გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

უნივერსალური წევრობის მრავალფუნქციური საერთაშორისო ორგანიზაცია
(გადამისამართდა გვერდიდან გაერო)

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ასევე ცნობილი, როგორც გაერო (ინგლ. The United Nations; არაბ. منظمة الأمم المتحدة; ჩინ.: 联合国; ფრანგ. Organisation des Nations unies; რუს. Организация Объединённых Наций; ესპ. Organización de las Naciones Unidas) — საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როდესაც სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
ქვეყანა ნათ. ბრუნვაში}} ემბლემა
გაეროს წევრი სახელმწიფოები
შტაბ-ბინანიუ-იორკი
ოფიციალური ენები ინგლისური
არაბული
ჩინური
ფრანგული
ესპანური
რუსული
ტიპი საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია
წევრი 193 წევრი სახელმწიფო
2 დამკვირვებელი სახელმწიფო
ლიდერები
 -  გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში
 -  გენერალური მდივნის მოადგილე ამინა ჯ. მოჰამედი
 -  გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი პიტერ ტომსონი
 -  ეკონომიკური და სოციალური საბჭოს პრეზიდენტი ფრედერიკ მუსივა
მაკამურე შავა
 -  უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი მეთიუ რიკროფტი
დაარსება
 -  გაეროს ქარტიის ხელმოწერა 26 ივნისი 1945 
 -  ქარტია ძალაში შევიდა 24 ოქტომბერი 1945 
მოსახლეობა
 -  2016 შეფასება 7 403 020 000
საიტი
un.org
un.int

ორგანიზაციის შექმნის ისტორია

რედაქტირება

გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ნაცისტური გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942 წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს „გაერთიანებული ერების დეკლარაციას“, რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის სახელწოდება. გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3 დიდმა სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი - 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ „ერთა ლიგის“ არსებული ორგანიზაცია პოლიტიკური და ორგანიზაციუული მანკიერების გამო უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისთვის მე-2 მსოფლიო ომი. ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის (1944 წლის აგვისტო) და ყირიმის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.

გაეროს წესდება

რედაქტირება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლითაც წესდება ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და ფუნქციები. მასში ასახულია თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითადი დემოკრატიული პრინციპები. წესდების თანახმად, გაეროს მთავარი მიზნებია:

  • დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა;
  • განავითაროს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობა, დაფუძნებული ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპებზე;
  • განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად;
  • ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითად უფლებათა საყოველთაო პატივისცემას ყველასათვის, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად.

ამ მიზნების მისაღწევად გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით:

  • გაერო დაფუძნებულია ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობაზე;
  • ურთიერთშორის დავა მათ უნდა გადაწყვიტონ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რათა საფრთხე არ შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და სამართლიანობას;
  • საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავონ ძალისმიერი მუქარის ან ძალის გამოყენებისაგან ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ;
  • ყოველნაირად უნდა დაეხმარონ გაეროს და თავი შეიკავონ იმ სახელმწიფოთათვის დახმარებისაგან, რომლის წინააღმდეგ გაერო პრევენციულ თუ იძულებით ღონისძიებებს ახორციელებს;
  • გაერო ვერ ჩაერევა ისეთ საქმეში, რომელიც არსებითად სახელმწიფოს შინაგან კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაერო მოვალეა იძულების ზომები მიიღოს საერთაშორისო მშვიდობის დასაცავად ან აღსადგენად.

გაეროს სტრუქტურა

რედაქტირება

გაეროს მთავარი ორგანოებია:

 
გაეროს შტაბ-ბინა, ნიუ-იორკში
  • გენერალური ასამბლეა - გაეროს მთავარი სათათბირო ორგანო, სადაც წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. თითოეულ მათგანს ხმის მიცემის თანაბარი უფლება აქვს (1 ხმა). გენერალური ასამბლეა მოიწვევა ყოველწლიურად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალური ან საგანგებო სპეციალური სესიები.
  • უშიშროების საბჭო - გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს წესდების შესაბამისად უშიშროების საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე.
  • ეკონომიკური და სოციალური საბჭო - გაეროს ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს ანგარიშები საერთაშორისო საკითხებზე ეკონომიკის, სოციალურ ურთიერთობათა, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანთა უფლებების, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში
  • სამეურვეო საბჭო - გაეროს ორგანო, რომლის მიზანია კოლონიებისა და დამოკიდებული ტერიტორიების განვითარებაზე ზრუნვა მათ დამოუკიდებლობამდე.
  • საერთაშორისო სასამართლო - გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე.
  • სამდივნო - გაეროს ბიუროკრატიული ორგანო, რომლის წევრები ახორციელებენ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას და მის პროექტებს. სამდივნოს ხელმძღვანელობს გაეროს მთავარი ადმინისტრაციული თანამდებლბის პირი - გენერალური მდივანი.

გაეროს სისტემაში შედიან აგრეთვე:

ორგანიზაციის ფუნქციონირება

რედაქტირება

შტაბ-ბინა. გაეროს მთავარი ბინა ნიუ-იორკშია. იქ არის მისი მუდმივმოქმედი ორგანოები - უშიშროების საბჭო და სამდივნო. მეტწილად იქ ტარდება სხვა მთავარი და დამხმარე ორგანოების სესიები. გაეროს ზოგიერთი ორგანოები მუშაობენ მის ევროპულ ოფისებში ჟენევასა და ვენაში.

ოფიციალური ენები. გაეროს ოფიციალური ენებია: არაბული, ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური. ამ ენებზეა შედგენილი წესდების ავთენტიკური თარგმანები, შეიძლება სიტყვით გამოსვლა გაეროს ორგანოებში და ქვეყნდება ოფიციალური დოკუმენტაცია. გაეროს სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული, ზოგიერთ ორგანოებში ასევე ესპანური და რუსული.

ბიუჯეტი. გაეროს ბიუჯეტი შედგება წევრი სახელმწიფოების ყოველწლიური შენატანებისაგან. ორგანიზაციის ბიუჯეტის 25%-ს აშშ ავსებს. „მსხვილი გადამხდელები“ არიან აგრეთვე: იაპონია (10,8%), გერმანია (8,3%), საფრანგეთი (6,4%), დიდი ბრიტანეთი (4,9%).

გაეროს წევრები

რედაქტირება

გაეროს წევრად სახელმწიფოს მიღება ხდება უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეის მიერ, თუ ეს ორგანოები მიიჩნევენ, რომ მიღების მთხოვნელი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა და ნამდვილად სურს და შეუძლია შეასრულოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეას შეუძლია შეაჩეროს იმ წევრი სახელმწიფოს უფლება-პრივილეგიების განხორციელება, რომლის მიმართაც უშიშროების საბჭო პრევენციულ თუ იძულებით ზომებს იღებს, და გაეროდან გარიცხოს სახელმწიფო, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდების პრინციპებს. ამჟამად გაეროს წევრია 193 სახელმწიფო, ამას გარდა დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ვატიკანი და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.

გაეროს დამფუძნებელი სახელმწიფოები (51)

რედაქტირება

  ავსტრალია,   არგენტინა,   აშშ,   ახალი ზელანდია,   ბელგია,   ბელორუსიის სსრ,   ბოლივია,   ბრაზილია,   გვატემალა,   დანია,   დიდი ბრიტანეთი,   დომინიკელთა რესპუბლიკა,   ეგვიპტე,   ეთიოპია,   ეკვადორი,   ერაყი,   ვენესუელა,   თურქეთი,   ინდოეთი,   ირანი,   იუგოსლავია,   კანადა,   კოლუმბია,   კოსტა-რიკა,   კუბა,   ლიბანი,   ლიბერია,   ლუქსემბურგი,   მექსიკა,   ნიდერლანდი,   ნიკარაგუა,   ნორვეგია,   პანამა,   პარაგვაი,   პერუ,   პოლონეთი,   საბერძნეთი,   სალვადორი,   სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა,   საუდის არაბეთი,   საფრანგეთი,   სირია,   სსრკ,   უკრაინის სსრ,   ურუგვაი,   ფილიპინები,   ჩეხოსლოვაკია,   ჩილე,   ჩინეთი,   ჰაიტი,   ჰონდურასი.

აღსანიშნავია, რომ გაეროს დამფუძნებლებს შორის იყვნენ ბელორუსიის და უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები, რომლებიც არ იყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები და წარმოადგენდნენ სსრ კავშირის შემადგენლობაში მყოფ მოკავშირე რესპუბლიკებს.

გაეროს სხვა წევრი სახელმწიფოები (წევრად მიღების ქრონოლოგიის მიხედვით)

რედაქტირება