ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბაჰამის კუნძულები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბაჰამის კუნძულები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ბაჰამის კუნძულები (ინგლ. Bahamas), ოფიციალურად ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა (ინგლ. Commonwealth of the Bahamas) — ინგლისურენოვანი ქვეყანა ატლანტის ოკეანეში. მდებარეობს კუბისა და კუნძულ ჰაიტის (დომინიკელთა რესპუბლიკა და ჰაიტი) ჩრდილოეთით, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულების ჩრდილო-დასავლეთით, აშშ-ის შტატის, ფლორიდის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ფლორიდა-კისის არქიპელაგის აღმოსავლეთით. შედგება 700-ზე მეტი დიდი და მომცრო კუნძულისგან. ქვეყნის დედაქალაქია კუნძულ ნიუ-პროვიდენსზე მდებარე ნასაუ. გეოგრაფიულად, ბაჰამის კუნძულები კუბის სიახლოვეს მდებარეობს, რომელიც ისპანიოლასთან და იამაიკასთან ერთად დიდი ანტილის კუნძულებს მიეკუთვნება. ინგლისური სახელწოდება „ბაჰამები“ (Bahamas) აღნიშნავს თავად ქვეყანასა და გეოგრაფიულ ჯაჭვს, რომელსაც ის იზიარებს ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებთან ერთად. ვესტ-ინდოეთის კუნძულთა სამ ჯგუფს შეადგენს: ბაჰამის კუნძულები, დიდი ანტილის კუნძულები და მცირე ანტილის კუნძულები. როგორც ბაჰამის სამეფო თავდაცვის მანიფესტშია ნათქვამი, ბაჰამების ტერიტორია ოკეანის 180 000 მილ სივრცეს მოიცავს, დასავლეთიდან იწყება კი-სალ-ბენკიდან და კი-ლობოსიდან (კუბის სანაპიროსთან) და მთავრდება სან-სალვადორთან. აღსანიშნავია, რომ ბაჰამის კუნძულები იმაზე დიდია, როგორც ის ზოგიერთ წყაროშია მოხსენიებული.

ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა
ინგლ. Commonwealth of the Bahamas
ბაჰამის კუნძულები
ბაჰამის კუნძულების
დროშა გერბი
დევიზი: Forward, Upward, Onward Together
ჰიმნი: March On, Bahamaland
ბაჰამის კუნძულების მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ნასაუ
25°04′ ჩ. გ. 77°20′ დ. გ. / 25.067° ჩ. გ. 77.333° დ. გ. / 25.067; -77.333
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატიის კონსტიტუციური მონარქია[1][2]
 -  მონარქი ჩარლზ III
 -  გენერალ-გუბერნატორი მარგარიტ პინდლინგი
 -  პრემიერ-მინისტრი ჰუბერტ მინისი
ფართობი
 -  სულ 13 878 კმ2 (160-ე)
 -  წყალი (%) 28
მოსახლეობა
 -  2010 შეფასებით 353 658[3] (177-ე)
 -  1990 აღწერა 254 685 
 -  სიმჭიდროვე 23,27 კაცი/კმ2 (181-ე)
მშპ (მუპ) 2012 შეფასებით
 -  სულ $11.055 მილიარდი[4] 
 -  ერთ მოსახლეზე $31,382[4] 
აგი (2011) 0.771[5] (მაღალი) (53-ე)
ვალუტა ბაჰამური დოლარი (BSD)
დროის სარტყელი UTC-05:00
 -  ზაფხულის (DST) UTC-04:00 (UTC)
ქვეყნის კოდი BHS
Internet TLD .bs
სატელეფონო კოდი +1-242

კუნძულები თავდაპირველად დასახლებული იყო ლუკაიანის ხალხით, რომელიც არავაკულ ენებზე მოლაპარაკე ტაინოს ხალხის განშტოებაა. ბაჰამის კუნძულები პირველი ადგილი იყო, სადაც 1492 წელს ახალი მსოფლიოს ხმელეთზე გადავიდა ქრისტეფორე კოლუმბი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებს ბაჰამების კოლონიზაცია არასოდეს მოუხდენიათ, ადგილობრივი ლუკაიანები მათ მონებად გაჰყავდათ კუნძულ ისპანიოლაზე. კუნძულები თითქმის მთლიანად გაუდაბნოვდა 1513-1648 წლებში, როდესაც ინგლისელი კოლონისტები ბერმუდიდან კუნძულ ელიუთერაზე დასახლდნენ.

1718 წელს, როდესაც ბრიტანელებმა მკაცრი ზომები მიიღეს მეკობრეობის წინააღმდეგ, ბაჰამის კუნძულები ბრიტანეთის სამეფო კოლონია გახდა. ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ, თავიანთ აფრიკელ მონებთან ერთად, ბაჰამის კუნძულებზე ათასობით ამერიკელი ლოიალისტი გადასახლდა, სადაც მათ პლანტაციური ეკონომიკა დააფუძნეს. მას შემდეგ, რაც 1807 წელს ბრიტანეთმა გააუქმა საერთაშორისო მონებით ვაჭრობა, სამეფო ფლოტმა კუნძულებზე ჩაასახლა მრავალი გათავისუფლებული აფრიკელი, რომლებიც არალეგალური მონათა გემებიდან დაიხსნეს. ფლორიდიდან ბაჰამის კუნძულებზე გაიქცა ათასობით ამერიკელი მონა და შავი სემინოლი, დაახლოებით 500 კი გაათავისუფლეს ამერიკული სავაჭრო გემებიდან. ბაჰამის კუნძულებზე მონობა 1834 წელს გაუქმდა. დღეისათვის, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენს მონათა და გათავისუფლებულ აფრიკელთა შთამომავლობა. 1973 წელს ბაჰამები თანამეგობრობის სამეფოს ნაწილი გახდა და თავის მონარქად ჩარლზ III-ს აღიარებს.

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით, ბაჰამის კუნძულები ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა მთელ ამერიკაში (აშშ-ისა და კანადის შემდეგ).[6]

სახელის ეტიმოლოგია

სახელწოდება „ბაჰამა“ მომდინარეობს ესპანური ბაჰა მარიდან (baja mar - თავთხელი ზღვა). ინგლისურში, ამ ქვეყნის სახელწოდება იმ ორი ქვეყნის სახელს შორისაა, რომლებსაც წინ არტიკლი „the“ დაერთვის. მეორე მათგანია გამბია (the Gambia).[7]

ისტორია

 
ლუკაიანის თავის ქალა. ტაინოს ეს ხალხი ბაჰამის კუნძლების თავდაპირველი მოსახლეობა იყო.

ახალი წელთაღრიცხვის დაახლოებით XI საუკუნეში, სამხრეთ ამერიკიდან კუბასა და კუნძულ ისპანიოლაზე მიგრირებული ტაინოს ხალხი ამჯერად სამხრეთ ბაჰამის კუნძულებზე გადასახლდა. ეს ხალხი ტაინოს ერთ–ერთი განშტოება — ლუკაიანები იყვნენ. 1492 წელს ბაჰამის კუნძულებზე ქრისტეფორე კოლუმბის მისვლისთვის, იქ დაახლოებით 30 000 ლუკაიანი სახლობდა. ახალ მსოფლიოში, კოლუმბი ხმელეთზე პირველად კუნძულ სან-სალვადორზე გადავიდა (ლუკაიანებისთვის ცნობილი, როგორც გუანაჰანი), რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი თანამედროვე კუნძულ სან-სალვადორთან აიგივებს. იგი ბაჰამის კუნძულების სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ალტერნატიული თეორიის თანახმად, კოლუმბი პირველად გადავიდა კუნძულ სამანა-კის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. აღნიშნული თეორია ემყარება 1986 წელს National Geographic-ის მწერლისა და რეჟისორის, ჯოზეფ ჯადჯის გამოთვლებს. თუმცა, ამ თეორიას აკლია დამაჯერებელი მტკიცებულებები. იმ კუნძულზე, რომელზეც კოლუმბი პირველად გადავიდა, მან პირველი კონტაქტი დაამყარა ლუკაიანებთან, როდესაც მათ საქონელი გაუცვალა.

ესპანელები გამალებით ცდილობდნენ ისპანიოლას ლუკაიანი მოსახლეობა სამუშაო ძალად გამოეყენებინათ, რასაც თან ახლდა დაავადებების გავრცელება, რომელთა წინააღმდეგ ადგილობრივებს იმუნიტეტი არ ჰქონდათ. შესაბამისად, საკმაოდ გაიზარდა მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ბაჰამის მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა. კოლუმბის სტუმრობის შემდეგ, თან მოტანილმა ყვავილის ეპიდემიამ ტაინოს ინდიელები მთლიანად გაანადგურა, ზოგადად ბაჰამის კუნძულების მოსახლეობა კი გაანახევრა.[8]

დიდი ხნის მანძილზე ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ ევროპელებს კუნძულების კოლონიზაცია XVII საუკუნის შუა წლებამდე არ დაუწყიათ. თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ იყო კუნძულების დასახლების მცდელობა ესპანელების, ფრანგებისა და ბრიტანელების მიერ, ისევე როგორც სხვა ინდიელების მიერ. 1648 წელს, ინგლისელი პურიტანები ბერმუდიდან, უილიამ სეილეს მეთაურობით კუნძულ ელიუთერაზე ჩასახლდნენ. ამ ხალხმა კუნძულზე პირველი მუდმივი დასახლება დააარსეს და მათვე უწოდეს ამჟამინდელი სახელი — ელიუთერა, რაც ძველბერძნული სიტყვა „თავისუფლებიდან“ მომდინარეობს. მოგვიანებით ისინი კუნძულ ნიუ-პროვიდენსზეც დასახლდნენ.

1670 წელს, ინგლისის მეფე ჩარლზ II-მ კუნძულები კაროლინის ლორდ-მესაკუთრეებს უბოძა, რომლებმაც მეფისგან ისინი ვაჭრობის, გადასახადების დაწესების, გუნერნატორთა დანიშვნისა და ადმინისტრირების უფლებით მიიღეს. 1684 წელს დედაქალაქ ჩარლზ-ტაუნს (მოგვიანებით ეწოდა ნასაუ) ესპანელი მეკობრე ხუან დე ალკონი დაესხა თავს. 1703 წელს, როდესაც მიმდინარეობდა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, ფრანგთა და ესპანელთა გაერთიანებულმა ექსპედიციამ სულ მოკლე ხანში აიღო ბაჰამის დედაქალაქი.

XVIII-XIX საუკუნეები

 
დაფა ფლორიდის ბილ-ბაგზ-კეიპის სახელმწიფო პარკში, რომელიც ეძღვნება ასობით აფრო-ამერიკელ მონას, რომლებიც თავისუფლების მოპოვების მიზნით 1820-იან წლებში ბაჰამის კუნძულებზე გაიქცნენ.

მესაკუთრის ფორმის მმართველობის დროს, ბაჰამის კუნძულები მეკობრეთა სამოთხედ იქცა, ამ უკანასკნელთა შორის იყო ცნობილი და საძრახისი მეკობრე შავწვერაც. წესრიგის დამყარების მიზნით, 1718 წელს ბრიტანეთმა ბაჰამები სამეფო კოლონიად გამოაცხადა და გუბერნატორად ვუდს როჯერსი დანიშნა. სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მან მეკობრეობა აღკვეთა.[9] 1720 წელს, როჯერსი ადგილობრივ მილიციას წარუძღვა ესპანელთა შემოტევის მოსაგერიებლად.

ამერიკის რევოლუციური ომის დროს კუნძულები ამერიკის საზღვაო ფლოტის სამიზნე გახდა, რომელსაც კომოდორი ეზეკ ჰოპკინზი ხელმძღვანელობდა. ამერიკელმა მეზღვაურებმა დედაქალაქი ნასაუ 14 დღით დაიკავეს.

1782 წელს იორკტაუნთან ბრიტანელთა მარცხის შემდეგ, ნასაუს მისადგომებთან ესპანეთის ფლოტი გამოჩნდა, რომელსაც ქალაქი ბრძოლის გარეშე ჩაბარდა. მომდევნო წელს, პარიზის ზავის საფუძველზე ესპანეთმა ბრიტანეთისგან ბაჰამის კუნძულები დაიბრუნა.

ამერიკის დამოუკიდებლობის შემდეგ, ბრიტანეთმა ნიუ-იორკიდან, ფლორიდიდან და კაროლინიდან ბაჰამის კუნძულებზე დაახლოებით 7 300 ლოიალისტი და მათი მონები ჩაასახლა, მიზანი ამ უკანასკნელთა მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება იყო. ლოიალისტებმა რამდენიმე კუნძულზე პლანტაციები გააშენეს, დედაქალაქში კი პოლიტიკურ ძალად იქცნენ. ევროპელი ამერიკელები მათ მიერვე მოყვანილ აფრო-ამერიკელებს რიცხოვნობით ბევრად აჭარბებდნენ, ეთნიკური ევროპელები კი უმცირესობად რჩებოდნენ.

1807 წელს ბრიტანეთმა მონებით ვაჭრობა გააუქმა. მომდევნო ათწლეულებში, მათ ჩაასახლეს სამეფო ფლოტის მიერ ბაჰამის კუნძულების წყლებში მოძრავი მონათა გემებიდან გათავისუფლებული ათასობით აფრიკელი მონა. ბრიტანეთის იმპერიაში მონობა საბოლოოდ 1834 წლის 1 აგვისტოს გაუქმდა.

1820-იან წლებში, ათასობით ამერიკელი მონა და შავი სემინოლი ფლორიდიდან ბაჰამებისაკენ გაიქცა და ძირითადად ანდროსის კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჩასახლდა, სადაც მათ სოფელი რედ-ბეისი გააშენეს. თვითმხილველთა გადმოცემით, 1823 წლის მასიური სვლის შედეგად, დაახლოებით 27 კარპაჭითა და კანოეებითი ბაჰამებისკენ 300 ადამიანი გაიქცა. ეს მოვლენა 2004 წელს უკვდავყოფილ იქნა ფლორიდის ბილ-ბაგზ-კეიპის სახელმწიფო პარკში შესაბამისი აღნიშვნის დაფის აღმართვით.[10][11] ზოგიერთი მათი შთამომავალი დღემდე განაგრძობს შავი სემინოლების ტრადიციებს, რაც კალათების დაწვნასა და სავლავის გათხრის წესებში გამოიხატება.[12]

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული პარკების სამსახური, რომელიც მართავს მონების მიერ გაყვანილ ეროვნულ მიწისქვეშა რკინიგზას, აფრიკელი ბაჰამელების მუზეუმთან და ნასაუს კვლევით ცენტრთან ერთად მუშაობს სოფელ რედ-ბეის, როგორც ამერიკელი მონების თავისუფლების ძიებასთან დაკავშირებული ძეგლის იდენტიფიცირებაზე. მუზეუმმა შეისწავლა და დოკუმენტურად დაადასტურა სამხრეთ ფლორიდიდან შავი სემინოლების გაქცევა. ის ასევე გეგმავს რედ-ბეის იმ ისტორიული ძეგლების განმარტებითი პროგრამების განცორციელებას, რომლებიც დაკავშირებულია ბაჰამებზე შავი სემინოლების ჩასახლების პერიოდთან.[13]

1818 წელს,[14] ლონდონის სამსახურმა მტკიცედ ბრძანა, რომ „ბაჰამის კუნძულებზე მყოფი ნებისმიერი მონა, რომელიც მოყვანილია ბრიტანეთის ვესტ-ინდოეთის მიღმა ტერიტორიებიდან, გათავისუფლებული იქნება“. ამან განაპირობა ამერიკელების კუთვნილი დაახლოებით 300 მონის გათავისუფლება 1830-1835 წლებში.[15] 1830 წლის დეკემბერში და შემდეგ 1834 წლის თებერვალში, კუნძულ აბაკოსთან შეიპყრეს სანაპირო ზოლის მონებით ვაჭრობის კუთვნილი ორი ამერიკული გემი — Comet და Encomium. როდესაც შემპყრობლებმა გემის მეპატრონეები, მგზავრები და მონები ნასაუში წაიყვანეს, მიუხედავად ამერიკელთა პროტესტისა, საბაჟოს ოფიცრებმა მონები გადაარჩიეს და ეს უკანასკნელნი ბრიტანეთის კოლონიალურმა წარმომადგენლობამ გაათავისუფლა. Comet-ზე 165 მონა აღმოჩნდა, Encomium-ზე კი — 48. ბრიტანეთმა აშშ-ს ამ ორი შემთხვევის კომპენსაცია გადაუხადა, მაგრამ მხოლოდ საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ.[16]

1835 წელს ბრიტანეთის კოლონიალურმა წარმომადგენლობამ ასევე გაათავისუფლა ბერმუდისკენ მიმავალი ამერიკული გემის Enterprise-ის 78 მონა, 1840 წელს კი კუნძულ აბაკოსთან შეპყრობილი Hermosa-ს 38 მონა.[17] ყველაზე აღსანიშნავი შემთხვევა მოხდა 1841 წელს, როდესაც გემ Creole-ზე მონები აჯანყდნენ და ამბოხის ლიდერებმა ამერიკელებს ნასაუში წაყვანა უბრძანეს. გემზე 135 მონა იმყოფებოდა, რომლებიც ვირჯინიიდან ახალ ორლეანში მიჰყავდათ გასაყიდად. ბაჰამის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ 128 მონა გაათავისუფლა, რომელთაც კუნძულებზე დარჩენა გადაწყვიტეს. Creole-ის შემთხვევა მიჩნეულია „მონათა ყველაზე წარმატებულ აჯანყებად აშშ-ის ისტორიაში“.[18]

აღნიშნული ინცინდენტების შედეგად, 1842 წლისათვის ამერიკელების კუთვნილი სულ 447 მონა გათავისუფლდა, რამაც გაზარდა დაძაბულობა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საერთაშორისო მონებით ვაჭრობის წინააღმდეგ პატრულირებაში თანამშრომლობდნენ. საკუთარი საშინაო მონათვაჭრობის სიმტკიცითა და მასშტაბით შეწუხებული აშშ აპროტესტებდა ბრიტანეთის კუთვნილი გემების შესვლას და ხალხის დაპატიმრებას მის კოლონიურ პორტებში, რაც საერთაშორისო ვაჭრობის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. აშშ წუხდა, რომ Creole-ის შემთხვევა, როდესაც მონებმა თავისუფლებას მიაღწიეს, მონათა აჯანყებების წამახალისებელი აღმოჩნდებოდა სხვა სავაჭრო გემებზე.

XX საუკუნე

 
ედუარდ VIII, უინძორის ჰერცოგი და ბაჰამის კუნძულების გუბერნატორი 1940-1945 წლებში.

1940 წლის აგვისტოში, ტახტიდან გადადგომის შემდეგ, უინძორის ჰერცოგი ედუარდ VIII ბაჰამის გუბერნატორად დაინიშნა, რომელიც კუნძულებზე ცოლთან, ოულის სიმპსონთან ერთად ჩავიდა. მიუხედავად არამყარი პოზიციისა გუბერნატორის ოფისში, „ისინი ცდილობდნენ შეექმნათ საუკეთესო ცუდ სიტუაციაში“.[19] იგი თავის პოსტს დიდად არ გაუტაცია და კუნძულებს ახასიათებდა როგორც „ბრიტანეთის მესამე ხარისხის კოლონიას“.[20]

1940 წლის 29 ოქტომბერს მან ადგილობრივი პატარა პარლამენტი გახსნა. ნოემბერში წყვილი უენერ–გრენის იახტით სხვა „გარე კუნძლებს“ ესტუმრა, რამაც გარკვეული დავა წარმოშვა. ბრიტანეთის საგარეო ოფისს აღნიშნულ მოგზაურობასთან დაკავშირებით სასტიკი თავის მართლება მოუხდა,[21] რადგან აშშ–ის ინტელიგენციის მიერ უენერ–გრინი შეცდომით მიჩნეულ იქნა ნაცისტური გერმანიის სარდალ ჰერმან გერინგის მეგობრად.[21][22]

ჰერცოგმა კუნძულებზე სიღარიბის აღმოსაფხვრელად სასტიკი ბრძოლა გააჩაღა. 1991 წელს ფილიპ ზიეგლერის მიერ შედგენილ ბიოგრაფიაში იგი დახასიათებულია როგორც ბაჰამელებისა და ზოგადად მთელი იმპერიის არათეთრკანიანი ხალხების მოძულე.[23] 1942 წლის ივნისში, ჰერცოგმა შეუპოვრობა გამოიჩინა ნასაუს სამოქალაქო ამბოხის ჩახშობაში.[24] როგორც ზიეგლერი აღნიშნავს, ჰერცოგს დიდ პრობლემებს უქმნიდნენ კომუნისტები და ცენტრალურ ევროპელ ებრაელთა შთამომავლები, რომელთაც საიდუმლო სამსახურები ჰქონდათ.[25]

1945 წლის 16 მარტს ჰერცოგი თანამდებობიდან გადადგა.[26][27]

II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი

 
მონუმენტი სერ როლანდ სიმონეტის პარკის შესასვლელთან, კუნძულ ელიუთერის ჩრდილოეთ ნაწილში. ეძღვნება ბაჰამის კუნძულების პირველ პრემიერს სერ როლანდ სიმონეტს.

თანამედროვე პოლიტიკური განვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. პირველი პოლიტიკური პარტიები 1950-იან წლებში ჩამოყალიბდა. 1964 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა კუნძულები შიდა თვითმმართველ ძალაუფლებად აღიარა, რომლის პირველი პრემიერი იყო სერ როლანდ სიმონეტი გაერთიანებული ბაჰამური პარტიიდან.

1965 წელს, ნაწილობრივ ნასაუში გადაიღეს ჯეიმზ ბონდის მეოთხე ფილმი „სფერული ელვა“. ამავე წელს, კუნძულ ნიუ-პროვიდენსსა და პარადაისზე გადაიღეს The Beatles-ს ფილმის „მიშველე!“ სცენები.

1967 წელს, ლინდენ პინდლინგი პროგრესული ლიბერალური პარტიიდან კოლონიის პირველი შავკანიანი პრემიერი გახდა. 1968 წელს პოსტის სახელი შეიცვალა და ეწოდა პრემიერ-მინისტრი. 1973 წელს ბაჰამის კუნძულები სრულიად დამოუკიდებელი გახდა თანამეგობრობის სამეფოში და შეინარჩუნა ერთა თანამეგობრობის წევრობა. დამოუკიდებლობიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ, პირველ გენერალ-გუბერნატორად (გაერთიანებული სამეფოს მონარქის ოფიციალური წარმომადგენელი) დაინიშნა მილო ბატლერი.

ტურიზმსა და ოფშორული ფინანსებზე დაფუძნებულმა ბაჰამის ეკონომიკამ 1950-იანი წლებიდან აღმავლობა დაიწყო. თუმცა, დღემდე დღის წესრიგში რჩება ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, საბინაო ფონდი, საერთაშორისო ნარკოვაჭრობა და არალეგალური იმიგრაცია ჰაიტიდან.

ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემას ქმნის ბაჰამის კუნძულების კოლეჯი. კოლეჯს გააჩნია ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და ასოცირებული ხარისხები, ფლობს სამ კამპუსს და სასწავლო-კვლევით ცენტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გეოგრაფია და კლიმატი

 
ბაჰამის კუნძულების ხედი კოსმოსიდან. ნასას თანამგზავრ Aqua-ს ფოტო, 2009 წ.

ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 20° - 28°-სა და დასავლეთ გრძედის 72° - 80°-ს შორის.

1864 წელს, ბაჰამის კუნძლების გუბერნატორი იტყობინებოდა, რომ კოლონია მოიცავდა 29 კუნძულს, 661 კის და 2 387 კლდეს.[28]

აშშ-სთან მდებარე უახლოესი კუნძულია ბიმინი, რომელსაც ბაჰამის კუნძულების კარიბჭეს უწოდებენ. კუნძულ დიდი ბაჰამის აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული აბაკო. უკიდურესი სამხრეთი კუნძულია ინგაუა. უდიდესი კუნძულია ანდროსი. სხვა დასახლებულ კუნძულთა შორისაა ელიუთერა, კეტი, ლონგ-აილენდი, სან-სალვადორი, აკლინსი, კრუკედ-აილენდი, ეკსუმა და მაიაგუანა. ქვეყნის დედაქალაქი ნასაუ კუნძულ ნიუ-პროვიდენსზე მდებარეობს.

ყველა კუნძული დაბალი და ბრტყელია. ზოგან შეიმჩნევა ქედები, რომელთა სიმაღლეც როგორც წესი 15-20 მეტრს არ აჭარბებს. ქვეყნის უმაღლესი წერტილია ალვერნიის მთა (ყოფილი კომოს ბორცვი) კუნძულ კეტზე. მისი სიმაღლე 63 მეტრია.

სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები, რომლებიც გეოგრაფიულად ბაჰამის კუნძულების გაგრძელებას წარმოადგენს, თუმცა ისინი დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს მიეკუთვნება.

 
2005 წელს ქარიშხალ ვილმას შედეგად დაზიანებული სახლები.

კლიმატი

ბაჰამის კუნძულების კლიმატი სუბტროპიკულიდან ტროპიკულში გარდამავალია და მნიშვნელოვნადაა შერბილებული გოლფსტრიმის დინების წყლის გავლენით, განსაკუთრებით ზამთარში. საპირისპიროდ, ეს ფაქტი ხშირად ძალიან სახიფათოა ზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც კუნძულების ან მათ სიახლოვეს ქარიშხლები ქრის. 1992 წლის ატლანტიკური ქარიშხლების სეზონის დროს, ჩრდილოეთ კუნძულებს ქარიშხალმა ენდრიუმ შეუტია, 1999 წელს უმრავლეს კუნძულს გადაუარა ქარიშხალმა ფლოიდმა, 2011 წელს კი ქარიშხალმა აირინმა არქიპელაგი მთლიან სიგრძეზე გადაკვეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაჰამის კუნძულების ისტორიაში ყინვა არასოდეს დაფიქსირებულა, ტემპერატურა ხანდახან 2–3 °C (35,6–37,4 °F)-მდე ეცემა არქტიკული აფეთქებების დროს, რომელიც გავლენას ახდენს ფლორიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1977 წლის იანვარში, წვიმაში გარეული თოვლი დაფიქსირდა ქალაქ ფრიპორტში, როდესაც ასევე თოვდა მაიამიში.[29] ამ დროისათვის ტემპერატურა 4,5 °C (40,1 °F) იყო.

წლიური ამინდი — ნასაუ
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
საშუალო მაღალი °F 78 78 80 82 85 88 90 90 89 86 82 79
საშუალო დღიური °F
საშუალო დაბალი °F 63 63 64 67 71 74 75 75 75 73 69 65
ნალექი დუიმი 1.9 1.9 2.1 2.7 4.2 8.6 6.3 9.3 6.5 6.4 3.2 2
საშუალო მაღალი °C 25.4 25.5 26.6 27.9 29.7 31.0 32.0 32.1 31.6 29.9 27.8 26.2
საშუალო დღიური °C
საშუალო დაბალი °C 17.3 17.3 17.9 19.6 21.4 23.3 24.0 24.0 23.7 22.5 20.6 18.3
ნალექი მმ 47.2 49.5 54.4 69.3 105.9 218.2 160.8 235.7 164.1 161.8 80.5 49.8
წყარო: მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია (გაერო),[30] ჰონგ-კონგის ობსერვატორია[31] {{{accessdate}}}
ზღვის საშუალო ტემპერატურა
იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი
73 °F

23 °C

73 °F

23 °C

75 °F

24 °C

79 °F

26 °C

81 °F

27 °C

82 °F

28 °C

82 °F

28 °C

82 °F

28 °C

82 °F

28 °C

81 °F

27 °C

79 °F

26 °C

75 °F

24 °C

მთავრობა და პოლიტიკა

 
ბაჰამის კუნძულების პარლამენტი დედაქალაქ ნასაუში.

ბაჰამის კუნძულები საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქიაა, რომლის მეთაურია მეფე ჩარლზ III ტიტულით ბაჰამის მეფე. პოლიტიკური და სამართლებრივი ტრადიციები მჭიდროდ მიჰყვება გაერთიანებული სამეფოსა და უესტმინსტერის სისტემებს. ორი ძირითადი პარტიაა თავისუფალი ნაციონალური მოძრაობა და პროგრესულ ლიბერალური პარტია.

სამუშაო ადგილების დაახლოებით ნახევარს აწარმოებს ტურიზმი, მაგრამ ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის ბოლო კვარტალში გლობალურმა ეკონომიკამ დაღმასვლა დაიწყო. ასევე შემცირდა საბანკო სექტორი და ფინანსური სერვისი.

ბაჰამის კუნძულები ერთა თანამეგობრობის წევრია, როგორც თანამეგობრობის სამეფო, სახელმწიფოს მეთაურს წარმოადგენს მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III (წარმოდგენილია გენერალ-გუბერნატორით).

საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება 38 წევრიანი ასამბლეის სახლისაგან, რომლის წევრებსაც ირჩევენ რაიონები და 16 წევრიანი სენატისაგან, რომლის წევრებსაც ნიშნავს გენერალ-გუბერნატორი, მათ შორის, ცხრას პრემიერ-მინისტრის რჩევით, ოთხს მისი უდიდებულესობის ლოიალური ოპოზიციის ლიდერის რჩევით, დარჩენლის სამს კი ასევე პრემიერ-მინისტრის რჩევით ოპოზიციის ლიდერთან კონსულტაციების შემდეგ. ყველა ძირითად საკანონმდებლო ფუნქციას ასრულებს ასამბლეის სახლი. უესტმინსტერის სისტემის თანამხად, ხუთწლიანი ვადის მანძილზე ნებისმიერ დროს, პრემიერ-მინისტრს შეუძლია დაშალოს პარლამენტი და დანიშნოს საყოველთაო არჩევნები.

მთავრობისა და ასამბლეის სახლში უმრავლესობის მქონე პარტიის მეთაურია პრემიერ–მინისტრი. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც არჩევს პრემიერ–მინისტრი და ამტკიცებს ასამბლეის სახლი. მოქმედი გენერალ–გუბერნატორია მისი ბრწყინვალება სერ არტურ ფოულკსი, რომელიც წარმოადგენს წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენს. ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრია მისი უპატივცემულესობა, მისი უდიდებულესობის საპატიო პირადი კონსული პერი კრისტი.

ბაჰამის კუნძულებზე დიდი ხანია ფუნქციონირებს ორპარტიული სისტემა, სადაც დომინირებს ცენტრისტულ–მემარცხენე პროგრესულ–ლიბერალური პარტია და ცენტრისტულ–მემარჯვენე თავისუფალი ნაციონალური მოძრაობა. რამდენიმე უმნიშვნელო პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არასოდეს ჰქონია. მათ შორისაა ბაჰამის კუნძულების დემოკრატიული მოძრაობა, კოალიცია დემოკრატიული მოძრაობისთვის, ბაჰამის ნაციონალისტური პარტია და ნაციონალურ-დემოკრატიული ალიანსი.

კონსტიტუციურ უფლებებს შორისაა სიტყვის, პრესის, მრწამსის, მიმოსვლისა და საზოგადოებრივი გაერთიანების თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ბაჰამის კუნძულები გეოგრაფიულად კარიბის ზღვის აუზში არ მდებარეობს, იგი კარიბის საზოგადოების წევრია. სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისაგან. იურისპუდენცია ეფუძნება ინგლისურ სამართალს.

ადმინისტრაციული დაყოფა

 
ბაჰამის კუნძულების რაიონები

ყველგან, გარდა კუნძულ ნიუ-პროვიდენსისა, ადგილობრივ თვითმმართველობათა სისტემას ქმნის ბაჰამის კუნძულების რაიონები; ნიუ-პროვიდენსი პირდაპირ ცენტრალური მთავრობის მიერ იმართება. 1996 წელს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო „ადგილობრივი მმართველობის აქტი“, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სხვადასხვა ადგილობრივი ადმინისტრაციული ქვედანაყოფები. ამ აქტის საერთო მიზანია არჩეულ სხვადასხვა ტიპის მმართველებს გაუადვილდეთ თავიანთი რაიონების მართვა ცენტრალური ხელისუფლებისგან ხელის შეშლის გარეშე. საერთო ჯამში, შექმნილია 38 რაიონი, რომელთა მმართველების არეჩევნები იმართება ყოველ ხუთ წელში ერთხელ. სხვადასხვა რაიონებში სულ არის საბჭოს ას ათი წევრი და ორას ოთხმოცდაერთი ქალაქის კომიტეტის წევრი.[32]

თითოეული საბჭოსა თუ ქალაქის კომიტეტის წევრი პასუხისმგებელია საჯარო სახსრების პატიოსნად გამოყენებაზე, რომელიც მიმართული უნდა იყოს ამომრჩევლების შენარჩუნებისა და მოზიდვისკენ.

ბაჰამის კუნძულების რაიონები, გარდა ნიუ-პროვიდენსისა, შემდეგია:

  1. აკლინსი
  2. ბერის კუნძულები
  3. ბიმინი
  4. ბლეკ-პოინტი, ეკსუმა
  5. კეტი
  6. ცენტრალური აბაკო
  7. ცენტრალური ანდროსი
  8. ცენტრალური ელიუთერა
  9. ფრიპორტი
  10. კრუკედ-აილენდი
  11. აღმოსავლეთი დიდი ბაჰამა
  12. ეკსუმა
  13. გრანდ-კი, აბაკო
  14. ჰარბორ-აილენდი, ელიუთერა
  15. ჰოუპ-ტაუნი, აბაკო
  16. ინგაუა
  17. ლონგ-აილენდი
  18. მანგროვ-კი, ანდროსი
  19. მაიაგუანა
  20. მურს-აილენდი
  21. ჩრდილოეთი აბაკო
  22. ჩრდილოეთ ანდროსი
  23. ჩრდილოეთი ელიუთერა
  24. რეგიდ-აილენდი
  25. რამ-კი
  26. სან-სალვადორი
  27. სამხრეთი აბაკო
  28. სამხრეთი ანდროსი
  29. სამხრეთი ელიუთერა
  30. სპენიშ-უელსი, ელიუთერა
  31. დასავლეთი დიდი ბაჰამა
  32. გრინ-ტარტლ-კი (არაა ნაჩვენები რუკაზე)

სამხედრო ძალები

 
ბაჰამის კუნძულების საზღვაო ფლოტის დროშა

ბაჰამის კუნძულებს არ ჰყავს არმია და საჰაერო ძალები. მისი სამხედრო ძალებს წარმოადგენს ბაჰამის კუნძულების სამეფო შეიარაღებული ძალები (R.B.D.F.) და ბაჰამის კუნძულების ფლოტი. თავდაცვითი აქტით, R.B.D.F. მეფის სახელით უფლებამოსილია დაიცვას ბაჰამის კუნძულები, დაიცვას მისი ტერიტორიული მთლიანობა, აკონტროლის მისი წყლები, უბედურების ჟამს უზრუნველყოს დახმარება, ბაჰამის კუნძულების შეიარაღებული სააგენტოების კანონის საფუძველზე შეინარჩუნოს წესრიგი და შეასრულოს ყველა ის მოვალეობა, რაც მას განსაზღვრული აქვს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ. თავდაცვითი ძალები ამავე დროს კარიბის გაერთიანების (CARICOM) რეგიონული უსაფრთხოების დავალებათა ძალების წევრია.

ბაჰამის კუნძულების სამეფო შეიარაღებული ძალები ოფიციალურად 1980 წლის 31 მარტს შეიქმნა. მის მოვალეობებში შედის ბაჰამის კუნძულების დაცვა, ნარკოტიკების კონტრაბანდის, არალეგალური იმიგრაციისა და ბრაკონიერობის შეჩერება, ასევე მეზღვაურთა დახმარება როდესაც და სადაც კი ეს შეეძლებათ. შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია 26 სანაპირო და ნაპირსახლო ხომალდიანი ფლოტი, ასევე 6 საჰაერო ხომალდი და 1500-ზე მეტ კაციანი პერსონალი, სადაც 65 ოფიცერია და 74 ქალი.

ეროვნული დროშა

 
ბაჰამის კუნძულების ეროვნული დროშა
 
ბაჰამის კუნძულების ეროვნული გერბი
 
ყვითელი ანწლი

ბაჰამის კუნძულების დროშაზე დატანილი ფერები განასახიერებს ბაჰამელი ხალხის ზოგად სურათსა და მისწრაფებებს. მონახაზი ასახავს ბუნებრივი გარემოს (მზე, ქვიშა და ზღვა), ეკონომიკურ და ეკონომიკური განვითარების ასპექტებს. დროშა შედგება შავი ტოლგვერდა სამკუთხედისგან, რომელიც მიემართება ორფეროვანი სამი ჰორიზონტალური, თანაბარი სვეტისგან შემდგარი უკანა ფონისკენ. შუა სვეტი ოქროსფერია, ზედა და ქვედა კი ზღვისფერი.

დროშის სიმბოლიზმი შემდეგია: შავი, ძლიერი ფერი განასახიერებს გაერთიანებული ხალხის სიმამაცესა და ძალას, დროშის ძირითადი ნაწილისკენ მიმართული სამკუთხედი წარმოსახავს ბაჰამელი ხალხის შეუპოვრობას განვითარებისაკენ. ოქროსფერი და ზღვისფერი მზისა და ზღვის მდიდარი რესურსების სიმბოლოა. როგორც ზოგიერთი თეთრკანიანი ბაჰამელი ხუმრობს, დროშაზე დატანილი შავი ფერით შავკანიანი მოსახლეობაა წარმოჩენილი, თეთრებს კი ის ძაფი განასახიერებს, რომლითაც დროშაა შეკერილი და „მათ ყველას კრავს“.[33]

არსებობს გარკვეული წესი, თუ როგორ უნდა იქნეს დროშა გამოყენებული ძირითად დღესასწაულებზე. დაკრძალვის ცერემონიისას, დროშა უნდა ფარავდეს კუბოს ზედა ნაწილს, მაგრამ არ უნდა ფარავდეს საყრდენებს. დროშაზე გამოსახული შავი სამკუთხედი კუბოში მწოლიარე მიცვალებულის თავის ზემოთ უნდა იყოს. დროშა კუბოზე გადაფარებული უნდა დარჩეს მთელი ცერემონიის მანძილზე და უნდა მოსცილდეს მხოლოდ უშუალოდ საფლავში ჩასვენების წინ. მოცილების შემდეგ, დროშა სათუთად უნდა დაკეცონ და წაიღონ. მხილველისთვის შავი სამკუთხედი არასოდეს არ უნდა იყოს მიმართული წვეტით ზემოთ, რადგან ეს უბედურების მომასწავებლად ითვლება.[34]

ეროვნული გერბი

ბაჰამის კუნძულების ეროვნული გერბი შეიცავს სახელმწიფო სიმბოლოებს და მათ ფოკუსში მოთავსებულ ფარს. ფარი უკავია ეკალფარფლიან თევზსა და ფლამინგოს, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ცხოველები არიან. ფლამინგო მიწაზე დგას, ეკალფარფლიანი თევზი კი ზღვაში, რაც კუნძულების გეოგრაფიაზე მიუთითებს.

ფარის წვერზე მოთავსებულია ნიჟარა, რაც კუნძულთა ჯგუფის მრავალფეროვან წყალქვეშა სიცოცხლეზე მიუთითებს. ნიჟარა დაყრდნობილია ჩაფხუტზე. მის ქვემოთ მდებარეობს უშუალოდ ფარი, რომლის მთავარი სიმბოლოა გემი, რომელიც წარმოადგენს ქრისტეფორე კოლუმბის ხომალდ სანტა-მარიას, მის ზემოთ კი გამოსახულია მზე. ფსკერის გასწვრივ, ფარს დაბლა ჩნდება ლენტი, რომელზეც წაწერილია ეროვნული დევიზი: [35]

"წინ, ზევით, ერთად პროგრესისკენ."

ეროვნული ყვავილი

ბაჰამის კუნძულების ეროვნული ყვავილია ყვითელი ანწლი (Tecoma stans), რადგან ის ამ კუნძულების მკვიდრია და ყვავის მთელი წლის მანძილზე.

სხვა მრავალ ყვავილთა შორის ყვითელ ანწლზე არჩევანის გაკეთება მოხდა 1970-იან წლებში, საჯარო ხმის მიცემის საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდნენ კუნძულ ნიუ-პროვიდენსის ოთხივე ბაღის კლუბის წევრები. ეს კლუბები იყო: ნასაუს ბაღის კლუბი, კარვერის ბაღის კლუბი, საერთაშორისო ბაღის კლუბი და YWCA ბაღის კლუბი.

მიუხედავად იმისა, რომ კუნძულებზე იზრდება სხვა ყვავილებიც, მაგალითად ბუგენვილეა, ჰიბისკუსი და სამეფო დელონიკსი, მათზე არჩევანი არ შეჩერდა, რადგან ისინი უკვე წარმოადგენდნენ სხვა ქვეყნების ეროვნულ ყვავილებს. ყვითელი ანწლი კი არცერთის სხვა ქვეყნის ეროვნული ყვავილი არ იყო (თუმცა ახლა ის არჩეულია აშშ-ის ვირჯინიის კუნძულების ეროვნულ ყვავილადაც).[36]

ეკონომიკა

 
საკრუიზო გემები ნასაუს პორტში

ბაჰამის კუნძულები ვესტ-ინდოეთის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომლის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ტურიზმს ეყრდნობა. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 60 %-ს სწორედ ტურიზმის ინდუსტრია აწარმოებს და ასაქმებს სამუშაო ძალის ნახევარზე მეტს.[37] ტურიზმის შემდეგ, ეკონომიკის მეორე უმნიშვნელოვანეს სექტორია ფინანსური სერვისი, რომლიცი მშპ-ის 15 %-ს აწარმოებს.

 
ბაჰამის კუნძულების პროდუქციის ექსპორტის გრაფიკული გამოსახულება.

უცხოური ბიზნესის წასახალისებლად მთავრობას შემუშავებული აქვს არაერთი სტიმული, პროგრესს განიცდის საბანკო საქმე და ფინანსური რეფორმები. მთავრობას ასევე განზრახული აქვს ძირითადი ფინანსური ინსტიტუტების შერწყმა. შეზღუდვების დაწესება, კაპიტალისა და სავალუტო ბაზრის კონტროლი ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკის კომპეტენციაში შედის. ბაჰამის კუნძულების ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბირჟა ამჟამად 19 საჯარო კომპანიას აერთიანებს. საბანკო სისტემის შედარებითი სიჯანსაღის გამო, გლობალური ფინანსური კრიზისი ქვეყნის ფინანსურ სექტორს მწვავედ არ შეხებია.

ბაჰამის ეკონომიკას საკმაოდ კონკურენტუნარიანი საგადასახადო რეჟიმი აქვს. მთავრობა შემოსავლებს იღებს იმპორტის ტარიფებიდან, ლიცენზიების საფასურიდან, ქონებისა და საფოსტო მარკების გადასახადებიდან, მაგრამ არ არსებობს საშემოსავლო გადასახადი, კორპორაციული გადასახადი, კაპიტალის საშემოსავლო გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) და სიმდიდრის გადასახადი. სოციალური დაზღვევის ფონდში დამსაქმებლები იხდიან 3,9%-ს და დასაქმებულები 5,9%-ს.[38] 2010 წელს, გადასახადებიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა მშპ-ის 17,2% შეადგინა.[39] 2006-2008 წლებში ინფლაციის დონე საშუალო იყო და 3,7%-ს შეადგენდა.

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით, ბაჰამის კუნძულები ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა.[40]

ეთნიკური ჯგუფები

აფრო-ბაჰამელები

 
აფრო-ბაჰამელი ბავშვები ადგილობრივ სკოლაში.

აფრო-ბაჰამელები ბაჰამის კუნძულების ის მაცხოვრებლები არიან, რომელთა წინაპრების სამშობლოც დასავლეთ აფრიკაა. პირველი აფრიკელები ბაჰამებზე, კერძოდ კი კუნძულ ელიუთერაზე მოვიდნენ ბერმუდის კუნძულებიდან, ესენი იყვნენ გათავისუფლებული მონები, რომლებიც ახალ სიცოცხლეს ეძებდნენ. ამჟამად, აფრო-ბაჰამელები ბაჰამის კუნძულების უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს შეადგენენ, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 85%-ს.[41] ასევე სახლობს დაახლოებით 80 000 ჰაიტელი.[42]

ევროპელები

2010 წლის აღწერის მონაცემებით, ბაჰამის კუნძულებზე 16 598 თეთრკანიანი ადამიანი ცხოვრობს.[43] დაახლოებით 38 000 ევროპელი ბაჰამელი,[44] ანუ ბაჰამელები ევროპული წარმოშობით, ძირითადად ინგლისელი პურიტანებისა და ამერიკელი ლოიალისტების შთამომავლები არიან, რომლებიც კუნძულებზე 1649 წელსა და შემდეგ 1783 წელს დასახლდნენ.[45] ისინი წარმოქმნიან ბაჰამის კუნძულების უმსხვილეს უმცირესობას, მთლიანი მოსახლეობის 12%-ს.[41] ბევრი სამხრეთელი ლოიალისტი აბაკოს კუნძულებზე ჩასახლდა, სადაც მოსახლეობის 50% თეთრკანიანია.[46]

ევროპელი ბაჰამელების მცირე ნაწილი ბერძენი მუშების შთამომავალია, რომლებიც ბაჰამებზე 1900-იან წლებში ზღვის ღრუბლების ინდუსტრიის გასავითარებლად ჩავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენენ, მათ შეძლეს და შეინარჩუნეს თავიანთ განსხვავებული ბერძნული ბაჰამური კულტურა.

ბაჰამელების გენეალოგიის ერთ-ერთი მახასიათებელი ისაა, რომ ოჯახების უმრავლესობას განშტოებები აქვს და უშუალოდ ოჯახის წევრებიც კი მოიცავენ მთელს სპექტრს „ღიას“, „ყავისფერსა“ და „შავს“ შორის.[47]

ბაჰამის კუნძულებზე, გამოიყენება მხოლოდ ტერმინი ბაჰამელი, რადგან არ ცნობენ ტერმინ ვესტ-ინდოელს.

გარდა ამისა, ბევრი ბაჰამელი შერეული წარმოშობისაა, მათ შორის არიან კალათბურთელი რიკ ფოქსი, მსახიობი პერსია უაიტი და მომღერალი ლენი კრავიცი.

დემოგრაფია

ბაჰამის კუნძულების მთლიანი მოსახლეობა 347 176 ადამიანია, საიდანაც 25,9% 14 წელზე ქვემოთაა, 67,2% 15-დან 64 წლამდე, 6,9% კი 65 წელზე მეტის. მოსახლეობის ზრდა 0,925%-ია (2010 წლის აღწერით). შობადობის მაჩვენებელია 17,81 ყოველ 1000 ადამიანზე, სიკვდილიანობა 9,35/1000, მიგრაციის სალდო -2.13 ყოველ 1 000 ადამიანზე.[48]

ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 23,21-ია ყოველ 1000 დაბადებულზე. დაბადებისას, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 69,87 წელია: 73,49 წელი ქალებისთვის და 66,32 მამაკაცებისთვის. ნაყოფიერების საერთო მაჩვენებელი ქალებისთვის არის 2.0 ბავშვი (2010 წლის აღწერა).[49]

ქვეყნის ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირია: 85% აფრიკელი, 12% ევროპელი, 3% აზიელი და ლათინოამერიკელი.[41] რელიგიური მრწამისი მიხედვით, მოსახლეობის 35,4% ბაპტისტია, 15,1% ანგლიკანი, 13,5% კათოლიკე, 8,1% ორმოცდაათიანელი, 4,8% ღმერთის ეკლესიის მიმდევარი, 4,2% მეთოდისტი, 15.2% სხვა ქრისტიანი,[41] 12% პროტესტანტი, 3% არარელიგიურია ან უცნობია, 2% სხვა. სხვა მრწამსის ადამიანებს შორის არიან ებრაელები, მუსლიმები, ბაჰაისტები, ინდუისტები, რასტაფარიანელები და ადგილობრივი მაგიური პრაქტიკის მიმდევრები.[50]

ბაჰამის კუნძულების ოფიციალური ენაა ინგლისური, ბევრი მაცხოვრებელი საუბრობს ბაჰამურ დიალექტზე.[51] 1995 წლის შეფასებით, სრულწლოვანი მოსახლეობის 98,2% წერა-კითხვის მცოდნეა.[52]

უდიდესი ქალაქები

    
  ბაჰამის კუნძულების უდიდესი ქალაქები
მოსახლეობის 2009 წლის აღწერა
რიგი ქალაქის სახელი კუნძული მოს.
 
ნასაუ

 
ფრიპორტი (ბაჰამის კუნძულები)

1 ნასაუ ნიუ-პროვიდენსი 238 132
2 ფრიპორტი (ბაჰამის კუნძულები) დიდი ბაჰამა 47 085
3 უესტ-ენდი (დიდი ბაჰამა) დიდი ბაჰამა 13 004
4 კუპერს-ტაუნი აბაკოს კუნძულები 9 069
5 მარშ-ჰარბორი აბაკოს კუნძულები 5 728
6 ფრიტაუნი (ბაჰამის კუნძულები) ელიუთერა 4 222
7 ჰაი-როკი დიდი ბაჰამა 3 827
8 ანდროს-ტაუნი ანდროსი (ბაჰამის კუნძულები) 2 318
9 სპენიშ-უელსი ელიუთერა 1 805
10 კლარენს-ტაუნი ლონგ-აილენდი (ბაჰამის კუნძულები) 1 705


კულტურა

 
ჯუნკანუს აღნიშვნა ნასაუში.

დაბალგანვითარებულ გარე კუნძულებზე მისდევენ ხელოსნობას, მათ შორისაა პალმის ფოთლებისგან დაწნული კალათების დამზადება. ამ ნივთს ზოგადად „ჩალას“ უწოდებენ და ამაგრებენ ქუდებსა და ჩანთებზე, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში. ასევე გამოიყენებენ ე. წ. „ვუდუს თოჯინებში“, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თოჯინები ამერიკული წარმოსახვების შედეგია და არაა კავშირში ისტორიულ ფაქტებთან.[53]

ზოგიერთი ბაჰამელი ხალხურ მაგიურ ტრადიციებს მისდევს, ძირითადად ჰაიტურ–ბაჰამური საზოგადოება, რომელიც უმთავრესად ქვეყნის გარე კუნძულებზე სახლობს.[54] თუმცა, მაგიური პრაქტიკა ბაჰამის კუნძულებზე აკრძალულია და ისჯება კანონით. ჯუნკანუ არის ტრადიციული ბაჰამური მუსიკის, ცეკვისა და ხელოვნების პარადი, რომელიც ნასაუს ქუჩებში იმართება ყოველი წლის ახალი წლის დღეს. ჯუნკანუ ასევე იმართება სხვა დღესასწაულებზე, მაგალითად ემანსიპაციის დღეს.

მრავალი კუნძულების დასახლებებში მნიშვნელოვანი სოციალური ღონისძიებაა რეგატა. როგორც წესი, იგი ერთი ან რამდენიმე დღე გრძელდება და მონაწილეობენ ძველი სტილის ნავები, ასევე იმართება სანაპიროს ფესტივალი.

ზოგიერთ დასახლებას აქვს ფესტივალები, რომლებიც დაკავშირებულია არეალისათვის ტრადიციულ მოსავალთან თუ საკვებთან, მათ შორისაა „ანანასის ფესტივალი“ გრეგორი-ტაუნსა და ელიუთერაზე, „კიბორჩხალის ფესტივალი“ ანდროსის კუნძულებზე. სხვა მნიშვნელოვან ტრადიციებს შორისაა ამბების თხრობა.

ბაჰამელებს აქვთ საკმაოდ მდიდარი ლიტერატურა და პოეზია, მოთხრობები, პიესები და მოკლე ფიქციური ნამუშევრები. ამ ნამუშევრების საერთო თემატიკაა ცნობიერების ცვლილება, დახვეწილობისკენ სწრაფვა, იდენტობის ძიება, გარდასულ გზათა ნოსტალგია და მშვენიერების ტრფიალი. ღვაწლმოსილ მწერლებს შორის არიან სუსანა უელეისი, პერსივალ მილერი, რობერტ ჯონსონი, რეიმონდ ბრაუნი, ო.მ. სმიტი, უილიამ ჯონსონი, ედი მინისი, უინსტონ საუნდერსი და სხვები.[55][56]

ბაჰამური კულტურა მდიდარია რწმენებით, ტრადიციებით, ფოლკლორითა და ლეგენდებით. ყველაზე ცნობილ ფოლკლორსა და ლეგენდებს შორისაა ლუსკა კუნძულ ანდროსზე, პირტი-მოლი კუნძულ ეკსუმაზე, დაკარგული ქალაქი ატლანდიტა კუნძულ ბიმინიზე და ა. შ.

ლიტერატურა

ზოგადი ისტორია

  • Cash Philip et al. (Don Maples, Alison Packer). The Making of The Bahamas: A History for Schools. London: Collins, 1978.
  • Albury, Paul. The Story of The Bahamas. London: MacMillan Caribbean, 1975.
  • Miller, Hubert W. The Colonization of The Bahamas, 1647–1670, The William and Mary Quarterly 2 no.1 (January 1945): 33–46.
  • Craton, Michael. A History of The Bahamas. London: Collins, 1962.
  • Craton, Michael and Saunders, Gail. Islanders in the Stream: A History of the Bahamian People. Athens: University of Georgia Press, 1992
  • Collinwood, Dean. "Columbus and the Discovery of Self," Weber Studies, Vol. 9 No. 3 (Fall) 1992: 29-44.
  • Dodge, Steve. Abaco: The History of an Out Island and its Cays, Tropic Isle Publications, 1983.
  • Dodge, Steve. The Compleat Guide to Nassau, White Sound Press, 1987.

ეკონომიკის ისტორია

  • Johnson, Howard. The Bahamas in Slavery and Freedom. Kingston: Ian Randle Publishing, 1991.
  • Johnson, Howard. The Bahamas from Slavery to Servitude, 1783–1933. Gainesville: University of Florida Press, 1996.
  • Alan A. Block. Masters of Paradise, New Brunswick and London, Transaction Publishers, 1998.
  • Storr, Virgil H. Enterprising Slaves and Master Pirates: Understanding Economic Life in the Bahamas. New York: Peter Lang, 2004.

სოციალური ისტორია

  • Johnson, Wittington B. Race Relations in the Bahamas, 1784–1834: The Nonviolent Transformation from a Slave to a Free Society, Fayetteville: University of Arkansas, 2000.
  • Shirley, Paul. "Tek Force Wid Force", History Today 54, no. 41 (April 2004): 30–35.
  • Saunders, Gail. The Social Life in the Bahamas 1880s–1920s. Nassau: Media Publishing, 1996.
  • Saunders, Gail. Bahamas Society After Emancipation. Kingston: Ian Randle Publishing, 1990.
  • Curry, Jimmy. Filthy Rich Gangster/First Bahamian Movie. Movie Mogul Pictures: 1996.
  • Curry, Jimmy. To The Rescue/First Bahamian Rap/Hip Hop Song. Royal Crown Records, 1985.
  • Collinwood, Dean. The Bahamas Between Worlds, White Sound Press, 1989.
  • Collinwood, Dean, and Steve Dodge. Modern Bahamian Society, Caribbean Books, 1989.
  • Dodge, Steve, Robert McIntire, and Dean Collinwood. The Bahamas Index, White Sound Press, 1989.
  • Collinwood, Dean. "The Bahamas," in The Whole World Handbook 1992–1995, 12th ed., New York: St. Martin's Press, 1994.
  • Collinwood, Dean. "The Bahamas," chapters in Jack W. Hopkins, ed., Latin American and Caribbean Contemporary Record, Vols. 1,2,3,4, Holmes and Meier Publishers, 1983, 1984, 1985, 1986.
  • Collinwood, Dean. "Problems of Research and Training in Small Islands with a Social Science Faculty," in Social Science in Latin America and the Caribbean, UNESCO, No. 48, 1982.
  • Collinwood, Dean, and Rick Phillips, "The National Literature of the New Bahamas," Weber Studies, Vol.7, No. 1 (Spring) 1990: 43-62.
  • Collinwood, Dean. "Writers, Social Scientists, and Sexual Norms in the Caribbean," Tsuda Review, No. 31 (November) 1986: 45-57.
  • Collinwood, Dean. "Terra Incognita: Research on the Modern Bahamian Society," Journal of Caribbean Studies,Vol. 1, Nos. 2-3 (Winter) 1981: 284-297.
  • Collinwood, Dean, and Steve Dodge. "Political Leadership in the Bahamas," The Bahamas Research Institute, No.1, May 1987.

დამატებითი საკითხავი

  • Boultbee, Paul G. The Bahamas. Oxford: ABC-Clio Press, 1990.
  • Howard, Rosalyn A., Black Seminoles in the Bahamas, Gainesville: University of Florida, 2002
  • Wood, David E., comp., A Guide to Selected Sources to the History of the Seminole Settlements of Red Bays, Andros, 1817–1980, Nassau: Department of Archives

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. •GENERAL SITUATION AND TRENDS. Pan American Health Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2013-06-10.
  2. „Mission to Long Island in the Bahamas“. Evangelical Association of the Caribbean. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-06-10.
  3. COMPARISON BETWEEN THE 2000 AND 2010 POPULATION CENSUSES AND PERCENTAGE CHANGE.
  4. 4.0 4.1 The Bahamas. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2013-04-18.
  5. Human Development Report 2011. United Nations (2011). ციტირების თარიღი: 30 November 2011.
  6. CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-23. ციტირების თარიღი: 2013-06-10.
  7. Geoghegan, Tom (7 June 2012). „Ukraine or the Ukraine: Why do some country names have 'the'?“. BBC News. ციტირების თარიღი: 8 June 2012.
  8. "Schools Grapple With Columbus's Legacy: Intrepid Explorer or Ruthless Conqueror?", Education Week, 9 October 1991
  9. [Colin] (2010). The Republic of Pirates. Harcourt, Inc, გვ. 166–168, 262–314. ISBN 978-0-15-603462-3.  დაარქივებული 2020-01-04 საიტზე Wayback Machine.
  10. "Bill Baggs Cape Florida State Park", Network to Freedom, National Park Service, 2010, accessed 10 April 2013
  11. Charles Blacker Vignoles, Observations on the Floridas, New York: E. Bliss & E. White, 1823, pp. 135–136
  12. Howard, Rosalyn. (2006) "The 'Wild Indians' of Andros Island: Black Seminole Legacy in the Bahamas," Journal of Black Studies. Vol. 37, No. 2, pp. 275–298. Abstract on-line at http://jbs.sagepub.com/content/37/2/275.abstract.
  13. Partners: "African Bahamanian Museum and Research Center (ABAC)", Network to Freedom, National Park Service, accessed 10 April 2013
  14. Appendix: "Brigs Encomium and Enterprise", Register of Debates in Congress, Gales & Seaton, 1837, p. 251-253. Note: In trying to retrieve American slaves off the Encomium from colonial officials (who freed them), the US consul in February 1834 was told by the Lieutenant Governor that "he was acting in regard to the slaves under an opinion of 1818 by Sir Christopher Robinson and Lord Gifford to the British Secretary of State."
  15. Gerald Horne, Negro Comrades of the Crown: African Americans and the British Empire Fight the U.S. Before Emancipation, New York University (NYU) Press, 2012, p. 103
  16. Horne (2012), Negro Comrades of the Crown, p. 137
  17. Horne (2012), Negro Comrades of the Crown, pp. 107–108
  18. Williams, Michael Paul (11 February 2002). „Brig Creole slaves“. Richmond Times-Dispatch. Richmond, VA. ციტირების თარიღი: 2 February 2010.
  19. Higham, Charles (1988). The Dutchess of Windsor: The Secret Life. McGraw Hill, გვ. 300–302. 
  20. Bloch, Michael (1982). The Duke of Windsor's War, London: Weidenfeld and Nicolson. ISBN 0-297-77947-8, p. 364.
  21. 21.0 21.1 Higham, Charles (1988). The Dutchess of Windsor: The Secret Life. McGraw Hill, გვ. 307–309. 
  22. Bloch, Michael (1982). The Duke of Windsor's War. London: Weidenfeld and Nicolson. ISBN 0-297-77947-8, pp. 154–159, 230–233
  23. Ziegler, Philip (1991). King Edward VIII: The official biography. New York: Alfred A. Knopf. ISBN 0-394-57730-2.
  24. Higham, Charles (1988). The Dutchess of Windsor: The Secret Life. McGraw Hill, გვ. 331–332. 
  25. Ziegler, pp. 471–472
  26. Matthew, H. C. G. (September 2004; online edition January 2008) "Edward VIII, later Prince Edward, duke of Windsor (1894–1972)", Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, doi:10.1093/ref:odnb/31061, retrieved 1 May 2010 (Subscription required)
  27. Higham places the date of his resignation as 15 March, and that he left on 5 April. Higham, Charles (1988). The Dutchess of Windsor: The Secret Life. McGraw Hill, გვ. 359. 
  28. Albury:6
  29. The Weather Doctor
  30. Weather Information for Nassau.
  31. "Climatological Information for Nassau, Bahamas" (1961-1990) დაარქივებული 2019-10-26 საიტზე Wayback Machine. - Hong Kong Observatory
  32. Family Island District Councillors & Town Committee Members
  33. ASJ-Bahamas Symbol - Flag. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-25. ციტირების თარიღი: 2013-07-05.
  34. Strachan, Cheryl C. (2010). Flying the Pride. United States of America: Compusec Printing, გვ. 74. ISBN 9781609572235. 
  35. ASJ-Bahamas National Coat of Arms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-22. ციტირების თარიღი: 2013-07-06.
  36. ASJ-Bahamas Symbol - Flower. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-22. ციტირების თარიღი: 2013-07-06.
  37. "The Bahamas – Economy". Encyclopedia of the Nations. Retrieved 21 March 2010.
  38. Contributions Table. The National Insurance Board of The Commonwealth of The Bahamas (11 May 2010). ციტირების თარიღი: 2011-12-22.
  39. Bahamas, The. The World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-02. ციტირების თარიღი: 2011-12-22.
  40. GDP (current US$) | Data | Table
  41. 41.0 41.1 41.2 41.3 CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-02. ციტირების თარიღი: 2013-07-07.
  42. Nick Davis (2009-09-20), Bahamas outlook clouds for Haitians. BBC.
  43. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-09. ციტირების თარიღი: 2013-07-08.
  44. David Levinson (1998). "Ethnic groups worldwide: a ready reference handbook". Greenwood Publishing Group. p.317. ISBN 1-57356-019-7
  45. "The Names of Loyalist Settlers and Grants of Land Which They Received from the Bahamian Government: 1778 - 1783 დაარქივებული 2013-07-25 საიტზე Wayback Machine. ".
  46. Rachel J. Christmas, Walter Christmas (1984). "Fielding's Bermuda and the Bahamas 1985". Fielding Travel Books. p.158. ISBN 0-688-03965-0
  47. A-Z of Bahamas Heritage. Isbndb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 16 October 2012.
  48. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-28. ციტირების თარიღი: 2013-07-08.
  49. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-02. ციტირების თარიღი: 2013-07-07.
  50. Bahamas – International Religious Freedom Report 2005 – accessed 8 August 2008
  51. Bahamas Languages დაარქივებული 2009-09-21 საიტზე Wayback Machine. – accessed 8 August 2008
  52. ბაჰამის კუნძულების გზამკვლევი
  53. Hurbon, Laennec. "American Fantasy and Haitian Vodou.” Sacred Arts of Haitian Vodou. Ed. Donald J. Cosentino. Los Angeles: UCLA Fowler Museum of Cultural History, 1995. 181–97.
  54. International Religious Freedom Report 2005 - Bahamas. U.S. Department of State. ციტირების თარიღი: 22 July 2012.
  55. Dean W. Collinwood and Steve Dodge, "Modern Bahamian Society," Caribbean Books, 1989.
  56. Dean Collinwood and Rick Phillips, "The National Literature of the New Bahamas," Weber Studies, Vol. 7, No. 1 (Spring) 1990: 43-62.