ჰაიტი
ჰაიტის რესპუბლიკა (კრეოლ. Repiblik d Ayiti) — კუნძულ ჰაიტის (ასევე ისპანიოლა) დასავლეთ მესამედზე მდებარე ქვეყანაა, რომელსაც ასევე რამდენიმე მცირე კუნძული აქვს — ლა გონავი, ლა ტორტიუ, ლე კაიემიტი და ილ-ა-ვაში კარიბის ზღვაში, კუბის აღმოსავლეთით; კუნძულს ჰაიტი დომინიკელთა რესპუბლიკასთან იყოფს. ქვეყნის საერთო ფართობია 27 750 კვ. კმ. დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი მდებარეობს მთავარ კუნძულზე გონავის ყურის სამხრეთ აღმოსავლეთით.
ჰაიტის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: „ლა დესალინიენ“ |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | პორტ-ო-პრენსი 18°32′ ჩ. გ. 72°20′ დ. გ. / 18.533° ჩ. გ. 72.333° დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ჰაიტიური კრეოლი, ფრანგული | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტის მ/შ | არიელ ანრი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 27,750 კმ2 (143-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.7 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2018 შეფასებით | 11,439,646 (85-ე) | ||||
- | 2007 აღწერა | 8 706 497 | ||||
- | სიმჭიდროვე | 382 ად კაცი/კმ2 (32-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2021 შეფასებით | |||||
- | სულ | $34.189 მილიარდი[2] (144) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2,962 (174) | ||||
აგი (2019) | 0.510 (დაბალი) (170-ე) | |||||
ვალუტა | გურდი (HTG ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-05:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC-04:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | HTI | |||||
Internet TLD | .ht | |||||
სატელეფონო კოდი | 509 |
ყოფილი საფრანგეთის კოლონია, ჰაიტი პირველი შავკანიანთა რესპუბლიკა იყო და ერთადერთი ერი, რომელიც მონათა წარმატებული ამბოხის შედეგად ჩამოყალიბდა. 1804 წლის 1 იანვარს დამოუკიდებლობის გამოცხადებით ჰაიტი მეორე არამშობლიური ქვეყანა გახდა ამერიკის კონტინენტებზე, აშშ-ის შემდეგ. ამჟამად, მიუხედავად არსებობის ხანგრძლივობისა, ის დასავლეთ ნახევასფეროში უღარიბესი ქვეყანაა.
ქვეყანამ ბოლო დროს მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა 2004 წლის 29 თებერვალს ამბოხის შემდეგ, რომლის დროსაც გადააყენეს პრეზიდენტი ჟან-ბერტრან არისტიდი. არისტიდი 2000 წელს ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტად, თუმცა მრავალმა ოპოზიციურმა პარტიამ მას ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო არჩევნებში ხმების დათვლის პროცედურული დარღვევების გამო. 2006 წლის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რენე პრევალმა.
ისტორია
რედაქტირებაესპანეთის მმართველობის ქვეშ
რედაქტირებაკუნძული, რომლის დასავლეთ მესამედი ამჟამად ჰაიტის უჭირავს თავდაპირველად დასახლებული იყოს ტაინოსა და არავაკის ტომის ინდიელებით. 1492 წლის 5 დეკემბერს ხომალდი "სანტა მარია", რომელსაც ქრისტეფორე კოლუმბი მართავდა, მიადგა ამჟამინდელ მოლ სენ-ნიკოლას (ჰაიტი) და კუნძული ესპანეთის საკუთრებად გამოაცხადა.
მონობამ და მძიმე მოპყრობამ ადგილობრივი მოსახლეობის მვკეთრი შემცირება გამოიწვია მომდევნო მეოთხედ საუკუნეში. მათ მაგივრად ესპანელებმა აფრიკელი ტყვეების იმპორტირება დაწყეს კუნძულზე ოქროს საძიებლად. 1520-იანი წლებიდან ესპანელებს ამ კუნძულზე გული აუცრუვდათ, ვინაიდან მექსიკაში და სამხრეთი ამერიკაში გაცილებით დიდი ოქროსა და ვერცხლის მარაგი აღმოაჩინეს.
მეკობრეების თავდასმების გამო ესპანეთის მეფემ 1606 წელს ყველა კოლონისტს ჰაიტიზე დედაქალაქ სანტო-დომინგოში გადასვლა უბრძანა. თუმცა ამას შედეგად ბრიტანელი, ჰოლანდიელი და ფრანგი მეკობრეების ბაზების შექმნა მოყჰვა კუნძულის მიტოვებულ ჩრდილო და დასავლეთ სანაპიროებზე. კუნძულზე პირველი ფრანგული დასახლება 1625 წელს გაჩნდა და 1664 წელს ფრანგებმა ფორმალურად კუნძულის დასავლეთ ნაწილზე კონტროლი განაცხადეს. 1697 წლის რისუიკის შეთანხმებით ესპანეთმა ჰაიტის დასავლეთ მესამედი საფრანგეთს დაუთმო. ფრანგებმა ახალ კოლონიას სენ-დომინგი დაარქვეს.
ამ პერიოდიდან კუნძულის ესპანური მხარე დაკნინებას იწყებს, მაშინ როდესაც ფრანგული ნაწილი აყვავდა და დასავლეთ ნახევარსფეროში უმდიდრესი კოლონია გახდა დიდი რაოდენობით შაქრისა და ყავის რეწვის შედეგად. ფრანგული კოლონიური საზოგადოება შედგებოდა მოსახლეობის სამი ჯგუფისგან: ევროპელები (დაას. 32 000 1790 წელს), რომელთაც პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლი ეჭირათ; ე. წ. ჟან-დე-კულერ — 28 000-მდე თავისუფალი ფერადკანიანი (ნახევრად მულატი), რომელთაც მეორე კლასის სტატუსი ეჭირათ; და მონები, დაახ. 500.000.[3] (ფრანგული საზოგადოების გარეთ ცხოვრობდნენ მარუნები, გაქცეული ყოფილი მონები, რომელთაც საკუთარი დასახლებები ჰქონდათ შექმნილი მაღალმთიან რაიონებში). მონათა უმრავლესობა აფრიკაში დაბადებული იყო, ვინაიდან მკაცრი მოქცევა მათ ბუნებრივად გამრავლებას დაბრკოლებას უქმნიდა.[4] ამრიგად აფრიკულ კულტურას ძლიერი გავლენა ჰქონდა მონებს შორის საფრანგეთის მმართველობის დასრულებამდე.
1804: დამოუკიდებლობა
რედაქტირებასაფრანგეთის რევოლუციით წაქეზებულმა ფერადკანიანებმა კოლონიური მთავრობისგან გაფართოებული უფლებების მოთხოვნით 1790 წლის ოქტომბერში შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფით ამბოხი მოაწყვეს. 1791 წლის 15 მაისს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ყველა შავკანიანსა და მულატს რომელიც თავისუფალი დაიბადა პოლიტიკური უფლებები მიანიჭა, თუმცა სტატუს ქვო მონობის შესახებ არ შეუცვლია. 1791 წელის 22 აგვისტოს მონები კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში (ამჟამინდელი კაპ-ჰაისიენი) საკუთარ მეპატრონეებს აუჯანყდნენ. რევოლუციას თითქმის მყისიერად იტაცებს კოლონიის დანარჩენი ნაწილიც. აჯანყებულებს სათავეში უდგება ტუსან ლ’უვერტიური, რომელიც ალიანსს ქმნის ფერადკანიანებთან და მარუნებთან. მისმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა საფრანგეთის კოლონიური არმია დაამარცხა. თუმცა ეს უკანასკნელი 1794 წელს საფრანგეთის რევოლუციური მთავრობის მიერ მონობის გაუქმების შემდეგ მათ მხარეზე გადავიდა. გაერთიანებული ძალებით ტუსანის მეთაურობით სენ-დომინგეს არმიამ შემოჭრილი ესპანეთისა და ბრიტანეთის ჯარები დაამარცხა. ეს კოოპერაცია 1802 წელს დაიშალა, თუმცა დროებით, ვინაიდან ნაპოლეონის მიერ კოლონიის დასაშოშმინებლად გამოგზავნილი ახალი ძალები კუნძულის მოსახლეობის მიერ ხელახალი მონობის დამყარების მცდელობად მოიაზრებოდა, რამაც მათი ხელახალი გაერთიანება გამოიწვია. ნაპოლეონის ძალები თავდაპირველად წარმატებული აღმოჩნდა და ტუსანი იძულებული გახდა დაზავებაზე დათანხმებოდა. ფრანგებმა პირობა დაარღვიეს და ტუსანი შეიპყრეს, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთში ციხეში გარდაიცვალა. პირობის დარღვევამ ჟან-ჟაკ დესალინისა და ანრი კრისტოფის მეთაურობით ცალკეული ჯგუფების გაერთიანება და აჟანყების განახლება გამოიწვია. ნაპოლეონის ძალებს ამავე დროს ყვითელი ცხელების ეპიდემიაც მოედო, რომელიც იმ პერიოდში კუნძულზე მძვინვარებდა.
დესალინის არმიამ საფრანგეთის ძალები საბოლოოდ ვერტიერის ბრძოლაში დაამარცხა 1803 წლის 18 ნოემბერს. 1804 წლის 1 იანვარს ერმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რითაც თავი დაიმკვიდრა, როგორც მეორე დამოუკიდებელმა ქვეყანამ ახალ მსოფლიოში, რომლის პირველი მეთაური დესალინი გახდა.[5] სახელი ჰაიტი შეირჩა კუნძულის ძველი არავაკული სახელის — აიტი — ნიშნად.
ახალი რესპუბლიკა მაქსიმალურად მხარს უჭერდა აბოლიციონიზმს. ჰაიტიმ თავშესაფარი მისცა სიმონ ბოლივარს და ხელს უწყობდა მის რევოლუციურ მოქმედებას, ლათინური ამერიკის მონათა განთავისუფლების პირობით. მეზობელ ქვეყნებში ჰაიტის რევოლუცია კარიბებსა და აშშ-ში მონათა აჯანყებების სულისჩამდგმელად ითვლებოდა. შედეგად მონათმპყრობელმა ქვეყნებმა ახალ ერს ე. წ. cordon sanitaire (ფრანგ. სრული ბლოკადა) მოუწყვეს. ბლოკადა ფაქტობრივად ტოტალური აღმოჩნდა. ვატიკანმაც კი საკუთარი მღვდლები ქვეყნიდან გაიძახა და ისინი 1860 წლამდე არ დაუბრუნებია. საფრანგეთმა ქვეყნის დამოუკიდებლობა არ ცნო, სანამ ჰაიტის მთავრობა მას 150 მილიონ ფრანკ გადაუხდიდა ფრანგი პლანტატორებისთვის 1833 წელს რევოლუციის პერიოდში დანაკარგების საზღაურად. შედეგად ქვეყანა ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა.
1806 წელს დესალინი პოლიტიკურ ოპონენტთა შორის უთანხმოების მსხვერპლი გახდა. ქვეყანა ორად გაიყო, სამხრეთის რესუბლიკას მართავდა შავკანიანი ალექსანდრე პეტიონი, ჩრდილოეთში კი სამეფო ჩამოყალიბდა ანრი კრისტოფის მეთაურობით. კრისტოფმა თავისთვის რვა სასახლე აიგო, მათ შორის "სან-სუსი" დედაქალქში და მასიური ციტადელი "ლაფერიე" — უდიდესი ციხესიმაგრე დასავლეთ ნახევარსფეროში.
1820 წლის აგვისტოს კრისტოფი გულის შეტევით პარალიზებული გახდა. მისი დაუძლურების შეტყობით წაქეზებულმა სამხრეთელებმა შეთქმულებისთვის მზადება დაიწყეს. 1820 წლის 2 ოქტომბერს სენ-მარკის სამხედრო გარნიზონში წამოწყებული უთანხმოება აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყებას თან დაერთო კრისტოფის საკუთარ გენერალთა შორის მოწყობილი კონსპირაციაც. შეთქმულება კრისტოფის თვითმკვლელობით დასრულდა.[6]
კრისტოფის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა ჰაიტის რესპუბლიკად გაერთიანდა ჟან-პიერ ბოიეს, პეტიონის მემკვიდრის, მეთაურობით. ბოიე ესპანურ კოლონია სანტო-დომინგოში შეიჭრა და კუნძული ისპანიოლა ჰაიტის მმართველობის ქვეშ გააერთიანა. გაერთიანება 1844 წელს დომინიკელთა მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა.
1915-1934: აშშ-ის ოკუპაციის ქვეშ
რედაქტირება1915 წლის 28 ივლისიდან 1934 წლის შუა აგვისტომდე ჰაიტი აშშ-ის საზღვაო ძალების ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, რის შედეგადაც ის აშშ-ის დე-ფაქტო კოლონია გახდა. აშშ-ის სამხედრო მმართველობის მიერ ინფრასტრუქტურისა და განათლების სისტემის განვითარების მცდელობამ ეფექტური შედეგი ვერ გამოიღო, ვინაიდან გათვალისწინებული არ იქნა ადგილობრივი სპეციფიკა, კულტურა და ტრადიციები და ადგილობრივი ხალხი ოკუპანტების ამგვარ მცდელობას დიდი წინააღმდეგობებით ხვდებოდა.[7]
დიუვალიეს აღმასვლა
რედაქტირებაგანათლებით ექიმს და შავკანიან ფრანსუა დიუვალიეს მრავალი მცდელობის მიუხედავად საშუალება არ მიეცა საკუთარი სამედიცინო პრაქტიკა ეწარმოებინა ჰაიტის რასისტულ გარემოში. ქვეყანაში მწვავე სიღარიბის გამო სწრაფად გავრცელებად ტუბერკულოზთან საბრძოლველად ჩამოყალიბებულ ამერიკულ სამედიცინო პროექტში სამსახურის დაწყების შემდეგ, დიუვალიეს საშუალება მიეცა ქვეყნის პერიფერიებში ემოგზაურა, სადაც ის უკიდურესი სიღარიბისა და მწვავე სამედიცინო პრობლემების მოწმე ხდება. ქვეყნის სავალალო მდგომარეობა მასში პოლიტიკისადმი ინტერესს აღვივებს და მიუხედავად იმისა, რომ ჰაიტის მთავრობა ძირითადად მულატების ხელში იყო, დიუვალიე ახერხებს მოსახლეობის ნდობის მოპოვებას. პროფკავშირების გავლენიან ლიდერ დანიელ ფინიოლთან გაერთიანებული ძალებით ისინი პოპულარულ მუშათა და გლეხთა მოძრაობის პარტიას (Mouvement Ouvriers Paysans) ქმნიან. პარტიამ დროთა განმავლობაში მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით პარტია ორად გაიყო, ვინაიდან ორივე ლიდერს სურდა საკუთარი კანდიდატურის პრეზიდენტის პოსტზე წამოყენება. 1957 წელს ფინიოლი ჰაიტის პრეზიდენტი ხდება. თუმცა ამ პოსტზე ის მხოლოდ 18 დღეს სძლებს, ვინაიდან დიუვალიე ახერხებს მხარდამჭერთა მეშვეობით მის გადაგდებას, აძლევს რა დასაბამს მმართველობის 29-წლიან დინასტიას.
1957-1986: დიუვალიეთა კლანი
რედაქტირებაფრანსუა დიუვალიე, ცნობილი აგრეთვე როგორც “პაპა დოკი” 1957 წელს პრეზიდენტი, ხოლო 1964 წელს კი დიქტატორი ხდება. მისი მმართველობის საყოველთაოდ ცნობილი ატრიბუტი შავსათვალიან მოხალისეთა არმია, ტონტონ მაკუტი, იყო. ამ პერიოდის ყველაზე ფართომასშტაბიანი წამოწყება თავისუფალი პორტის მშენებლობა გახდა. 1967 წელს ტეხასელი მაგნატის დონ პიერსონის მიერ ჩამოყალიბებული კონსორციუმი ჰაიტის მთავრობას სთავაზობს თავისუფალი პორტის მშენებლობა ტორტუგას კუნძულზე. 1971 წელს ფრანსუა დიუვალიე ჰაიტის მთავრობის სახელით ხელს აწერს 99-წლიან კონტრაქტს და ინფრასტრუქტურისა და ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაც დაიწყო, თუმცა ორი მნიშვნელოვანი მოვლენის გამო ეს პროექტი მთლიანად ჩაშლილ იქნა.
1971 წელს ფრანსუა დიუვალიე უეცრად გარდაიცვალა და მისი ადგილი მისმა ვაჟმა, ჟან-კლოდ დიუვალიემ (“ბეიბი დოკი”) დაიკავა 19 წლის ასაკში. ბეიბი დოკის მრჩევლებმა ჩათვალეს, რომ ქვეყანას სჭირდებოდა ახალი იმიჯი ეკონომიკური მხარდაჭერის, ტურიზმისა და ინვესტიციების მოსაზიდად. 1974 წელს გახმაურდა ცნობა თავისუფალი პორტის პროექტის მშენებლობის განსაახლებლად მრავალმილიონიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ მექსიკის ყურის ნავთობის კომპანიასთან, რომელსაც კუნძულზე ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც უნდა დაებანდებინა ფული. ამ ამბავმა ბეიბი დოკს უბიძგა პოტენციურად მომგებიანი წამოწყების საკუთარ ხელში ჩაგდებისკენ. მიიჩნევენ, რომ ეს ჩანაფიქრი უფრო მისი მრჩეველების — დედის, სიმონ ოვიდ დიუვალიეს, თავდაცვის მინისტრის კლოდ რეიმონის, და მისი ძმის, საგარეოს საქმეთა მინისტრის ადრიან რეიმონის — იდეა იყო. მათ მცდელობას შედეგად პროექტის სრული ჩავარდმა მოჰყვა.
ბეიბი დოკის მმართველობის პერიოდში პრესის ცენზურა ოდნავ შერბილდა და ზოგიერთი პოლიტ-პატიმარი განთავისუფლდა, რასაც საზოგადოებრივ ინსტიტუტთა ოდნავ შესამჩნევი დემოკრატიზაცია მოჰყვა, თუმცა, ფაქტობრივად, პაპა დოკის დროინდელ პოლიტიკასთან შედარებით მკვეთრი ცვლილებები არ განხორციელებულა. პოლიტიკური ოპოზიცია კვლავ მკაცრად იკრძალებოდა და ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და მოსამართლე პრეზიდენტის მიერ ინიშნებოდა. ქვეყანა განაგრძობდა ნახევრად იზოლირებულ პოლიტიკას საგარეო ურთიერთობებში, თუმცა აქტიურად იღებდა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებებს. 1980 წელს დიუვალიე ცოლად ირთავს ადრე ნაქორწინებ მიშელ ბენეტს, რომელმაც მოგვიანებით მტკიცე ხასიათის დედამისი შეცვალა ჰაიტის პოლიტიკაში. მზარდი სოციალური უკმაყოფილებისა და არეულობების გამო 1986 წელს დიუვალიეს მეუღლესთან ერთად ქვეყნიდან გაქცევა მოუხდა, დატოვა რა ის უკიდურეს გაჭირვებასა და საერთაშორისო ეკონომიკურ იზოლაციაში. სამხრეთ საფრანგეთში გაქცევის შემდეგ დიუვალიე ექვს-წევრიანმა საბჭომ შეცვალა. თავად დიუვალიე რამდენიმე წელი კანში ფუფუნებით ცხოვრობდა, სანამ ცოლმა არ მიატოვა, შვილებითა და მთელ მის ფულად სახსრებთან ერთად. ამჟამად ის შედარებით ხელმოკლედ პარიზში ცხოვრობს.
1986: დიუვალიეს რეჟიმის შემდეგ
რედაქტირებადიუვალიეს გაქცევის შემდეგ აშშ კუნძულზე სამხედრო რეჟიმს ამყარებს “მთავრობის ნაციონალური საბჭოს” სახით, გენერალი ჰენრი ნამფის მეთაურობით. საბჭოს დანიშნულება ორ წელიწადში ახალი კონსტიტუციის პროექტის შემუშავება და დემოკრატიული არჩევების მომზადება იყო, თუმცა რეჟიმი ფუნქიონირებას 1990 წლამდე განაგრძობს, არჩევნებში პრეზიდენტად ჟან-ბერტრან არისტიდის გამარჯვებამდე. ამ უკანასკნელის მოსტზე მოსვლის შემდეგ მალევე ძალაუფლება სამხედრო ხუნტამ დაიჭირა, თუმცა აშშ-ის ჩარებით ის ახერხებს ოფისში დაბრუნებას 1994 წელს გაეროს მანდატის ქვეშ. ის ქვეყანას ხუთი წლის განმავლობაში მართავდა, რის შემდეგ უზრუნველჰყო მისი პრემიერ-მინისტრის, რენე პრევალის არჩევა.
1970-იანი წლების ბოლოს, ჟან-კლოდ დიუვალიეს წინააღმდეგ მზარდი უკმაყოფილების პერიოდში, არისტიდი ხშირად გამოდიოდა პოლიტიკური ცვლილებების მომხრედ, თუმცა დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა კათოლიკური ეკლესიის მამამთავართა მხრიდან. 1986 წელს, როდესაც დიუვალიეს ძალაუფლება წაერთვა, არისტიდზე მკვლელობის (პირველი მრავალთაგან) მცდელობა განხორციელდა, თუმცა უშედეგოდ. 1990 წელს, როდესაც სკანდალურად ცნობილმა დიუვალიერისტმა კანდიდატმა თავი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, პროგრესულ-ცენტრისტულმა ძალებმა წააქეზეს არისტიდი თავადაც წამოეყენებინა თავი. 67 % ამომრჩეველთა ხმებით 1990 წლის 16 დეკემბერს ის გახდა ჰაიტის პირველი თავისუფლად არჩეული პრეზიდენტი. არისტიდის კამპანიის დევიზი “ლავალას” (კრეოლურად — წყალდიდობა) გახდა იმ პარტიათა კოალიციის სახელწოდება, რომლებიც ჰაიტის ღატაკი მოსახლეობისთვის იმედის სიმბოლოს წარმოადგენდა. მისი პრეზიდენტობის პირველი შვიდი თვის განმავლობაში 1991 წელს არისტიდი გამოდის მინიმალური ხელფასის გაზრდის პროგრამით, მან აგრეთვე წამოიწყო წერა-კითხვის გავრცელების კამპანია, გააუქმა სასოფლო უბნების უფროსთა რეპრესიული სისტემა, რის შედეგადაც მკვეთრად გაუმჯობესდა ადამიანთა უფლებების მდგომარეობა.[8]
1991 წლის 30 სექტემბერს ჰაიტის ელიტის დაფინანსებით განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, რეფორმები გაუქმდა. გადატრიალების ლიდერები — გენერალი რაულ სედრასი, პოლკოვნიკი მიშელ ფრანსუა და გენერალი ფილიპ ბიამბი — აშშ-ის არმიის ფორტ-ბენინგის, ჯორჯია, ამერიკის სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ. სამი წლის იძულებითი ემიგრაციის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო შეჭრამ ჰაიტიზე საშუალება მისცა არისტიდს პრეზიდენტის პოსტი დაებრუნებინა 1994 წლის 15 ოქტომბერს. მემკვიდრეობად მას ხვდება განადგურებული ეკონომიკა და თითქმის არარსებული ინფრასტრუქტურა. კონსტიტუციურად ხელმეორედ არჩევნებში მონაწილეობის უფლების არქონის გამო 1996 წელს ის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს. ძველი ლავალასის კოალიცია ამ დროისთვის უკვე დაშლილი იყო და მან 1996 წლის ნოემბერში ახალი პოლიტიკური პარტია "ფანმი ლავალას" (ლავალასის ოჯახი) დააარსა.
არისტიდი პრეზიდენტის პოსტზე 2001 წელს ბრუნდება არჩევნების შემდეგ, რომელსაც მრავალმა მისმა ოპონენტმა ბოიკოტი გამოუცხადა. ბოიკოტის მიზეზი მისი მოწინააღმდეგეების მტკიცებით ფანმი ლავალასის მიერ ხმათა არასწორი დათვლა იყო წინამორბედ სენატორულ არჩევნებში. არისტიდი ამ ბრალდებებს უარყობდა და მოწინაარმდეგეებს აშშ-ის დახმარებით მისი მთავრობის გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებდა. მიუხედავად ამისა, მისი მოწინააღმდეგეები აქტიურად მოითხოვდნენ არისტიდის ვადამდელ გადადგომას.
2004 წლის თებერვალში არისტიდის მთავრობა შეიარაღებულმა აჯანყებულებმა გადააყენეს. არისტიდსა და მის მთავრობას ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. ქვეყანაში მზარდი არეულობის ჩასახშობად აშშ-ს მთავრობამ პორტ-ო-პრინსში საზღვაო ძალები გააგზავნა. არისტიდის გაქცევის შემდეგ მთავრობას დროებით უზენაესი სასამართლოს მთავარი პროკურორი ბონიფაცი ალექსანდრე უძღვება უხუცესთა საბჭოს არჩევით, რომელსაც ზურგს აშშ-ს, კანადისა და საფრანგეთის მთავრობები უმაგრებდნენ.
2006 წლის თებერვალში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რენე პრევალმა.
ჰაიტის ფულის ერთეულია გურდე.
პოლიტიკა
რედაქტირებაპოლიტიკურად ჰაიტი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა მრავალპარტიული სისტემით; პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურია, პრემიერ-მინისტრი კი მთავრობის მეთაური. აღმასრულებელ უფლებამოსილებას მთავრობა ატარებს. საკანონმდებლო უფლებამოსილება ენიჭება მთავრობასა და ჰაიტის ეროვნული ასამბლეის ორ პალატას.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციულად ჰაიტი 10 დეპარტამენტად იყოფა: არტიბონიტი, ცენტრი, გრანდ'ანსი, ნიპსი, ნორდი, ნორდ-ესტი, ნორდ-უესტი, უესტი, სუდი, სუდ-ესტი.
გეოგრაფია
რედაქტირებაჰაიტის გეოგრაფია ძირითადად მთაგორიანია, ვიწრო სანაპირო დაბლობებითა და მდინარეების ხეობებით. აღმოსავლეთი და ცენტრალური ნაწილები ვრცელ ამაღლებულ პლატოზეა. ქვეყნის უმაღლესი წერტილია შენ-დე-ლა-სელი (2680 მ). 360 კმ საზღვარი ჰყოფს დომინიკელთა რესპუბიკისგან.
1925 წლისთვის ჰაიტი მწვანეში ჩაფლული ტროპიკული სამოთხე იყო, რომლის ზედაპირის 60 % ბუნებრივი ტყის მასივით იყო დაფარული. მას შემდეგ მოსახლეობამ ტყის მხოლოდ 2 % დატოვა გაუჩეხავი, რამაც თავის მხრივ ნაყოფიერი მიწების გამოფიტვა და გაუდაბნოება გამოიწვია. მთიან რაიონებში მიწის ეროზია მკვეთრად თვალშისამჩნევია. კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოსურათებზე ნათლად ჩანს ჰაიტისა და მის მეზობელ დომინიკის რესპუბლიკის ტერიტორიებზე ტყის საფარის მკვეთრი განსხვავება. პრობლემას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ ქვეყნის ძირითადი ენერგომატარებელი ხის ნახშირია. ტყის ხელახალი განაშენიანების მცდელობები დღემდე უშედეგოდ სრულდება.
ტყის საფარის განადგურებამ მიწის ეროზიის გარდა პერიოდული წყალდიდობების მოვარდნაც გამოიწვია. 2004 წლის 17 სექტემბერს მოვარდნილ ტროპიკულ შტორმ ჟანს ჰაიტის მთელი ჩრდილოეთ სანაპიროს დატბორვა და მასიური დამეწყვრა მოჰყვა, განსაკუთრებით ქალაქ გონაივში. შედეგად 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ეკონომიკა
რედაქტირებაჰაიტი ამჟამად ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა დასავლეთ ნახევარსფეროში და ერთ-ერთი უღარიბესი მსოფლიოში. ამ სტატუსს ის 1980-იანი წლებიდან იმსახურებს. გაეროს ჰუმანური განვითარების ინდექსით იგი 153-ეა 177 ქვეყანაში. მოსახლეობის 80 % უკიდურესად გაჭირვებულია, რითაც რანგით მსოფლიოში მეორეა. ჰაიტიელების 70 % სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული, რაც ძირითადად მცირე მასშტაბის საოჯახო მეწარმეობით შემოიფარგლება. გასული ათწლეული განმავლობაში ქვეყანაში დასაქმების დონე თითქმის არ შეცვლილა, თუმცა პარალელურად არაფორმალური ეკონომიკა იზრდებოდა.
არისტიდის მეორე ადმინისტრაციის პერიოდში საერთაშორისო სპონსორებთან შეთანხმების მიუღწევლობის გამო ქვეყნის ბიუჯეტი თითქმის არარსებულზე დავიდა და განვითარების დახმარების პროგრამებიც არ განხორციელებულა. ამ გეოპოლიტიკურ წინააღმდეგობებთან ერთად ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარებას ასევე ხელს უშლიდა მასიური ძალადობის ეპიზოდები, რომლებიც პერიოდულად მთელ ქვეყანას ედება.
შედეგად, ქვეყანას ქრონიკული სავაჭრო დეფიციტი და პერიოდული მაღალი ინფლაცია მოსდევს ბოლო 20 წლის განმავლობაში. საერთაშორისოს ორგანიზაციათა ანგარიშით ჰაიტის საგარეო რეზერვების შემოსავლების უდიდესი ნაწილი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უცხოეთში მცხოვრები ჰაიტიელების სათვისტომოდან გადმორიცხვებსა და შემოსულ სატელეფონო ზარებზე საშემოსავლო გადასახადზე მოდის.
დემოგრაფია
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საშუალო სიმჭიდროვე 293 ადამიანია კმ²-ზე, მისი მოსახლეობა ძირითადად კონცენტრირებულია ქალაქურ დასახლებებში, ზღვისპირა დაბლობებსა და ხეობებში. ჰაიტიელების დაახ. 90 % აფრიკული წარმოშობისაა. დანარჩენი მოსახლეობა ძირითადად მულატები, მესტისები ან შერეული თეთრკანიან-აფრიკული და ამერინდიელ-აფრიკული ჩამომავლობისაა. მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ასევე ევროპელები და ტაინოს ჩამომავლობის ინდიელები. ზოგიერთი ჰაიტიელი დომინიკური წარმოშობისაა. ჰაიტის ოფიციალური ენებია ფრანგული და ჰაიტიური კრეოლი, თუმცა საზღვართან მოსახლეობა ესპანურადაც საუბრობს დომინიკელთა რესპუბლიკასთან სიახლოვის გამო, რაც საკმაოდ სწრაფად ვრცელდება დასავლეთშიც კუბასთან სავაჭრო ურთიერთობის ზრდასთან ერთად.
კულტურა
რედაქტირებაჰაიტიელთა უმრავლესობა კრეოლ აისიენზე (ჰაიტიური კრეოლი) საუბრობს, რაც ქვეყნის ოფიციალური ენაა ფრანგულთან ერთად. ჰაიტიური კრეოლი წარმოადგენს ფრანგულის, ესპანურის და ასევე ზოგიერთი აფრიკული და ტაინოს დიალექტების ნაზავს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ინგლისურად და ესპანურადაც საუბრობს.
რელიგია
რედაქტირებარომაული კათოლიციზმი სახელმწიფო რელიგიაა, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა მისდევს. ჰაიტიელების დაახ. 20 % პროტესტანტია. წამყვანი ეკლესიებია Assemblées de Dieu, Convention Baptiste d'Haïti, Seventh-day Adventists, Church of God, Church of the Nazarene, Église Episcopale d'Haïti და Mission Evangelique Baptiste du Sud-Haïti.
ჰაიტიელების უმრავლესობა კათოლიციზმთან ერთად ასევე მისდევს ვუდუს. მიუხედავად იმისა, რომ ვუდუ (ვუდონი) აფრიკული წარმოშობისაა, მრავალი ჰაიტიური ტრადიცია და არტისტული სტილი კათოლიციზმისა და ვუდონის უნიკალური კომბინაციაა.
მუსიკა
რედაქტირებაჰაიტის მუსიკა ადვილად გამორჩევადია სხვა სტილებისგან. ის შეიცავს კომპასა და კადანსს. ჰაიტიელებმა ასევე შემოიტანეს ზუკი მცირე ანტილებიდან და მერენგე დომინიკელთა რესპუბლიკიდან. ზოგიერთი პოპულარული ჰაიტიელი მუსიკოსი, როგორიცააა ტ-ვაისი და კარიმი ხშირად გამოდიან კონცერტებით აშშ-სა და კვებეკში. სუიტ მიკი (ტკბილი მიკი) კომპას მუსიკის უდიდეს ლეგენდად ითვლება. ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული და კარგად ცნობილი ჰაიტიელი მუსიკოსია ვაიკლეფ ჟანი — პირველი ჰაიტიელი რომელმაც საერთაშორისო კომერციულ წარმატებას მიაღწია.
მუსიკალური მიმდინარეობა მიზიკ-რასინი (კრეოლ. Mizik rasin — ფესვების მუსიკა) ჩაისახა ჰაიტიზე 1987 წელს, როდესაც ადგილობრივმა მუსიკოსებმა ტრადიციული ვუდუს ცერემონიებისა და ფოლკლორული მუსიკის ელემენტების შერწყმა დაიწყეს როკ-ენდ-როლთან. ამ თანამედროვე მუსიკის ფესვები ღრმად არის გამჯდარი ვუდუს ტრადიციებში და მას ადგილობრივად ხშირად უბრალოდ რასინს (ფესვები) უწოდებენ.
კულინარია
რედაქტირებაჰაიტის სამზარეულო ძირითადად ფრანგულ კულინარიას ეფუძნება ადგილობრივი გავლენით. ამასთან ჰაიტის სამზარეულო, თუმცა საკმაოდ უნიკალურია, მრავალმხრივ ემსგავსება დანარჩენ ლათინურ ამერიკისას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 592-593.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Konstitisyon Repiblik d Ayiti
- ↑ Haiti. International Monetary Fund (April 2021). ციტირების თარიღი: 19 July 2021.
- ↑ (ინგლ.) Slavery and the Haitian Revolution Chapter 8 Page 2 დაარქივებული 2006-12-07 საიტზე Wayback Machine.
- ↑ (ინგლ.) Slavery in the Colonial Era დაარქივებული 2006-06-17 საიტზე Wayback Machine.
- ↑ (ინგლ.) Chapter 6 - Haiti: Historical Setting
- ↑ (ინგლ.) Christophe's Kingdom and Pétion's Republic
- ↑ (ინგლ.) The U.S. occupation 1915-1934
- ↑ (ინგლ.) Crisis in Haiti BBC News, 2006-09-15