ფრიპორტი (ბაჰამის კუნძულები)

ბაჰამის კუნძულების სიდიდით მეორე ქალაქი

ფრიპორტი (ინგლ. Freeport) — ქალაქი, რაიონი და თავისუფალი სავაჭრო ზონა ბაჰამის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ დიდ ბაჰამაზე. 1955 წელს, დიდი ბაჰამის ხე-ტყით დაინტერესებულ ვირჯინიელ ფინანსისტ უეილას გროუვზს ბაჰამის ხელისუფლებამ არეალის ეკონომიკური განვითარების მანდატით 50 000 აკრი ფიჭვნარი ტერიტორია გადასცა, სადაც ასევე მრავლად იყო ჭაობი და სხვა ტყიანი ადგილები. ამის შემდეგ ფრიპორტმა ზრდა დაიწყო და ქვეყნის მეორე უდიდეს ქალაქად იქცა. დღეს ქალაქს ემსახურება დიდი ბაჰამის საერთაშორისო აეროპორტი. მოქმედებს დიდი ბაჰამის პორტის (Grand Bahama Port Authority, GBPA) თავისუფალი სავაჭრო ზონა, რაც 1955 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ჰაუკსბილ-კრიკის ხელშეკრულებით შეიქმნა, რომლის თანახმადაც, ბაჰამის ხელისუფლება დათანხმდა, რომ 2054 წლის 3 აგვისტომდე ფრიპორტის არეალი გადასახადებისგან თავისუფალი იქნება. ზონისთვის გადაცემული ტერიტორია თანდათან 138 000 აკრამდე (526 კმ²) გაიზარდა.[1]

ქალაქი
ფრიპორტი
Freeport
დროშა

ქვეყანა ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები
კოორდინატები 26°31′42″ ჩ. გ. 78°41′47″ დ. გ. / 26.52833° ჩ. გ. 78.69639° დ. გ. / 26.52833; -78.69639
რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ანიტა დოჰერტი
დაარსდა 1955
ფართობი 558 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
კლიმატის ტიპი ტროპიკული
მოსახლეობა 44 293 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 48 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 242
ოფიციალური საიტი http://gbpa.com/home/
ფრიპორტი (ბაჰამის კუნძულები) — ბაჰამის კუნძულები
ფრიპორტი (ბაჰამის კუნძულები)
კომპანია Carnival Cruise Lines-ის საკრუიზო გემი Carnival Sensation ფრიპორტის ნავსადგურში

გეოგრაფია

რედაქტირება

ფრიპორტი სტრატეგიულ ადგილას, ფლორიდის საკურორტო ქალაქ პალმ-ბიჩის სანაპიროდან ზუსტად 105 კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთ-დასავლეთი — ჩრდილოეთი-სამხრეთის მთავარ საზღვაო გზებზე მდებარეობს. ამ ყოველივემ გამოიწვია ფრიპორტის, როგორც საერთაშორისო ბიზნესის იდეალური ცენტრის საოცრად სწრაფი ზრდა. შესაბამისად, იზრდება იმ საერთაშორისო კომპანიათა რიცხვიც, რომლებიც თავიანთი ბიზნესისთვის ფრიპორტს იყენებენ.

ეროვნული პარკები

რედაქტირება

ქალაქში მდებარეობს რენდის ბუნების ცენტრი, რომელსაც სახელი მისი დამფუძნებლის — ჯეიმზ რენდის პატივსაცემად ეწოდა, სანაპიროდან 300 იარდის მოშორებით მდებარეობს მომცრო კუნძული პეტერსონს-კეი და ლუკაიანის ეროვნული პარკი, რომელიც ფრიპორტის ყოფილმა არქიტექტორმა და დამგეგმარებელმა პიტერ ბარატმა დააფუძნა. ეროვნული პარკის ფართობი სულ რაღაც 40 აკრია (0,16 კმ²) და მოიცავს ხუთ ეკოლოგიურ ზონას, რომლებიც გადაჭიმულია ფიჭვნარის სამხრეთი სანაპიროდან. პარკის წყალქვეშა ნაწილში წარმოდგენილია მღვიმეთა სისტემა. ერთ-ერთ მღვიმეში ჩასვლა პარკიდან, კიბეების საშუალებითაა შესაძლებელი. სხვა მღვიმეებში დაიშვებიან მხოლოდ სერტიფიცირებული მყვინთავები.

ფრიპორტის კლიმატი ტროპიკულია, რბილი ზამთრით. ტემპერატურა იშვიათად ეცემა 16 °C-ზე (60 °F) დაბლა. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 80°F, წყლის კი 72° - 78°F. ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია, ზაფხული კი ცხელი და ტენიანი. მიუხედავად იმისა, რომ ბაჰამის კუნძულებზე ყინვა არასოდეს დაფიქსირებულა, 1977 წლის იანვარში დაფიქსირებულია თოვლი წვიმასთან ერთად, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც თოვლი ასევე მოვიდა მაიამის შემოგარენში. ამ დროს ტემპერატურა 4,5 °C იყო.

ეკონომიკა

რედაქტირება

ფრიპორტს ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობდა, თუმცა ტურიზმი მნიშვნელოვნად შეფერხდა 2004 წლის შემდეგ, როცა კუნძულ დიდ ბაჰამას ორი ძლიერი ქარიშხალი — ფრანცისი და ჯინი დაატყდა თავს. კუნძულთან ყოველკვირეულად რამდენიმე საკრუიზო გემი ჩერდება. ტურიზმის ინდუსტრია ძირითადად კონცენტრირებულია ფრიპორტის გარეუბან ლუკაიას სანაპირო ზოლზე, რომელსაც სახელი ეწოდა კუნძულის კოლუმბამდელი მაცხოვრებლების, ლუკაიანების პატივსაცემად. მათი კვალი კუნძულზე აღმოჩენილია. ახალი წლის პერიოდში ფრიპორტში, ნასაუს მსგავსად იმართება ჯუნკანუს (ქუჩის მსვლელობა-ფესტივალი) ორი ფესტივალი.

ქალაქს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ფრიპორტ/ლუკაია. კუნძულზე არსებულ სასტუმროთა უდიდესი ნაწილი განლაგებულია სამხრეთ სანაპიროზე, პროვიდენსის არხის პირდაპირ. ტურისტებისათვის განკუთვნილი პირველადი სავაჭრო დაწესებულებები განლაგებულია საერთაშორისო ბაზარში, ქალაქის ცენტრის სიახლოვეს, მათ შორისაა ასევე ლუკაიას სავაჭრო მოედანი ლუკაიაში. ორი ქარიშხლის შედეგად მიყენებული დაზიანებების აღდგენამ რამდენიმე წელს გასტანა და ამჟამად ყველაფერი თითქმის სრულადაა დასრულებული.

გარდა ტურიზმისა, ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესია ერთ-ერთი უდიდესი საკონტეინერო პორტი მთელს მშოფლიოში, რომელიც ემსახურება აშშ-ის აღმოსავლეთ ზღვისპირეთს და ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან მშრალ დოკს საკრუიზო გემების განახლებისათვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Freeport Grand Bahama. Government of the Bahamas.