გრძედი
გრძედი (Longitude) — ერთ-ერთი კოორდინატი სფერულ კოორდინატთა სისტემის რიგში, რომელიც ადგენს დედამიწის ზედაპირის წერტილების მდგომარეობას (გეოგრაფიული კოორდინატები, გეოდეზიური კოორდინატები), ციურ სფეროებსა (ციური კოორდინატები) და მზის, მთვარისა და პლანეტების ზედაპირზე (ჰელიოცენტრული კოორდინატები, სელენოგრაფიული კოორდინატები, პლანეტოგრაფიული კოორდინატები). გეოგრაფიული გრძედი „λ“ არის ორწახნაგა კუთხე მოცემული წერტილის მერიდიანის სიბრტყესა და საწყისი მერიდიანის სიბრტყეს შორის. მას აითვლიან საწყისი მერიდიანიდან აღმოსავლეთით (ა. გ.) და დასავლეთით (დ. გ.) 0-იდან 180°-მდე. პრაქტიკულად გრძედი განისაზღვრება მერიდიანებს შორის დროთა სხვაობით, ამიტომ იგი კუთხური ზომების ნაცვლად, შეიძლება დროის ერთეულებშიც (სთ, წთ, წმ) გამოისახოს. აღმოსავლეთი გრძედები მიიჩნევა დადებითად, ხოლო დასავლეთი გრძედები — უარყოფითად. საწყისი მერიდიანი შერჩეულია პირობითად და გადის გრინვიჩის ობსერვატორიაზე, რომელიც ლონდონის ახლოს მდებარეობს. გარდა მისა, საწყის მერიდიანად სხვადასხვა დროს სხვადასხვა მერიდიანი იყო მიჩნეული. ნებისმიერი მერიდიანის გრძედის გრადუსები გლობუსსა და ნახევარსფეროების რუკაზე აღინიშნება ეკვატორზე. დედამიწის ნებისმიერი წერტილის განედი და გრძედი არის მისი გეოგრაფიული კოორდინატები. განასხვავებენ ასტრონომიულ და გეოდეზიურ გრძედებს. ასტრონომიული გრძედი დედამიწის ზედაპირზე ტოლია ადგილობრივი დროის სხვაობას. გეოდეზიური გრძედი განისაზღვრება გეოდეზიური გაზომვების გზით. ასტრონომიული გრძედი აგრეთვე ეწოდება ერთ-ერთ კოორდინატს ციურ კოორდინატთა ეკლიპტიკურ სისტემაში.
დედამიწის რუკა | |
გრძედი (λ) | |
---|---|
ამ პროექციაზე არსებული გრძედის ხაზები გამრუდებულია და ვერტიკალურ მდგომარეობაშია განლაგებული, თუმცა, სინამდვილეში ისინი წარმოადგენენ დიდი წრეების ნახევარს. | |
განედი (φ) | |
ამ პროექციაზე არსებული განედის ხაზები სწორია და ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია განლაგებული, თუმცა, სინამდვილეში ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა რადიუსის მქონე წრეწირებს. ერთ განედზე არსებულ ყველა წერტილს გააჩნია საერთო სახელწოდოება განედის წრე. | |
ეკვატორი პლანეტას ყოფს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად და განლაგებულია ნულოვან (0°) განედზე. | |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გრძედი“ ვიკისაწყობში.
- გეოგრაფიული კოორდინატები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- გრძედი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)