ლოგოპედია (ძვ. ბერძნ. λόγος [logos] — „სიტყვა“ და παιδεύω [paideia] — „აღზრდა“, „სწავლება“) — კორექციული პედაგოგიკის დარგი, რომელიც შეისწავლის მეტყველების ნაკლს ნორმალური სმენის პირობებში, ამუშავებს სპეციალურ პედაგოგიურ ხერხებსა და მეთოდებს მისი გამოსწორებისა და ნორმალური მეტყველების აღდგენისათვის. ლოგოპედია მჭიდროდ უკავშირდება პედაგოგიკას, ფსიქოლოგიას, ენათმეცნიერებას, ნევროპათოლოგიას, ფსიქიატრიას, ოტოლარინგოლოგიას, ანატომია-ფიზიოლოგიას, სამკურნალო ფიზკულტურას და სხვას. საკორექციო-აღმზრდელობითი ღონისძიებანი საჭიროებისამებრ ეხმარება სამედ. რეკომენდაციებსა და მკურნალობას.

ლოგოპედია კორექციული პედაგოგიკის ერთ-ერთი დარგია. ლოგოპედიური მუშაობის დროს ხდება სამეტყველო მოტორიკის დამუშავება სწორი ბგერათწარმოთქმისთვის, ფონემატური სმენის მოწესრიგება; ნორმალიზდება მეტყველების ტემპი და რიტმი; მუშავდება ხმა, ტემბრი, წარმოთქმის მკაფიოობა, ინტონაცია, გამომხატველობითი მეტყველება, საერთო და წვრილი მოტორიკა (მოტორიკა, მიმიკა, პანტომიმიკა); ხდება აზროვნების, მეხსიერების სხვადასხვა ფორმის, ყურადღების, წარმოსახვის, დანახულის აღქმის, დამახსოვრებისა და მათი თანამიმდევრულად მეტყველებაში გადმოტანის თვისების ჩამოყალიბება, პასიური და აქტიური მარაგის გამდიდრება, მათი სწორი გრამატიკული ფორმით დალაგება და გამოყენების უნარის ჩამოყალიბება.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დროს ლოგოპედიური საქმიანობის დამწყებად მიიჩნევა ა. კაიშაური, ხოლო ლ-ის მეცნ. საფუძვლებზე დაყენება დაკავშირებულია გ. ახვლედიანის სახელთან. ამ პერიოდში მოქმედებდა 160-ზე მეტი ლოგოპედიური პუნქტი და კაბინეტი. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა ი. გოგებაშვილის პედ. ინსტიტუტის დეფექტოლოგიის სექტორში.

ამჟამად ლოგოპედიურ საქმიანობას ეწევიან პედაგოგიკის სპეციალისტები. XX საუკუნის უკანასკნელი ათწლეულების მიღწევებმა ბიოლოგიის, ემბრიოლოგიის, გენეტიკისა და იმუნოლოგიის დარგებში შესაძლებელი გახადა მეტყველების ნაკლოვანებათა ეტიოლოგიის უფრო ღრმად შესწავლა, რამაც დაადასტურა გარეგანი და შინაგანი მავნე ფაქტორების გავლენა ენის/მეტყველების შეფერხების წარმოქმნაზე. ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა იწყება მუცლადყოფნის პერიოდიდან. თანამედროვე ლოგოპედია ორიენტირებულია შეისწავლოს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის ონტოგენეზი მისი შეფერხების სხვადასხვა ფორმის დროს; განსაზღვროს შეფერხების გავრცელება, სიმპტომატიკა და გამოვლენის დონე. გამოამჟღავნოს და დაადგინოს ენობრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვის განვითარების დინამიკა და კავშირი ბავშვის ნეიროფსიქოლოგიურ, ემოციურ თუ ქცევით განვითარებასთან მიმართებით. ლოგოპედია ასევე შეისწავლის იმ ბავშვთა მეტყველების განვითარების თავისებურებებს, რომელთა შეფერხებასაც ბიოლოგიური საფუძველი გააჩნია; იკვლევს მეტყველების შეფერხების ეტიოლოგიას, მექანიზმებს, სტრუქტურასა და სიმპტომატიკას; სისტემაში მოჰყავს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევები; შეიმუშავებს შეფერხების აღმოფხვრის პრინციპებს, დიფერენცირებულ მეთოდებსა და საშუალებებს; სრულყოფს მეტყველების პროფილაქტიკის მეთოდებსა და ლოგოპედიური დახმარების საორგანიზაციო საკითხებს. დასახული ამოცანების გადაწყვეტისათვის ლოგოპედი, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობაში რთავს იმ სპეციალისტებს, რ-ებიც სწავლობენ მეტყველების დარღვევებს და მის სახეებს.

თანამედროვე ლოგოპედია განიხილება, როგორც მეტყველების თერაპია, რაც ნიშნავს კომუნიკაციის პრობლემებისა და მეტყველების დარღვევების შეფასებასა და მკურნალობას. მას ასრულებენ მეტყველების ენის პათოლოგები (SLP), რომლებსაც ხშირად „სიტყვით თერაპევტებს“ უწოდებენ. სიტყვის თერაპია მოიცავს სასახსრე თერაპიას, ენის ჩარევის აქტივობებსა და სხვა, რაც დამოკიდებულია სიტყვის ან ენის დარღვევის ტიპზე. მეტყველების თერაპია გამოიყენება იმ დარღვევებისთვის, რომლებიც ვითარდება ბავშვებში ან მოზრდილებში და გამოწვეულია ტრავმით ან დაავადებით. მეტყველებისა და ენის რამდენიმე დარღვევის (არტიკულაციის, თავისუფლად მუშაობის, რეზონანსული, ექსპრესიული, კოგნიტურ-კომუნიკაციური დარღვევები, აფაზია, დიზართრია და სხვ.) დროს მკურნალობა შეიძლება ლოგოპედიით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რ. თაყაიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 277.
  • ახვლედიანი გ., ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949;
  • გაბაშვილი ზ., მეტყველების ანომალიები, წგ.: პედაგოგიური ფსიქოლოგია, ნაწ. 1, თბ., 1962;
  • თაყაიშვილი რ., ენამოშლილობა და მისი სახეები, „სკოლა და ცხოვრება“, 1970, №7;
  • კაიშაური ა., ლოგოპედია, წგ. 1, თბ., 1955;
  • ლოგოპედიური მუშაობა სკოლაში, თბ., 1960;
  • ქელბაქიანი ა., დიდაქტიკური სათამაშო სავარჯიშოების გამოყენება ლოგოპედიურ მუშაობაში, „დაწყებითი სკოლა, სკოლამდელი აღზრდა“, 1969, №4;
  • Басова А. Г., Егоров С. Ф., История сурдопедагогики, М., 1984;
  • Hоwell P., Recovery From Stuttering; NY., 2011.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება