ანგლიკანობა (ინგლ. Anglicanism) — ქრისტიანობის ერთ-ერთი მიმდინარეობა, წარმოიშვა ინგლისური რეფორმაციის შედეგად. ანგლიკანურ ეკლესიებს გააჩნიათ განსაკუთრებული ისტორიული კავშირი ინგლისის ეკლესიასთან და მასთან გაერთიანებული არიან საერთო ღვთისმეტყველებით, ღვთისმსახურებითა და საეკლესიო სტრუქტურით. ითვლება პროტესტანტული ქრისტიანობის ყველაზე მრავალრიცხოვან მიმდინარეობად, რომელიც მსოფლიოს გარშემო აერთიანებს დაახლ. 110 მილიონ მორწმუნეს. ანგლიკანთა სიმრავლით გამოირჩევა ინგლისი, უელსი, აშშ, კანადა, ავსტრალია, ირლანდია. ანგლიკანური ეკლესია თავს განიხილავს „ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის“ წევრად.

კენტერბერის საკათედრო ტაძარი

ანგლიკანობა წარმოიშვა ინგლისში, XVI საუკუნეში, მეფე ჰენრი VIII-ის პერიოდში. მეფე ჰენრი კათოლიციზმის დამცველ პოზიციას ითავსებდა და უფლებას არ აძლევდა პროტესტანტიზმს ინგლისის მიწებზე გავრცელებულიყო, მაგრამ როცა მეფესა და პაპს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მეფე ჰენრი VIII-მ ინგლისის ეკლესია დამოუკიდებლად გამოაცხადა. აქედან დაედო დასაბამი ანგლიკანურ ეკლესიას.

ანგლიკანურ ეკლესიაში არსებობს სამი ფრთა: მაღალი ეკლესია (ანგლო-კათოლიციზმი — რომის კათოლიციზმთან სიახლოვითა და რიტუალის მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა), დაბალი ეკლესია (იგივე ევანგელიკალური ფრთა, მათთვის დამახასიათებელია რიტუალური მინიმალიზმი) და საშუალო ეკლესია (რომელიც ხიდისა და შემრიგებლის ფუნქციას ასრულებს ამ ორ ფრთას შორის).

ინგლისის მეფე ჰენრი VIII თავდაპირველად პროტესტანტთა მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პაპმა მეუღლესთან განქორწინებაზე უარი უთხრა, მონარქმა პოზიცია შეიცვალა. ეს საბაბი იყო, მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობდა: მეფეს სურდა კათოლიკური ეკლესიის ინგლისში არსებული ქონება ჩაეგდო ხელში. 1534 წელს მან თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა, რითიც საფუძველი დაედო ანგლიკანურ ეკლესიას.

დაარსების ისტორია

რედაქტირება

ინგლისის მეფემ ჰენრი VIII-მ მხარი დაუჭირა რეფორმაციას, ინგლისის ეკლესია ჩამოაშორა რომის კათოლიკურ ეკლესიას და სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა. „სუპერმაციის აქტით“ 1534 წელს მონასტრები დახურეს. შეიტანეს ნაწილობრივი ცვლილებები კათოლიკურ ღვთისმსახურებაში (1536–1543). ედუარდ VI-ის მეფობისას სამეფო საბჭომ და კანტერბერიის არქიეპისკოპოსმა ტ. კრანმერმა გაატარეს საეკლესიო რეფორმა. ანგლიკანური ეკლესიის საფუძვლად იქცა „საზოგადო ღვთისმსახურებათა წიგნი“ (1549), „ერთგვარობის აქტი“, რწმენის 42-ე მუხლი და ანგლიკანური „კატეხიზისი“ (1553). ნაწილობრივ გარდაიქმნა ღვთისმსახურება (ორი სახის ზიარება ერისკაცთათვის, ცელიბატისა და მონაზვნობის მოსპობა, ღვთისმსახურება ინგლისურ ენაზე და სხვა).

მომდევნო პერიოდი

რედაქტირება

მერი ტიუდორის მეფობის დროს კათოლიციზმი აღადგინეს. ელისაბედ I-ის დროს „რწმენის 39 მუხლით“ (1571) ანგლიკანური ეკლესია დაუახლოვდა კალვინიზმს. 1567 წლიდან ანგლიკანურ ეკლესიას გამოეყვნენ პურიტანები. ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს ანგლიკანური ეკლესია გააუქმეს (1643), ოფიციალურ რელიგიად იქცა პრესვიტერიანობა 1648 წლამდე, შემდეგ ინდეპენდეტობა. რესტავრაციის ხანაში პარლამენტის „ერთგვარობის აქტით“ 1662 წელს ანგლიკანური ეკლესია აღადგინეს. 1791 წლიდან დაწესდა რწმენის თავისუფლება კათოლიკეთათვის. 1829 წელს მოხდა „კათოლიკეთა ემანსიპაცია“. 1850 წლიდან ინგლისის კათოლიკეთა სამღვდელოებას სათავეში უდგას უესტმისტერის არქიეპისკოპოსი. ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია მეფე. საეკლესიო იერარქიას სათავეში უდგას პრიმასი – კანტერბერის არქიეპისკოპოსი. მას მოსდევს იორკის არქიეპისკოპოსი, ორმოცამდე ეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები. ეპისკოპოსთა დიდი ნაწილი ლორდთა პალატის წევრია. საეკლესიო გადაწყვეტილებებს ამტკიცებს პარლამენტი. გარდა ინგლისისა, ანგლიკანური ეკლესია დამოუკიდებლად არსებობს ირლანდიაში, უელსში, შოტლანდიაში, კანადაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, აშშ-ში და სხვაგან. ანგლიკანელთა საერთო რიცხვი 80 მილიონამდეა. ისინი ქმნიან ანგლიკანური ეკლესიის კავშირს. 1867 წლიდან ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსები პერიოდულად იკრიბებიან ლონდონში, ე. წ. ლამბერთის (კენტერბერის არქიეპისკოპოსის სასახლე ლონდონში) კონფერენციებზე.

ქრისტიანობის მიმდინარეობები

რედაქტირება

 

(XVI საუკუნე)
(XI საუკუნე)
უნია


ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება