ეს ტერმინი არ უნდა აგერიოთ მის პარონიმულ წყვილში ეტიმოლოგია.

ეტიოლოგია (ბერძ. αἰτιολογία; λογία — მიზეზი და λογία - ...ლოგია)[1]მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ავადმყოფობის გამომწვევ მიზეზებსა და პირობებს.

თანამედროვე შეხედულებების მიხედვით მიზეზი არის ის ფაქტორი რომელიც იწვევს ავადმყოფობას. მიზეზის გარეშე ავადმყოფობა არ აღმოცენდება. ეტიოლოგიური ფაქტორი პათოლოგიურ პროცესს(ავადმყოფობას) სპეციფიურ ხასიათს ანიჭებს,ე.ი. განსაზღვრავს მის თავისებურებებს. დაავადების გამომწვევ გარეგან (ეგზოგენურ) მიზეზებს მიეკუთვნება ფიზიკური (მექანიკური, თერმული, ელექტრული და სხივური ენერგია,გადატვირთვა, აჩქარება, ატმოსფერული წნევის ცვლილება, კოსმიური მოვლენები.), ქიმიური (მჟავები, ტუტეები და სხვ.), ბიოლოგიური (ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები, სოკოები, ცხოველური შხამები და სხვ.), ფსიქოგენური ფაქტორები. შინაგანი (ენდოგენური) მიზეზები ძირითადად მემკვიდრული ფაქტორებით და კონსტიტუციური თავისებურებებითაა წარმოდგენილი.

ავადმყოფობის გამომწვევი პირობები, მიზეზის გარეშე ავადმყოფობას არ იწვევენ, მაგრამ შეუძლიათ შეცვალონ მისი მიმდინარეობა. კონკრეტულ სიტუაციაში მიზეზი ერთია, პირობები კი შეიძლება მრავალი იყოს. შესაძლოა განვაცალკეოთ ავადმყოფობის განვითარების ხელისშემწყობი და ხელისშემშლელი პირობები. ორივე მათგანი იყოფა გარეგან და შინაგან პირობებათ. გარეგან პირობებს მიეკუთვნება — გარემოს ფაქტორების ზემოქმედება,კვების,შრომის და დასვენების რეჟიმის თავისებურებანი, შინაგანი პირობებია — ასაკობრივი ფაქტორი, მემკვიდრეობითი მიდრეკილება და სხვ.

ზოგი პათოლოგიური პროცესი შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს, ასეთ შემთხვევაში საუბრობენ ავადმყოფობის პოლიეტიოლოგიურობაზე, თუმცა, ავადმყოფობას კონკრეტულ სიტუაციაში ერთი მიზეზი იწვევს. ეტიოლოგიური მკურნალობა — უშუალოდ დაავადების გამომწვევ მიზეზზე ზემოქმედებას გულისხმობს. ეტიოლოგიური ფაქტორების სწორი განსაზღვრა და ცოდნა,რაც ზოგჯერ სირთულეს წარმოადგენს — ავადმყოფობათა მკურნალობის და პრევენციის ძირითადი საწინდარია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტატიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 241—242.
  • ვ.ყიფიანი, პათოფიზიოლოგიის სახელმძღვანელო,ტ.1. ზოგადი პათოფიზიოლოგია,2009.
  1. (2002) Aetiology, 2nd ed., Oxford University Press. ISBN 0-19-521942-2.