გრანმა — იახტა, რომლითაც 1956 წელს კუბის რევოლუციის 82 მებრძოლი მექსიკიდან კუბაში შევიდა, დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას რეჟიმის დასამხობად. 60 ფუტიანი დიზელზე მომუშავე კაბინიანი კრუიზერი 1943 წელს იყო გამოშვებული და გათვლილი იყო მხოლოდ 12 ადამიანზე. სახელი გრანმა მომდინარეობს ინგლისური სიტყვა grandmother-დან (ბებია) და როგორც ამბობენ, ეს სახელი მის პირველ მფლობელს თავის ბებიის პატივსაცემად ჰქონდა დარქმეული.

გრანმას მარშრუტი
გრანმა ჰავანის რევოლუციის მუზეუმში

როლი კუბის რევოლუციაში

რედაქტირება

იახტა 1956 წლის 10 ოქტომბერს, 50 000 მექსიკურ პესოდ (US$ 15 000) შეიძინეს ამერიკულ Schuylkill Products Company, Inc-ის ბაზაზე, მექსიკის მოქალაქისგან, რომლის თქმითაც ის მეხიკოში იარაღით მოვაჭრე ანტონიო დელ კონდე იყო, ფიდელ კასტროს საიდუმლო წარმომადგენელი. კასტროს 26 ივლისის მოძრაობას სურდა შეეძინა ამერიკული სამაშველო გემი, რათა მექსიკის ყურის გადაკვეთა თამამად შეძლებოდათ, მაგრამ სახსრების ნაკლებობის გამო, მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. გრანმას შესაძენი ფული მათ აშშ-ის ფლორიდის შტატიდან, კუბის ყოფილმა პრეზიდენტმა კარლოს პრიო სოკარასმა გამოუგზავნა.

1956 წლის 25 ნოემბრის შუაღამეს, გრანმამ სტატრი მექსიკის ქალაქ ტუქსპანის პორტიდან აიღო, ბორტზე იმყოფებოდა 26 ივლისის მოძრაობის 82 აქტივისტი, მათ შორის იყვნენ მათი ლიდერი — ფიდელ კასტრო, მისი ძმა რაულ კასტრო, ჩე გევარა და კამილო სიენფუეგოსი. ეკიპაჟმა, რომელთაც შემდეგ los expedicionarios del yate Granma უწოდეს, ტუქსპანის პორტი ღამის 1 საათზე დატოვა და მრავალი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, რომელთა შორისაც უმთავრესი იყო გემის გადატვირთულობა და მართვის გაძნელება, 2 დეკემბერს პლაია-ლას-კოლორადასს მიადგა, ნიკეროს მუნიციპალიტეტში, დღევანდელ გრანმის პროვინციას, რომელიც იმ დროს მსხვილი ორიენტეს პროვინციის ნაწილი იყო. გემს მართავდა ნორბერტო კოლიადო აბრეუ — კუბელი ვეტერანი მეზღვაური და კასტროს მოკავშირე. ეს ადგილი ამორჩეულ იქნა იმის გამო, რომ გაემეორებინათ ეროვნული გმირის, ხოსე მარტის გზა, რომელიც 61 წლით ადრე, კუბის დამოუკიდებლობისათვის ომის დროს სწორედ ამ სანაპიროზე გადმოვიდა.

მიწაზე გადასვლა

რედაქტირება

დაკარგულებმა ხმელეთს მივაღწიეთ, აჩრდილებივით დავწანწალებდით. შვიდი დღის განმავლობაში მთლად მშივრები და დასნეულებულები ვიყავით და ხმელეთზე სამი საშინელი დღე გავატარეთ. მექსიკის დატოვებიდან ზუსტად 10 დღის შემდეგ, 5 დეკემბრის ადრე დილის საათებში, ჩვენ როგორც იქნა მივაღწიეთ ადგილს, რომელსაც პარადოქსულად Alegría de Pío ერქვა (ღვთისმოსავის სიხარული). — ჩე გევარა.

რევოლუციის შემდეგ

რედაქტირება

რევოლუციური ძალების 1959 წლის 1 იანვრის ტრიუმფიდან სულ მალე, კრუიზერი ჰავანის უბეში გადაიტანეს. იახტის მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებლობა 1956 წლის მოგზაურობის მესაჭემ, ნორბერტო კოლიადო აბრეუმ აიღო.

1976 წლიდან, იახტის ნახვა შესაძლებელია ჰავანის რევოლუციის მუზეუმში, სადაც ის სპეციალურ შემინულ საცავშია განთავსებული. ძველი ორიენტეს პროვინციის იმ ნაწილს, რომელსაც იახტა მიადგა, მის პატივსაცემად გრანმის პროვინცია უწოდეს, კონკრეტულად ამ ადგილზე კი შეიქმნა გრანმის ეროვნული პარკი, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნების გამო შემდეგში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება