ანატომია (ლათ. anatomia, anatomicus, ბერძნული სიტყვიდან ბერძ. ἀνατομία; ბერძ. ἀνα — კვლავ, ზემოდან + ბერძ. τέμνω — ვჭრი, ვჩეხავ, ვკვეთავ) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ორგანიზმისა და მისი ორგანოების ფორმას და აგებულებას.

Mondino dei Liuzzi, Anathomia, 1541

განვითარების ისტორია რედაქტირება

ანატომიის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს არისტოტელემ და კ. გალენოსმა. გალენოსის ანატომიის (რომელიც ძირითადად მაიმუნისა და ძაღლის შესწავლაზე იყო დაფუძნებული) კრიტიკული გადასინჯვა დაიწყო IX-XII საუკუნეებში. თანამედროვე ანატომიის ფუძემდებელია ბელგიელი მეცნიერი ანდრეას ვეზალიუსი. XVII საუკუნეში დასაბამი მიეცა მიკროსკოპულ ანატომიას. ანატომიის განვითარება რუსეთში დაიწყო მას შემდეგ, რაც პეტრე I-მა ნიდერლანდებში შეიძინა ფ. რუიშის ანატომიური მუზეუმი. ნ. პიროგოვმა ცალკე დარგად განავითარა ქირურგიული ანუ ტოპოგრაფიული ანატომია.

ქართული მედიცინის ძეგლებში — „უსწორო კარაბადინი“, „წიგნი სააქიმოჲ“, აგრეთვე თარგმნილ თეოლოგიურ-ფილოსოფიურ ტრაქტატებში — „ბუნებისათვის კაცისა“, „კაცისა შესაქმისათვის“ და სხვა. მრავლად მოიპოვება ანატომიური ტერმინები და ცნობები ანატომიიდან. „სამკურნალო წიგნი-კარაბადინის“ ავტორი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი საინტერესოდ განიხილავს ცალკეული ორგანოების ანატომიას და ფუნქციას. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში განმარტებულია 50-მდე ანატომიური და ფიზიოლოგიური ტერმინი.

მეცნიერება ანატომიის განვითარებას საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ა. ნათიშვილმა. მან დააარსა ანატომიის კათედრები თსუ სამკურნალო ფაკულტეტზე, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ფიზკულტურისა და ზოოვეტერინარულ ინსტიტუტებში. უხელმძღვანელა ქართული ანატომიის ტერმინოლოგიის დამუშავებისა და გამოცემის საქმეს და აღწერა ანატომიის პირველი ორიგინალური სახელმძღვანელოები. 1946 წელს მეცნიერებათა აკადემიასთან მისი თაოსნობით შეიქმნა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი.

ქართველ ანატომთა შრომების დიდი ნაწილი ეხება საჭმლის მომნელებელი სისტემის განვითარებასა და ჩამოყალიბებას (ა. ნათიშვილი, ზ. მაისურაძე, ვ. ცეცხლაძე) და საჭმლის მომნელებელი ორგანოების გარდაქმნას ექსპერიმენტის შედეგად (ა. ნათიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, მ. კომახიძე, ვ. აბაშიძე). შესწავლილია ორგანოებისა და სისტემების ფორმის უკიდურესი ცვალებადობა (დ. იოსელიანი, ნ. დემეტრაძე, მ. სრესელი, მ. ტატიშვილი, შ. თოიძე, ვ. ქურდოვანიძე, ს. კახიანი, შ. ქევანიშვილი), ზურგის ტვინის ნერვული წნულები, სიმპათიკური წველი და მათი ურთიერთკავშირების ფორმირება ონტოფილოგენეზში (ნ. ჯავახიშვილი, ვ. აბაშიძე, ს. კახიანი, შ. ჭანტურია). ცალკეული მიდამოსა და ორგანოს ინერვაციის თავისებურებებისა და ნერვის დაზიანების გავლენა ქსოვილებზე (დ. იოსელიანი, მ. ტატიშვილი), თავის ტვინის ქერქის განფენილობა (ა. მალაევი, გ. თვალაძე), გულ-სისხლძარღვთა სისტემის ონტო-ფილოგენეზი, კოლატერალური სისხლის მიმოქცევის წყაროები და განვითარების შესაძლებელი ფარგლები, ინტრაორგანული სისხლძარღვების არქიტექტონიკა, კაპილარული ქსელის ორგანო და ქსოვილსპეციფიკურობა და გარდაქმნა სხვადასხვა პათოლოგიურ მდგომარეობისა და ექსპერიმენტის საპასუხოდ (მ. კომახიძე, ნ. ჯავახიშვილი, მ. ტატიშვილი, თ. ლიბრაძე, ნ. მამფორია, ლ. შელია), ლიმფური სისტემის მორფოლოგია, ვერტიკალური სტატიკისა და ლოკომოციის ევოლუციის, საყრდენ-სამოძრაო აპარატის შედარებითი ანატომიის საკითხები (ზ. კაციტაძე). დადგენილია მიოკარდიუმის კვების შესაძლებლობა სისხლის უკუდინებით. სისხლძარღვების ხელოვნური შემცვლელების მოგვიანებული თრომბოზის მექანიზმი, არტერიის შენაცვლების შესაძლებლობა ვენის პლასტიკით (ნ. ჯავახიშვილი, მ. კომახიძე). პიელოვენური რეფლუქსისა და ჰეპატურ-რენალური სინდრომის მორფოლოგიური სუბსტრატი (მ. ტატიშვილი). ფილტვის სეგმენტური დანაწილება (თ. ღიბრაძე), ღვიძლის ბილიო-ვასკულარული სეგმენტების საზღვრები (ნ. მამფორია), აგრეთვე დაზიანებული სათესლის რეგენერაციის სტიმულის შესაძლებლობა (ნ. ჭიჭინაძე), პლაცენტის მორფო სტრუქტურული თავისებურება და ნაყოფის ანტენატალური განვითარება (რ. ხუცურიანი), ქალის სასქესო ორგანოების ლიმფური კალაპოტი და საშვილოსნოს მიკროცირკულაციის ასაკობრივი ინვოლუცია (მ. აბესაძე) და სხვა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება