ჰიპოკრატე (ძვ. ბერძნ. Ἱπποκράτης; დ. დაახლოებით ძვ. წ. 460, კ. კოსი — გ. დაახლოებით ძვ. წ. 370 (სხვა მონაცემებით ძვ. წ. 356), ლარისა, თესალია) — ძველი საბერძნეთის ექიმი, ანტიკური მედიცინის რეფორმატორი.

ჰიპოკრატე
მშობლიური სახელი Hippocrates
დაბადების თარიღი დაახ. ძვ. წ. 460[1]
კოსი, ძველი საბერძნეთი
გარდაცვალების თარიღი დაახ. ძვ. წ. 370
ლარისა, თესალია
საქმიანობა ექიმი, ფილოსოფოსი, მწერალი
წოდება „მედიცინის მამა“
მშობლები მამა: ჰერაკლიდე
დედა: ფენარეტე
ეპოქა კლასიკური საბერძნეთი

ჰიპოკრატეს პირველ მასწავლებლად მიჩნეულია მამამისი - ჰერაკლიდე; დედა - ფენარეტე, ბებიაქალი იყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჰიპოკრატე საცხოვრებლად ათენში გადავიდა და სწავლა გააგრძელა. სწავლის დასრულების შემდეგ ეწეოდა მოხეტიალე ექიმის - პერიოდევტის საქმიანობას. ბევრი იმოგზაურა საბერძნეთში, ეგვიპტეში, მცირე აზიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, იყო სკვითებთან, კარგად გაეცნო მცირე აზიისა და ეგვიპტის მედიცინას. ავადმყოფის გამოკვლევისას იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა დათვალიერება, ხელით გასინჯვა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს მოსმენა და სხვა. ყურადღებას აქცევდა გამონაყოფებს, მათ სუნს, ფერს, შარდის ნალექს; სათავე დაუდო ავადმყოფობის მიმდინარეობის აღწერას (ავადმყოფობის ისტორია); შექმნა მოძღვრება პროგნოსტიკაზე, რაც ეყრდნობოდა ავადმყოფის წარსულისა და აწმყო მდგომარეობის დეტალურ შესწავლას; საფუძველი ჩაუყარა სამედიცინო გეოგრაფიასა და ტოპოგრაფიას; როგორც დასტაქარმა შეიმუშავა ნახვევის დადების, მოტეხილობის, ღრძობის, ფისტულების მკურნალობის მეთოდები და სხვა.

ჰიპოკრატეს და მისი მიმდევრების შრომებში (ჰიპოკრატეს კრებული) საოცარი სიზუსტით არის აღწერილი სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობა, მკურნალობის წესები, მსჯელობაა ეპიდემიების, ეპილეფსიის, ცხელების შესახებ და სხვა. ჰიპოკრატე ასწავლიდა, რომ ექიმმა უნდა უმკურნალოს ავადმყოფს და არა ავადმყოფობას, გაითვალისწინოს მისი ინდივიდუალური თავისებურებანი და გარე ფაქტორების გავლენა. შინაგან ფაქტორებად მიიჩნევდა მემკვიდრეობითობას, ადამიანის ფიზიკური (კონსტიტუცია) და სულიერი (ტემპერამენტი) თვისებების ერთობლიობას. გამოყო ადამიანის 4 ტიპი ტემპერამენტის მიხედვით: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური. ჰიპოკრატე მიხვდა, რომ ეს ტიპები გარკვეული დაავადებებისადმი არიან განწყობილი. დაამუშავა ეტიოლოგიის საკითხები; მედიცინა გაათავისუფლა ქურუმებისა და მონასტრების გავლენისაგან და განსაზღვრა მისი განვითარების დამოუკიდებელი გზა. ჰიპოკრატემ ჩამოაყალიბა მკურნალობის ძირითადი პრინციპები (არ დააზიანო, სიფრთხილე გამოიჩინე წამლის გამოცვლისას და სხვ.). დღემდეა შემორჩენილი „ჰიპოკრატეს ფიცი“, როგორც საექიმო პროფესიის მორალური კოდექსი. ჰიპოკრატეს „მედიცინის მამას“ უწოდებენ.[2][3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Nuland 1988, p. 4
  2. Hippocrates. Microsoft Encarta Online Encyclopedia. Microsoft Corporation (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-31.
  3. Strong, W.F.; Cook, John A. (ივლისი, 2007), "Reviving the Dead Greek Guys", Global Media Journal, Indian Edition, http://www.caluniv.ac.in/Global%20mdia%20journal/Past_Issue/GMJ%20Issue%20-%20Summer%202007.pdf დაარქივებული 2012-05-15 საიტზე Wayback Machine.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება