მედიცინა (ლათ. medicīna < mеdеоr — „ვკურნავ“) — მეცნიერული ცოდნისა და პრაქტიკულ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის დაავადებათა გამოცნობას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას, მისი ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას.

ასკლეპიო კვერთხით — მედიცინის ძველბერძნული სიმბოლო

მედიცინის განვითარების დონე, სამედიცინო საქმიანობის შინაარსი და მეთოდები განისაზღვრება ცხოვრების მატერიალური პირობებით, საზოგადოებრივი წყობით, კულტურის საერთო დონით, ბუნებისმეტყველების, პირველ რიგში ბიოლოგიური დისციპლინებისა და ტექნიკის განვითარებით. თანამედროვე მედიცინა არის ცოდნის ერთიანი მეცნიერების სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ბიოლოგია და გამოყენებითი მეცნიერებების მიღწევები. მედიცინას პირობითად ყოფენ თეორიულ და პრაქტიკულ მედიცინად.

თეორიული მედიცინა აერთიანებს სამედიცინო-ბიოლოგიურ დისციპლინებს. ადამიანის სხეულის აგებულებას შეისწავლის ანატომია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია; ორგანიზმის ფუნქციებს და მოქმედების კანონზომიერებებს — ფიზიოლოგია, ბიოქიმია და ბიოფიზიკა; ავადმყოფური პროცესების წარმოშობას, განვითარებას, მიმდინარეობას და გამოსავალს — პათოლოგია, პათოლოგიური ფიზიოლოგია, პათოლოგიური ანატომია; ადამიანის ორგანიზმზე სამკურნალო საშუალებების სამკურნალო და ტოქსიკურ მოქმედებას — ფარმაკოლოგია და ტოქსიკოლოგია; ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებათა გამომწვევებს — სამედიცინო მიკრობიოლოგია და პარაზიტოლოგია; მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის მოვლენებს ადამიანის პათოლოგიასთან კავშირში — სამედიცინო გენეტიკა.

პრაქტიკული მედიცინა აერთიანებს კლინიკურ, სამედიცინო-სოციალური და ჰიგიენურ დისციპლინათა ჯგუფებს. კლინიკური დისციპლინები შეისწავლის ადამიანის დაავადებათა დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას: ბოლო დროს აღსანიშნავია კლინიკურ დისციპლინათა ვიწრო სპეციალიზაცია, რასაც საფუძვლად უდევს შესასწავლ დაავადებათა უპირატესი ლოკალიზაცია ერთ ორგანოში ან ორგანოთა ერთ სისტემაში: მაგალითად თერაპიული რიგის დისციპლინებს გამოეყო კარდიოლოგია, პულმონოლოგია, ნეფროლოგია, გასტროენტეროლოგია, კლინიკური ენდოკრინოლოგია, ნევროპათოლოგია, ფსიქიატრია; ქირურგიული დისციპლინებს — ტრავმატოლოგია და ორთოპედია, უროლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია; ავადმყოფის ასაკისა და სქესის შესაბამისად ცალკე გამოიყო პედიატრია, გერიატრია, გერონტოლოგია, მეანობა და გინეკოლოგია; ზოგიერთი კლინიკური დისციპლინის (ონკოლოგია, ფთიზიატრია, ვენეროლოგია, ინფექციური დაავადებანი) ცალკე გამოყოფას საფუძვლად დაედო პათოლოგიური პროცესის ხასიათი, ხოლო რენტგენოლოგია, რადიოლოგია, ფიზიოთერაპია გამოიყო დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდების თავისებურებათა მიხედვით. კლინიკურ დისციპლინათა დიფერენციაციასთან ერთად მოხდა მათი ინტეგრაციაც, დამოუკიდებელ კლინიკურ დისციპლინებად ჩამოყალიბდა ნეიროქირურგია, კარდიოქირურგია და სხვა.

სამედიცინო-სოციალური და ჰიგიენური დისციპლინები შეისწავლის ადამიანის ორგანიზმზე სოციალური და ბუნებრივი გარემოს ზემოქმედებას. ამ ჯგუფიდან წამყვანია სოციალური ჰიგიენა (იხ. ჰიგიენა სოციალური), ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგია და სამედიცინო გეოგრაფია. ჰიგიენურ დისციპლინებს განეკუთვნება ზოგადი ჰიგიენა (იხ. ჰიგიენა), ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენა (იხ. ჰიგიენა სასკოლო), კომუნალური ჰიგიენა (იხ. ჰიგიენა კომუნალური), კვების ჰიგიენა (იხ. ჰიგიენა ჰვებისა), რადიაციული ჰიგიენა (იხ. პიგიენა რადიაციული), შრომის ჰიგიენა (იხ. ჰიგიენა შრომისა).

მედიცინა და მისი დარგების დაყოფა ცალკეულ დისციპლინებად ერთობ პირობითია.

მის წარმოშობა და მისი განვითარება XVI საუკუნემდე. მედიცინა ჩაისახა ადამიანის არსებობის ყველაზე ადრეულ ხანაში. სამკურნალო და ჰიგიენური ჩეევები ჯერ ემპირიულად გამომუშავდა, შემდეგ კი დაგროვდა და ჩამოყალიბდა გარკვეული ცოდნის სახით შრომამ, ბუნებრივი ფაქტორების გამოყენებამ ადამიანს შესაძლებლობა მისცა შეეცნო მცენარეული, ცხოველური და მინერალური სამყარო, მოეპოვებინა იქიდან სამკურნალო საშუალებანი და გამოეყენებინა ისინი. ამავე დროს მრავალი ბუნებრივი მოვლენა, მედიცინა მათ შორის დაავადების არსი, ადამიანისათვის შეუცნობელი რჩებოდა. ამან ხელი შეუწყო ცრურწმენების, ბოროტ სულებზე და მათთან ბრძოლის შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებას, შეიქმნა სხვადასხვა მაგიური წესი და რიტუალი. ამგვარად, სამედოცონო-ბიოლოგიურ საკითხებში ყალიბდებოდა, ერთი მხრივ, ემპირიულ-მატერიალისტური, მეორე მხრივ, იდეალისტური აზროვნება, რამაც შემდგომში განაპირობა როგორც რაციონალური ხალხური მედიცინის, ისე შელოცვებზე, მკითხაობაზე და სხვა მაგიურ რელიგიურ რიტუალებზე დამყარებული ექიმბაშობის განვითარება.

ყველაზე ადრეული წერილობითი სამედიცინო წყაროებია შუმერულ-ბაბილონური, ხამურაბის კოდექსებსა და ეგვიპტურ პაპირუსებში შემონახული ცნობები, რომლებიც მოწმობენ, რომ იმდროინდელი (ძვ. წ. IV-III ათასწლეულები) ექიმის მოვალეობა და უფლებები განსაზღვრული იყო კანონმდებლობით. უკვე იმ დროს იყენებდნენ მკურნალობის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ტანვარჯიში, წყლის პროცედურები, მასაჟი, დიეტა, ქირურგიული მანიპულაციები — იმობილიზაცია მოტეხილობათა მკურნალობისას, ემბრიოტომია, საკეისრო კვეთა, თავის ქალას ტრეპანაცია, აკუპუნქტურა და სხვა. ცნობილი იყო აგრეთვე კვებისა და საოჯახო ცხოვრების ჰიგიენური ნორმები და ალკოჰოლური სასმელების მიღების რეჟიმი, ორსულთა, მშობიარეთა, ახალშობილთა მოვლის წესები და სხვა.

ძველი ბერძნული მედიცინა ჩამოყალიბდა უძველესი აღმოსავლური მედიცინის წარმოდგენების და ცოდნის შემდგომი განვითარების საფუძველზე. ბერძნული თქმულებით, უძველესი მკურნალობის ღვთაებად ასკლეპიოსი ითვლება, რომელსაც ჰყავდა ქალიშვილები ჰიგიეა ჯანმრთელობის მფარველი (აქედან — ჰიგიენა) და პანაკეა (აქედან — პანაცეა) სამკურნალო საქმის მფარველი. ავადმყოფს მკურნალობდნენ სატაძრო „ასკლეპიონებსა“ და საავადმყოფოებში. ექიმების გარკვეული ნაწილი კარის ექიმებად მუშაობდა დიდებულებთან, ნაწილი ვაჭრებსა და ხელოსნებს ემსახურებოდა, იყვნენ აგრეთვე საზოგადოებრივ ექიმები — ღარიბ-ღატაკთა უანგარო მკურნალნი და ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა გამტარებელნი ყველაზე ადრე ჩამოყალიბდა კროტონის სამედიცინო სკოლა. მისმა დამაარსებელმა ალკმეონ კროტონელმა (ძვ. წ. VI-V საუკუნეები) შეიმუშავა მოძღვრება დაავადებათა პათოგენეზზე, რომელიც შემდგომ განვითარდა კნიდოსის სკოლაში (ძვ. წ. V საუკუნის I ნახევარი). ჰუმორალური (ლათ. humor — „სითხე“) პათოლოგიური თეორიის სრულყოფილი ვარიანტი ჩამოაყალიბა ჰიპოკრატემ, რომელმაც დაამუშავა ჰუმორალური თეორიის ერთ-ერთი ვარიანტი. ამ თეორიის მიხედვით, ავადმყოფობას საფუძვლად უდევს სხვადასხვა მიზეზის შედეგად ორგანიზმში სითხეების თანაფარდობის დარღვევა; მანვე გამოყო ადამიანთა 4 კონსტ. ტიპი ტანის აგებულებისს და ტემპერამენტის მიხედვით. ჰიპოკრატემ გამოყო მედიცინა ნატურფილოსოფიისაგან და დაავადების შესწავლის ძირითად პრინციპად აღიარა ავადმყოფზე კლინიკური დაკვირვება, მიუთითა ცხოვრების პირობებისა და გარემოს როლზე დაავადების პათოგენეზში, მოითხოვდა ყოველი ავადმყოფისადმი ინდივიდუალურ მიდგომას და სხვა. უფრო გვიან ალექსანდრიის სკოლის წარმომადგენლებმა ჰეროფილემ და ერასისტრატემ ექსპერიმენტებით დაამტკიცეს, რომ ტვინი არის აზროვნების ორგანო, განასხვავეს ერთმანეთისაგან მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვები, აღწერეს ტვინის გარსები, ხვეულები და პარკუჭები.

რომაული მედიცინის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია დემოკრიტეს (დაახლოებით ძვ. წ. 460-370) ეპიკურესა (ძვ. წ. 341-270) და სხვა შრომებმა, რომლებიც საფუძვლად დაედო ასკლეპიადეს (ძვ. წ. 128-56) სამედიცინო მსოფლმხედველობას და კორნელიუს ცელსუსის (ძვ. წ. 25 — ახ. წ. 50) შეხედულებებს. ცელსუსმა თავის ნაშრომში „მედიცინის შესახებ“ გააშუქა შინაგანი და ქირურგიული დაავადებების დიაგნოსტიკის, პროგნოსტიკის, დიეტეტიკისა და მკურნალობის საკითხები. რომაული მედიცინის უდიდესმა წარმომადგენელმა კლავდიუს გალენოსმა (129-201) ძირითად დარგში ბევრი სიახლე შეიტანა. მან პირველმა გამოიყენა ექსპერიმენტული ვივისექცია ცხოველის ზოგიერთი ორგანოს მორფოლოგიისა და ფუნქციის შესასწავლად და სხვა. შუა საუკუნეებში გალენოსის მოძღვრება ლენოსმა ყველა ეკლესიამ შეურყეველ დოგმად აღიარა, რის გამოც ეს მოძღვრება მედიცინის განვითარების შემაფერხებელ მუხრუჭად იქცა. სახელმწიფო-სამედიცინო საქმიანობის პირველი ნიშნები ყველაზე ადრე მონათმფლობელურ რომში გამოჩნდა. აქ სამხედრო ექიმი პროფესიონალები მოღვაწეობდნენ სამხედრო ჰოსპიტლის ტიპის დაწესებულებებში (ვალეტუდინარიუმები); რომშივე შეიქმნა სანიტარული დანიშნულების ნაგებობანი. დღემდეა შემორჩენილი იმდროინდელი წყალსადენები, აბანოები და კანალიზაციის სისტემა.

ბიზანტიაში ამ პერიოდში ყალიბდებოდა სამოქალაქო ტიპის დიდი საავადმყოფოები, სამონასტრო სასნეულოები, ლაზარეთები, კარანტინები.

ძველ რუსულ ფეოდალურ სახელმწიფოში სამონასტრო მედიცინასთან ერთად ვითარდებოდა ხალხური მედიცინა. გავრცელებული ხელნაწერები „ლეჩებნიკები“ და „ტრავნიკები“ შეიცავდა მკურნალობის მეთოდებსა და სამკურნალო მცენარეების აღწერილობას. მკურნალები მედიცინის ერთ რომელიმე დარგში (თვალის სნეულებანი, კენჭოვანი დაავადება, ბუასილი, ძვლების მოტეხილობა) იყვნენ დასპეციალებული.

მედიცინის განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს აღმოსავლეთის მედიკოსებმა: ალ-რაზიმ (რაზესი), იბნ სინამ, ისმაილ ჯგურჯანიმ (ხვარაზმიდან), მხითარ ჰერაციმ (სომხეთიდან) და სხვებმა.

დასავლეთ ევროპაში XI-XVI საუკუნეებში გაბატონდა სქოლასტიკური იდეოლოგია. კლერიკალური ძალები აფერხებდნენ მედიცინის წინსვლას, მაგრამ სალერნოს, პადუის, ბოლონიის, კრაკოვის, პარიზისა და მონპელიეს უნივერსიტეტებში სამედიცინო-ბიოლოგიური აზროვნება თანდათან გზას იკაფავდა რენესანსისაკენ.

XVI-XIX საუკუნეების მედიცინა დაკავშირებულია შვეიცარიული ექიმის პარაცელსუსის (XVI საუკუნე) სახელთან, რომელიც პირველად გამოვიდა „გალენიზმის“ კრიტიკით; მანვე ჩაუყარა საფუძველი ამ ეპოქის ერთ-ერთ დიდ მიმდინარეობას იატროქიმიას რომელიც დაავადებას განიხილავდა, როგორც ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესების დარღვევის შედეგს. ამავე დროს ჩამოყალიბდა მეორე მიმდინარეობა იატროფიზიკა, რომელიც დაავადებას ხსნიდა ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური პროცესების დარღვევით. ამ პერიოდს განეკუთვნება ლეონარდო და ვინჩის ანატომიური გამოკვლევები ხოლო ა. ვეზალიუსმა პირველმა აიყვანა ანატომია ზუსტი მეცნიერების დონეზე. მან გვამების გაკვეთის და შესწავლის საფუძველზე ახლებურად აღწერა ორგანოების აგებულება და ფუნქცია. მედიცინის შემდგომ განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ა. ლევენჰუკის მიერ 1676 მიკროსკოპის გამოგონებამ, რამაც საფუშველი ჩაუყარა მიკრობიოლოგიის, პათოლოგიის, ანატომიის, ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და სხვა დარგების განვითარებას. მ. მალპიგიმ მიკროსკოპის საშუალებით აღმოაჩინა კაპილარული სისხლის მიმოქცევა. სქოლასტიკური აზროვნების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი როლი ითამაშა ინგლისელმა ფილოსოფოსმა ფ. ბეკონმა (1561-1626), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჯანმრთელი და დაავადებული ორგანოების შესწავლის შედარებით მეთოდს.

XVI საუკუნე აღინიშნა მნიშვნელოვანი მიღწევებით პრაქტიკულ მედიცინაში; შეიქმნა მოძღვრება კონტაგიოზური დაავადებების შესახებ (ჯ. ფრაკასტორო), დამუშავდა ქირურგიული საფუძვლები (ა. პარე). XVII საუკუნეში უ. ჰარვეიმ აღმოაჩინა სისხლის მიმოქცევის დიდი წრე, რამაც საფუძველი ჩაუყარა ფიზიოლოგიური, როგორც დამოუკიდებელი დარგის განვითარებას. პადუელმა ექიმმა ბ. რამაცინიმ პირველმა აღწერა სამრეწველო პათოლოგიური და შრომის ჰიგიენის საკითხები. XVIII საუკუნის დამლევსა და XIX საუკუნის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა აგრეთვე სამხედრო და საზღვაო ჰიგიენას; დამუშავდა სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის საფუძვლები; დადგინდა, რომ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების ჯანმრთელობა დამოკიდებულია შრომისა და ყოფა-ცხოვრების პირობებზე.

კლინიკური მედიცინის შემდგომმა განვითარებამ (XVIII-XIX საუკუნეებში) ხელი შეუწყო ავადმყოფობის ობიექტური გამოკვლევის ახალი მეთოდების აუსკულტაციის, პალპაციის, ენდოსკოპიის, პერკუსიის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის და სხვათა დანერგვას. სამედიცინო-ბიოლოგიური აზროვნების შემდგომ განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ჟ. ლამარკის „ზოოლოგიის ფილოსოფიამ“ (1809), ჩ. დარვინის შრომამ „სახეების წარმოშობის შესახებ“ (1859), ფ. მაჟანდის, კ. ბერნარის, ი. მიულერის, ჰ. ჰელმპოლცის ექსპერ გამოკვლევებმა ფიზიოლოგიასა დ. ფარმაკოლოგიაში. ლ. პასტერმა დაადგინა გადამდები სნეულებების მიკრობული ბუნება; რ. კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის ჩხირი და ქოლერის ვიბრიონი; ჯ. ლისტერის მიერ ანტისეპტიკის (1865) და სანარკოზო საშუალებების ეთერისა და ქლოროფორმის შემოღებამ (1846) ქირურგია განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. ი. ლიბიხის შრომებმა სრულფასოვანი კვების საკითხებზე, ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესების მეცნიერულმა შესწავლამ განავითარა და ცალკე მეცნიერებად ჩამოაყალიბა ბიოქიმია.

XIX საუკუნის უდიდესმა აღმოჩენებმა (ი. პურკინე, მ. შლაიდენი, თ. შვანი და სხვები) ხელი შეუწყო რ. ვირხოვის უჯრედული პათოლოგიური თეორიის ჩამოყალიბებას, რამაც მექანისტური ხასიათის მოუხედავად, თავის დროზე დადებითი როლი ითამაშა მედიცინის განვითარებაში.

XIX საუკუნის I ნახევარში ე. მუხინის, პ. ზაგორსკის, ი. დიადკოვსკის, ა. ფილომაფიტსკის, ი. გლებოვისა და სხვათა თეორიულმა და ექსპერიმენტულმა ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა ფიზიოლოგიური მიმდინარეობის განვითარებას რუსულ მედიცინაში. განსაკუთრებით განვითარდა ეს მიმდინარეობა XIX საუკუნის II ნახევარში, მას შემდეგ, რაც ი. სეჩენოვმა გამოაქვეყნა თავისი წიგნი „თავის ტვინის რეფლექსები“ (1863). ფიზიოლოგიური მიმდინარეობა და ნევრიზმის იდეები კლინიკურ მედიცინაში დანერგა ს. ბოტკინმა. დიდი წვლილი შეიტანეს მედიცინის განვითარებაში ნ. პიროგოვმა, ი. პავლოვმა და ი. მეჩნიკოვმა, ხოლო ჰიგიენურ მეცნიერებათა განვითარება რუსეთში დაკავშირებულია ა. დობროსლავინისა და თ. ერისმანის სახელებთან.

მედიცინა XII საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნეში ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის სწრაფმა განვითარებამ გააუმჯობესა და სრულყო დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საქმე. რენტგენის სხივების აღმოჩენამ (1895-1897) საფუძველი ჩაუყარა რენტგენოლოგიას. განვითარდა რენტგენოტელევიზია, რენტგენოკინემატოგრაფია, სამედიცინო ელექტრორენტგენოლოგია, რადიობიოლოგია და სხვა. სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევაში ღრმად შეიჭრა ტექნიკა, განსაკუთრებით ელექტრონიკა, რომელსაც ფართოდ იყენებენ ფიზიოლოგიურ პროცესებისა და ცალკეული ორგანოს (გული, ტვინი, კუნთები და სხვა) ფუნქციის ობიექტურლ მდგომარეობის დასადგენად. ავიაციისა და კოსმოსავტიკის განვითარებამ განაპირობა საავიაციო მედიცინისა და კოსმოსური მედიცინის წარმოშობა. მემკვიდრეობითი ნიშნებისა და დაავადებების გადაცემის მექანიზმებისა და კანონების შესწავლის შედეგად სულ უფრო ვითარდება სამედიცინო გენეტიკა. ჩამოყალიბდა მედიცინის სრულიად ახალი დარგები იმუნოლოგია, იმუნოპათოლოგია, სიმსივნეთა იმუნოლოგია, რადიოაქტიური იმუნოლოგია, იმუნოჰემატოლოგია, იმუნოთერაპია. ბაქტერიული წარმოშობის დაავადებათა მკურნალობაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ანტიბიოტიკების აღმოჩენას.

სამხედრო სამსახურის, სამხედრო საქმიანობის სპეციფიკამ ომისა და მშვიდობის ვითარებაში განაპირობა შეიარაღებულ ძალთა ჯანმრთელობის დაცვის თეორიისა და პრაქტიკის სამხედრო მედიცინის წარმოშობა, სადაც წამყვანი ადგილი, განსაკუთრებით ომის პირობებში, უკავია სამხედრო საველე ქირურგიას, რომლის ფუძემდებლად ითვლება ნ. პიროგოვი.

საქართველოში პირველყოფილ-თემური და ანტიკური პერიოდის მედიცინის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ბერძენ და რომაელ ავტორთა ნაწერებში არსებული ცნობები, ქართული მითოლოგიური ეპოსი, არქეოლოგიური გათხრებისას და ეთნოგრაფიული კვლევის შედეგად მოპოვებული მასალები. ამ პერიოდის მედიცინის შესახებ წარმოდგენას გვაძლევს თქმულება ამირანზე (ძვ. წ. II ათასწლ.), რომელშიც აღწერილია ბალახის სამკურნალო თვისებები და მათი გამოყენება, ნახსენებია ბანგი, როგორც ძილმომგვრელი საშუალება, გვხვდება ცნობები საკეისრო გაკვეთის, ჯრილობათა მკურნალობის რაციონალური და მაგიური მეთოდების, თვალის ამოღებისა და „ჩასმის“ შესახებ, ზოგიერთი ცნობა თვალის რქოვანას დაზიანებაზე, მინერალური წყლის სამკურნალო თვისებებსა და გამოყენებაზე.

მედიცინის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს არგონავტების თქმულებას. მედეას სახელთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დაავადებისს მკურნალობა, სხვადასხვა სახის ძილმომგვრელი, მძალმომგვრელი, განმკურნებელი, მომაკვდინებელი საშუალებების, ნელსაცხებლების, შესაორთქლებელი, შესასხურებელი, დასაზელი და ა. შ. წამლეულის მომზადება, სამკურნალო მცენარეების მოშენება და მათი თვისებების შესწავლა, შხამებისა და ანტიშხამების გამოყენება, გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების რაციონალური მეთოდების ძიება და სხვა. საგულისხმოა, რომ გამოჩენილი გერმანელი ისტორიკოსი კ. შპრენგელი თავის 5-ტომიან მსოფლიო მედიცინის ისტორიას (1792) კოლხური მედიცინით იწყებს. ამირანისა და მედეას შესახებ არსებულ გადმოცემებსა და თქმულებებში ცნობები მედიცინის შესახებ გარკვეულ დასაბუთებას პოულობს არქეოლოგიურ მასალაშიც თრიალეთის კულტურის არქეოლოგიურ მასალაში აღმოჩენილია გველის გამოსახულებიანი თიხის ჭურჭელი; საგულისხმოა, რომ გველის გამოსახულება უკვე მაშინ ითვლებოდა საექიმო პროფესიის ემბლემად.

მედიცინა ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI ს. ახ. წ. IV ს.) ძვ. წ. VI ს-ში შავიზღვისპირა ქალაქებში ბერძენთა ახალ შენების გაჩენასთან ერთად მყარდება კონტაქტები ბერძნულ და ქართულ მედიცინას შორის. ამ პერიოდის არქეოლოგიურ მასალაში, კერძოდ, მდიდარ მიწათმფლობელთა სამარხებში ნაპოვნია ბევრი წამლის შუშა, პირადი ჰიგიენის ნივთი, ქირურგიული იარაღი და სხვა; კომუნალური და სანიტარულ-ჰიგიენური ტექნიკის მაღალ დონეს მოწმობს მცხეთის სვეტებიანი სასახლის ნაშთები (ძვ. წ. IV ს.), ქალაქის აბანოს ნაგებობა თავისი ცენტრალური გათბობითა და წყალმომარაგების რთული სისტემით. ამ დროისათვის ექიმობა საბოლოოდ ჩამოყალიბებული პროფესია იყო. ბერძენი და რომაელი კლასიკოსები დიოსკორიდე, ჰორაციუსი, პლინიუსი, ქსენოფონტი, სტრაბონი მიუთითებენ საქართველოში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებზე, მათ მოქმედებაზე, დამზადების ტექნოლოგიაზე და ა. შ.

კოლხურ-იბერიული მედიცინის ერთ-ერთი კერა პონტოს სამეფო იყო. მითრიდატე პონტოელმა შექმნა მოძღვრებანი შხამებისა და ანტიშხამების შესახებ (მითრიდატიუმი); ამ მოძღვრებამ გავლენა იქონია ფარმაკ და ტოქსიკოლოგიის შემდგომ განვითარებაზე.

მედიცინა ფეოდალურ საქართველოში (IV საუკუნე — XIX საუკუნის 50-იანი წლები). საქართველოში ფეოდალიზმის ჩასახვის პერიოდის (IV — V საუკუნეები) ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში მოიპოვება ცნობები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი ხდება იმდროინდელი მედიცინის დონის განსაზღვრა. ამ დროის ექიმებისათვის კარგად იყო ცნობილი მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, დაწესებული იყო ჰონორარი. ქართული ლიტერატურის ძეგლში „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ (V საუკუნე) მოხსენიებულია საექიმო დახმარების სხვადასხვა საშუალება — წამლები, მალამოები.

პეტრე იბერიელს (412-488) პალესტინაში მოღვაწეობის დროს ქართველთათვის საავადმყოფოები აუშენებია მისი ბიოგრაფი ზაქარია ქართველი მიუთითებს, რომ პეტრე იბერიელის დედას ბაკურდუხტს საქართველოში „მოგზაურთათვის“ სასტუმროებთან სამოქალაქო ტიპის სამკურნალოები მოუწყვია.

ამ ხანის მედიცინა იყოფა შემდეგ პერიოდებად: 1. ადრინდელი ფეოდალური ხანის მედიცინა 2. განვითარებული ფეოდალური ხანის მედიცინა, რომელიც მოიცავს აღორძინების, დაცემის, აღდგენისა და გარდამავალ პერიოდებს.

ადრინდელი ფეოდალური ხანის მედიცინის ისტორიის ძირითადი წყაროებია ზოგადისტორიული და ჰაგიოგრაფიული ძეგლები. მაშინ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედებდა ქართველთა მიერ დაარსებული სამედიცინო-კულტურული კერები (საბაწმიდის ქართველთა ლავრა), ხოლო საქართველოში — ასურელი მამების სავანეები. მარტვირი საბაწმიდელის „სინანულისათვს და სიმდაბლისა“ (VII ს.) შეიცავს ცნობებს ადამიანის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ საკითხებზე. ასურელი მამები საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებასთან ერთად საექიმო საქმიანობასაც ეწეოდნენ.

ხანძთის სავანეში (VIII-IX სს.) დიდ საექიმო-პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდნენ გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფე ეპიფანე. ისინი მკურნალობდნენ ავ ზნეს, დამბლას, საშვილოსნოდან სისხლის დენას, იყენებდნენ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს და სხვა. აქვე ითარგმნა ბერძნულიდან გრიგოლ ნოსელის ანატომიურ-ფიზიოლოგიური ტრაქტატი „კაცისა შესაქმისათვს“, და ბასილი დიდის „მჴეცთათვს სახისა სიტყუაი“, ამავე პერიოდში იმპერატორ ბასილი I-ის კარის ექიმი იყო ილარიონ ქართველი.

განვითარებული ფეოდალური ხანის მედიცინა ქვეყნის ეკონომიკურმა და კულტურულმა განვითარებამ ხელი შეუწყო მედიცინის აღმავლობას. როგორც საქართველოში (გელათი, იყალთო), ისე მის გარეთ (ათონი, პეტრიწონი, შავი მთა და სხვა) ჩამოყალიბდა სამედიცინო კულტურული კერები საავადმყოფოებითურთ. ათონის ივერთა მონასტერში არსებობდა 3 საავადმყოფო წმ. გიორგის, წმ. მოდესტისა და კეთროვანთათვის; იყო აფთიაქი, სამედიცინო სასწავლებელი და სამედიცინო წიგნებით მდიდარი ბიბლიოთეკა.

პეტრიწონის მონასტერში და შემდგომ გელათის აკადემიაში, რომელიც უმაღლესი სამედიცინო განათლების მნიშვნელოვანი კერა იყო, მოღვაწეობდა იოანე პეტრიწი, რომელმაც გადმოიღო ბერძნულიდან ანატომიურ-ფიზიოლოგიური ტრაქტატი „ბუნებისათვის კაცისა“. ამავე დროს შეიქმნა შუა საუკუნეების შესანიშნავი სამედიცინო ძეგლები „უსწორო კარაბადინი“ და „წიგნი სააქიმოჲ“. „ქართლის ცხოვრების“ მემატიანენი აღწერენ დავით აღმაშენებლის პირად ზრუნვას სასნეულოებში მყოფ ავადმყოფებზე, ხოლო თამარ მეფეს მთიულური და ხევსურული ფოლკლორი „აქიმ დედოფლის“ სახელით იხსენიებს ვარძიის ქალაქ-გამოქვაბულში მოწყობილი იყო აფთიაქი კლდეში გამოკვეთილი დაახლოებით 265 ნიშით. ვანის ქვაბების მონასტერში წესდებით („ვაჰანის ქვაბთა განგება“) იყო დაწესებული „მესნეულის“ თანამდებობა. წესდება ითვალისწინებდა სნეულთა „შემოვლას“ დღეში 3-ჯერ და მათ „უშურველ“ უზრუნველყოფას კვებითა და სხვა ყოველგვარი საჯიროებით. ამ ეპოქის სამედიცინო ძეგლებში წამყვან თეორიად აღიარებულია ჰუმორალური პათოლოგია.

XIII საუკუნის II ნახევრიდან მონღოლების ბატონობამ დასცა ქართული კულტურა, შეფერხდა ან სრულიად მოისპო ქართული სამონასტრო-კულტურული ცენტრებისა და მათთან ერთად საექიმო-პრაქტიკული და სამედიცინო-ლიტერატურული საქმიანობა. ამ დროიდან XV საუკუნის ბოლომდე, თითქმის 250 წლის მანძილზე არ შექმნილა არც ერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო ძეგლი; შეფერხდა ადრინდელი ძეგლების გადაწერაც.

აღდგენის პერიოდში (XVI-XVIII სს.) გამოცოცხლდა საექიმო პრაქტიკული და სამედიცინო-ლიტერატურული საქმიანობა. ამ პერიოდის ბრწყინვალე წარმომადგენლებია ზაზა ფანასკერტელი თავისი „სამკურნალო წიგნით“ –„კარაბადინით“ და დავით XI თავისი „იადიგარ დაუდით“. XVI საუკუნის საქართველოში შეგროვილი ფულით აღადგინეს ათონის ივერთა მონასტერი და მასთან არსებული საავადმყოფოები და კეთროვანთა თავშესაფარი. დაიწყო ძველი სამედიცინო ძეგლების გადაწერა-განახლება და ახალთა შექმნა. სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“, „სიბრძნე სიცრუისა“, „მოგზაურობა ევროპაში“ და „სწავლანი“ საკმაოდ დიდ მასალას იძლევა ამ პერიოდის სამედიცინო საქმიანობისა და სამედიცინო აზროვნების შესახებ: საბას ლექსიკონში მრავალი სამედიცინო-ბიოლოგიური ხასიათის ტერმინია განმარტებული, მის ნაწერებში ვხვდებით მსჯელობას დაავადების გამოცნობასა და მკურნალობაზე, მოხსენიებულია თავის ქალას დეფექტის ლითონით დახურვა, ქსოვილთა გადანერგვა, კიდურის მოკვეთა და სხვა ოპერაციები.

ვახტანგ VI-ის ცნობილ „სამედიცინო და ოპტიკურ პარაგრაფებში“ განხილულია ოპტიკის რთული საკითხები; ამ დროს (1716-1724) თბილისში ყოფილა ოპტიკური სახელოსნო, სადაც სათვალეს ამზადებდნენ. ვახტანგ VI ავტორია აგრეთვე შრომისა — „წიგნი ცხენთა ცნობისა და აქიმობისა“.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ჩამოყალიბდა საექიმო მმართველობა, რომელსაც 1840 წლიდან იმერეთ-საქართველოს საექიმო მმართველობა ეწოდა. თბილისში სამოქალაქო უწყების ხაზით მხოლოდ 1820 წელს გაიხსნა 12-საწოლიანი ქალაქის საავადმყოფო. ამ პერიოდის კავკასიის რუსული და ქართული პერიოდული პრესა ხშირად აქვეყნებდა სამედიცინო ხასიათის სტატიებს, სამედიცინო-ტოპოგრაფიული ხასიათის კორესპონდენციას, საქართველოს კლიმატურ-ბალნეოლოგიური რესურსების აღწერილობასა და სხვა. ქართული სამედიცინო წიგნები უმთავრესად მოსკოვისა და პეტერბურგის სტამბებში იბეჭდებოდა; გ. ფირალიშვილის წიგნი ყვავილის აცრაზე (1808), გ. ელიოზიშვილის კვლავ ყვავილის აცრაზე (1815), ბაგრატ ბატონიშვილის ვეტერინარიის სახელმძღვანელო (1818). მოსკოვის სინოდის სტამბაში დაიბეჭდა პ. პლაპიტონიშვილის 5 დასახელების ქართული და 3 რუსული წიგნი (1826, 1828 1836), ნ. ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი (1830) ყვავილის აცრის სახელმძღვანელო, ექიმ ზ. ზუბალაშვილის ქინაქინის ხმარების მოკლე სახელმძღვანელო და სხვა. მოსკოვსა და პეტერბურგში დასახლებულმა ქართველებმა ხელახლა გადაწერეს ზოგიერთი სამედიცინო წიგნი, მედიცინა შ. დავით ბატონიშვილის „სამედიცინო პარაგრაფები“ და „სამკურნალო რეცეპტები“, იოანე ბატონიშვილის „წიგნი სიმრთელისა და აქიმობისა“, „კალმასობის“ სამედიცინო შინაარსის შემცველი თავები, სამედიცინო ლექსიკონები და სხვა. ამ წიგნებში მედიცინის პრაქტიკულ საკითხებთან ერთად მედიცინის ზოგადთეორიული საკითხებიც არის განხილული.

1861 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა სამედიცინო მომსახურების ახალი პროექტი შეიმუშავა, რომელიც ძალაში შევიდა 1867 წლიდან. ეს პროექტი სახელმწიფო ხარჯების ეკონომიისათვის ითვალისწინებდა ისედაც მცირერიცხოვან სამედიცინო დაწესებულებათა კიდევ უფრო შემცირებას.

საქართველოში ამ პერიოდის მედიცინის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიის საექიმო საზოგადოების დაარსებას (1864), რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა კავკასიასა და, კერძოდ, საქართველოში მედიცინის განვითარებაზე, განსაკუთრებით სამხარეო პათოლოგიის შესწავლასა და პროფილაქტიკის ღონისძიებათა შემუშავებაზე. ქართული ჟურნალ-გაზეთები „საქართველოს მოამბე“, „დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „სასოფლო გაზეთი“, „კვალი“ და სხვა. გარკვეულ ადგილს უთმობდნენ სამედიცინო საკითხების განხილვას. ქართული მედიცინის ისტორიაში უდიდესი მოვლენა იყო თსუ-თან სამკურნალო ფაკულტეტის გახსნა (1918 წლის 17 მარტი).

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჯანდაცვამ და მედიცინის შემდგომმა განვითარებამ სრულიად ახალი მიმართულება მიიღო. მისი ძირითადი პრინციპები სახელმწიფოებრიობა, გეგმიურობა, პროფილაქტიკური მიმართულება, მკურნალობის ხელმისაწვდომობა მოსახლეობის ფართო მასებისათვის საბჭოთა მთავრთობის პირველივე დეკრეტებით დადგინდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო დაწესებულებათა ქსლის გაფართოებას, გააქტიურდა სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური მუშაობა. ფართოდ გაიშალა ტუბერკულოზთან, მალარიასთან ბრძოლა, დაიწყო საკურორტო და ბალნეოლოგიური რესურსების საფუძვლიანი შესწავლა ხალხის ჯანმრთელობის სამსახურში ჩასაყენებლად.

თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტი საბჭოთა ხელისუფლების პირობებში იმდენად გაიზარდა და გაძლიერდა, რომ 1930 წელს შესაძლებელი გახდა მისი დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტად გამოყოფა; 1935 წელს დაარსდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტებში კადრების მომზადებასთან ერთად მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი მეცნიერული მუშაობა. ინტენსიურად სწავლობენ მოსახლეობის სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხებს, რამაც შესაძლებელი გახადა სამრეწველო საწარმოს მუშების, აგრეთვე კოლმეურნეების, მომთაბარე მწყემსების მოსწავლეებისა და სხვათა ყოფა-ცხოვრებისა და შრომის ჰიგიენური ნორმატივების შემუშაცება. გამოაშკარავებულია სამხარეო პროფესიულ დაავადებათა ახალი სახეები (მანგანიკოზი, ანდეზიტოზი, მანგანიზმი, ქრონიკული ინტოქსიკაცია ლითონური მანგანუმით).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება