ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კუბა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კუბა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

კუბის რესპუბლიკა (ესპ. República de Cuba) — კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვის აუზში. კუბის სახელმწიფო შედგება ძირითადი კუნძულის — კუბის, ასევე ხუვენტუდისა და რამდენიმე არქიპელაგისაგან. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ჰავანა. სიდიდით მეორე ქალაქია სანტიაგო-დე-კუბა.[6][7] კუბისგან ჩრდილოეთით მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატები და ბაჰამის კუნძულები, დასავლეთითმექსიკა, სამხრეთითკაიმანის კუნძულები და იამაიკა ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰაიტი და დომინიკელთა რესპუბლიკა.

კუბის რესპუბლიკა
ესპ. República de Cuba
კუბა
კუბის
დროშა გერბი
დევიზი: Patria o Muerte (ესპანური)
„სამშობლო ან სიკვდილი“
[1]
ჰიმნი: ლა ბაიამესა[2]

კუბის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ჰავანა
23°08′ ჩ. გ. 82°23′ დ. გ. / 23.133° ჩ. გ. 82.383° დ. გ. / 23.133; -82.383
ოფიციალური ენა ესპანური
მთავრობა სოციალისტური რესპუბლიკა[3]
 -  პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი
ფართობი
 -  სულ 110 861 კმ2 (105-ე)
 -  წყალი (%) უმნიშვნელო[4]
მოსახლეობა
 -  2010 შეფასებით 11 241 894[4] (73-ე)
 -  2002 აღწერა 11 177 743[4] 
 -  სიმჭიდროვე 102,3 კაცი/კმ2 (106-ე)
მშპ (მუპ) 2010 შეფასებით
 -  სულ $114,1 მილიარდი (63-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $9900 (86-ე)
აგი (2007) 0.776[5] (მაღალი) (51-ე)
ვალუტა კუბური პესო (CUP)
დროის სარტყელი UTC-05:00
ქვეყნის კოდი CUB
Internet TLD .cu
სატელეფონო კოდი 53
კუბის რუკა

1492 წელს, დღევანდელი კუბის კუნძულს ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა და ის ესპანეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა. კუბა ესპანეთის ტერიტორიად მიიჩნეოდა 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომამდე, 1902 წელს კი მოიპოვა ამერიკისგან ფორმალური დამოუკიდებლობა. 1953-1959 წლებში მიმდინარეობდა კუბის რევოლუცია, რომელმაც ფულხენსიო ბატისტას დიქტატურა დაამხო.[8] რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით. დღევანდელი მთავრობის დემოკრატიის ინდექსი ფასდება როგორც „ავტორიტარული“.

კუბის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს; მოსახლეობის რაოდენობით და ტერიტორიით ის კარიბის აუზის კუნძულოვან სახელმწიფოებში ყველაზე დიდია. კუბელების კულტურა და წეს-ჩვეულებები შედგება როგორც აბორიგენი ხალხების, ტაინოებისა და სობონეიების, ასევე ესპანეთის იმპერიისა და აფრიკელი მონების მემკვიდრეობისაგან, მასზე ასევე დიდი გავლენა იქონია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სიახლოვემაც.

კუბაში წიგნიერების კოეფიციენტი შეადგენს 99,8 %-ს,[9][10] ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალია ვიდრე ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში,[11] ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მონაცემია 77.64.[9]

ეტიმოლოგია

სახელწოდება კუბა მომდინარეობს ტაინოს ხალხის ენიდან. ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა არაა ცნობილი, თუმცა, დაახლოებით, ის შეიძლება შემდეგნაირად ითარგმნოს: სადაც ნაყოფიერი მიწები უხვადაა (კუბაო) [12] ან დიდი ადგილი (კოაბანა).[13] თუმცა, არიან მკვლევარები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მას სახელი ქრისტეფორე კოლუმბმა პორტუგალიაში არსებული ანტიკური ქალაქის კუბის პატივსაცემად უწოდა.[14][15]

ისტორია

კოლუმბამდე

 
ტაინო ქალის მონახაზი

ესპანელთა გამოჩენამდე კუბა დასახლებული იყო ინდიელთა ტომებით. ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ: ტაინოები, არავაკები, გუანახატაბეიები და სობონეიები. მკვიდრი მოსახლეობის წინაპრები ევროპელთა გამოჩენამდე რამდენიმე საუკუნით ადრე არიან მიგრირებულები როგორც ჩრდილო, ისე სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან.[16] ტაინოები კუნძულს უწოდებენ კაობანას.[17] ადგილობრივი მოსახლეობა მისდევდა მესაქონლეობას, მეთევზეობას, ნადირობას და შემგროვებლობას.

ესპანური კოლონიზაცია

 
დიეგო ველასკეს დე კუელიარი, კუბის კონკისტადორი

ქრისტეფორე კოლუმბი 1492[18] წლის 12 ოქტომბერს პირველად გადმოვიდა კუნძულზე, რომელსაც შემდგომ ეწოდა გუანახანი, ხოლო შემდგომ ის კუბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 27[18] ან 28[19][20] ოქტომბერს გადმოვიდა იმ ადგილას, რომელსაც დღეს ბარაკოა ეწოდება. მან კუნძული ესპანეთის ახალი სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა[21] და Isla Juana უწოდა ასტურიის პრინცის ხუანის პატივსაცემად.[22] 1511 წელს დიეგო ველასკეს დე კუელიარიმ ბარაკოაში პირველი ესპანური დასახლება დააარსა. მალევე გაჩნდა სხვა დასახლებებიც, მათ შორის ჰავანა კუბის მომავალი დედაქალაქი, რომელიც 1515 წელს დაფუძნდა. ესპანელებმა ამ პერიოდში დაახლოებით 100 000 ადგილობრივი მოსახლე დაიმონეს, რომელთაც ოქროს საძიებო სამუშაოებისთვის იყენებდნენ. კუნძულის მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილის განადგურება გამოიწვია ინფექციურმა დაავადებებმაც, რადგან მათ ამ დაავადებების მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი არ გააჩნდათ.[23] 1529 წელს წითელამ და ყვავილმა კუბის მოსახლეობის 2/3-ის დაღუპვა გამოიწვია.[24][25]

კუბა ესპანეთის საკუთრებაში დაახლოებით 400 წელი შედიოდა (1511–1898). მისი ეკონომიკა შედგებოდა ძირითადად სოფლის მეურნეობისა და სამთო მოპოვებისგან. კუბიდან ხორციელდებოდა შაქრის, ყავისა და თამბაქოს ევროპაში ექსპორტი, ხოლო მოგვიანებით ჩრდილო ამერიკაშიც. მუშახელად გამოიყენებოდა აფრიკიდან ჩამოყვანილი მონები.

ომი დამოუკიდებლობისთვის

 
კარლოს მანუელ დე სესპედესი სამშობლოს მამა, მან ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1868 წელს.

1820-იან წლებში, როდესაც ესპანეთის იმპერიის ტერიტორიები ლათინურ ამერიკაში აჯანყდნენ და დამოუკიდებელი სახელმწიფოები ჩამოაყალიბეს, კუბა მეფის მიმართ ერთგულებას ინარჩუნებდა. თუმცა, აქაც ხდებოდა დამოუკიდებლობისკენ მოწოდებები, ესპანეთმა კუბას მისცა დევიზი La Siempre Fidelísima Isla („ყოველთვის ყველაზე ერთგული კუნძული“). ეს ერთგულება გამოწვეული იყო კუბის მოსახლეობის ესპანეთზე სავაჭრო დამოკიდებულებით, ასევე ისინი იღბდნენ დაცვას მეკობრეობისა და მონების აჯანყებისგან.

ათწლიანი ომი

1868 წლის აჯანყების მოტივი, რომელსაც კარლოს მანუელ დე სესპედესი ხელმძღვანელობდა, იყო ესპანეთისგან დამოუკიდებლობა. სესპედესი — შაქრის პლანტაციის მფლობელი, კუბის დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად მონებს ათავისუფლებდა. 1868 წლის 27 დეკემბერს მან გამოსცა განკარგულება მონობის გაუქმებაზე ყველასთვის, ვინც სამხედრო სამსახურში შევიდოდა.[26] 1868 წლის აჯანყება გადაიზარდა კონფლიქტში, რომელიც ცნობილია როგორც ათწლიანი ომი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა კუბის ახალი მთავრობა, ასევე მოიქცა ლათინური და ევროპული ბევრი ქვეყანაც.[27] ომი 1878 წელს ხანხონის პაქტით დასრულდა, რითიც კუბამ ფართო ავტონომია მიიღო. 1879–1880 წლებში, კუბელმა პატრიოტმა კალიქსტო გარსიამ აწარმოა წარუმატებელი, მეორე ომი დამოუკიდებლობისთვის, რომელიც ცნობილია როგორც მცირე ომი.[28]

ომებს შორის პერიოდი

კუბაში განვითარებული შაქრის მრეწველობა მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე იყენებდა მონების შრომას. 1868 წელს კუბა აწარმოებდა 720 250 ტონა შაქარს, რაც უფრო მეტი იყო, ვიდრე იმდროინდელი შაქრის ბაზრის 40 პროცენტი. კუბაში მონობის გაუქმებს პროცესი მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მესამედში დაიწყო და 1880-იან წლებში დასრულდა.[29][30]

1895 წლის ომი

 
ხოსე მარტი

გადასახლებაში მყოფმა დისიდენტმა — ხოსე მარტიმ 1892 წელს ნიუ-იორკში ჩამოაყალიბა კუბის რევოლუციური პარტია. ამ პარტიის მიზანი იყო კუბის ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მიღწევა.[31] 1895 წლის იანვარში მარტიმ მაქსიმო გომესის მხარდასაჭერად, მონტე-კრისტსა და სანტო-დომინგოში იმოგზაურა.[31] მარტიმ თავისი პოლიტიკური შეხედულებები მონტე-კრისტის მანიფესტში ჩამოაყალიბა.[32] კუბაში ესპანული არმიის წინააღმდეგ ომი 1895 წლის 24 თებერვალს დაიწყო, თუმცა მარტიმ კუბაში ჩასვლა 11 აპრილამდე ვერ შეძლო.[31] 19 მაისს დოს-რიოსის ბრძოლაში მარტი დაიღუპა.[31] ამან ის კუბის ეროვნულ გმირად აქცია.[32]

დაახლოებით 200 000-იანი ესპანური არმია ბევრით აჭარბებდა აჯანყებულების ძალებს, რომლებიც ძირითადად პარტიზანულ ომსა და საბოტაჟს მიმართავდნენ. კუბის სამხედრო ხელმძღვანელმა ვალერიანო ვეილერმა აჯანყებულების წინააღმდეგ საბრძოლველად დაიწყო სოფლის მოსახლეობის „გამაგრებულ სოფლებში“ შეგროვება რასაც თვითონ reconcentrados-ს უწოდებდა. დღეისთვის ეს მოიაზრება როგორც მეოცე საუკუნის საკონცეტრაციო ბანაკების პროტოტიპი.[33] ამ ბანაკებში დაახლოებით 200 000-დან 400 000-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ესპანეთ-ამერიკის ომი

USS Maine
 
USS Maine (ACR-1)-ის ჰავანას ნავსადგურში შესვლა, 1898 წლის 25 იანვარი.

1898 წლის 25 იანვარს, კუნძულზე მცხოვრები დაახლოებით 8000 ამერიკელის კუთვნილი საბრძოლო ხომალდი USS Maine (ACR-1) ჰავანაში შევიდა, თუმცა ეს ესპანელებმა აღიქვეს როგორც მუქარა. 15 თებერვალს დილით Maine აფეთქდა, რასაც ეკიპაჟის 252 წევრი ემსხვერპლა, ხოლო ეკიპაჟის დანარჩენი 8 წევრი მიღებული ჭრილობებით ჰოსპიტალში დაიღუპა.[34] ინციდენტის გამოსაძიებად შეიქმნა საგამოძიებო სამხედრო-საზღვაო კომისია, რომელსაც უილიამ ტ. სამპსონი ხელმძღვანელობდა. 1898 წლის 21 მარტს, გამოძიების შემდეგ კომისიამ დადო დასკვნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ: „გემის განადგურება გამოიწვია ორმა აფეთქებამ, რომლებიც მის კორპუსს გარეთ მოხდა და შეიძლებოდა მხოლოდ ნაღმები ყოფილიყო.“[34]

ეს ფაქტი დღემდე კამათის საგანია, ასევე ადმირალ ჯორჯ ხაიმან რიკოვერის მიერ 1976 წელს ჩატარებული გამოძიებით დგინდება რომ აფეთქება უფრო შიგნით მომხდარს ჰგავს, ვიდრე გარეთ. რიკოვერი თვლის, რომ აფეთქება გამოიწვია გადახურებული ნახშირის აალებამ, რომელიც შავი დენთის მახლობლად მდებარეობდა.[35][36] 1898 წელს კომისიამ ვერ შეძლო აფეთქებაზე პასუხისმგებელის დადგენა, თუმცა იმ დროინდელ ამერიკულ გამოცემებში დომინირებდა აზრი, რომ ეს აფეთქება ესპანელების მოწყობილი იყო.[34] აშშ-ის კონგრესმა მიიღი ინტერვენციის რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტმა უილიამ მაკ-კინლიმ შეასრულა.[37] ამერიკამ და ესპანეთმა ომი ერთმანეთს აპრილში გამოუცხადეს.

მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი

ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ ხელი მოეწერა პარიზის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ესპანეთმა ამერიკას 20 მილიონ დოლარად ფილიპინები, გუამი და პუერტო-რიკო დაუთმო.[38] იგივე შეთანხმების საფუძველზე ესპანეთს აღარ ჰქონდა პრეტენზიები კუბის დამოუკიდებლობის მიმართ. კუბამ ამერიკისგან ფორმალური დამოუკიდებლობა 1902 წლის 20 მაისს მიიღო. კუბის ახალი კონსტიტუციით ამერიკას უფლება ჰქონდა მის შიდა საქმეებში ჩრეულიყო და გაეწია მისი ფინანსური და საგარეო ურთიერთობათა კონტროლი. ამერიკას გუანტანამოს უბის სამხედრო ბაზა იჯარით გადაეცა.

საკამათო არჩევნებში გამარჯვებულ პირველ პრეზიდენტს, ტომას ესტრადა პალმას დამოუკიდებლობის ომის ვეტერანები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც სამთავრობო ჯარები დაამარცხეს.[39] შედეგად ამერიკელებმა მოახდინეს ინტერვენცია კუბაში და ჩარლზ ედვარდ მაგუნი სამი წლით მმართველად დანიშნეს. ისტორიკოსები მაგუნის მართველობას კორუფციის აყვავების პერიოდად აფასებენ.[40] კუბაში თვითმმართველობა აღდგა, როდესაც 1908 წელს აირჩიეს პრეზიდენტი ხოსე მიგელ გომესი, თუმცა ამერიკა ისევ აგრძელებდა კუბის საქმეებში ჩარევას. 1912 წელს Partido Independiente de Color-მა (კუბელი ფერადკანიანთა პარტია) უშედეგოდ სცადა ჩამოეყალიბებინა დამოუკიდებელი შავი სახელმწიფო ორიენტეს პროვინციაში,[41] რაც გენერალმა მონტეაგუდომ სისხლში ჩაახშო.

 
კუბის რევოლუციამდელი ამერიკული მანქანა - yank tank და ეგრეთ წოდებული - casa particular კერძო სახლი.

პირველი მსოფლიო ომის დროს კუბამ ბრიტანეთში განახორციელა დიდი რაოდენობით შაქრის ექსპორტი. მას წყალქვეშა ნავებისგან თავდასხმის დასაცავად შაქარი შვედეთში მიჰქონდა. მარიო გარსია მენოკალის მთავრობამ გერმანიას ომი მალევე გამოუცხადა, მას შემდეგ რაც ეს ამერიკამ გააკეთა.

რამონ გრაუმ 1940 წელს ბატისტასთან დამარცხების შემდეგ 1944 წელს არჩევნებში გაიმარჯვა. მისმა პარტიამ 1948 წელსაც მოახერხა გამარჯვება, როდესაც მისი კანდიდატი კარლოს პრიო სოკარასი გახდა პრეზიდენტი, ის იყო ბოლო თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი. ამ პარტიის მმართველობის პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა ბევრი ინვესტიცია, შეიქმნა საშუალო კლასი და გაღრმავდა განსხვავება მდიდარ და ღარიბ კლასს შორის.[42] 1952 წლის არჩევნებში სამი კანდიდატი დაუპირისპირდა ერთმანეთს. თუმცა ბატისტამ 10 მარტს ნაციონალისტების დახმარებით გადატრიალების მოწყობა მოახერხა, რის შედეგადაც ის 2 წლით გახდა დროებითი პრეზიდენტი. ბატისტა 1954 წელს დათანხმდა არჩევნების ჩატარებას, თუმცა არჩევნები წინასწარ გაყალბებული იყო. 1956 წელს სამხედრო ოფიცრების მიერ იყო მცდელობა რეჟიმის გადატრიალებით დასრულებისა, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

კუბას ჰქონდა ლათინურ ამერიკაში ყველაზე მაღალი მოხმარების მაჩვენებელი ისეთ ფუფუნების საგნებზე, როგორიც იმ დროს იყო: მანქანები, ტელეფონები და რადიოები, თუმცა, ეს ნაწილდებოდა მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილზე და უცხოელებზე.[43] 1958 წლისთვის კუბა ლათინური ამერიკის კვალობაზე საკმაოდ განვითარებულ ქვეყანას წარმოადგენდა.[44] კუბა უფრო მეტ ემიგრანტს იზიდავდა ევროპიდან ვიდრე ამერიკა. თუმცა, ამავე დროს, მას ჰქონდა უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი.

რევოლუცია

 
ფიდელ კასტრო და აღმოსავლეთ გერმანიის პოლიტბიუროს წევრები 1972 წელს

1956 წლის 2 დეკემბერს კუბის სანაპიროს იახტა გრანმათი 82 ადამიანი მიადგა. მათ ლიდერს, ფიდელ კასტროს სიერა-მაესტრაში შეიარაღებული წინააღმდეგობის ჩამოყალიბება ჰქონდა განზრახული. ბატისტას რეჟიმს კასტოს წინააღმდეგ ომში ამერიკის მიერ 1958 წლის 14 მარტს დაწესებული იარაღის ემბარგოც უშლიდა ხელს. 1958 წლის ბოლოს აჯანებულები გამოვიდნენ სიერა-მაესტრას მთებიდან და დაიწყეს გენერალური აჯანყებისთვის მზადება. აჯანყებულების მიერ სანტა-კლარას აღების შემდეგ, 1959 წლის 1 იანვარს ბატისტამ დატოვა ჰავანა და პორტუგალიაში გაიქცა, საიდანაც ის აჯანყებულებთან ძალაუფლების სიმბოლურ გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

კასტროს ძალები ქალაქში 1959 წლის 8 იანვარს შევიდნენ. მალევე მანუელ ურუტია ლიეო გახდა პრეზიდენტი, თუცა მას კასტროს მოძრაობა — 26 ივლისის მოძრაობასთან დაპირისპირების გამო ამ პოსტზე უარის თქმა მოუწია. ის შეცვალა ოსვალდო დორტიკოს ტორადომ, რომელიც პოსტს 1976 წლამდე ინარჩუნებდა. კასტრო 1959 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრი გახდა, სადაც მან ხოსე მირო კარდონა შეცვალა.

ადამიანის უფლებები

 
ტრინიდადი, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი 1988 წლიდან.

კუბის მთავრობას ხშირად ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევის ისეთ ფაქტებზე როგორიცაა: წამება, უკანონო პატიმრობა, უსამართლო სასამართლო.[45][46] ჰუმან რაითს ვოჩი აცხადებს, რომ მთავრობა ებრძვის განსხვავებულ აზრს და მუდმივად ირღვევა ისეთი უფლებები როგორიცაა: აზრის თავისუფალი გამოხატვა, გაერთიანებების შექმნა, შეკრებების მოწყობა, პირადი ინფორმაციის დაცვა და გადაადგილების თავისუფლება.[47]

2008 წლის მონაცემებით, (სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, მათ შორის ჰუმან რაითს ვოჩისაც[48][49]) სასჯელმისჯილი ჟურნალისტების რაოდენობით კუბა მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ მეორეა. საკუთრების შეზღუდვის გამო კუბაში კომპიუტერის ფლობის მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დაბალია.[50] ინტერნეტის ხმარების უფლება მხოლოდ შეზღუდულ ადგილებშია და ისიც კონტროლირდება.[50][51]

მთავრობის ოფიციალური ნებართვის გარეშე კუბელებს არ აქვთ ქვეყნის დატოვების ან დაბრუნების უფლება.[47]

ეკონომიკა

 
თამბაქოს პლანტაცია პინარ-დელ-რიოში

კუბა ერთგულობს სოციალიზმის პრინციპებს, მისი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გეგმიური ეკონომიკის მართვისას. წარმოების უმეტესობის მესაკუთრე და მმართველი არის მთავრობა, მუშახელის უმეტესობა დასაქმებულია სახელმწიფოს მიერ. 2006 წლიდან კერძო სექტორის როლი შედარებით გაიზარდა. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია 78 % ხოლო კერძო სექტორში 22 %, რაც დიდად განსხვავდება 1981 წლის მონაცემთან, როდესაც სახელმწიფო ასაქმებდა მუშახელის 91,8 %-ს და კეძო სექტორი მხოლოდ 8,2 %-ს. სახელმწიფოში ინვესტირება აკრძალულია და მოითხოვს მთავრობის ნებართვას. ფასების უმეტესობას აწესებს სახელმწიფო. ნებისმიერი ფირმა, რომელსაც სურს დაიქირავოს მუშახელი, უნდა გადაუხადოს მთავრობას.[52] კუბელებს არ შეუძლიათ სამსახურის შეცვლა მთავრობის ნებართვის გარეშე. 2005 წლის ბოლოს საშუალო ხელფასი თვეში იყო 334 პესო (დაახლოებით 16,70 USD), ხოლო პენსია დაახლოებით 9 დოლარის ეკვივალენტი.

კუბას მჭიდრო სავაჭრო კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. ის საბჭოთა კავშირისგან ასევე იღებდა სუბსიდიებს და დახმარებებს (მაგალითად ნავთობის სახით[53][54]). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კუბის ეკონომიკა ღრმა კრიზისში აღმოჩნდა, რომელსაც სპეციალური პერიოდი უწოდეს. 1992 წელს ამერიკამ იმ იმედით, რომ იქ აღმოსავლეთ ევროპის მსგავსად დაიწყებოდა დემოკრატიული ცვლილებები, მოხსნა სავაჭრო ემბარგო.

კუბამაც სხვა კომუნისტური ან პოსტ-კომუნისტური ქვეყნების მსგავსად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოახდინა ბაზრის ნაწილობრივი განთავისუფლება, დაუშვეს თვითდასაქმება მომსახურების და წვრილი მრეწველობის დარგებში, ამერიკული დოლარის გამოყენება ბიზნესის წარმოებისას და დაიწყეს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

2005 წელს კუბამ განახორციელა 2,4 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქტის ექსპორტი, რა მაჩვენებლითაც ის იყო 114-ე 226 ქვეყანას შორის, ხოლო იმპორტის მოცულობამ შეადგინა 6,9 მილიარდი ამერიკული დოლარი რაც 226 ქვეყანას შორის 87-ე მონაცემს შეადგენდა.[55] 2007 წლის მონაცემებით, მისი ძირითადი ექსპორტიორი პარტნიორები არიან ჩინეთი 27,5%-ით, კანადა 26,9%-ით, ნიდერლანდები 11,1%-ით, ესპანეთი 4,7%-ით.[56] მისი ძირითადი საექსპორტო საქონელია: შაქარი, ნიკელი, თამბაქო, ციტრუსები და ყავა.[56] იმპორტს შეადგენს: საკვები, საწვავი, ტანსაცმელი და მანქანები. კუბის მიმდინარე დავალიანება შეადგენს დაახლოებით 13 მილიარდ ამერიკულ დოლარს,[57] რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 38%-ს შეადგენს.[58]

ტერიტორიული მოწყობა

კუბა დაყოფილია 15 პროვინციად და ერთ სპეციალურ მუნიციპალიტეტად (კუნძული ხუვენტუდი):

  1. პინარ-დელ-რიოს პროვინცია
  2. არტემისის პროვინცია
  3. ჰავანა
  4. მაიაბეკეს პროვინცია
  5. მატანსასის პროვინცია
  6. სიენფუეგოსის პროვინცია
  7. ვილია-კლარას პროვინცია
  8. სანქტი-სპირიტუსის პროვინცია
  1. სიეგო-დე-ავილის პროვინცია
  2. კამაგუეის პროვინცია
  3. ლას-ტუნასის პროვინცია
  4. გრანმის პროვინცია
  5. ოლგინის პროვინცია
  6. სანტიაგო-დე-კუბის პროვინცია
  7. გუანტანამოს პროვინცია
  8. ხუვენტუდი
 

ჯარი

კუბა სამხედრო საჭიროებებისთვის ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 9–13%-ს. მას ჰყავს მთელ ლათინურ ამერიკაში სიდიდით მეორე არმია, რომელიც მხოლოდ ბრაზილიას ჩამოუვარდება. 1975 წლიდან გვიან 1980-იანებამდე კუბას მისი შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა. 1994-2003 წლებში საბჭოთა კავშირის სუბსიდიების დაკარგვის გამო კუბამ მისი სამხედრო ძალების რაოდენობა 235 000-დან 60 000-მდე შეამცირა.

გეოგრაფია

 
ალექსანდერ ჰუმბოლდტის ეროვნული პარკი აღმოსავლეთ კუბაში

კუბა არის კუნძულოვანი არქიპელაგი, რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვაში მექსიკის ყურისა და ატლანტის ოკეანის საზღვარზე. ის მდებარეობს 19-24 განედებსა და 75-85 გრძედებს შორის. მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატები, ჩრდილოეთით ბაჰამის კუნძულები, აღმოსავლეთით ჰაიტი, სამხრეთით იამაიკა და კაიმანის კუნძულები, ხოლო დასავლეთით მექსიკა. მთავარი კუნძულია კუბა, რომელიც გარშემორტყმულია მცირე კუნძულების ოთხი ჯგუფით: ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროსთან კოლორადოსის არქიპელაგი, ჩრდილოეთით ცენტრალურ სანაპიროსთან საბანა-კამაგუეის არქიპელაგი, სამხრეთით ცენტრალურ სანაპიროსთან ხარდინეს-დე-ლა-რეინა და სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან კანარეოსის არქიპელაგი.

მთავარი კუნძულის სიგრძეა 1199 კილომეტრი, ფართობი — 105 006 კმ² და წარმოადგენს კარიბებში ყველაზე დიდ, ხოლო მსოფლიო მასშტაბით ფართობის მიხედვით მე-16 კუნძულს. უმაღლესი წერტილია ტურკინო (1975 მ), რომელიც სიერა-მაესტრას ქედზე მდებარეობს. სიდიდით მეორე კუნძულია ხუვენტუდი (3056 კმ²), რომელიც კანარეოსის არქიპელაგში შედის. კუბის მთლიანი ფართობი შეადგენს 110 860 კმ²-ს.

კლიმატი

 
კაიო-ლარგო-დელ-სურის პლაჟი

ადგილობრივი კლიმატი ტროპიკულია, შედარებით მშრალი პერიოდი არის ნოემბრიდან აპრილამდე, ხოლო წვიმების სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე. საშუალო ტემპერატურა მერყეობს იანვარში 21 °C (69,8 °F)-დან ივლისში 27 °C (80,6 °F)-მდე. სექტემბერი და ოქტომბერი ტროპიკული ციკლონების პერიოდია.

რესურსები

ყველაზე მნიშვნელოვანი წიაღისეული არის ნიკელი, რომლის მარაგის მხრივ, კუბა მსოფლიოში მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ.[59]. კანადური კომპანია Sherritt International ახორციელებს ნიკელის მოპოვებას მოას მუნიციპალიტეტში. კუბა არის გამდიდრებული კობალტის მსოფლიოში მეხუთე უდიდესი მწარმოებელი. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩრდილოეთ კუბის აუზში შესაძლებელია 4,6 - 9,3 მილიარდი ბარელი ნავთობის მოპოვება. 2006 წლიდან კუბამ ამ ტერიტორიაზე დაიწყო საცდელი ბურღვითი სამუშაოების ჩატარება.[60]

დემოგრაფია

კუბის ოფიციალური სტატისტიკა 1899-2002 წწ.[61][62][63]
რასა % 1899 1907 1919 1931 1943 1953 1981 2002
თეთრი ადამიანები 66.9 69.7 72.2 72.1 74.3 72.8 66.0 65.05
აფრო-კუბელები 14.9 13.4 11.2 11.0 9.7 12.4 12.0 10.08
მულატები 17.2 16.3 16.0 16.2 15.6 14.5 21.9 24.86
აზიელი კუბელები 1.0 0.6 0.6 0.7 0.4 0.3 0.1 ?

ემიგრაცია კუბაში

18821898 წლებში ესპანეთი დატოვა 508 455-მა ადამიანმა, ხოლო 750 000-ზე მეტმა ესპანელმა დატოვა კუბა 1899 - 1923 წლებში, რომელთაგან ბევრი ესპანეთში დაბრუნდა.[64]

დღევანდელი დემოგრაფიული მდგომარეობა

2002 წლის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობა შეადგენდა 11 177 743 ადამიანს,[61] მათ შორის 5 597 233 კაცს და 5 580 510 ქალს. რასობრივი შემადგენლობა შემდეგია: 7 271 926 თეთრი, 1 126 894 შავი და 2 778 923 მულატი ან მეტისი.[65]

ენები

კუბის ოფიციალური ენა არის ესპანური და მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ამ ენაზე საუბრობს. ის ესპანური რომელსაც კუბელები იყენებენ, ცნობილია როგორც კუბის ესპანური და ის წარმოადგენს კარიბების ესპანურის ერთ-ერთ ფორმას. ლუკუმი, იურუბას დიალექტი ასევე გამოიყენება როგორც ლიტურგიკული ენა სანტერიანელების მიერ.[66] ჰაიტიური კრეოლი არის გავრცელების მიხედვით მეორე ენა, მას ძირითადად იყენებენ ჰაიტელი ემიგრანტები.[67] ემიგრანტებს შორის ასევე ფართოდ გამოიყენება კატალონიური და კორსიკული.[68]

განათლება

 
ჰავანის უნივერსიტეტი, დაარსებული 1728 წელს

ჰავანის უნივერსიტეტი 1728 წელს დაარსდა და აერთიანებს რამდენიმე კოლეჯსა და უნივერსიტეტს. 1957 წელს, ხელისუფლებაში ფიდელ კასტროს მოსვლამდე, წიგნიერების მაჩვენებლით რეგიონში მეოთხე იყო, მისი მაჩვენებელი შეადგენდა თითქმის 80 %-ს, რაც უფრო მაღალი იყო ვიდრე ესპანეთის.[44] კასტრომ შექმნა მთლიანად სახელმწიფოს მიერ მართული განათლების სისტემა, სადაც კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები აკრძალულია. დაწყებითი განათლება სავალდებულოა, 6 წლიდან მეორეული სპეციალობის მიღებამდე (ძირითადად 15 წლამდე), ყველა მოსწავლე ატარებს სასკოლო ფორმას რომლის ფერიც განსაზღვრული მიღებული შედეგების მიხედვით. ძირითადი განათლება გრძელდება 6 წელი, ხოლო მეორეული დაყოფილია საბაზო და უნივერსიტეტამდელამდე.[69]

უმაღლესი განათლებას იძლევიან უნივერსიტეტები, პედაგოგიური და სამედიცინო ინსტიტუტები და პოლიტექნიკურები. კუბის განათლების სამინისტრო იყენებს დისტანციურ სწავლების მეთოდსაც, რომელიც გამიზნულია სოფლის მოსახლეობისათვის. უმაღლეს განათლებას აქვს სტუდენტების პოლიტიკური და იდეოლოგიურ დამუშავების ფუნქციაც.[69] კუბა ახორციელებს შეზღუდული რაოდენობით უცხოელების სწავლების დაფინანსებას მედიცინის ლათინური ამერიკის უნივერსიტეტში.[70][71] კომპიუტერის მოწყობილობების გაყიდვა, ინტერნეტთან წვდომა და ასევე ელექტრონული ფოსტა კონტროლირებადია.[50]

ჯანმრთელობა

ისტორიულად, კუბა გამოირჩეოდა სამედიცინო პერსონალის სიმრავლით და მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული მსოფლიო ჯანმრთელობაში მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.[44] დღეისთვის, კუბას აქვს უნივერსალური სამედიცინო ჯანდაცვის სისტემა, თუმცა ის განიცდის სამედიცინო აღჭურვილობის და მედიკამენტების ნაკლებობას.[72]

პოსტ-რევოლუციური კუბა განიცდიდა ჯანდაცვის მდგომარეობის გაუარესებას და იზრდებოდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 1960-იან წლებში მისი სამედიცინო პერსონალის ნახევარმა ქვეყანა დატოვა.[73] სიტუაციის გამოსწორება დაიწყო 1980-იან წლებში. კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რომ ჯანდაცვა უპირატესი იყო და დაიწყო მისი გამოსწორება მცირედ დასახლებულ რეგიონებში.[74]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 78,3 წელი. (76,2 კაცებისთვის და 80,4 ქალებისთვის). ეს არის მსოფლიო მასშტაბით 37-ე ხოლო ამერიკაში მე-3 მაჩვენებელი. ჩვილთა სიკვდილიანობა 1957 - 2005 წლებში 1000 კაცზე 37-დან 6,1-მდე შემცირდა[75] (შედარებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი შეადგენს 6,8-ს).

ტურიზმი

 
საკურორტო ქალაქ ვარადეროს პლაჟი

ტურიზმი კუბაში ყოველწლიურად დაახლოებით 2 მლნ ადამიანს იზიდავს და წარმოადგენს კუნძულის შემოსავლების ერთ-ერთ ძირითად წყაროს.[76] ხელსაყრელი კლიმატით, პლაჟებით, კოლონიური არქიტექტურითა და განსხვავებული კულტურული ისტორიით კუბა უკვე დიდი ხანია მიმზიდველი ადგილია ტურისტებისათვის. კუბა იყო ესპანეთის უკანასკნელი, უძველესი და უახლოესი კოლონია 1901 წლამდე. XX საუკუნის პირველ ნახევარში კუბამ განაგრძო სარგებლის მიღება დიდი ინვესტიციებისგან, ინდუსტრიის შექმნითა და იმიგრაციით. მისმა სიახლოვემ და მჭიდრო ურთიერთობებმა აშშ-სთან ასევე განაპირობა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდა. იქიდან გამომდინარე, რომ კუბასა და აშშ-ის ურთიერთობები სწრაფად გაუარესდა კუბის რევოლუციის შემდეგ და კუბის ბიზნესებმა განიცადა ექსპროპრიაცია და ნაციონალიზაცია, ქვეყანა მოწყვეტილი აღმოჩნდა მისი ტრადიციული ბაზრისგან ემბარგოთი, აშშ-მა ასევე აუკრძალა თავის მოქალაქეებს კუბაში ჩასვლა. ხელისუფლებაში კასტროს მოსვლიდან სულ რაღაც ორ წელში, ტურიზმის ინდუსტრია რეკორდულად დაბალ დონემდე დაეშვა. 1960-იან წლებში კომუნისტურმა მთავრობამ აკრძალა და შეამცირა კერძო საკუთრება, კანონგარეშე გამოაცხადა უცხოური ვალუტის ბრუნვა და ამ ყველაფერთან ერთად მოსპო ტურისტული ინდუსტრია.

მიუხედავად ამისა, ბოლო დროს, მთავრობის მიერ ტურიზმის ხელშეწყობისაკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა, ეს სექტორი შედარებით გამოაცოცხლა.

კულტურა

კუბური კულტურა ძირითადად ესპანურ და აფრიკულ გავლენას განიცდის. სპორტი აყვანილია ეროვნული ინტერესის დონემდე. ტრადიციულად, კუბიდან უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენია, ვიდრე სხვა რომელიმე ესპანურენოვანი ქვეყნიდან. კუბაში ყველაზე პოპულარული თამაშია ბეისბოლი. სპორტის სხვა პოპულარულ სახეობებში შედის: კალათბურთი, ფრენბურთი, კრიკეტი, ათლეტიკა და ბოქსი.

მუსიკა

 
ადგილობრივი მუსიკის სახლი

კუბური მუსიკა ძალიან მდიდარია და იგი მისი კულტურის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ამ მუსიკის ძირითადი ფორმა არის სონი, რომელიც წარმოადგენს ბაზას სხვა უფრო მეტად პოპულარული ისეთი სტილებისთვის როგორიცაა: სალსა, რუმბა, მამბო, ჩა-ჩა-ჩა. კუბური მუსიკა მოდის ადრეული აფრო-კუბური მუსუკიდან. მუსიკალური ინსტრუმენტებიდან ტრესი კუბაშია გამოგონილი, თუმცა სხვა პოპულარული კუბური ინსტრუმენტები (მაგალითად: მარაკასი, გუირო, მარიმბა, მაიჰუაკანი) ან აფრიკული ან ტაინოს ხალხის მემკვიდრეობაა. კუბელი კომპოზიტორებიდან ყველაზე ცნობილია ერნესტო ლეჩუონა. 1990-იან წლებში ჰავანა რეპის და რეგეტონის გული იყო.

სამზარეულო

 
ტრადიციული კერძი ropa vieja.

კუბური სამზარეულო ესპანური და კარიბების სამზარეულოების ნაზავია. კუბის სამზარეულო ძირითადად შედგება: შავი ლობიოსგან, ბრინჯისგან, დაბეგვილი ხორცისგან, კუბური პურისგან, ღორის ხორცისგან ნიორით და ტროპიკული ხილისგან. ხორცეულს ძირითადად ამზადებენ დაბალ ცეცხლზე მსუბუქი სოუსებით. ძირითადი სანელებლებია: ნიორი, ძირა, ველური თავშავა და დაფნის ფოთოლი.

ლიტერატურა

კუბის ლიტერატურის ისტორია იწყება ადრეული მეცხრამეტე საუკუნიდან. ხოსე მარტის შემოქმედებაში, რომელიც კუბის ლიტერატურაში მოდერნიზმის ფლაგმანია, მთავარი თემა იყო დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ისეთი მწერლებისთვის, როგორიცაა ნიკოლას გილენი და ხოსე ტალეტი, შემოქმედების მთავარი თემა იყო სოციალური პრობლემები. კუბელი გამოჩენილი პოეტები და ნოველისტები არიან დულსე მარია ლიონასი და ხოსე ლესამა ლიმა. გამოჩენილი კუბელი რომანტიკოსია მიგელ ბარნეტი, რომელსაც ეკუთვნის ყველანი ოცნებობდნენ კუბაზე. ისეთმა მწერლებმა როგორიცაა: რეინალდო არენასი, გულერმო კაბრერა ინფანტე, დაინა ჩავიანო, პედრო ხუან გუტეესი, ზოე ვალდესი და ლეონარდო პადურა საერთაშორისო აღიარება პოსტ-რევოლუციურ პერიოდში მოიპოვეს, მთავრობის მხრიდან იდეოლოგიური კონტროლის გამო ბევრ მათგანს დევნილობაში მოუწია წასვლა.

იხილეთ აგრეთვე

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Cuban Peso Bills. Central Bank of Cuba. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-07. ციტირების თარიღი: 2009-09-07.
  2. National symbols. Government of Cuba. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-15. ციტირების თარიღი: 2009-09-07.
  3. Government type (most recent) by country, Nationmaster.com
  4. 4.0 4.1 4.2 Anuario Estadístico de Cuba 2010 დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. , Oficina Nacional de Estadísticas, República de Cuba. Accessed on September 30, 2011.
  5. http://hdr.undp.org/en/media/HDR_2011_EN_Tables.pdf
  6. თომას, ჰაგი (March 1971). Cuba; the Pursuit of Freedom. New York: Harper & Row. ISBN 0060142596. 
  7. Thomas, Hugh (1997). The Slave Trade: The Story of the Atlantic Slave Trade, 1440–1870. New York, NY: Simon & Schuster. ISBN 0684835657. 
  8. Remarks of Senator John F. Kennedy at Democratic Dinner, Cincinnati, Ohio. John F. Kennedy Presidential Library & Museum — Jfklibrary.org (1960-10-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-24. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
  9. 9.0 9.1 CIA — The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-10. ციტირების თარიღი: 2011-09-30.
  10. unstats | Millennium Indicators. Mdgs.un.org (2010-06-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-21. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
  11. CIA World Factbook. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-07. ციტირების თარიღი: 2011-09-30.
  12. Alfred Carrada, The Dictionary of the Taino Language (plate 8)
  13. Dictionary — Taino indigenous peoples of the Caribbean Dictionary --. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-30. ციტირების თარიღი: 2011-12-06.
  14. Augusto Mascarenhas Barreto: O Português. Cristóvão Colombo Agente Secreto do Rei Dom João II. Ed. Referendo, Lissabon 1988. English: The Portuguese Columbus: secret agent of King John II, Palgrave Macmillan, ISBN 0-333-56315-8
  15. da Silva, Manuel L. and Silvia Jorge da Silva. (2008). Christopher Columbus was Portuguese, Express Printing, Fall River, MA. 396pp. ISBN 978-1-60702-824-6.
  16. Ramón Dacal Moure, Manuel Rivero de la Calle (1996). Art and archaeology of pre-Columbian Cuba. University of Pittsburgh Press, გვ. 22. ISBN 082293955X. 
  17. Taino Name for the Islands. Indio.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-30. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
  18. 18.0 18.1 Ted Henken (2008). Cuba: a global studies handbook. ABC-CLIO, გვ. 30. ISBN 9781851099849.  (gives the landing date in Cuba as October 27)
  19. Cuba Oficina Del Censo (2009). Cuba: Population, History and Resources 1907. BiblioBazaar, LLC, გვ. 28. ISBN 9781110288182.  (gives the landing date in Cuba as October 28)
  20. These are Julian calendar dates.
  21. Gott, Richard (2004). Cuba: a new history. New Haven, Conn.: Yale University Press, გვ. 13. ISBN 0300104111. 
  22. Andrea, Alfred J. (2005). „Letter by Christopher Columbus concerning recently discovered islands“, The Human Record. Houghton Mifflin Company, გვ. 8. ISBN 0618370404. 
  23. Diamond, Jared M. (1998). Guns, Germs, and Steel: The Fates of Human Societies. New York, NY: W.W. Norton & Co. ISBN 0393038912. 
  24. Byrne, Joseph Patrick (2008). Encyclopedia of Pestilence, Pandemics, and Plagues: A-M. ABC-CLIO, გვ. 413. ISBN 0313341028. ციტირების თარიღი: 2011-12-08. [მკვდარი ბმული]
  25. J. N. Hays (2005). "Epidemics and pandemics: their impacts on human history". p.82. ISBN 1-85109-658-2
  26. Chomsky, Carr და Smorkaloff 2003, p. 115–117
  27. Historia de las Guerras de Liberación de Cuba.
  28. The Little War (La Guerra Chiquita). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-15. ციტირების თარიღი: 2011-12-09.
  29. Rebecca Jarvis Scott (2000). Slave emancipation in Cuba: the transition to free labor, 1860–1899. University of Pittsburgh Pre, გვ. pg=PA3 3. ISBN 9780822957355. 
  30. Chomsky, Aviva; Carr, Barry; Smorkaloff, Pamela María (2003) The Cuba reader: history, culture, politics. Duke University Press, გვ. 37–38. ISBN 9780822331971. 
  31. 31.0 31.1 31.2 31.3 (2002) რედ. Stanley Sandler: Ground warfare: an international encyclopedia. ABC-CLIO, გვ. 549. ISBN 1576073440. ციტირების თარიღი: 2009-09-06. 
  32. 32.0 32.1 David Arias (2005). Spanish-americans: Lives And Faces. Victoria, BC, Canada: Trafford Publishing, გვ. 171. ISBN 141204717X. ციტირების თარიღი: 2009-09-06. 
  33. Robert K. Home (1997). Of Planting and Planning: The Making of British Colonial Cities. Chapman and Hall, გვ. 195. ISBN 0419202307. ციტირების თარიღი: 2009-09-06. 
  34. 34.0 34.1 34.2 Morison, Samuel Loring (2003). The American Battleship. St. Paul, Minn.: MBI Publishing Company, გვ. 18. ISBN 0760309892. ციტირების თარიღი: 2009-09-15. 
  35. Rickover, Hyman George (1994). How the Battleship Maine Was Destroyed. Annapolis, Md.: Naval Institute Press. ISBN 1557507171. 
  36. Potter, Elmer Belmont (1981). Sea Power: a Naval History. Annapolis, Md.: United States Naval Institute, გვ. 176. ISBN 0870216074. ციტირების თარიღი: 2009-09-15. 
  37. Macdonald, William (1908). Documentary Source Book of American History, 1606–1898. New York, NY: Macmillan Co, გვ. 597. ISBN 9781406763454. ციტირების თარიღი: 2009-09-14. 
  38. Treaty of Peace Between the United States and Spain. The Avalon Project. Yale Law School (December 10, 1898).
  39. Diaz-Briquets, Sergio (2006). Corruption in Cuba: Castro and Beyond. Austin: University of Texas Press, გვ. 63. ISBN 0292713215. ციტირების თარიღი: 2009-09-06. 
  40. Thomas, Hugh (March 1971). Cuba: the Pursuit of Freedom. New York: Harper & Row, გვ. 283–287. ISBN 0060142596. 
  41. (1994) რედ. Benjamin Beede: The War of 1898, and U.S. interventions, 1898–1934: an encyclopedia. New York: Garland, გვ. 134. ISBN 0824056248. ციტირების თარიღი: 2009-09-06. 
  42. José Alvarez (2004). „Cuban Agriculture Before 1959: The Social Situation“, Cuba's Agricultural Sector. University Press of Florida. ISBN 0813027543. ციტირების თარიღი: 2008-01-08. 
  43. Paul H. Lewis (2006). Authoritarian Regimes in Latin America. Oxford, UK: Rowman & Littlefield, გვ. 186. ISBN 0742537390. ციტირების თარიღი: 2009-09-14. 
  44. 44.0 44.1 44.2 Smith, Kirby; Llorens, Hugo (6–8 August 1998). „Renaissance and decay: A comparison of socioeconomic indicators in pre-Castro and current-day Cuba“ (PDF). Cuba in Transition. Miami, Florida: Association for the Study of the Cuban Economy, University of Texas at Austin. 8. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2009-07-13. ციტირების თარიღი: 2009-09-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  45. Information about human rights in Cuba español. Comision Interamericana de Derechos Humanos (, 1967April 7). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-14. ციტირების თარიღი: 2006-07-09.
  46. Bureau of Public Affairs (25 March 2010). „Cuba“. United States Department of State. ციტირების თარიღი: 1 April 2011.
  47. 47.0 47.1 Cuba. Human Rights Watch (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-24. ციტირების თარიღი: 2011-12-20.
  48. CPJ's 2008 prison census: Online and in jail. Committee to Protect Journalists.
  49. ჰუმან რაითს ვოჩი (2008). World Report 2008: Events of 2007. Seven Stories Press, გვ. 207. ISBN 9781583227749. 
  50. 50.0 50.1 50.2 Internet in Cuba. Reporters Without Borders.
  51. Going online in Cuba: Internet under surveillance. Reporters Without Borders (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-03. ციტირების თარიღი: 2011-12-20.
  52. Cuba's repressive machinery: Summary and recommendations. Human Rights Watch (1999).
  53. The power of community
  54. The official site of the documentum film called The power of community. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-10. ციტირების თარიღი: 2011-12-21.
  55. Rank Order Exports. The World Factbook. CIA (, 2006June 29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-27. ციტირების თარიღი: 2006-07-09.
  56. 56.0 56.1 Cuba. The World Factbook. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-10. ციტირების თარიღი: 2009-04-06.
  57. Calzon, Frank. (13 March 2005) Cuba makes poor trade partner for Louisiana. Center for a Free Cuba. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-13. ციტირების თარიღი: 2009-09-07.
  58. Rank Order — GDP (purchasing power parity). CIA Fact Book. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 2006-07-09.
  59. Ivette E. Torres. (1997)The Mineral Industry of Cuba. U.S. Geological Survey. ციტირების თარიღი: 2009-09-06.
  60. Wayne S. Smith (1 November 2006). „After 46 years of failure, we must change course on Cuba“. London: Guardian News and Media. ციტირების თარიღი: 2009-09-06.
  61. 61.0 61.1 Census of population and homes Spanish. Government of Cuba (16 September 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-14. ციტირების თარიღი: 2009-09-07.
  62. Cuba 1953 UN Statistics; Ethnic composition. Page: 260. May take time to load page (PDF). ციტირების თარიღი: 2010-11-07.
  63. Pedraza, Silvia (2007). Political disaffection in Cuba's revolution and exodus. New York, NY: Cambridge University Press, გვ. 156. ISBN 9780521867870. ციტირების თარიღი: 2009-09-14. 
  64. La inmigración entre 1902 y 1920. Tau.ac.il. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
  65. DePalma, Anthony. (, 1998July 5) Cuban Site Casts Light on an Extinct People. New York Times. ციტირების თარიღი: 2006-07-09.
  66. George Brandon (1997-03-01). Santeria from Africa to the New World. Indiana University Press, გვ. 56. ISBN 9780253211149. 
  67. „Cuban Creole choir brings solace to Haiti's children“. BBC News. ციტირების თარიღი: 10 March 2010.
  68. Languages of Cuba. ციტირების თარიღი: 31 October 2010.
  69. 69.0 69.1 The Cuban Education System: Lessons and Dilemmas. Human Development Network Education. World Bank (PDF). ციტირების თარიღი: 2010-11-07.
  70. Students graduate from Cuban school — Americas — MSNBC.com. MSNBC (2007-07-25). ციტირების თარიღი: 2010-11-07.
  71. „Cuba-trained US doctors graduate“. BBC News. 25 July 2007. ციტირების თარიღი: 2009-09-07.
  72. Whiteford, Linda M. (2008). Primary Health Care in Cuba: The Other Revolution. Rowman & Littlefield, გვ. 2. ISBN 0742559947. ციტირების თარიღი: 2009-09-14. 
  73. Cuba: A Different America, By Wilber A. Chaffee, Gary Prevost, Rowland and Littlefield, 1992, p. 106
  74. Lundy, Karen Saucier. Community Health Nursing: Caring for the Public's Health. Jones and Bartlett: 2005, p. 377.
  75. World population Prospects: The 2006 Revision: Highlights, United Nations.
  76. One Caribbean - 2004 Cuban tourism statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-08. ციტირების თარიღი: 2012-01-17.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კუბა&oldid=4685599“-დან