა. არგენტინელებმა ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, დაიღუპა სამი ადამიანი. მალე კი პროცესები კვლავ ბრიტანელების სასარგებლოდ წარიმართა. ჯარისკაცებმა სან-კარლოსის ნაპირზე გამაგრება მოახერხეს.[15] ბრიტანელებმა მალესიტუაციის კონტროლი მოახერხეს და 14 ივნისს პორტ სტენლში თეთრი დროშაც აფრიალდა. ბრიტანეთი გამარჯვებას ზეიმობდა.[16] თემთა პალატა ფეხზე წამოუდგა თავის პრემიერ-მინისტრს, ხოლო მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ინოკ პაუელმა ეს სიტყვები წარმოთქვა:
„ტესტმა გვიჩვენა, რომ ლითონი უმაღლესი სინჯისაა ეს სუბსტანცია დრეკადიცაა და ძლიერიც, მტკიცეც და გამძლეც. ემოციებს არ ექვემდებარება, გარდა ამისა, მზად არის სხვადასხვა სახისა და სირთულის ეროვნული საკითხის გადაწყვეტისთვის.[17]“
|
1983 წლის 10 იანვარს, პორტ სტენლის მერიაში, ფოლკლენდის კუნძულებზე ვიზიტისას მარგარეტ ტეტჩერმა თავის გამოსვლაში ასე შეაჯამა ფოლკლენდის ომი:
„ჩვენ ფოლკლენდის კუნძულებზე და დიდ ბრიტანეთში კიდევ ერთხელ გავიღეთ მსხვერპლი თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ადამიანთა საკეთილდღეოდ, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი. მსოფლიოს მაგალითი ვაჩვენეთ. დავიცავით ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის და ამით იმედი ჩავუსახეთ და შესაძლოა, გზაც გავუკვალეთ მათ, ვინც ოდესმე ამგვარ სიხარულს იგემებს.[18]“
|
2015 წლის იანვარში ფოლკლენდის კუნძულების დედაქალაქში მარგარეტ ტეტჩერის ბიუსტი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი მარკ ტეტჩერი დაესწრო.[19]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფოლკლენდის კუნძულების ისტორია დაარქივებული 2009-04-08 საიტზე Wayback Machine.
- ფოლკლენდის ომის ისტორია
- Falklandswar.org.uk
- Film Iluminados por el fuego regarding Argentine veterans suicide (გერმანული)
- MoD 25th Anniversary დაარქივებული 2011-05-14 საიტზე Wayback Machine.
- South Atlantic Medal Association 1982 (SAMA82)
- Naval-History.Net - "ფოლკლენდის ომის ატლასი 1982"
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Falklands 25: Background Briefing. Ministry of Defence. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 1 November 2009.
- ↑ :: Ministerio de Defensa – República Argentina :: Spanish. www.mindef.gov.ar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 1 November 2009.
- ↑ ლოურენს ფრიდმანი (9 August 2005). The Official History of the Falklands Campaign: War and diplomacy. Routledge, Taylor & Francis Group, გვ. 21–22. ISBN 978-0-7146-5207-8. ციტირების თარიღი: 8 January 2012. day-to-day oversight was to be provided by...which came to be known as the War Cabinet. This became the critical instrument of crisis management
- ↑ Falkland Islands – A history of the 1982 conflict. Raf.mod.uk (1 October 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 7 February 2010.
- ↑ დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი-უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2012. გვ. 215-216.
- ↑ იენ დეილი. მარგარეტ ტეტჩერი - როგორც თავად იტყოდა. გამომცემლობა ,,არტანუჯი”, თბილისი, 2015, გვ. 91-94.
- ↑ დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2012, გვ. 219.
- ↑ იენ დეილი. მარგარეტ ტეტჩერი - როგორც თავად იტყოდა. გამომცემლობა ,,არტანუჯი”, თბილისი, 2015, გვ. 91-94.
- ↑ იენ დეილი. მარგარეტ ტეტჩერი - როგორც თავად იტყოდა. გამომცემლობა ,,არტანუჯი”, თბილისი, 2015, გვ. 91-93.
- ↑ იენ დეილი. მარგარეტ ტეტჩერი - როგორც თავად იტყოდა. გამომცემლობა ,,არტანუჯი”, თბილისი, 2015, გვ. 99.
- ↑ დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2012, გვ. 222-223.
- ↑ იენ დეილი. მარგარეტ ტეტჩერი - როგორც თავად იტყოდა. გამომცემლობა ,,არტანუჯი”, თბილისი, 2015, გვ. 100-101.
- ↑ დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2012, გვ. 221-223.
- ↑ დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2012, გვ. 227.
- ↑ დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2012, გვ. 230-231.
- ↑ დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2012, გვ. 232.
- ↑ დიმიტრი მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი, 2012, გვ. 232.
- ↑ იენ დეილი. მარგარეტ ტეტჩერი - როგორც თავად იტყოდა. გამომცემლობა ,,არტანუჯი”, თბილისი, 2015, გვ. 99.
- ↑ მარგარეტ ტეტჩერის ბიუსტის გახსნა ფოლკლენდის კუნძულებზე