პროტესტანტული რეფორმაცია
პროტესტანტული რეფორმაცია — რელიგიური მოძრაობა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში XVI საუკუნიდან XVII საუკუნის დასაწყისამდე. რეფორმაცია გულისხმობდა საეკლესიო პრაქტიკის (ღვთისმსახურების) და კანონიკური წყობის რეკონსტრუქციას. მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან reformatio რაც გარდაქმნას ნიშნავს. გარდა რელიგიურისა, რეფორმაცია მოიცავდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ფაქტორებს.
პროტესტანტიზმი |
ჰუსიტები • ლოლარდები • ვალდენსები • ჩეხი ძმები
ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა
ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია
პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია |
რეფორმაციის წინამორბედები
რედაქტირებარეფორმატორული მოძრაობა დაიწყო ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში. ამის მიზეზი იყო რომის კათოლიკური ეკლესიის სიმკაცრე, კულტმსახურების გადატვირთულობა, დოგმატების სიმრავლე, კანონიკური სტრუქტურის სირთულე და რომის პაპების გავლენის ზრდა. ანტიკათოლიკური მოძრაობა დაიწყო რეფორმაციამდე და გაჩნდნენ კონფესიები, როგორიც იყო ვალდენსები, ჩეხი ძმები და სხვა.
რეფორმაციის წინამორბედებად ინგლისელი ჯონ უიკლიფი და ჩეხი იან ჰუსი მიიჩნევიან. უიკლიფი XIV საუკუნეში ცხოვრობდა. მისი ქადაგება და იდეები კათოლიკური ეკლესიის როგორც თეორიული, ასევე, განსაკუთრებით, პრაქტიკული ნორმების წინააღმდეგ იყო მიმართული. ის უარყოფდა წმინდანების და ხატების თაყვანისცემას, აღსარებას, ზიარების ტრადიციულ გაგებას, განსაწმენდელს. მისი მიზანი იყო მოციქულების დროინდელი სიმარტივისკენ მიბრუნება, რაც გამოიხატება ეპისკოპალური ეკლესიის პრესვიტერიანულ ეკლესიად გადაქცევის სურვილში. ეს ნიშნავდა ყველა საეკლესიო თემის დამოუკიდებლობას ეპისკოპოსის იურისდიქციის გარეშე, ეკლესიის მმართველობითი ცენტრების გაუქმებას. ამ მოსაზრებათა გასამყარებლად უიკლიფმა 1382 წელს ახალი აღთქმა ინგლისურ ენაზე თარგმნა. უიკლიფი მკაცრად გააკრიტიკეს, მაგრამ მან რეფორმატორულ იდეებს გზა გაუკვალა.
უიკლიფის იდეები ინგლისში მოსწავლე ჩეხმა სტუდენტებმა სამშობლოში ჩაიტანეს, სადაც მან იან ჰუსის მოღვრებაში ჰპოვა გავრცელება. იან ჰუსმა უიკლიფის იდეები გაითავისა და ეკლესიის რეფორმირებაზე დაიწყო ქადაგება. მისი მოღვაწეობა ჩეხური ნაციონალიზმის აღზევებს პერიოდს დაემთხვა. ჩეხები საღვთო რომის იმპერიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა და პაპმა მარტინ V-მ მოიწვიეს კონსტანცის საეკლესიო კრება, სადაც იან ჰუსი, მისი მიმდევარი იერონიმე პრაღელი ერეტიკოსებად შერაცხეს და კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. ერეტიკოსად გამოცხადდა ჯონ უიკლიფიც.
რეფორმაციის დასაწყისი
რედაქტირებამოძრაობის დაწყების უშუალო საბაბი გახდა ინდულგენციებით ვაჭრობა. გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერს შეეძლო მიეღო ეკლესიისაგან ინდულგენცია ანუ „ცოდვების მიტევების“ სიგელი. 1515 წელს პაპმა ლეო X-მ, წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობისათვის დამატებითი სახსრების მოძიების მიზნით, გამოსცა ბულა ინდულგენციებით ვაჭრობის შესახებ. ჩრდილო გერმანიაში ინდულგენციების გაყიდვა დომინიკელ ბერ იოჰანეს ტეტცელს დაევალა. მან ვიტენბერგის მახლობლად მოაწყო სავაჭრო ადგილი.
1517 წლის 31 ოქტომბერს მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა 95 თეზისი. ეს იყო კათოლიკური ეკლესიის და რომის პაპის კრიტიკის შემცველი 95 პუნქტი. ლუთერი ეკლესიას აკრიტიკებდა ინდულგენციების, განსაწმენდელის შესახებ მოძღვრების, ღვთისმშობლის და წმინდანების თაყვანისცემის, საეკლესიო საიდუმლოებების, ცელიბატის, სამონაზვნო პრაქტიკის, პაპის პრიმატის, სიმონიის და სხვა წეს-ჩვეულებების და დოქტრინების გამო. ლუთერი მოითხოვდა საეკლესიო ცხოვრების სათავეებთან დაბრუნებას.
1518 წელს რომში დაიწყო სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ. 1520 წელს პაპმა ლეო X–მ თავის მიერ შედგენილ სიგელში ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან მოკვეთა, მაგრამ ვერ შეაჩერა. ლუთერმა საჯაროდ დაწვა პაპის მიერ გამოგზავნილი სიგელი, რითაც უფრო მეტად აღაშფოთა კათოლიკური ეკლესია. პაპმა ლუთერის წინააღმდეგ დახმარებისთვის საღვთო რომის იმპერატორს კარლ V-ს მიმართა. კარლ V-მ 1521 წელს ვორმსში მოიწვია გერმანელი მთავრების კრება, სადაც ლუთერს უარი უნდა ეთქვა თავის მოძღვრებაზე, რასაც ის არ დათანხმდა. სწორედ მაშინ წარმოთქვა ლუთერმა თავისი სახალხოდ ცნობილი ფრაზა: „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“. საპასუხოდ კარლ V-მ გამოსცა ვორმსის ედიქტი, რომელიც ლუთერის მოძრაობას კანონგარეშედ აცხადებდა. ლუთერს კოცონზე დაწვა არ ასცდებოდა, რომ არა საქსონიის კურფიურისტი ფრიდრიხ ბრძენი, რომელმაც იგი შეიფარა. 1526 წელს ლუთერის მომხრე გერმანელი თავადების რაიხსტაგმა შეაჩერა ლუთერის საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება და მიიღო გადაწყვეტლება, რომლითაც ნებისმიერ გერმანელ თავად შეეძლო მოეთხოვა მისი ქვეშევრდომისთვის მისთვის მისაღები რწმენის აღიარება. 1529 წელს ქალაქ შპაიერში რაიხსტაგის სხდომამ შეცვალა 1526 წლის გადაწყვეტილება. ახალი აქტი ლუთერანებს კათოლიკეებთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში აიყენებდა, რის გამოც ხუთმა გერმანელმა მთავარმა და თოთხმეტმა თავისუფალმა ქალაქმა პროტესტი გამოხატა. ამის შემდეგ რეფორმაციის მომხრეებს პროტესტანტები დაერქვათ.
ეს ბრძოლა გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და იმპერატორ კარლ V-ს შორის საბოლოოდ 1555 წელს დადებული აუგსბურგის რელიგიური ზავით დასრულდა, რომლის თანახმადაც ზავი სარწმუნოებრივ თავისუფლებას ანიჭებდა მხოლოდ კათოლიკე და ლუთერან მთავრებს, მათი ქვეშევრდომები მოვალენი იყვნენ ეღიარებინათ თავიანთი მთავრის რელიგია ან სხვაგან გადასახლებულიყვნენ. აუგსბურგის რელიგიურმა ზავმა პროტესტანტიზმი კათოლიკობასთან ერთად ოფიციალურ რელიგიად აღიარა.
რეფორმაცია გერმანიის გარეთ
რედაქტირებაშვეიცარია
რედაქტირებაგერმანიის პარალელურად რეფორმაციული მოძრაობა ულრიხ ცვინგლის თაოსნობით შვეიცარიაშიც დაიწყო. რეფორმაციული იდეები ახლად გამოგონილი საბეჭდი მანქანების წყალობით უცბად გავრცელდა ორივე ქვეყანაში, თუმცა მათ შორის იყო იდეოლოგიური განსხვავებები. ცვინგლის მიმდევრები თვლიდნენ, რომ გერმანული რეფორმაცია კონსერვატული იყო და ისინი უფრო რადიკალურ ცვლილებებს ემხრობოდნენ. შვეიცარიელი რეფორმაციონერები დღეისთვის ცნობილი არიან ანაბაპტისტების სახელით.
ინგლისი
რედაქტირებაინგლისის მეფე ჰენრი VIII (1509-1547) თავდაპირველად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო. ჯერ კიდევ 1521 წელს, მეფეს პაპმა ლეო X-მ ანტილუთენარული პამფელტისათვის საპატიო წოდება — „რწმენის დამცველი“ მიანიჭა. მაგრამ მას შემდეგ რაც პაპმა ჰენრი VIII-ს მეუღლესთან განქორწინებაზე უარი უთხრა (1525), მეფემ თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა და განუდგა რომს. ასე შეიქმნა „ანგლიკანური ეკლესია“, რომლის რეფორმირებაც უკვე ჰენრი VIII-ის მემკვიდრის, ედუარდ VI-ის (1546-1553) დროს მოხდა. ლოცვა ლათინური ენის ნაცვლად ინგლისურ ენაზე აღევლინებოდა, ღვთისმსახურების წესი კი თითქმის უცვლელი რჩებოდა. ედუარდ VI-ის დედოფალი მერი („კათოლიკედ“ წოდებული, 1553-1557) ისევ კათოლიციზმს დაუბრუნდა, დედოფალმა ელიზაბეთ I-მა (1557-1603) კი 1559 წელს აღადგინა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ანგლიკანური ეკლესიის მეთაური მეფეა. საეკლესიო კანონებს პარლამენტი იღებს. კულტმსახურება ნაწილობრივ კათოლიკურია, 39 მუხლისგან შემდგარი მრწამსი - ძირითადად კალვინისტური.
ჟან კალვინი
რედაქტირებალუთერის განკვეთისა და რეფორმაციის დაგმობის შემდეგ ჟან კალვინის ნაშრომები პოპულარული გახდა და ხელი შეუწყო სხვადასხვა დაჯგუფებების გაერთიანებას, როგორც შვეიცარიაში, ასევე გერმანიაში, უნგრეთში, შოტლანდიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ჟენევა გახდა პროტესტანტული მოძრაობის არაოფიციალური დედაქალაქი.
რეფორმაცია იდეოლოგიურად დაუკავშირდა ავგუსტიანელობას. როგორც ლუთერი, ასევე კალვინიც იყენებდნენ ნეტარი ავგუსტინეს სწავლებებს. ეს მათ პელაგიანიზმის წინააღმდეგ უბიძგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს სწავლება მსგავსი იყო, მათ შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო და კონფლიქტამდეც კი მივიდა.
კონტრრეფორმაცია
რედაქტირებარეფორმაციას მოჰყვა კათოლიკური ეკლესიის პასუხი, რომელიც კონტრრეფორმაციის სახელითაა ცნობილი. კონტრეფორმაცია მოიცავდა რეფორმაციის პროცესის ძალადობრივ ჩახშობას, პროტესტანტების დევნას, ინკვიზიციას, აკრძალული წიგნების ინდექსის შექმნას. საბოლოოდ კათოლიკურ ქვეყნებად დარჩა იტალია, ესპანეთი, გერმანიის სამხრეთი, შვეიცარიის ზოგიერთი კანტონი, ირლანდია. XVI საუკუნის ბოლოს კათოლიციზმმა გაიმარჯვა ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში (დღევანდელი ბელგია) და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში. საფრანგეთში კათოლიციზმი სახელმწიფო რელიგია იყო, მაგრამ პროტესტანტები დიდი ხნის განმავლობაში თავისუფლებით სარგებლობდნენ.
1536 წელს რომის პაპმა პავლე III-მ შექმნა სპეციალური კომისია, რომლის დასკვნით პაპები და კარდინალები ხშირად იყენებდნენ ეკლესიას საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის. 1545 წელს პაპის ინიციატივით მოიწვიეს ტრიდენის კრება. კრება რამდენიმე პაპის პონტიფიკატის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე მიღებულ იქნა როგორც დოგმატური, ასევე ეკლესიის სახელის ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. დაარსდა ახალი ტიპის სამონასტრო ორდენები – თეატინელების, კაპუცინების და იეზუიტების. ეს უკანასკნელნი აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც პროტესტანტიზმი გავრცელდა. მათ დამსახურებად მიიჩნევა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დაბრუნება კათოლიციზმის წიაღში.
რეფორმაციის შედეგები
რედაქტირებარეფორმაციის დასასრულად მიიჩნევა 1648 წელს ხელმოწერილი ვესტფალიის ზავი. ვესტფალიის ზავის შემდეგ ევროპულ პოლიტიკაში რელიგიის მნიშვნელობა დაკნინდა. ვესტფალიის ზავმა აღიარა რეფორმაციის შედეგად შექმნილი ახალი რეალობა. მის შემდეგ კონტინენტურ ევროპაში ფართომასშტაბიან რელიგიურ ომებს ადგილი აღარ ჰქონია. ლუთერანობის მომხრეებად დარჩნენ ჩრდლოეთი გერმანია, დანია, სკანდინავიის ქვეყნები და ბალტიისპირეთი. ინგლისში დამკვიდრდდა ანგლიკანური ეკლესია. რეფორმატორები სჭარბობდნენ შოტლანდიაში, ნიდერლანდებსა და შვეიცარიის რამდენიმე კანტონში. პროტესტანტიზმს მიმდევრები ჰყავდა ცენტრალურ გერმანიაში, უნგრეთსა და საფრანგეთში.
რელიგიის თავისუფლების იდეის გავრცელებას თან მოჰყვა პოლიტიკური თანასწორობის და [[|დემოკრატია|დემოკრატიის]] იდეების გავრცელებაც. ქვეყნებში, სადაც უმრავლესობაში რეფორმატორები იყვნენ, საერო პირებს საშუალება ეძლეოდათ მონაწილეობა მიეღოთ ეკლესიის მართვაში, მოქალაქეებს კი სახელმწიფოს მართვაში.
ეკონომიური თვალსაზრისით რეფორმაციამ ხელი შეუწყო ფეოდალიზმის ჩანაცვლებას კაპიტალიზმით. პროტესტანტულმა სახელმწიფოებმა გაუსწრეს კათოლიკურ სახელმწიფოებს. პროტესტანტული ეთიკა კი ხელს უწყობდა კაპიტალიზმის განვითარებას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 230-238, ISBN 978-9941-0-0902-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დაკავშირებული ტექსტების და დოკუმენტების ინტერნეტ არქივი
- მეთქვსმეტე საუკუნის რეფორმაცია დაარქივებული 2014-04-07 საიტზე Wayback Machine.