ვესტფალიის ზავი
ვესტფალიის ზავი (ასევე ვესტფალიის მშვიდობა) — სამშვიდობო შეთანხმება დადებული 1648 წლის 24 ოქტომბერს მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში, რომელმაც ბოლო მოუღო ოცდაათწლიან ომს.
როგორც წესი, ვესტფალიის მშვიდობას უწოდებენ სამშვიდობო ხელშეკრულებებს, ხელმოწერილს კაიზერი ფერდინანდ III-ის მიერ საფრანგეთსა და შვედეთთან, მათ მიერ ვეფელინგჰოფენთან წაგებული ბრძოლის შედეგად (1648 წლის 4-5 ივნისი). შეთანხმება შესაძლებელი გახდა სამშვიდობო კონგრესით, რომელიც მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში ჩატარდა 1643-49 წლებში, რომლის ზოგადი მიზანი ევროპაში მიმდინარე ომების ჩაცხრობა იყო, განსაკუთრებით კი ოცდაათწლიანი ომის.
ევროპაში დომინირებული ქვეყნებიდან თითქმის ყველა იყო ჩართული სამხედრო მოქმედებებში: თავდაპირველად კონფლიქტი 1618 წელს რელიგიური მიზეზების გამო გაღვივდა, რაც განაპირობა კათოლიკურ და პროტესტანტულ სამყაროს შორის არსებულმა დაპირისპირებამ, თუმცა მალე იგი ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდა, სადაც მხარეები უმეტესად პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ იმისთვის, რათა დომინირებული პოზიცია მოეპოვებინათ ევროპაში. ომის დასრულების შემდეგ, 1648 წელს, შეთანხმებებს ხელი მოეწერათ ვესტფალიურ ქალაქებში, მუნსტერსა და ოსნაბრიუკში. გარკვეული მიზეზები არსებობდა იმისთვის, რომ ხელშეკრულებები ერთ ქალაქში არ დაიდო. ყოველივე ეს განპირობებული იყო საფრანგეთსა და შვედეთს შორის არსებული უთანხმოებით, რაც გამოიხატებოდა კათოლიკურ (საფრანგეთი) და პროტესტანტულ (შვედეთი) წინააღმდეგობაში. მხარეებმა გადაწყვიტეს ხელშეკრულებები დადებულიყო ცალ-ცალკე, პროტესტანტულ (ისნაბრიუკი) და კათოლიკურ (მიუნსტერი) ქალაქებში, ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით ისინი ერთ მთლიან საერთაშორისო დოკუმენტად ჩაითვლებოდა.
ვესტფალიის ზავით შვედეთმა მიიღო დასავლეთ პომერანია შტეტინის პორტით, აღმოსავლეთ პომერანიის გარკვეული ნაწილი, უფლება პომერანის ყურეზე ზღვისპირა ქალაქების ჩათვლით. შვედეთის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მოხვდა ჩრდილოეთ გერმანიის უმსხვილესი მდინარეების შესართავები. გარკვეული დროით შვედეთი დიდ ევროპულ ზესახელმწიფოდ გადაიქცა, და მისი გავლენის ქვეშ მოექცა ბალტიის რეგიონი და გერმანული სახელმწიფოები. საფრანგეთმა მიიღო ელზასი (სტრასბურგის გარდა) და ზოგიერთი ქალაქის მფარველობა.
გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ასევე აღიარეს შვეიცარიის კავშირიც. ვესტფალიის ზავმა დაასრულა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ომიანობის პერიოდი, რომელმაც „საშინელი ქრისტიანული სისხლისღვრა და მიწათა დანაწევრება მოუტანა კაცობრიობას“ (მიუნსტერის შეთანხმების პრეამბულა).
ვესტფალიის ზავის დადებამ, საერთაშორისო საზოგადოებაში ფაქტობრივად ახალ ერას დაუდო საფუძველი, რომელმაც თითქმის პირველი მსოფლიო ომის დასასრულამდე გასტანა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ზემოხსენებული საერთაშორისო შეთანხმების დადებით გაქარწყლდა რომის პაპის გავლენა ევროპის სამხედრო და პოლიტიკურ წყობაზე, რამაც უფრო მეტი გასაქანი მისცა მაშინდელი ძლიერი ქვეყნების პოტენციალს. გარდა ამისა, დადებული ხელშეკრულებებით, რომის საღვთო იმპერიაში შემავალ ტერიტორიულ ერთეულებს (დაახლოებით სამასამდე ერთეული) „მიენიჭათ ე.წ. jus foederationis - უფლება გამხდარიყვნენ სხვა პოლიტიკურ ძალთა მოკავშირეები იმ წინაპირობით, რომ მათი ალიანსი არ შეეწინააღმდეგებოდა იმპერიისა და შეთანხმებით დადგენილ ინტერესებს“ (მიუნსტერის ხელშეკრულება, მუხლი 65). ამით, ფაქტობრივად განხორციელდა საერთაშორისო ძალაუფლების დანაწევრება, რამაც ხელი შეუწყო ე.წ. „პატარა ქვეყნების“ განვითარებასა და ძალთა დაბალანსებას საერთაშორისო დონეზე, თუმცა მიუხედავად ამ დიდი პროგრესისა კაცობრიობა კვლავაც გაეხვია ომიანობის ქარცეცხლში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 383-384.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Treaty of Münster Text
- Texts of the Westphalian Treaties (გერმანული)
- Peace Of Westphalia - Firmly Plants Protestantism in Europe
- Peace Treaty of Osnabrück (სრული ტექსტი) დაარქივებული 2019-09-13 საიტზე Wayback Machine.
- Peace Treaty of Münster (სრული ტექსტი) დაარქივებული 2019-09-13 საიტზე Wayback Machine.